რა ბედი ელის „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას?

„ამბასადორ ბათუმი“ 2017 წლის სექტემბერში რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ფრიდმა დააფუძნა. ის იყო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი.

მანამდე მას, 2015 წელს, საქართველოში კომპანია „ბბუ ჯორჯია“, 2016 წელს კი შპს „ჩემი დრონები“ დაუფუძნებია. ის ასევე არის კომპანია „ჯორჯიან ვეის“ დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი. ალექსანდრე ფრიდი ფლობს ასევე შპს „სიგმა ქეპიტალ პარტნერსს“.
2017 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილებში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. ამ დროისთვის კომპანიის დამფუძნებელი წილებში საერთოდ აღარ ფიქსირდება და კომპანიას იყოფენ რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია და ვართან ვართანოვი, კომპანიის დირექტორად კი ელგუჯა ქებურიაა რეგისტრირებული.


ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის საწინააღმდეგოდ აქცია რამდენჯერმე გაიმართა.
„ქრონიკა+“ ამ თემის შესახებ მოქალაქეებს გაესაუბრა და ჰკითხა, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ 19-სართულიანი შენობა?

გენო თებიძე _ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი:
„იცით, რომ ბათუმის ბულვარი და არა მარტო ბათუმისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ტერიტორია გახლავთ და ის ისტორიული მემკვიდრეობის ზონაა. იქ ყველანაირი მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია.
ბათუმელებისთვის ყველაზე მეტად ის არის გამაღიზიანებელი, რომ დღეს ადამიანებმა, რომლებმაც გაურკვეველი წარმომავლობის, თუნდაც ლეგალური ფინანსური შესაძლებლობები დააგროვეს და მაინცდამაინც ცდილობენ, რომ საკუთარი ბიზნესი ამ ქალაქის ხარჯზე აკეთონ! _ ქალქის, რომელიც ერთი საუკუნეა, თავს იწონებს ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბულვარით ევროპაში, ეს ადგილი გზაჯვარედინია სტუმრებისთვის.
რაც შეეხება იმ კონკრეტულ გუნდს, რომელიც მშენებლობას აწარმოებს, არის „ამბასადორი“. მისი მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქეები.
ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველას უნდა მიეცეს საქმიანობის თავისუფალი და თანაბარი საშუალება.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელია, ბიზნესმენი ბიზნესმენია და მთავარია, რომ მას ჰქონდეს სუფთა წარსული და მოქალაქეობრივი ვალდებულებები, ის უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობას და პატივს უნდა სცემდეს მას.
ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტორების შემოსვლა. ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ მართალი, სამართლიანი და, ამასთან ერთად, თანაბარი და ეჭვების გარეშე მქონე ბიზნესის წარმოება ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება „ამბასადორის“ თემას, ეს ჯგუფი უცებ შემოვიდა ბაზარზე და, რატომღაც, ქაოსურად დაიწყო მომგებიანი ფართების შესყიდვები: ეს არის ტერიტორია გოდერძიზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ცენტრალური ადგილები „ამბასადორმა“ შეისყიდა და მერე დაეტაკა ქალაქ ბათუმის ბულვარს. ეტყობა, მანამდე იყო დაინტერესებული ამ ტერიტორიით. ყველაზე მნიშნელოვანი ჩემთვის, როგორც რიგითი ბათუმელისთვის, ის არის, რომ როდესაც შემოდიხარ და ატყუებ მოსახლეობას, ეს წესის დარღვევაა.
პირველი ტყუილი დაიწყო ბათუმის ბულვარში 4-სართულიანი შენობის ჩადგმის ნებართვის აღებით, თუმცა მათ თავშივე ისეთი ღრმა ფუნდამენტი ჩაყარეს, რომელიც უფრო მაღალი კორპუსის დადგმას ითვალისწინებდა.
ე. ი. გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რასაც აკეთებდნენ და ეშმაკობა ჩადეს, რომ სამომავლოდ უკვე შეძლებდნენ მათი მიზნების განხორციელებას რაღაც არაკანონიერი გზებით _ შეგვიძლია პირდაპირ ეჭვი შევიტანოთ მათ საქმიანობაში. ჩვენ ვართ ბათუმელების ძალიან დიდი ნაწილი: არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც მართლაც თავგანწირვით ვიბრძვით იმ სამართლიანობის აღსადგენად, რაც ჩვენი ქალაქისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესია.
დღეს „ამბასადორი“ გაიმარჯვებს ამ ხალხზე, ხვალ კიდევ რომელიღაც გუნდი და, ფაქტობრივად, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რასაც ბათუმის ბულვარი ჰქვია, საბოოლო ჯამში, ჩვენს შთამომავლებს აღარ გადაეცემა იმ სახით, რომლითაც დღემდე მოაღწია.
