ბეჟან ნათელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმს აპირებდნენ და თავად გაიშტურმნენ“
ბოლო თვეები, დასავლეთი საქართველოს მიმართ ინტერესს აღარ იჩენდა. განსაკუთრებით ჩვენი ამერიკელი მეგობრები პასიურობდნენ. გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყანა კვლავ აქტუალურ თემად აქცია. საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა რუსეთიც. რუსი კომუნისტი გავრილოვი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სპიკერის სავარძელში ჩასვა და ჩვენი დამოუკიდებლობა წააბილწვინა, აღტაცებას ვერ მალავდა, რომ ივანიშვილის პარტია მისი მაგინებელი ნიკა მელიას დაკავებას აპირებდა. ამის გამო რუსული მედიაც ბედნიერად აჭყლოპინდა. სამაგიეროდ, დასავლეთი გადაირია და წინა კვირას დაწყებული შტურმი ისევ გრძელდება.
რა შეტყობინებები მოდის დასავლეთიდან? ემუქრება თუ არა ივანიშვილს სანქციები? რატომ არის ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი? _ ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ ბატონო ბეჟან, რაღაც პერიოდი დასავლეთს საქართველო უყურადღებოდ ჰყავდა მიტოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ბოიკოტს აგრძელებდა, დასავლეთისგან სათანადო რეაქციები არ იყო, გასულ კვირას კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მაინცდამაინც ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი უნდა დაეგეგმათ, რომ ევროპასა და ამერიკას საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა?
_ დასავლეთი სათანადო ყურადღებას რომ ვერ იჩენდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ამერიკას ჩვენთვის ობიექტური მიზეზების გამო არ ეცალა. მოგეხსენებათ, რომ იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და დამარცხებული დონალდ ტრამპი ძალაუფლების უზურპაციას ცდილობდა. მისი მომხრეები მიმდინარე წლის დასაწყისში კაპიტოლიუმის შენობაშიც კი შეიჭრნენ. დალაგდა ამერიკაში ვითარება და ჩვენთვისაც მოიცალეს.
_ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რომ აღარ არის, ეს სერიოზულად ეტყობა ამერიკელების რეაქციას.
_ ტრამპის წასვლა საქართველოზე სასიკეთოდ აისახება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი სიძე კუშნერი ჩამოშორდა თეთრ სახლს.
_ კუშნერი ლეიბორისტების „საყვარელი“ პერსონაა. შალვა ნათელაშვილი ხშირად ახსენებდა ხოლმე მას. ამტკიცებდა, მისი დახმარებით აგვარებს ბიძინა ივანიშვილი ამერიკასთან საქმეებსო.
_ შალვა ნათელაშვილი სრულ სიმართლეს ამბობდა. მეც იგივეს გავიმეორებ: ის უგვარებდა რუსს ოლიგარქს თეთრ სახლთან და ტრამპთან საქმეებს. მისი სახით ივანიშვილმა მთავარი ლობისტი დაკარგა. ლობისტის დაკარგვა რასაც ნიშნავდა, ივანიშვილმა კარგად გააცნობიერა და პოლიტიკიდან გაუჩინარდა. „ოცნებას“ ამერიკაში პატრონი და მომგვარებელი რომ აღარ ჰყავს, აშკარა და თვალსაჩინოა.
დასავლეთის დუმილის მეორე მიზეზი იყო ის, რომ ისინი ჩვენ გვაკვირდებოდნენ. ევროპა და ამერიკა რუსეთი არაა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩაერიონ და რაღაცის გაკეთება გვიბრძანონ. ისინი სწავლობდნენ აქ შექმნილ ვითარებას და უყურებდნენ, თუ რა ნაბიჯებს დგამდა ოპოზიცია. ჩვენ რომ არ გვეაქტიურა და ბოიკოტის რეჟიმში არ დავრჩენილიყავით, დასავლეთი ჩვენ ნაცვლად არ გააპროტესტებდა გაყალბებულ არჩევნებს.
