საქართველოს გზებზე მკვლელი ტრაილერები დადიან

ჩვენი პოლიცია დღეს ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად არის გადაქცეული. შესაბამისად ქვეყანაში უწესრიგობა გამეფდა. ეს საავტომობილო გზებზე განსაკუთრებით თვალშისაცემია. სამხედრო გზის მლეთა-ფასანაურის მონაკვეთზე დღე ისე არ გავა, ტრაილერებმა ავარია არ მოახდინონ. ზოგ შემთხვევაში ავარია მსხვერპლით სრულდება.

გარდა იმისა რომ ტრაილერები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ და საავარიო სიტუაციებს ქმნიან, ტრაილერების მძღოლები ხშირად ნასვამები მართავენ ავტომობილებს. მლეთა-ფასანაურის მონაკვეთზე უამრავი სახინკლეა. შედიან ამ სახინკლეებში და არაყს სვამენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ავარიები ძირითადად მძღოლების სიმთვრალის გამო ხდება.

მძღოლებს ხშირად გარეთ, გზის პირას აქვთ სუფრები გაშლილი და სვამენ ალკოკოლურ სასმელებს. ამას ხედავს ყველა, მათ შორის პოლიცია. სამწუხაროდ პოლიციელები ტრაილერების მძღოლებს სიმთვრალეზე ალკოტესტს არ აბარებინებენ და არც სიჩქარის გადაჭარბების გამო აჩერებენ. ამბობენ, ამის უფლება არ გვაქვსო.

როგორც ფასანაურელებმა „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, ტრაილერების დიდი ნაწილი გაუმართავია.

_ მანქანებს აქვთ საშინელი გამონაბოლქვი, ტრაილ;ერები აშკარად იაფფასიანი სამუხრუჭე ხუნდებით სარგებლობენ. ეს მანქანები რომ გაივლიან, კარგა ხანს დგას დამწვარი რეზინის სუნი, _ ყვებიან ფასანაურელები.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ტრაილერები ქმნიან გარემოს დაბინძურებაა. ასეულობით ტრაილერი დღეების მანძილზეა ხოლმე გაჩერებული. არსად დგას ნაგვის ბუნკერები და არ არის ტუალეტები. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა,. რა სურათი იქნება ტრაილერების დისლოკაციის ადგილზე.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებას არ სცალია. პოლიცია ოპოზიციას და ჰესების მოწინააღმდეგეეებს დასდევს, ტრაილერების მთვრალ მძღოლებს კი, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან არ ამჩნევს.

შორენა მარსაგიშვილი