უექიმო სოფლის ამბავი კახეთიდან

სოფელ ზემო კაჭრეთს მე-20 საუკუნეში მახარაძეს ეძახდნენ. აი, უფრო ადრე კი მას მოიხსენიებდნენ სახელწოდებით გადრეკილი. 2012 წელს, პრეზდენტის ბრძანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძეს უკვე ზემო კაჭრეთი ეწოდება.

სოფელი, ჯერ კიდევ, შუა ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული. 1970 წელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შეისწავლა გვიანბრინჯაოს ხანის ნასადგომრის მრავალიარუსიანი სამაროვანი. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს საკიდი, მინიატურული ბაყაყები, სარდიონის მძივები, თიხის სხვადასხვა სასმისი და ა. შ. შეისწავლეს ასევე „პირდაპირი მიწების“, „შლარტი ღელის“, „ბრმა წყლის“ სამაროვნები. სოფლის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმ. ელიას ორნავიანი ეკლესია (ადრე შუა საუკ.) და ყველაწმინდის დიდი სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მთელი ალაზნის ველს გადაჰყურებს.
2002 წლის სტატისტიკის მონაცემებით, სოფელში 1012 ადამიანი ცხოვრობდა, 12 წლის შემდეგ კი აქ მცხოვრებთა რაოდენობა განახევრდა და 2014 წელს უკვე 671 ადამიანი შეადგინა.
ექვსი წლის შემდეგ კვლავ შემცირდა თუ არა მცხოვრებთა რაოდენობა, ამის ოფიციალური სტატისტიკა არ გაგვაჩნია, მაგრამ არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ არ არის სასურველი ამ სოფელში ცხოვრება.
სოფელი რაიონული ცენტრიდან, ანუ გურჯაანიდან, 38 კილომეტრში მდებარეობს. სოფლიდან რაიონამდე მხოლოდ ერთი სამარშრუტო ტაქსი დადის, ისიც დილით გამოდის და საღამოსკენ ბრუნდება უკან.
წლების მანძილზე, სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, ზემო კაჭრეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი წყლის გარეშე იყო დარჩენილი, ნაწილს კი ხევიდან გამოყვანილი ტალახიანი წყალი მიეწოდებოდა. ადგილობრივებს ეს პრობლემა უკვე წლებია, აწუხებდათ, როგორც ისინი ამბობდნენ, მათ ყურადღებას არავინ აქცევდა.
პრობლემებიდან პრიორიტეტული საკითხი, პირველ რიგში, სასმელი წყალი იყო, მაგრამ პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა. წყალი ხევიდან გმოიყვანეს, მაგრამ ისიც ჭუჭყიანი და ტალახიანი. 2014-2015 წლებში სოფლის ეს პრობლემა მოგვარდა.
3 წლის წინათ ზემო კაჭრეთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა _ პირველად სოფელთან დამაკავშირებელი და შიდა საუბნო გზები მოასფალტდა.
2020 წელს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერ თეიმურაზ ზავრაშვილთან და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ დალი მინდიაშვილთან ერთად ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლას ესტუმრა და სკოლის ახალი შენობაც დაათვალიერა. ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა 2019 წელს აშენდა, რომელიც 125 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, რომელსაც აქვს კლას-კაბინეტები, ლაბორატორიები, დიდი სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის. შენობის მშენებლობისთვის 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.
2019 წლის სექტემბერში გურჯაანის მუნიციპალიტეტმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეისყიდა სოფელ ზემო კაჭრეთის ამბულატორიის შენობა. ჩატარდა ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 27 ათასი ლარი. სახელმწიფო აუდიტმა კი პროექტის დათვალიერებისას გამოავლინა, რომ ობიექტი არ ფუნქციონირებს.
ასე რომ, თუ სკოლა შესაძლოა პანდემიის გამო დაკეტილი იყოს, სოფლის ამბულატორია, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება სოფელს, უბრალოდ დიდი ბოქლომით დაიკეტა.
მიზეზი კი, რომლის გამოც სოფლის ერთადერთ სამედიცინო პუნქტს ბოქლომი ჩამოკიდეს, უბრალოდ, კომიკურია.
კერძოდ, ამბულატორია დაკეტილი არის სამედიცინო პერსონალის არარსებობის გამო.
არც მეტი არც ნაკლები, ისე გაილია სოფელი, რომ 600 კაცში არც ექიმი მოიძებნა და არც _ ექთანი. ამას დამატებული ისიც, რომ არც სხვა სოფლებიდან ისურვეს აქ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორიის სამუშაოების დასრულებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, მერიამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარმოუდგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ღონისძიებები განახორციელა ობიექტის ფუნქციონირებისთვის, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
არადა, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა მიმართულია სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა გადაწყვეტისკენ. შესაბამისად, მერიამ პროცესის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს იმგვარად, რომ აღნიშნულ მიზანს მიაღწიონ.
მერიამ შეისყიდა ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები, რაშიც დაიხარჯა 27 ათასი ლარი. ობიექტის შესყიდვიდან გავიდა ერთ წელზე მეტი, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეული მაინც არ არის და ამბულატორია არ ფუნქციონირებს.
_ არაფერი არის გასაკვირი, _ ამბობს „ქრონიკა+“-სთან კახეთის ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი, _ როცა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ საცხოვრებლად და სამუშაოდ საარსებოდ ევროპისთვის მიეშურათ, ამის მერე რა არის გასაკვირი?! სოფელი იცლება. ფაქტია, განახევრდა კი არა, მეოთხედი დარჩა. ამ სოფლის დალევისა და გაუქმების მიზანი შედეგს უახლოვდება.
_ თუ სოფელი იცლება, ადამიანები აქ აღარ ცხოვრობენ, მაშინ რატომ დახარჯა მილიონზე მეტი სკოლის ასაშენებლად სახელმწიფომ?
_ სახელმწიფომ არა, ეს დახარჯეს ვიღაცის ბიძაშვილისთვის ან მამიდაშვილისთვის, რომ ფული გაეკეთებინათ. იქ უნდა დახარჯონ, სადაც ხალხი არ არის და ბევრი კითხვა აღარ იქნება. სოფელში ცხოვრობს 600 კაცი და აქედან 125 ბავშვია. სკოლა 125 ბავშვზეა გათვლილი?
_ სოფელში 125 ბავშვია და არ ჰყავს ექიმი?
_ სოფელს არ აქვს ამბულატორია. შენობას ნუ მივაქცევთ ყურადღებას. უბრალოდ, წარმოვიდგინოთ: პანდემიაა, ვერ იძახებ სასწრაფოს, 112 არ გპასუხობს, არ გაქვს სკოლა. გყავს მოხუცი და ბავშვი და არ გყავს ოჯახის ექიმი. აბა, მაშ, რისთვის და ვისთვის იხარჯება ფული, ხალხო? წავიდნენ, დაუფინანსონ სწავლა იმ სოფლის ბავშვებს, რომ გახდნენ ექიმები, ექთნები, მაგრამ დაბრუნდებიან კი სოფლად, როცა ქვეყნის არაფორმალური ბელადი ყველას გერმანიაში ეპატიჟება მარწყვის პლანტაციებში სამუშაოდ? ამას ჰქვია, როგორ უნდა გეჯავრებოდეს შენი ქვეყანა. ნაცვლად იმისა, ადამიანებს სოფელში, პირველ რიგში, ექიმი მიუყვანო, რას აკეთებენ, თავადაც არ იციან. ამბულატორიის აშენებას რა აზრი აქვს, თუ ექიმი არ გყავს?! სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს.

მაკა მოსიაშვილი