მალხაზ მაჩალიკაშვილი: „გოგაშვილი, ჩატაევი და თალაკვაძის ძმა ხორცის ბიზნესში იყვნენ“
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, საეჭვოდ გააქტიურდა. ის ხელისუფლებას უკვე ღიად აშანტაჟებს: ყვება რაღაცებს და ამბობს, რომ კიდევ ბევრის თქმა შეუძლია. მის ნაამბობებსა და განცხადებებში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ოპოზიციის მსგავსად რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. იგი ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვისაც მზადაა. იმისთვის, რომ გოგაშვილი ოპოზიციას ჩაეხუტოს, ოპოზიციონერები მალხაზ მაჩალიკაშვილს უნდა გაემიჯნონ. 2017 წლის დეკემბერში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დარწმუნებულია, რომ გოგაშვილი ოპოზიციის რიგებში ეძებს თავშესაფარს. მას სჯერა, რომ სუსის ყოფილ უფროსს არც ოპოზიცია შეიფარებს და არც _ ეკლესია.
რა პირობებს უყენებს ოპოზიციას სოსო გოგაშვილი? რატომ არ გაიკარებს მას ღარიბაშვილი? ვინ მართავს პანკისის ხეობის უხუცესებს? აქვს თუ არა სამართლიანობის აღდგენის იმედი შვილმკვდარ მამას? _ ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ისევ გააქტიურდა. სოსო გოგაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ვითომ სკანდალური ფაქტები გააჟღერა და ვიღაც გააფრთხილა, მეტი ვიციო. ამის გარდა მან არასამთავრობო ორგანიზაციაც შექმნა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ამ ადამიანის გააქტიურება?
_ მისი ნებისმიერი გამოჩენა ტელევიზიით ან მედიის სხვა საშუალებით ცუდ რაღაცას უკავშირდება. გოგაშვილი ცდილობს თავშესაფრის პოვნას. ჩემთვის გასაგებია, თუ რა მდგომარეობაშია ახლა ის. სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ყველა მხრიდან გრძნობს საფრთხის მოახლოებას.
_ რა საფრთხეზე საუბრობთ? ვინ უქმნის მას საფრთხეს? გგონიათ, რომ „ქართული ოცნება“ მას დააპატიმრებს? ამის შესახებ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია.
_ ხელისუფლებაში იყო მის დაკავებაზე საუბარი. ამის შესახებ გოგაშვილი ინფორმირებულია და იცის, რომ „ქართული ოცნებიდან“ საფრთხე ელოდება. მარტო „ოცნებისგან“ რომ ელოდებოდეს საფრთხეს, ასეთ დღეში არ იქნებოდა. სუსის უფროსის მოადგილედ მუშობისას მან ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა. იმდენი მტერი ჰყავს, რომ ძალიანაც რომ მოინდომოს, საქართველოდან ვერ გაიქცევა. მტრები მას ყველგან მიაგნებენ. ერთადერთი მისი საიმედო თავშესაფარი არის საქართველო. რა გასაკვირია, რომ ეს ადამიანი საქართველოში ეძებს თავშესაფარს. ეს თავშესაფარი უნდა იყოს ან ეკლესია, ან _ ოპოზიცია.
გოგაშვილი კარგად მყავს შესწავლილი. ვიცი, სად და ვისთან დადის, რა ინტერესები აქვს, რით სუნთქავს. იმდენად მძიმე დღეშია, რომ მეხის გავარდნასავით ეშინია საკუთარი ჩრდილის დანახვისაც. ის თავის მცირერიცხოვან გარემოცვასთან ერთად ჩიხშია მოქცეული. გამწარებული ეძებს უსაფრთხო ადგილს. ვიმეორებ: ის ოპოზიციასა და ეკლესიაში ცდილობს შეძრომას. მისი ნებაა, ეკლესიაში წავა თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი გახდება, ამას ვერ ავუკრძალავ. ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსიც რომ გახდეს, მაგის საქმე წასულია, წასული! იმის იმედი ტყუილად აქვს, რომ მე თემირლანის საქმეს დავივიწყებ. ამის გამო ის აუცილებლად აგებს პასუხს. რამდენადაც ვიცი, მაგას ვიღაცები აიმედებენ, ცოტა ხანიც მოიცადე და მაჩალიკაშვილს თავისი შვილის ამბავი დაავიწყდებაო.
