ივანიშვილმა კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ დატოვა
მმართველ პარტიაში კორონავირუსი და შიდა დაპირისპირება მძვინვარებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმდენი იძახა, პარტიას პრემიერმა უნდა უხელმძღვანელოსო, რომ დღის წესრიგში ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხი დადგა. მას მხარი ძველი თაობის მეოცნებეებმა დაუჭირეს. მათთვის ღარიბაშვილი ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე ირაკლი კობახიძე, რომელიც, როგორც ამბობენ აუტანლად იქცევა. აუტანლად იქცევიან მისივე გუნდის წევრებიც.
ბიძინა ივანიშვილის ჩარევა რომ არა, ირაკლი კობახიძე შესაძლოა უკვე გაეშვათ პარტიის თავმჯდომარეობიდან. ამ პოსტზე პარლამენტის ყოფილი სპიკერი მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. აიერჩიეს რა, ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე და სხვებმაც მანდატები ასწიეს.
როგორც „ქართულ ოცნების“ კულუარებში ამბობენ, ღარიბაშვილი და კობახიძე ერთმანეთს ძირს უთხრიან. მათ შორის ადრეც იყო დაპირისპირება. მაშინ ღარიბაშვილი დამარცხდა. მას შემდეგ რაც კობახიძისთვის გამზადებულ პრემიერის სავარძელში ჩაჯდა, ღარიბაშვილმა ოპონენტს მისივე მეთოდებით დაუწყო ბრძოლა. ივანიშვილამდე მიაქვს ხმა, რომ კობახიძე პარტიას აზიანებს. ეს ხმები კონკრეტული ფაქტებით არის გამყარებული. გულხელდაკრეფილი არც მეორე მხარეა.
ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა თვლიდნენ, რომ ოლიგარქი მათ მხარეს იყო. ეს ბუნებრივიცაა, გახარიას გადადგომის შემდეგ პრემიერის პოსტზე კობახიძის ნაცვლად ის დაინიშნა. მაშინ ივანიშვილმა მისი მხარე დაიჭირა, მაგრამ ეტყობა კობახიძეც სჭირდება. ასაბუნტებლად გამზადებულ პარტიას შემოუთვალა, რომ ირაკლი კობახიძე ჯერჯერობით უნდა დარჩეს პარტიის თავმჯდომარედ.
პარტიაში ამას უკმაყოფილება მოჰყვა. ხმამაღალ პროტესტს ჯერ ვერავინ ბედავს. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ კობახიძის ატანა უკვე შეუძლებელია. ამბობენ იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დედის ჭკუაზე დადის და დედის რჩევით იღებს გადაწყვეტილებებს. ცნობისათვის, დედამისიც „ქართული ოცნების“ წევრია.
ჯერჯერობით ირაკლი კობახიძემ თანამდებობა შეინარჩუნა. დანებებას არც ღარიბაშვილი აპირებს. წინ დიდი ინტრიგები და კომპრომატების ომი გველოდება.
შორენა მარსაგიშვილი