ამდენხნიანი დაკვირვების შემდეგ დასავლეთმა დაინახა ჩვენი პროტესტი და ერთობა. ევროპამ და ამერიკამ ისიც დაინახა, რომ არასამთავრობო სექტორი და მოსახლეობა ჩვენ მხარეს დგას. ყველა ერთად კი ვუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ქართული სახელმწიფო მძევლად ჰყავს აყვანილი. ამის შემდეგ დაიწყეს დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი პოზიციების დაფიქსირება.
_ პოზიციები მხოლოდ მაშინ დააფიქსირეს, რაც გაიგეს, რომ ნიკა მელიას დაკავების მიზნით ხელისუფლება „ნაციონალების“ ოფისზე შტურმის განხორციელებას აპირებდა.
_ ეს იყო სრული სიგიჟე. „ქართულ ოცნებაში“ ჭკუა არავის მოეკითხება. ვინც ოდნავ მაინც აზროვნებდა, იმან ეს გააპროტესტა და თანამდებობა დატოვა. ამით მან დიდი უბედურება აგვაცილა თავიდან, მაგრამ გიორგი გახარიას იმდენი ცოდვა აწევს ზურგზე, მის ამ საქციელს გმირობად ვერ შევაფასებ. არც იმ საყოველთაო აღფრთოვანებას ვიზიარებ, რაც მის მიმართ სოციალურ ქსელებშია.
_ შესაბამისად, არც მის ფოტოს დაალაიქებდით.
_ რა თქმა უნდა, არ დავალაიქე. ეს ლაიქები არ მომეწონა, მაგრამ ამან ხელისუფლება შეიძლება, აზრზე მოიყვანოს.
_ გახარიას ლაიქებმა „ოცნება“ როგორ უნდა მოიყვანოს აზრზე?
_ ძალიან მარტივად. „ქართულ ოცნებაში“, ალბათ, კარგად აცნობიერებენ, რომ გახარიამ ამდენი ლაიქი იმის გამო არ მიიღო, რომ ხალხს იგი უყვარს. ხალხმა მას მხოლოდ იმიტომ დაულაიქა, რომ ამ საზიზღარი ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდა. ჩვენს მოსახლეობას იმდენად ყელში ამოუვიდა „ქართული ოცნება“, რომ ნებისმიერს დაულაიქებდა, ვიც ასეთ ნაბიჯს გადადგამდა.
_ კალაძეც მოაგროვებდა ამდენ მოწონებას?
_ აუცილებლად.
_ ოდიოზური ირაკლი კობახიძე?
_ თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი მიიღებდა ლაიქებს. სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავარი მოქმედება და ფაქტია. გახარიას გადადგომამ, ფაქტობრივად, ჩამოანგრია ხელისუფლება.
_ ამას ბევრი ამბობს და ეს ჩამონგრევა რით გამოიხატება?
_ პირველ რიგში იმით, რომ დასაწყობებული მასალა, ღარიბაშვილის სახით, შემოაბრუნეს და ხელახლა გააპრემიერეს. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ბატონი „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ოდიოზური ფუგურაა.
_ კობახიძეზე ოდიოზურია?
_ ბევრად უფრო ოდიოზურია. მან არაერთხელ აჩვენა ყველას, თუ როგორი არაადეკვატურია. დასავლეთის ასეთი მწვავე შტურმის შემდეგ ღარიბაშვილის პრემიერობას ფასი დაეკარგა, ისევე როგორც ივანიშვილის დროებით გაუჩინარებას. შეიძლება, დასავლეთში მართლაც დაიჯერეს, რომ რუსი ოლიგარქი განერიდა პოლიტიკას, მაგრამ როგორც კი ღარიბაშვილი მოაბრუნეს, ყველა დარწმუნდა, რომ ოლიგარქი არსად წასულა. ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში რომ არ ჩარეულიყო, პრემიერის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებდა. ის დიდი ხანია ცდილობს ამ პოსტის დაკავებას. პრემიერად კობახიძეზე უფრო ოდიოზური წარადგინეს და დასავლეთის რეაქციამაც არ დააყოვნა.