_ ვინ აიმედებს? თქვენი ნაცნობები აძლევენ ამის იმედს?
_ ამ ადამიანებს ვიცნობ. ზოგი ხეობის მკვიდრია, ზოგიც თბილისში ცხოვრობს.
_ ხეობაში ჰყავს გოგაშვილს მხარდამჭერები? უცხომ რატომ უნდა დააიმედოს?
_ მას მხარდამჭერები საქართველოს ყველა კუთხეში ჰყავს. ვიღაცები პანკისშიც უჭერენ მხარს გოგაშვილს. ჩემთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, როცა გავიგე, რომ ხეობიდან სუსში 102 სატელეფონო ზარი იყო შესული. ამ ზარის ავტორები ხელისუფლებას ჩემს განეიტრალებას სთხოვდნენ და უნდოდათ, რომ მე დავეკავებინეთ. ჟურნალისტებმა ძალიან კარგად იცით, რომ ჩემი ბრძოლა მხოლოდ ერთ მიზანს უკავშირდება _ დაისაჯონ თემირლანის მკვლელები. ამ მოთხოვნით ძალიან აქტიური ვარ. ვიღაცას ეს რაღაცად ეჩვენება და სუსში რეკავს, _ მაჩალიკაშვილი გაანეიტრალეთო. არადა, გასანეიტრალებელი არაფერი მჭირს. მხოლოდ იმ ადამიანების დასჯა მსურს, რომლებმაც იმ სისხლიანი სპეცოპერაციის დროს ჩემი შვილი მოკლეს. მე მომიკლეს მძინარე ბავშვი და ჩემს განეიტრალებას ითხოვენ.
_ თქვენს განეიტრალებას მაშინ ითხოვდნენ, როცა გოგაშვილი იყო სუსის უფროსის მოადგილე, თუ მისი წამოსვლის შემდეგ?
_ სუსში გოგაშვილის დროსაც რეკავდნენ და მისი წამოსვლის შემდეგაც. მოვა დრო და ყველა მათგანის ვინაობას დავასახელებ. პანკისიდან, ამ პატარა ხეობიდან, 102-მა ადამიანმა მოსთხოვა სუსს ჩემი განეიტრალება. სუსში მსგავსი ტიპის ზარები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც შედიოდა. ეტყობა, ამ კატეგორიის ხალხი აიმედებს გოგაშვილს. ეუბნებიან, გავა დრო და მაჩალიკაშვილს სხვებთან ერთად დაავიწყდება ყველაფერი და შენ თავისუფლად ივლიო. იმასაც სჯერა ამის და რაღაცისთვის ემზადება. ბოლომდე არაა დარწმუნებული, რომ თავის ჩადენილი არაკაცობები შერჩება და ამიტომ ცდილობს, ოპოზიციაში ან ეკლესიაში შეძვრეს. ამის გარდა კიდევ სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ხელახლა თავის დამკვიდრებას.
_ რა მეთოდებით? კომპრომატებით ხომ არა, რომელიც გოგაშვილს მრავლად ექნება? კაცი წლების განმავლობაში სუსის უფროსის მოადგილე იყო.
_ მას ისეთი თანამდებობა ეკავა, რომ ბლომად ექნება კომპრომატი. ამ კომპრომატებით მას ნებისმიერ ჩინოვნიკზე შეუძლია გავლენის მოხდენა. კომპრომატებს რომ ინახავს, ამას არც თავად მალავს. მედიით და ფეისბუქით არაერთხელ დაწერა, რომ რაღაცებს ვიტყვიო. ამით ის რიგი ჩინოვნიკების დაშანტაჟებას ცდილობს.
_ როგორ ფიქრობთ, დააშანტაჟა ვინმე?
_ არ გამოვრიცხავ. ის სუსის გავლენიანი ჩინოსანი იყო და სერიოზული კომპრომატები ექნებოდა. ვიღაცებს მომავალში დააშანტაჟებს. ძალიან ბევრი კომპრომატი აქვს ამ ბინძურს.
_ კომპრომატები, როგორც ამბობენ, მაგაზეც მრავლად არის.
