შალვა ნათელაშვილი: „წელს ივანიშვილი პოლიტიკურად დასრულდება“

მოლაპარაკებების კრახით დასრულების შემდეგ ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე გადავიდა. ამ გეგმის თანახმად, ოპოზიციონერები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს მოივლიან და 15 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ გრანდიოზულ საპროტესტო აქციას გამართავენ. ამ გეგმამ ოპოზიციის მომხრეებს იმედები გაუცრუა. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ 15 მაისამდე საკმაოდ შორია და აქცია უფრო ადრე უნდა გამართულიყო. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, 15 მაისს შემაჯამებელი აქცია იქნება, მანამდე კი ოპოზიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს სხვადასხვა ღონისძიებას და ხელისუფლებაზე ზეწოლას შეეცდება. ნათელაშვილის ვარაუდით, ხელისუფლებაზე ზეწოლა დასავლეთიდანაც წამოვა. ის დარწმუნებულია, რომ ეს წელი ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის ბოლო წელია.

რატომ დატოვა მოლაპარაკებები ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა? რას სთავაზობდა ხელისუფლება ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ? თანახმა იყო თუ არა „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე? რატომ არ შეიძლება ივანიშვილთან პროცენტებზე ვაჭრობა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს შალვა ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო შალვა, ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა და გვაცნობა, რომ 15 მაისს ხელისუფლების საწინააღმდეგო გრანდიოზული აქცია გაიმართება. 15 მაისი ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის?
_ დაგვიანებული არ არის, 15 მაისს დამაგვირგვინებელი აქცია გაიმართება თბილისში. მანამდე იქნება სერიოზული საშინაო და საგარეო ზეწოლა ივანიშვილის რეჟიმზე. ოპოზიცია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საშინელი რეჟიმი, რომელიც საქართველოს ანადგურებს, ჩამოინგრეს.
_ შესწევს ოპოზიციას რეჟიმის ჩამონგრევის ძალა? ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ქუჩას კი არა, შალვას ფანჩატურსაც ვეღარ ავსებსო. თქვენი პარტიის ოფისის ეზოში გამართული ოპოზიციური შეხვედრები „ოცნებას“ დღემდე ვერ მოუნელებია.
_ როგორ ვერ შევავსებთ, ამასაც ვნახავთ. მაგათ ურჩევნიათ, საკუთარ თავებს მიხედონ, კრიმინალური საქმიანობა პოლიტიკით რომ ჩაანაცვლეს. მათ ქვეყანა მძევლად აიყვანეს. ასეთი საშინელი ძალა არც ერთი ქვეყნის სათავეში არასდროს ყოფილა. მთლად წარმოუდგენელია, რომ ასეთი ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენაზე პრეტენზიას აცხადებდეს. მათ ამ ქვეყანას საშინელი უბედურება დაატეხეს, რაც ისტორიას არ ახსოვს.
_ ალბათ დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს გულისხმობთ, მანამდე ამ ქვეყანას მრავალი უბედურება აქვს გადატანილი.
_ მარტო ამ პერიოდს არ ვგულისხმობ. ასეთი უბედურება ამ ქვეყანას არასდროს დასტეხია თავს. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი არის ამ ქვეყნის უდიდესი სასჯელი.
იყო ასეთი როსტომ ხანი, წარმოშობით ბაგრატიონი, ის აქ ირანელებმა დანიშნეს, მაგრამ თავს მეფედაც კი არ მიიჩნევდა, ირანის ვასალი იყო ჩვეულებრივი. შინაგანად იმ დონის არაქართველი გახლდათ, რომ დაიბარა, როცა მოვკვდები, ყუმში დამასაფლავეთო. ყუმი ირანის ისლამური ცენტრია. ასეთი იყო როსტომ ხანი, მაგრამ საქართველოში ისიც კი რაღაცებს აშენებდა. უამრავი ხიდი და ციხესიმაგრე ააშენა. ალბათ, არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ როსტომ ხანის სასახლეში დაიდო ბინა.