_ ისე, კარგა ხანია, დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მწვავე შეფასებები არ მოგვისმენია.
_ ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ უფრო მწვავე შეფასებები გველის. არავინ გაატარებს იმას, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერს უკვე მეორედ მოუხსნეს დეპუტატის იმუნიტეტი. პირველად „ოცნება“ ასე 2019 წელს მოიქცა.
_ სანამ მეორედ მოუხსნიდნენ დეპუტატის იმუნიტეტს, კაცი სხვა ოპოზიციონერებთან ერთად იხვეწებოდა, დეპუტატობა შეგვიწყვიტეთო, მაგრამ „ოცნებამ“ არ ქნა, ორი კვირის თავზე კი მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს.
_ უფლებამოსილების არშეწყვეტა ცალკე თემაა. მას შემდეგ, რაც ერთპარტიულმა პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, ოპოზიცია იხვეწება, უფლებამოსილება შეგვიწყვიტეთო, მაგრამ არ აკეთებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი დეპუტატად ცნობაც არ იყო მთლად კანონიერი.
_ რატომ არ იყო კანონიერი?
_ პარლამენტის წევრმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი. ოპოზიციას ეს ტესტი არ გაუვლია. ისინი დეპუტატობაზე უარს ამბობენ და ამ შემოწმების გავლა საჭიროდ არ მიიჩნიეს. შესაბამისად, მათი დეპუტატად ცნობა იყო უკანონო. ეს „ოცნებაშიც“ კარგად იცოდნენ, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქციეს. მათთვის მთავარი იყო, მსოფლიო დაერწმუნებინათ, თითქოს პარლამენტი ერთპარტიული არაა. აქედან ჩანს, რომ „ოცნების“ ქმედებებში არანაირი ლოგიკა არ არის. ყველაფერი გაანულეს, მათ შორის, ეკონომიკა.
„ქართული ოცნება“ ძალიან რთულ დღეშია, მან სახელმწიფო მძევლად აიყვანა და ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს მცდელობა მას ძვირი დაუჯდება. დასავლეთი უკვე ღია მუქარაზეა გადასული. დევიდ კრამერმა პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს. დასავლეთი ივანიშვილს აღარ ენდობა. ევროპაც და ამერიკაც მიეჩვია, რომ ის დადებულ პირობას არასდროს შეასრულებს და ისე მოიქცევა, როგორც მას აწყობს. 2019 წელს მან პირობა დადო, რომ 2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ეს ამბავი მან სალომე ზურაბიშვილს გაეროს ტრიბუნაზე გაახმაურებინა. მთელ მსოფლიოს უთხრა, საარჩევნო კოდექსს ვცვლითო და როცა საქმე კენჭისყრამდე მივიდა, თავის მონა დეპუტატებს ცვლილებები ჩააგდებინა. არავინ დაიჯერა, რომ მისი მონები აჯანყდნენ და ივანიშვილის ნების წინააღმდეგ ცვლილებები ჩააგდეს. ასე რომ, მისი არავის სჯერა. დასავლეთი მას აუცილებლად აგებინებს პასუხს. ახლა ჩვენი მეგობრები დიალოგისკენ მოგვიწოდებენ.
_ ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი აქვს?
_ დიალოგს აზრი როგორ არ აქვს. დიალოგმა მოიტანა, რომ გასული წლის მარტში შეთანხმება გაფორმდა.
_ ბევრი ამ შეთანხმებას ოპოზიციის შეცდომად აფასებს.