_ მაგაზე არის თუ არის _ თავიდან ბოლომდე კომპრომატია!
_ თქვენ თქვით, რომ ვიღაცებს აშანტაჟებს და ვიღაცების დაშანტაჟებას მომავალშიც შეეცდებაო. მას ივანიშვილზეც ექნება რაღაც მასალები. მის დაშანტაჟებას თუ გაბედავს გოგაშვილი?
_ ივანიშვილზე შეიძლება რაღაც იცის, მაგრამ სერიოზული მასალები არ ექნება. რომც ჰქონდეს, ივანიშვილის დაშანტაჟებას ვერ გაბედავს. ის პატარა წურბელაა და მისი კომპრომატებიც ისეთია, როგორც პატარა წურბელას ეკადრება. მას დაბალი რანგის ჩინოვნიკების დაშანტაჟება ნამდვილად შეუძლია. ხელისუფლების პირველ პირებს ვერაფერს დააკლებს. მათ წინააღმდეგ რაიმე სერიოზულ მასალას რომ ფლობდეს, სხვანაირად იმოქმედებდა.
_ სხვანაირად, როგორ?
_ ასე კი არ იფართხალებდა ტელევიზიებში, სხვა გზებს გამონახავდა. ერთი რამე ფაქტია, რომ ის ოპოზიციასთან ვაჭრობს.
_ რატომ ფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან ვაჭრობს?
_ მან „ტვ პირველთან“ ღიად თქვა, თუ ოპოზიციური პარტიები გაემიჯნებიან მაჩალიკაშვილს, მაშინ მე მათთან ვითანამშრომლებო.
_ იმას არ კითხულობს, უნდა ოპოზიციას მასთან თანამშრომლობა?
_ ჰგონია, რომ ოპოზიცია მასთან თანამშრომლობას მოინდომებს.
_ რატომ ჰგონია, რამე საფუძველი აქვს, რომ ასე იფიქროს?
_ მას, როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლების წარმომადგენლებზე კომპრომატები აქვს. ფიქრობს, რომ ამ კომპრომატებით ის ოპოზიციისთვის საინტერესო ფიგურაა. იმდენად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, რომ ულტიმატუმებს აყენებს. ოპოზიციას ეუბნება, ტერორისტ მაჩალიკაშვილს გაემიჯნეთ და თქვენთან ვითანამშრომლებო. სირცხვილი და უსამართლობა ტერორისტი მე რომ მეძახის ტერორისტს! მე არასდროს ვყოფილვარ ტერორისტი, მან კი ჩაიდინა ტერორისტული აქტი! ადამიანს სახლში რომ შეუვარდები და მძინარე ბავშვს მოუკლავ, ტერორისტი ხარ, აბა, ვინ ხარ?! ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ხოცავენ.
სოსო გოგაშვილის შეთავაზება თანამშრომლობაზე ნებისმიერი პარტიისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. როგორ შეიძლება, პარტია ტერორისტთან თანამშრომლობდეს?!
_ დარჩა ამ შეთავაზებით ოპოზიცია შეურაცხყოფილი?
_ დარჩებოდა. მის წინადადებას არავინ გამოხმაურებია, ყურადღების ღირსადაც არ ჩაუთვლიათ.
_ არ აქვს მას ოპოზიციაში შეძრომის შანსი?
_ ვერ გეტყვით. არაფერი გამაკვირვებს. ზემოთ გითხარით, რომ პატარა პანკისიდან 102 ადამიანს აქვს სუსში დარეკილი, _ მაჩალიკაშვილი გაანეიტრალეთო. ისინი მკვლელების დასჯას კი არ ითხოვენ, ჩემი განეიტრალება უნდათ, რომელიც მხოლოდ სამართალს ეძებს.
_ ზემოთ თქვენ ისიც მითხარით, რომ გოგაშვილი ეკლესიაში ცდილობს შეძრომასო. იქ მიიღებენ ამ ადამიანს? ეკლესიაშიც ბევრი სიბინძურე აქვს დატრიალებული სოსო გოგაშვილს.