მისგან განსხვავებით, ივანიშვილმა მთლიანად გააუბედურა ქვეყანა. ისე წავიდა პოლიტიკიდან, რომ არაფერი აუშენებია. პირიქით, ყველაფერი დაანგრია და მიითვისა. საყდრისის აფეთქებასა და ხეების მოთხრაზე აღარაფერს ვამბობ.
საქართველო დღეს მთლიანად ოკუპირებულია. ცხინვალიდან და აფხაზეთიდან პუტინმა შემოგვიღობა. ივანიშვილმა შიგნით დაიწყო ტერიტორიების ოკუპაცია. სადაც კი მადანია მიწაში, ყველა ტერიტორია შემოღობა. დააყენა ოფიციალური დაცვა და იქ არავის უშვებენ. ეს არც როსტომ ხანს გაუკეთებია და არც _ თემურ ლენგს.
_ თემურ ლენგი რვაჯერ შემოგვესია. იმედია, ეს მერვე ვადით არ მოვა. ისე, 2030 წელი ცუდად კი აქვს ამოჩემებული.
_ თემურ ლენგი რვაჯერ კი შემოგვესია, მაგრამ შემოიჭრებოდა და მერე უკან ბრუნდებოდა. ეს კიდევ მეცხრე წელია, თავზე აზის ამ ქვეყანას და აუბედურებს. ისე გათავხედდა, რომ მისი შვილის გამო უკვე ბავშვებს უსწორებენ ანგარიშს. მხოლოდ იმიტომ ატერორებენ მათ, რომ ბერას შეაგინეს. ჩემმა მოდერატორებმა მითხრეს, რომ ხელისუფლების დაფინანსებული 1200 მეკობრეა დაბლოკილი ჩემს გვერდებზე. მე მაგათ არ ვეპასუხები. ეს ადამიანები 9 წელია, უბინძურესად იგინებიან ჩემი მისამართით. აგინებენ სხვა ოპოზიციონერებსაც. ჩვენი დედები დედები არ არიან და ბერას დედაა მარტო დედა?
_ ისევ 15 მაისს დაგეგმილ აქციას დავუბრუნდეთ: გიგი უგულავამ თქვა, იმდენი ხალხი უნდა გამოვიყვანოთ ქუჩაში, რამდენი თმაც ირაკლი კობახიძეს თავზე აქვსო. ამდენი ხალხი საქართველოში მგონი, არ ცხოვრობს. შეძლებთ ოპოზიცია ხალხის გამოყვანას? მოსახლეობა ხელისუფლებით ძალიან უკმაყოფილოა, მაგრამ ქუჩაში გამოსვლას მაინც ერიდება.
_ ახლა არ გამოდიან, მაგრამ შეიძლება, რაღაც ისეთი მომენტი დადგეს, რომ ხალხი ზვავივით წამოვიდეს და „ენ“ რაოდენობით ადამიანი დადგეს ქუჩაში. ქართველი ხალხის ფსიქიკის ამოცნობა ცოტა ძნელი საქმეა. წინასწარ ვერ იტყვი, რის გასაპროტესტებლად გამოვალთ გარეთ.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა საქართველოში გამოკითხვა. წინ დაგვიდეს დასკვნები, რომ შევარდნაძემ არჩევნები რომც გააყალბოს, ხალხს ქუჩაში გამოსვლის სურვილი არ აქვსო. ამ გამოკითხვების თანახმად, ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად გამოსვლას მხოლოდ 13% უჭერდა მხარს. ბოლოს ხომ დაინახეთ, რაც მოხდა. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა გარეთ.
_ ზღვა ხალხი არც „ვარდების რევოლუციის“ დროს გამოსულა.
