„ქართული ოცნება“ კალაძის შემცვლელს ეძებს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, კარგა ხანია, აღარ იზიარებს პარტიის პათოსს. სულ ცოტა ხნის წინათ ის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა, ახლა კი ზედმეტად კონსტრუქციულია. ალბათ არავისთვის იქნება მოულოდნელი, თუკი ის მმართველ პარტიას დატოვებს.
„ქართულ ოცნებაში“ ამას უკვე შეგუებულები არიან. მის სამომავლო გეგმებსაც განიხილავენ. ზოგი ამბობს, რომ იგი მილანში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას; ზოგი ვარაუდობს, რომ თბილისის მერი დამოუკიდებლად დაიწყებს პოლიტიკურ თამაშს.
„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დღეებში კახა კალაძემ ივანიშვილს გუნდიდან წასვლაზე ნებართვა სთხოვა. ურეკავდა კიდევაც, მაგრამ ივანიშვილმა მის ზარებს არ უპასუხა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ივანიშვილს შუამავლების მეშვეობით გაუგზავნა შეტყობინება.
„ივანიშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო, _ მე პარტია ირაკლი კობახიძეს ჩავაბარე და იმასთან გაარკვიე ყველაფერიო“, _ გვიყვება ჩვენი წყარო.
მისივე ინფორმაციით, მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს კახა კალაძის შემცვლელის ძებნა.
როცა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა პოლიტიკიდან გაუჩინარება, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თავიდან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილებოდა. გადამწყვეტ წამს ივანიშვილმა პარტიაში მემკვიდრედ ირაკლი კობახიძე დატოვა, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილზე გაბუტულია. გაბუტულია იმის გამო, რომ მან პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე დანიშნა.
კახა კალაძე პარტიის დატოვებას იანვარშიც აპირებდა. ამის მიზეზი მისი პარტიული თანამდებობა გახდა. ივანიშვილის მიერ მიტოვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, პარტიაში გენერალური მდივნის პოსტი გაეუქმებინა. კალაძეს სწორედ ეს პოსტი უკავია. ამაზე თბილისის მერს საჯარო ისტერიკა არ მოუჭიმია. კულუარებში თქვა, რომ თუ თანამდებობა გაუქმდებოდა, ის პარტიიდან დემონსტრაციულად წავიდოდა. თანამდებობა აღარ გააუქმეს და კალაძეც დარჩა, თუმცა ეს დარჩენა დროებითია. კახა კალაძე პარტიიდან სერიოზულად არის დისტანცირებული.
„ქართულ ოცნებას“ უკვე გაემიჯნა ვასილ მაღლაფერიძე. მას პარტიაში თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა. ის ივანიშვილმა კობახიძის მაკონტროლებლად დანიშნა. კობახიძე „ოცნებაში“ სწორედ მაღლაფერიძემ მიიყვანა. როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, მაღლაფერიძე ივანიშვილთან უთანხმოების გამო გადადგა თანამდებობიდან. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს მას „მოქკავშირი“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ საჭირო დროს ჰყავს მიტოვებული.
რაც შეეხება კალაძეს, მის სახელს გიორგი გახარიასაც უკავშირებენ. ამბობენ, რომ მათ შეიძლება, ერთად შექმნან პარტია. პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ ამ ორი ადამიანის თანამშრომლობა ცოტა წარმოუდგენელია. ისინი გამოკვეთილად ვერ იტანენ ერთმანეთს.
შორენა მარსაგიშვილი