_ სიმართლე გითხრათ, რელიგიურ საკითხზე საუბრისას ძალიან ვფრთხილობ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ჩემს რელიგიას არ ეხება. სამწუხაროდ, ეკლესიაში არ მიდის კარგად პროცესები. თავად სასულიერო პირები გვიყვებიან, რომ მათთან ათასი საშინელება და უბედურება ხდება. იქ გოგაშვილთან დაახლოებული პირები არიან. ისინი ამ ადამიანს, ალბათ, მხარს დაუჭერენ.
_ თავის დროზე, გოგაშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა. ეს ადამიანი პრემიერად მოდის. გამორიცხავთ, რომ მან გოგაშვილი მაღალ პოსტზე დანიშნოს?
_ ე. წ. კახურს კლანს, რომელსაც ღარიბაშვილი და თამაზაშვილი წარმოადგენენ, ძალიან კარგად ვიცნობ. იყო დრო, გოგაშვილი მათი გუნდის წევრად მოიაზრებოდა, მაგრამ მერე რაღაცები შეიცვალა. თან გოგაშვილი ისეთი გასვრილია, რომ ის არავის სჭირდება… ამიტომ მგონია, მას ღარიბაშვილი აღარ გაიკარებს.
_ გოგაშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე რომ დაიწყო საუბარი, ამაზე რას ფიქრობთ? ვადამდელ არჩევნებს ოპოზიცია ითხოვს და ვითომ მაგათ გაუგორა კოჭი, თუ რამე სხვა გათვლა აქვს?
_ მას საკუთარი თავის გადარჩენა უნდა და ცდილობს, ახალი მფარველები იპოვოს. საქართველოში ყველა გრძნობს, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, ამას გოგაშვილიც ხვდება. ამიტომ გამოვარდა და თქვა, ვადამდელი არჩევნებია გამოსავალიო. ნებისმიერი მცენარე, რომელიც მიწისქვეშაა, თოვლის დადნობასა და გათბობას ელოდება, რომ თავი წამოყოს. ასე არის ეს გოგაშვილი. ის ხომ ნეხვის ჭიაა, მიწაშია ჩამძვრალი და ახლა ცდილობს, ყვავილად მოგვევლინოს. ამიტომ ალაპარაკდა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. ამაზე ტროლ-ბოტებსაც ააკივლებდა, მაგრამ რაც სუსიდან გამოაგდეს, აღარ ჰყავს ტროლები.
_ ისე, კარგა ხანია, ტროლ-ბოტებს თქვენზე იერიში აღარ მოუტანიათ. ეს გოგაშვილის განეიტრალებას ხომ არ უკავშირდება?
_ ეს პირდაპირ კავშირში იყო მაგ არაადამიანთან. გოგაშვილს 60 ტროლ-ბოტი ჰყავდა, რომლებსაც ხელფასს უხდიდა. მათ სხვადასხვა ადამიანის, მათ შორის, ჩემი გაშავება ჰქონდათ დავალებული. ეს ტროლები კარგა ხანია, აღარ აქტიურობენ. ფულს არავინ გადაუხდის ჩემს გაშავებაში და რატომ უნდა მლანძღონ?
_ თქვენს გასაშავებლად გოგაშვილმა ბევრი რამე გააკეთა. ამას არ სჯობდა, მოსულიყო და დაგლაპარაკებოდათ? ან, იქნებ, სცადა და თქვენ უარი თქვით მასთან შეხვედრაზე? თქვენთვის იოლი არ იქნებოდა მასთან საუბარი.
_ ძალიან გამიჭირდებოდა მასთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა, ამის მიუხედავად, აუცილებლად მოვუსმენდი. იმ სისხლიანი სპეცოპერაციიდან ბევრი დეტალი ჩემთვის უცნობია და რაღაცების გარკვევა დღემდე მსურს. მინდოდა მასთან დალაპარაკება, მაგრამ გოგაშვილს არ ეყო იმის კაცობა, რომ შემხვედროდა. სამაგიეროდ, მომისია ტროლები და დაიწყო ჩემი გაშავება.
_ ეს მართლა გამოუვიდა.