_ არც ცოტა იყო. ეს აქციები უწყვეტ რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ლიდერები საქართველოს რეგიონებშიც წავიდნენ და ხალხი ჩამოიყვანეს თბილისში. ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვარ და კარგად შევისწავლე ჩვენი ხალხის ფსიქიკა. ქართველები, ძირითადად მაშინ გამოდიან ქუჩაში, როცა ხედავენ, რომ ხელისუფლება შიგნიდან იშლება.
_ ახლა ამ მხრივ რა ხდება? იშლება „ქართული ოცნება“ შიგნიდან?
_ რა თქმა უნდა. ამაზე მეტი დაშლა რად გინდათ, პრემიერი გაექცათ. მომავალში კიდევ იქნება სხვა პროცესები. ჩემი აზრით, საერთაშორისო ზეწოლა და სანქციები დაამთავრებს ამ ხელისუფლებას.
_ მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლა შედეგს ვერ გამოიღებს. შიგნითაც საჭიროა აქციები.
_ შიდა პროტესტი, რა თქმა უნდა, საჭიროა. გარეთ უნდა გამოვიდეს ის, ვინც ბოლო 9 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს აძლევდა ხმას. ამ ხალხმა თავისი პროტესტით უნდა გამოასწოროს ის, რაც წლების განმავლობაში მიქარა. ვინც ამ რეჟიმს ებრძვის, ისინი ისედაც გამოვლენ. მნიშვნელოვანი იმ ხალხის გამოსვლაა, ვინც ეს საშინელი ხელისუფლება გვაჩუქა. მხოლოდ ასე გამოისყიდიან ისინი ჩადენილ ცოდვას. „ოცნების“ მხარდაჭერა ცოდვა და დანაშაულია.
_ „ოცნების“ მხარდამჭერები აქციაზე როგორ გამოვლენ? ისინი ს(ს)იპებში, აიპებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ჰყავთ დასაქმებული.
_ ყველა არ არის დასაქმებული. „ქართულ ოცნებას“ იმ ხალხმაც მისცა ხმა, ვისაც 30-30 ლარი დაურიგეს. ზოგიერთი შეაშინეს, ზოგსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. ეს ადამიანები დასაქმებული არ არიან. მათ თავმოყვარეობის დეფიციტი არ უნდა ჰქონდეთ. მგონია, რომ ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს.
ს(ს)იპებსა და აიპებში დასაქმებულებს რაც შეეხება, ისინი არიან პარაზიტი ფენის წარმომადგენლები და ქუჩაში არასდროს გამოვლენ. მათ მხოლოდ კაბინეტი და გეჯა აინტერესებთ, საიდანაც ჭამენ. ეს ის ხალხია, რომელიც სულ ხელისუფლებასთან იქნება. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოვა ქვეყნის სათავეში. როცა ოპოზიცია გახდება მმართველი ძალა, ისინი ჩვენ მოგვადგებიან.
საჭიროა, ასეთი ადამიანების რეესტრი გაკეთდეს. მათ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება უნდა აეკრძალოთ. ეს ხალხი მოდის შევარდნაძის კი არა, პატიაშვილისა და გუმბარიძის დროიდან. ამათმა ამოჭამეს და გააღატაკეს ეს ქვეყანა. ასეთი საშინელება საქართველოსთვის არც რუსს გაუკეთებია, არც მონღოლს და არც თურქს.
გასულ წელს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს მხარის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე, რომლის მამაც კომუნისტების დროს დუშეთის რაიკომის მდივანი იყო. ამ კაცმა დააჭერინა ჟურნალისტი ნაზი შამანაური, რომელიც ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს და იქ წამებით მოკლეს.
დღეს ხელისუფლებაში ან პატიაშვილის დროინდელი ხალხია, ან მათი შთამომავლები. მემკვიდრეობით გადასცემენ თავის შვილებს თანამდებობებს. თითქოს მართლა მათი იყოს ეს ქვეყანა. ბიუროკრატია ამათ ხელშია. ამის დახმარებით დაეპატრონენ მიწებს, სამარშრუტო ხაზებს, სავაჭრო პუნქტებს, ვენახებს. ასეთ ხალხზე დგას ყველა ხელისუფლება. ისინი ნებისმიერ სიბინძურეს კადრულობენ.
ავიღოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხრანი. ამ სოფელში ცხოვრობენ ტატიშვილები. ისინი მოდიან პატიაშვილის დროიდან. მრავალი წელია, რაც ატერორებენ მთელ სოფელს. მუხრანში რამის გაკეთება თუ გინდა, ტატიშვილებთან უნდა მიხვიდე საქმის ჩასაწყობად. თითქოს ტატიშვილები არ იყო საკმარისი, მათ დაემატა ზეიკიძის ოჯახიც.
_ პოლიციელ ზეიკიძეზე საუბრობთ?
_ დიახ, აფხაზეთში ომის გაჩაღება მაგის კისერზეა. უამრავი ბიჭი მიწაში ჩააწვინა, თავად კიდევ „კალბასის“ დამზადებას მიჰყო ხელი. თან უხარისხო და ფალსიფიცირებულ პროდუქციას ამზადებს. ამის პარალელურად, ლექსებს უწერს ბიძინა ივანიშვილს.
ასეთი ზეიკიძეები და ტატიშვილები თითქმის ყველა სოფელს ჰყავს. მსგავსი ტიპის ადამიანები უნდა აღირიცხოს. ციმბირში არ გავასახლებთ, მაგრამ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოთ. ამათ რომ გავანეიტრალებთ, მერე იქნება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია და სამართლიანი არჩევნები. იქნება სიტყვის თავისუფლება. გაიხარებს ინტელიგენტიც, გლეხიც და მუშაც. ყველას ერთად გაგვეხარდება მზის ამოსვლა. ასეთი ხალხი თუ არ ავლაგმეთ, ივანიშვილს გაუშვებენ და უარესს დაუჭერენ მხარს.
გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკაში შემოიღეს პროფესიების აკრძალვის კანონი. ვისაც მარქსისტულ-კომუნისტური იდეოლოგიის მიმართ ჰქონდა სიმპათიები, მას არ შეეძლო კონკრეტული თანამდებობების დაკავება.
_ რა თანამდებობების დაკავება ეკრძალებოდათ?
_ ვერ იმუშავებდნენ სკოლაში პედაგოგად; ვერ წაიკითხავდნენ ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში; ვერ იქნებოდნენ სამართალდამცველები, სისტემის თანამშრომლები; ვერც იმ თანამდებობაზე დაინიშნებოდნენ, სადაც სამხედრო ინფორმაციაზე ექნებოდათ წვდომა. ამ კანონის ამოქმედებით ამერიკამ კომუნისტური საფრთხე აიცილა. იმ პერიოდში ამერიკაში საკმაოდ ძლიერი იყო კომუნისტური პარტია. საბჭოთა კავშირი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდ ფულს ხარჯავდა, რომ კომუნისტური მოძრაობა გაეძლიერებინა. ამ საფრთხესთან გამკლავება ამერიკამ მხოლოდ კანონით მოახერხა. ჩვენც უნდა მივიღოთ მსგავსი კანონი. ასეთ ადამიანებს თუ არ ავლაგმავთ, განვითარებას ვერ ვეღირსებით.
_ თქვენ ასე ფიქრობთ, მაგრამ დანარჩენი ოპოზიციაც ასე ფიქრობს ამ ხალხზე? ეს ის კატეგორიაა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას შეეტენება.
