გახარია ივანიშვილის ერთგული რჩება და კობახიძეს უცხადებს ომს
გიორგი გახარიამ გადადგომიდან ერთ თვეში პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. ის ბიძინა ივანიშვილის პროექტად ითვლება. არადა როგორც „ქრონიკა+“-სთვის გახდა ცნობილი, ყოფილ პრემიერს ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია. როგორც სახელისუფლებო კულუარებში გვითხრეს, გახარიამ რამდენჯერმე სცადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან დალაპარაკება, მაგრამ არ გამოუვიდა. ხმის მიწვდენა რაღაცნაირად მოახერხა. მან ივანიშვილს დაუბარა, რომ მისი წინააღმდეგი არ არის და თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის ინტრიგების გამო წავიდა.
იანვრიდან მოყოლებული ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და როგორც „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, საშინლად იქცევა. მასთან უკვე შეექმნა პრობლემები კახა კალაძესაც. ახლო წარსულში ისინი ჯერ კიდევ ერთ გუნდს წარმოადგენდნენ. ახლა კობახიძე ცდილობს, რომ კალაძე პარტიიდან ჩააჩოჩოს. თბილისის მერი ჯერ კიდევ პარტიის გენერალური მდივანია.
გახარიას და კობახიძეს შორის დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ის მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა და პარტია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დაუტოვა. ირაკლი კობახიძემ რატომღაც ჩათვალა, რომ მის სტატუსს პრემიერობაც დაამშვენებდა. მან მამუკა მდინარაძესთან ერთად მოსთხოვა გახარიას თანამდებობის დატოვება. გახარია რომ გადამდგარიყო, ამით მამუკა მდინარაძეც იხეირებდა. ის შს მინისტრის პოსტის დაკავებაზე ოცნებობს. კობახიძე მას ამ სურვილს აუცილებლად აუსრულებდა.
გახარიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იმის მაგივრად რომ გადამდგარიყო ორივე კანონმდებელს უშვერი სიტყვებით აგინა. ორი კვირის თავზე კი მან თანამდებობოა დატოვა და კობახიძე ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. რადგანაც პრემიერად ივანიშვილმა ღარიბაშვილი აკურთხა.
მოგეხსენებათ რომ გახარიამ თანამდებობა იმ სპეცოპერაციის გამო დატოვა, რომელიც ნაციონალების ოფისში ნიკა მელიას დასაკავებლად უნდა ჩატარებულიყო. ვიცით რომ ეს უკანასკნელი თავიდან მხარს უჭერდა მელიას დაკავებას, მაგრამ ოპერაციის დაგეგმვიდან რამდენიმე საათში გადაიფიქრა. თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ ოპერაცია შეეჩერებინა.
რამდენიმე კვირა საერთოდ არ ჩანდა და შესაძლოა არც გამოჩენილიყო, ისევ კობახიძის ინტრიგები რომ არა. „ქრონიკა+“ უკვე წერდა რომ „ოცნებამ“ მის წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვება დაიწყო. პარტაქტივს კი მის წინააღმდეგ ჭორების გავრცელება დაევალა. როგორც ჩანს გახარიას ნერვებმა უმტყუნნა და დროზე ადრე გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ის უახლესმა გარემოცვამა დაარწმუნა, რომ სამეგრელოში ძალიან მაღალი რეიტინგით სარგებლობს და არჩევნებზე ბევრ ხმას აიღებს. გახარია და მისი გარემოცვა დარწმუნებული არიან, რომ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას ჩაძირავენ და არჩევნებზე 20%-მდე აიღებენ.
ვინ ურჩია პოლიტიკაში შემობრუნება, ვინ ჰპირდება დაფინანსებას, რატომ გადადგა თანამდებობიდან ამაზე უფრო დეტალურად გაზეთში „ქრონიკა+“ მოგითხრობთ.
შორენა მარსაგიშვილი