_ მან მხოლოდ ადამიანების გაშავება იცის. მის გარდა ჩემი შვილის საქმეში კიდევ რამდენიმე ადამიანია დამნაშავე. ისინი გრძნობენ თავიანთ დანაშაულს და ცდილობენ, ხმა არ ამოიღონ. მათ შორის არც გომელაურს ვუხსენებივარ. მარტო გოგაშვილი გამოდიოდა ჩემ წინააღმდეგ. ყველაზე მეტი დანაშაული მას აქვს ჩადენილი და ეტყობა, იფიქრა, რომ ჩემი გაშავებით გადაფარავდა ბავშვის მკვლელობას. ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ის ტყუილი იყო, რაც მან ჩემს შვილზე გაავრცელა. ის სამი დღე იმყოფებოდა თელავში და ხმებს ავრცელებდა, რომ თითქოს ჩატაევი დაუკავშირდა ჩემს შვილს და მერე თემირლანი დამიკავშირდა მე. ეს არის ის ბინძური ჭორი, რომლის გავრცელებასაც მას ვერასდროს ვაპატიებ.
_ ეს ჭორი როდის გაავრცელა _ სპეცოპერაციამდე თუ სპეცოპერაციის შემდეგ?
_ სპეცოპერაციის მერე ჩამოვიდა თელავში, სადაც უხუცესებსაც შეხვდა.
_ თქვენ უხუცესების ნაწილის მიმართ პრეტენზიები გქონდათ, რადგანაც მათ უფრო გოგაშვილს დაუჯერეს, ვიდრე _ თქვენ.
_ მე ვარ შვილმოკლული მამა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ამაოდ ეძებს სამართალს, ამიტომ არაფრის თქმას აღარ ვერიდები და ვიტყვი, რომ პანკისის უხუცესთა საბჭო პირდაპირ უშიშროების სამსახურების დაფუძნებულია. მას მართავს სუსი. ბოდიში ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ყველა ფეხებზე მკიდია, ვინც სუსისგან და უშიშროებისგან იმართება.
_ პანკისში უხუცესთა საბჭო ხომ მანამდე არსებობდა, სანამ სუსი შეიქმნებოდა?
_ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ყველაფერს თავისი სახელი ერქვა, მათ შორის, უხუცესებსაც. ივანიშვილის მოსვლის შემდეგ უხუცესთა საბჭოს უკვე სუსი მართავს. ძალიან სამწუხაროა, ასეთი რამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ რეალობა ასეთია. მე სიმართლისთვის ვიბრძვი და სიმართლე უნდა ვილაპარაკო. მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. გაირკვევა, ვინ ხალხს ემსახურებოდა და ვინ _ სუსსა და გოგაშვილს. გოგაშვილს აუცილებლად მოუწევს საკუთარ ნამოქმედარზე პასუხისგება. ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ოპოზიციაში შეძვრება და ამით თავს გადაირჩენს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ოპოზიცია მას გვერდით არ დაიყენებს? ისეთი ოდიოზური ფიგურები დაიყენეს გვერდით, რომ არც გოგაშვილის გამოჩენა გამიკვირდება მათ რიგებში.
_ გოგაშვილზე უარესი ადამიანი, უბრალოდ, არ არსებობს, ამიტომ არა მგონია, რომ ოპოზიციამ ის მიიღოს. თუ მის მიღებას გადაწყვეტს, მაშინ მე უნდა გამემიჯნონ, როგორც ამას ის არამზადა ითხოვს. ჩემთვის მთავარია ხალხის მხარდაჭერა, ოპოზიცია თუ გამემიჯნა, ამასაც გადავიტან.
_ რომელიმე პარტიის წევრი თუ ხართ?
_ არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, ამიტომ არ ვიცი, როგორ უნდა გამემიჯნოს ოპოზიცია. ვერც მე შევმატებ მათ რამეს და ვერც ისინი დამაკლებენ, თუ გამემიჯნებიან. ოპოზიციის გვერდით იმიტომ ვდგავარ, რომ ქვეყანაში არსებულ უსამართლობას ვებრძვი.
_ გოგაშვილის შეთავაზებიდან რაღაც დრო გავიდა. რამე ცვლილებები ხომ არ შეგინიშნავთ თქვენდამი ოპოზიციის დამოკიდებულებაში?
_ არანაირი ცვლილება არ არის. მე ისევ მათთან ერთად ვაპროტესტებ ქვეყანაში არსებულ უსამართლობას. მეტიც: რაც გოგაშვილმა ულტიმატუმი წამოაყენა, ოპოზიციის მხრიდან უფრო მეტ სითბოსა და პატივისცემას ვგრძნობ.