_ რომ არ შეეტენონ, მაგიტომაც უნდა გაკეთდეს სია. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ამ სიაში მოხვედრილი კატეგორიის გაკარება არ შეიძლება. მათ სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობის უფლება არ უნდა მივცეთ, თორემ წერონ ლექსები, დაამუშავონ მიწა, შექმნან არასამთავრობოები, მაგრამ სახელმწიფო თანამდებობებს ისინი და მათი შთამომავლობა არ უნდა გავაკაროთ. სხვანაირად არაფერი გამოგვივა. საქართველო მათ ხელში ვერასდროს გახდება ნორმალური სახელმწიფო. ეს იცით, როგორი კატეგორიის ხალხია? ხვალ პუტინი ტანკებით რომ შემოვიდეს, თბილისში პირველები დახვდებიან ყვავილებით, პურ-მარილითა და ჩოხა-ახალუხით.
_ მართლა პირველები შეეგებებიან. ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი.
_ 1921 წელს აქ კიროვი და ორჯონიკიძე რომ შემოვიდნენ წითელ არმიასთან ერთად, პირველი ნოდარ დუმბაძის მამა შეეგება და შემოუძღვა მათ. ნოდარ დუმბაძე დიდი მწერალი იყო და ხალხმა მისი მამის ამბავი ამიტომ დაივიწყა? არავინ ახსენებდა ამას. მაგრამ როგორ მოიქცა დიდი ნოდარის შვილი, რომელიც ახლა პარლამენტშია გამოჭიმული? მან ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მისცა ხმა.
_ არადა, ეს ადამიანი 2019 წლის ივნისში ყველაზე მეტად აპროტესტებდა თბილისში გავრილოვის ჩამოსვლას და სოციალურ ქსელში მწვავე რაღაცებს წერდა.
_ მაშინ დეპუტატი არ იყო. როგორც კი დეპუტატი გახდა და კოლეგის დაჭერის საკითხი დადგა დღის წესრიგში, მასში უმალ გაიღვიძა გენმა.
_ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზეც ვისაუბროთ. ერთი დღით ადრე, სანამ მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა, თქვენ პროტესტის ნიშნად წამოხვედით იქიდან.
_ ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ მე დამბრალდეს მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა. ეს პროცესი ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა.
_ მოლაპარაკებების ჩაშლას არავინ გაბრალებთ. პირიქით, მოსაწონი იყო თქვენი გადაწყვეტილება.
_ ნიკა მელიას განთავისუფლებამდე მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც დავტოვე მოლაპარაკებები.
_ უკეთესი ხომ არ იქნებოდა, ეს ნაბიჯი უფრო ადრე რომ გადაგედგათ?
_ ვერ გეტყვით. ყველაფერს, როგორც ამბობენ, თავისი დრო აქვს. მე როცა საჭიროდ მივიჩნიე, მაშინ დავტოვე მოლაპარაკებები. მოლაპარაკებაზე მოსულ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ზურგს უკან მყოფ, ბუჩქებში მჯდარ ივანიშვილს უნდა გაეგო, რომ ჩვენი ნება არის ურყევი. მინდოდა, რომ ეს ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც გაეგოთ. ყველას უნდა გაეგო, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ შემოთავაზებებსა და სატყუარებს არ წამოეგება. ამის გაკეთება ნებისმიერ ჩემს კოლეგას შეეძლო. ბევრი მათგანი ამას ჩემზე უკეთ გააკეთებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ეტაპზე მე გადავდგი ეს ნაბიჯი.
_ ხელისუფლების შეთავაზებები ახსენეთ. რა შეთავაზებებზეა საუბარი? ალეკო ელისაშვილი და „გირჩები“ აცხადებენ, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ მზად იყო, დათანხმებოდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. მართლა იყო ამაზე რაიმე შეთავაზება?
_ რას ლაპარაკობთ? რა ვადამდელ არჩევნებზე დათანხმება?! ეს არის წმინდა წყლის ტყუილი! ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გვითხრეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე უარი. მაშინ ხომ გახსოვთ, მოლაპარაკებები ამერიკის ელჩის ჩართულობით დაიწყო.
_ მაშინ ვადამდელ არჩევნებზე გითხრეს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს წითელი ხაზიაო.
