ნიკა ვარდოშვილი: „ერეკლე მეფის მერე ირაკლებში აღარ გვიმართლებს“
ყველა ტყუილს თავისი მოტივი აქვს. ადამიანები სხვადასხვა მიზეზით ცრუოებენ თავდასაცავად: პირადი დანაშაულის დასაფარავად; სხვა ადამიანებისგან თავის ასარიდებლად; საკუთარი თავის დასაწინაურებლად; ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად; პიროვნული უპირატესობის მოსაპოვებლად; თვითშეფასების ასამაღლებლად; სხვების გასამხიარულებლად; სოციალური როლების შესრულებისას, რათა უზრდელები არ გამოჩნდნენ; სხვა ადამიანებისთვის ზიანის მისაყენებლად გაურკვეველი მიზნების გამო და ა. შ.
300 წლის წინათ ქართლ-კახეთს მეფედ ერეკლე მეორე ჰყავდა. ჩვენ, კახელები, მას ერეკლეს ან პატარა კახს ვეძახით, თუმცა მეფე ირაკლის სახელით აწერდა ხელს, ამიტომ ეს სახელი კახეთში მეტ სიყვარულს იმსახურებდა ყოველთვის…
სადღაც 7 წლის წინათ ირაკლი ღარიბაშვილი კახეთისთვის ასეთ გეგმებს აწყობდა:
„დღეს გვაქვს გამოკვეთილი სურათი, თუ რა არის საჭირო კახეთის განვითარებისთვის და რომლის გაკეთებაც შეგვიძლია მთავრობასა და ბიზნესს. ლაგოდეხს აქვს თამბაქოს წარმოებისა და პირველადი გადამუშავების, ასევე აბრეშუმის წარმოების განვითარების რესურსი; ახმეტას აქვს ტყავის გადამამუშავებელი წარმოების განვითარების რესურსი; გურჯაანს აქვს აგურისა და რკინა-ბეტონის გადამუშავების რესურსი; სიღნაღში შეგვიძლია სამკერვალო წარმოება განვავითაროთ“.
ღარიბაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უკვე სახლში იყო, ირაკლი პირველის დანაპირები კი სიცრუედ დარჩა.
სამაგიეროდ, მეორედ იყრიდა კენჭს პარლამენტარობისთვის თელავი-ყვარლის მაჟორიტარად ირაკლი სესიაშვილი:
„ესაა მართალი ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასთან ფარულ პოლიტიკას არ აწარმოებს. 2012 წელს დაპირებებს სახელმწიფოზე დაკვირვების ფონზე ვიძლეოდით, რადგან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან არანაირი წვდომა არ გვქონდა, მაგრამ პასუხისმგებლობას თითოეულ დაპირებაზე ვიღებთ. რეჟიმთან ბრძოლაში შესვლისა და მძიმე რეალობაში მუშაობის მიუხედავად, მაქსიმუმის გაკეთება შევძელით. დაპირებების 80% უკვე შევასრულეთ, დარჩენილ 20%-ს კი არჩევნებამდე ამოვწურავთ“, _ ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში განაცხადა.
რაც შეეხება ირაკლი სესიაშვილის დაპირებას თელაველებისთვის, თელავის სიახლოვეს არსებულ ცივის მთაზე საბაგირო ხაზისა და ფუნიკულიორის აშენების შესახებ, ინიციატივის დასახელებიდანვე თელავში ამ საკითხზე მხოლოდ იცინოდნენ. რა თქმა უნდა, წარმოსახვითი საბაგიროს გარდა სხვა არაფერი შეგვრჩა. უარესი: ცივის მთაზე ასასვლელი სამანქანე გზაც კი ჩახერგილი და გასასუფთავებელია. ასე რომ, ცრუ ირაკლი მეორის დანაპირებიც საპნის ბუშტივით გასკდა.