ჩვენ თუ გვიყვარს ეს ქალაქი და პატივს ვცემთ მის მოსახლეობას, ვალდებულები ვართ, რომ მის მკვიდრთა აზრიც გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ პროტესტს, რომელიც რამდენიმე ხნის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს ამ კომპანიის წინააღმდეგ.
გასაგებია, რომ მათ რაღაც ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ და ეს ბიზნესია, მაგრამ ყველაფერი უნდა ჩაჯდეს ჩარჩოს ფარგლებში.
ალბათ და სამომავლოდ, როდესაც „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, დარწმუნებული ვარ, ძალოვანი სტრუქტურები დაინტერესდებიან იმ შიდა გარიგებებით, რომელიც შეეხება „ამბასადორის“ ბათუმში შემოსვლას; რომელი ჩინოვნიკები უწყობდნენ ხელს „აბასადორს“, პირდაპირი გაგებით, ტერიტორიის მიტაცებაში? ეს ქვედა ეშელონებში არ მოხდებოდა, რადგანაც კარგად გახსოვთ, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაინიშნა თანამდებობაზე, მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება ზუსტად ის იყო, რომ „ამბასადორმა“ უნდა ააშენოს იმდენი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს და რისი ნებართვაც აქვს მიღებულიო, თუმცა დღეს უკვე შეიცვალა პოზიცია.
ეს რაზე მიგვანიშნებს? _ იმაზე, რომ „ამბასადორის“ თემას და თვითონ „ამბასადორს“ სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს და არა მარტო აქ.
პირველი პირი რომ თავის გადაწყვეტილებას და აზრს შეიცვლის, ე. ი. უფრო „დიდ ვიღაცაზეა“ საუბარი, უფრო დიდი თევზები, ზვიგენები ფიგურირებენ საქმეში, რომლებიც ასეთი თანამდებობის პირებს, ფაქტობრივად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელსაც კი, აზრს აცვლევინებენ.
ცალკე თემაა თანამდებობის პირის უპრინციპობა, რომელიც სამომავლოდ მას და ქალაქს დაეტყობა. არ იქნება ბათუმელი, რომელიც მის ამ უპასუხისმგებლობას არ შეახსენებს რიჟვაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ამაზე უხერხულობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ნებართვა გასცეს და ჩართული იყვნენ „ამბასადორის“ მშენებლობის კორუფციულ სქემაში.
ვიმეორებ, ჩემთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამ შემთხვევაში, რუსეთის, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უპირობოდ უნდა შეეზღუდოს აქ საქმიანობა, თუ ის კეთილსინდისიერი და სუფთა წარსულის მქონეა ბიზნესსაქმიანობაში. მას სრული უფლება აქვს, აწარმოოს ამ ქვეყანაში თავისი საქმე, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არ ვიცით იმ ფულის წარმომავლობა, რომელსაც განკარგავენ ჩვენს ქვეყანაში, მეც და ძალიან ბევრ ადამიანს, ბათუმელებს, გვიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ისინი რუსულ შავ ფულს აბანდებენ საქართველოში, რომელიც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ბევრ პრობლემას მოიტანს. ამიტომ ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ შეესწავლა ამ ადამიანებისა და „ამბასადორის“ წარმომავლობა. ფაქტია, დღეს ვერტიკალი ყველა ჯერზე, როდესაც საზოგადოება ვეხვეწებით, ვუმტკიცებთ სასამართლო გადაწყვეტილებებით, ადამიანთა აქტიურობით, სპეციალისტების დასკვნებით და იმ ყველა დეტალური გადაწყვეტილებით, რომელიც მათ ჩვეულებრივად უნდა მიიღონ, როგორც არგუმენტი, ფაქტობრივად, უკუაგდებენ ჩვენს მცდელობებს და დანაპირებსაც ცვლიან. რა შეიძლება ამ შემთხვევაში ვიგულისხმოთ? _ ე. ი. ჩვენ წინაშე დგას რაღაც კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც სერიოზული გავლენა აქვს ჩვენს ხელისუფლებაზე“.

გენრი დოლიძე _ პოეტი:
„რატომ უნდა აშენდეს მაინცდამაინც ცენტრალური ბულვარის ყველაზე ლამაზ ადგილას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, 19-სართულიანი კორპუსი, როცა ასეულობით ჰექტარი ტერიტორიაა აუთვისებელი ზღვის პირას გონიოს პოლიგონის მიმდებარედ?! მე არ ვარ მშენებლობისა და ინვესტიციების წინააღმდეგი _ მე ვეწინააღმდეგები ახლის შენებას ძველის განადგურების ხარჯზე.
ეს პროექტი თავიდანვე დიდი აფერა იყო. მოგეხსენებათ, „ამბასადორს“ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია. მან მიიღო სამსართულიანი ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის რეაბილიტაციის ნებართვა. ახლა მინდა, ნებისმიერ ადამიანს ვკითხო, _ რანაირი რესტავრაცია და რეაბილიტაციაა, როცა სამსართულიანს ანგრევ და ცხრამეტს აშენებ?!“

ხვიჩა მამულაძე