_ გვითხრეს, ვადამდელი არჩევნების საკითხი არცკი განიხილებაო. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ განგვიცვხადეს და ამ ფრაზას დიდი ხანი იმეორებდნენ თუთიყუშებივით.
_ იმაზე ხომ იყო საუბარი, რომ თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, ხელისუფლება დათანხმდებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას?
_ ეს ინიციატივა ნამდვილად გაჟღერდა, მაგრამ აღნიშნული წინადადება იმდენად არასერიოზული და აბსურდული იყო, რომ ყურადღების ღირსადაც კი არ მივიჩნიე. ასევე მოიქცნენ სხვა ოპოზიციონერებიც.
_ რატომ არ მივიჩნიეთ ყურადღების ღირსად?
_ იმიტომ, რომ ეს, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, „რიჟა ბაზარი“ იყო. ამ სისულელეზე დათანხმება როგორ შეიძლებოდა? თურმე, ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდნენ იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებს აიღებდნენ. გამოიტანდა ივანიშვილი პუტინის გამოგზავნილ მილიარდებს, კიდევ ერთხელ მოისყიდიდა ამომრჩეველს და აიღებდა 49%-ს. ამით სამუდამოდ დარჩებოდა ხელისუფლებაში. ამ შეთავაზებაზე წასვლა ქვეყნის კაზინოში გათამაშებას ნიშნავდა. ისეთ ვერაგ ადამიანთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, კაზინოს პრინციპებით თამაში როგორ შეიძლება? ეს მისი მინდორია და ნებისმიერ შემთხვევაში მოგიგებს.
_ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დატოვეთ, ჟრნალისტებთან თქვით, რომ ხელისუფლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ საკანონმდებლო ორგანოში 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს გთავაზობდათ. რატომ ეგონათ, რომ ამაზე ოპოზიცია დათანხმდებოდა?
_ მოგეხსენებათ, რომ ადამიანები თავისი უზნეობის ხარისხით ზომავენ ყველაფერს. ამათ, ეტყობა, ჰგონიათ რომ ჩვენ თანამდებობისთვის ვართ პოლიტიკაში. ვის რა ჯანდაბად უნდა მაგათი გადმოგდებული კომიტეტის თავმჯდომარეობა?! საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯერ კიდევ, 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტში ვიყავი და ძალიან სერიოზული კანონები მაქვს მიღებული. იარაღის ტარება ჩემი აკრძალულია. ამ კანონის მისაღებად დიდი ბრძოლების გადატანა დამჭირდა. თენგიზ კიტოვანისგან და ჯაბა იოსელიანისგან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ მაინც გავიტანეთ კანონი და ამით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ალბათ, გემახსოვრებათ, მაშინ ქუჩაში იარაღით უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ ჩვენი მოქალაქეები. იარაღის ტარება ისეთი ამბავი იყო, როგორც ჯინსის ქურთუკის ტარება.
პოლიტიკაში მყოფი ადამიანები, ბუნებრივია, ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. შეიძლება, სპორტსმენს მოედანზე გასვლა არ უნდოდეს? ასე გვინდა ჩვენც პარლამენტში შესვლა, ესაა ჩვენი საასპარეზო არენა, მაგრამ გააჩნია პარლამენტს. ამ პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი მოვუსპოთ. ეს პარლამენტი გაყალბების გზით აირჩიეს. ჩვენ გაყალბებულ არჩევნებს არ ვცნობთ და პარლამენტში არ შევალთ.
_ ისევ მაისის აქციას დავუბრუნდეთ: თქვენი აზრით, ეს აქცია რამე შედეგს მოიტანს?
_ ამ აქციამ შეიძლება, „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოშალოს, მაგრამ რაღაც შედეგი იქნება. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი წელს პოლიტიკურად დასრულდება.

შორენა მარსაგიშვილი