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ისე დატოვა პარლამენტი, რომ თავისი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა. შიოლაშვილი 2016 წელს ქიზიყის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თუკი არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ, ორი ათეული წლის წინათ გაჩერებულ სიღნაღი-წნორის საბაგირო გზას აღადგენდა, თუმცა ამ დაპირებიდან თითქმის 4 წელი გავიდა და ირკვევა, რომ ამ პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც კი არ ჩატარებულა, რათა დაედგინათ, რამდენად გამართლებული იქნებოდა მასზე ფულის დახარჯვა.
„ჩემი ბავშვობა სიღნაღთან და წნორთან ასოცირდება. აქ გადიოდა ულამაზესი საბაგირო და მე არ მივიჩნევ საკუთარ თავს ღირსეულ დეპუტატად, თუ ეს საბაგირო არ აღვადგინე. ყველა შემთხვევაში უნდა აღვადგინოთ ეს საბაგირო გზა“, _ ეს საარჩევნო დაპირება ირაკლი შიოლაშვილმა 2016 წლის სექტემბერში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, გასცა. დაპირების გაცემიდან თითქმის 5 წელი გავიდა, სიღნაღი-წნორის საბაგირო კი 26 წლის წინათ რომ გაჩერდა, იგივე მდგომარეობაშია.
„აღდგება კახეთის სარკინიგზო ხაზი!“ _ ამის შესახებაც განცხადება „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, წინასაარჩევნო დაპირებების ფორმატში, ჯერ კიდევ, 2012 წელს გააკეთა. მოგვიანებით, ეს დაპირება, სხვა პროექტებთან ერთად, მისმა ქვემდგომმა ლიდერებმაც გაიმეორეს.
რეგიონში რკინიგზის რეაბილიტაცია და სარკინიგზო ხაზის აღდგენა რომ იგეგმებოდა, ამის შესახებ კახეთის მაშინდელმა გუბერნატორმა, ჯერ კიდევ, 2019 წლის ოქტომბერში განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის მისი მონაწილეობით არაერთხელ ჩატარებულა:
„სამინისტროებთან და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველთვის ვსაუბრობდი რეგიონში რკინიგზის რეაბილიტაციასა და სარკინიგზო ხაზის აღდგენის აუცილებლობაზე და მის დადებით შედეგებზე. ჩემი დიდი სურვილია, აღდგეს სარკინიგზო ხაზი, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება.
ამ ეტაპზე კახეთის რკინიგზის რეაბილიტაციის ხედვა გაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში, რათა მათი დახმარებით ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ბანკს რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოტანილი და ვფიქრობ, ამ პროექტს სწორედ ის დააფინანსებს. რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით გაგრძელდება შეხვედრები, როგორც დონორ ორგანიზაციასთან, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სადაც აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ და მას ერთიან პროექტად დავამუშავებთ“, _ ამბობდა მაშინდელი გუბერნატორი და დღევანდელი პარლამენტის წევრი.
კახეთში რკინიგზის აღდგენის იდეას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა და იგი პიარის ნაწილად შეაფასა ოპოზიციამ. ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ლიდერი ნიკოლოზ ვარდოშვილი მიიჩნევდა:
„რკინიგზის რეაბილიტაციას სჭირდება ძალიან დიდი თანხები, ადგილზე კი ყველაფერი გაფუჭებულია და დამპალია, მათ შორის, შპალები, რაზედაც ლიანდაგები ეწყობა. მთელი ინფრასტრუქტურა გამოსულია მწყობრიდან და გაძარცულია. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ შემოგდებული მორიგი ტრიუკი საარჩევნოდ“.
ვარდოშვილი ქადაგიშვილის მიერ აეროპორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს: „როგორც აეროპორტის თემამ ჩაიარა, ასევე ჩაივლის რკინიგზის თემაც, რადგან ამ ხელისუფლებას ელემენტარული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია, არათუ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება“.
და როგორც დიდი შოთა ამბობდა: „ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს, საქმესა გაძნელებულსა“.
ქართულ პოლიტიკაში მყოფი, მგონი, ყველა ირაკლი კახელი იყო, მაგრამ როგორც ლეიბორიტული მოძრაობის კახეთის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი ამბობს, _ ერეკლე მეფის მერე ირაკლებში უკვე აღარ გვიმართლებს.
მაკა მოსიაშვილი