_ თქვენ წინა მოწვევის პარლამენტისგან აქტიურად ითხოვდით დროებითი კომისიის შექმნას, რომელსაც თქვენი შვილის საქმე უნდა შეესწავლა. ახლა ასეთი მოთხოვნის დაყენება, ალბათ, უაზრობაა. ოპოზიცია პარლამენტში არ არის, რომ კომისია შეიქმნას. ის სიმართლეს არ დაადგენს.
_ მართალია, ახლა ასეთი მოთხოვნის დაყენებას აზრი არ აქვს. საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარებულიყო და ოპოზიციისთვის ხმები არ მოეპარათ, ეს კომისია პარლამენტში უკვე შექმნილი იქნებოდა. ერთპარტიული პარლამენტი ჩემი მოთხოვნის საფუძველზე კომისიას არც შექმნის და რომ შექმნას, იქით გამომიყვანს დამნაშავედ. სიმართლის დადგენაში მათ სოსო გოგაშვილიც შეუშლის ხელს. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის დაშანტაჟება მას მართლა შეუძლია.
_ რანაირად დააშანტაჟებს გოგაშვილი თალაკვაძეს?
_ რანაირად? გოგაშვილი, ჩატაევი და თალაკვაძის ძმა ერთ ბიზნესში იყვნენ. საუბარია ხორცის ბიზნესზე. ამ საქმეში ჩატაევს 300.000 დოლარი ჰქონდა ჩადებული. მათთან ერთად იყო ირაკლი ჩიმაკაძე. ამ ფულისთვის იყო ჩამოსული აქ ჩატაევი. მას სუსი და გოგაშვილი მალავდნენ. მოგეხსენებათ, რომ ჩატაევს თურქეთში ტერაქტები ჰქონდა მოწყობილი და მას მთელი მსოფლიო ეძებდა. თურქეთის სპეცსამსახურებმა თავიანთი წყაროებით გაიგეს, რომ ჩვენი ძალოვნები თბილისში მალავდნენ ჩატაევს. ამას მოჰყვა ერთი ამბავი. სახე რომ შეენარჩუნებინათ, გოგაშვილი ადგა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის მსგავსი რამ ჩაატარა. მერე დაიწყეს ზღაპრების მოყოლა, რომ ვითომ ჩატაევი და მასთან მყოფი პირები ტერაქტებს ამზადებდნენ. ამ სპეცოპერაციამ ბევრი კითხვის ნიშანი და ეჭვი გააჩინა. საჭირო იყო ამ ეჭვების გაფანტვა და გადაწყვიტეს, პანკისში ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია. ამ სპეცოპერაციის დროს ის ბიჭები უნდა დაეკავებინათ, რომლებიც სუსზე მუშაობდნენ და ჩატაევის ჩამოყვანაში მონაწილეობდნენ. ზოგი მათგანი ციხეში უნდა გაეშვათ, ერთ-ერთი კი დაიღუპებოდა. როდესაც სპეცოპერაცია ცუდად ტარდება, იქ საჭიროა გვამი. კლავენ იმას, ვინც ყველაზე მეტი იცის. ამ შემთხვევაშიც იმის მოკვლა იყო დაგეგმილი, ვინც ყველაზე მეტი იცოდა. სახლი შეეშალათ და შეცდომით ჩვენთან შემოვარდნენ, რა დროსაც მომიკლეს მძინარე ბავშვი. ამ ამბავში ბევრი ვინმეა ჩართული და ამიტომ არ ისჯება ამ საქმეზე არავინ. თან ის ადამიანი ცოცხალია, ვინც ყველაფერი იცის. ადრე თუ გვიან ამ საქმეს სინათლე მაინც მოეფინება. დარწმუნებული ვარ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და მერე ყველაფერი შეიცვლება.
„ქართული ოცნება“ სანამ ხელისუფლებაშია, არც ჩემი შვილის საქმე გაიხსნება და არც სხვა ბავშვების მკვლელები დაისჯებიან, ამიტომ ყველანაირად ვიბრძვი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს.
შორენა მარსაგიშვილი