_ მე მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო. სხვა თუ არაფერი, ორი პოლიტპატიმრის დახსნა შევძელით ციხიდან. ცოტა მეტი პრინციპული პოზიცია რომ გამოგვეჩინა, რურუაც დატოვებდა ციხეს. დღეს „ქოცები“ ხშირად იხსენებენ მის წარსულს. მეც ბევრი რამე მსმენია, თუ რა ხდებოდა 90-იან წლებში. ფაქტი ის გახლავთ, რომ გიორგი რურუა იმ ამბებზე არ დაუჭერიათ. მას იარაღი ჩაუდეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ გიორგი რურუა, რომელსაც სახლში 50-მდე რეგისტრირებული იარაღი აქვს, არარეგისტრირებული იარაღით გამოვიდოა ქუჩაში.
_ მარტო ქუჩაში კი არა, მიტინგზე. რურუა იმ პერიოდში ოპოზიციის მიტინგებს ესწრებოდა და იქ არავითარ შემთხვევაში არ მივიდოდა არარეგისტრირებული იარაღით.
_ რა თქმა უნდა. მას ეს იარაღი ჩაუდეს. ის დაისაჯა იმიტომ, რომ ოპოზიციის მხარეს იდგა და მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სამწუხაროდ, რურუას გამოყვანა ვერ მოვახერხეთ. არადა, შეთანხმება მიღწეული იყო.
_ ამ შეთანხმებაზე „ქართული ოცნება“ ამბობდა, პოლიტპატიმრების განთავისუფლების თემაზე არ შევთანხმებულვართო.
_ უსირცხვილოდ იტყუებოდნენ. მათ დასავლელი პარტნიორებისაც კი არ შერცხვათ, რომელთა თანდასწრებითაც გაფორმდა ეს შეთანხმება. ეს დასავლეთს არ დავიწყებია და „ქართულ ოცნებას“ ამაზეც მოსთხოვენ პასუხს. ის შტურმი, რაც ახლა „ოცნებაზე“ დაიწყო, კიდევ უფრო მძიმე სახეს მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმს აპირებდნენ და თავად გაიშტურმნენ. ვადამდელი არჩევნები თუ არ დაინიშნა, ეს შტურმი, რაც ახლა დასავლეთიდან მოდის, მონაგონი იქნება.
_ კახა კალაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებებისთვის კარი ღიაა, მაგრამ რამდენად ისაუბრებენ ვადამდელ არჩევნებზე, ეგაა საკითხავი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ხელახალი არჩევნები არც კი განიხილება.
_ მაგათ არც 31 ოქტომბერს ჩაუტარებიათ არჩევნები. ეს იყო ძალადობა და ხმების ქურდობა. ვიღაც ტიპები იარაღით დარბოდნენ საარჩევნო უბნებზე. ნიკა მელიას გლდანში შტაბი გადაუწვეს და ამის გამო არავინ დაუსჯიათ. „ქართული ოცნებისთვის“ ჯობია, რომ ვადამდელს დასთანხმდნენ. თუ არ დასთანხმდებიან, ძალიან დაიმძიმებენ სიტუაციას. ახლა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია მათი გადარჩენა. მათდა სამწუხაროდ, პარტიაში ჭკუა არავის მოეკითხება და როგორც მელიას დაკავების სურვილმა წაამტვრევინა კისერი, ისევე წაიმტვრევენ ცხვირს, თუ ვადამდელს არ დასთანხმდებიან.
_ მელიას დაჭერა რატომ გარისკეს? რატომ ეგონათ, რომ ეს ამბავი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა?
_ იფიქრეს, ან გირაოს გადაიხდიდა, ან უგულავასავით ჩაბარდებოდა, მაგრამ მწარედ შეცდნენ. მათ დაავიწყდათ, რომ ოპოზიცია ერთიანია და ის ერთად დაიცავდა ნიკა მელიას.
_ „ოცნება“, ალბათ, ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო გიორგი გახარია გადადგებოდა.
_ მაგას ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ. გახარიამ თავის განცხადებაში სერიოზული ამბავი გაამხილა. მან ისაუბრა იმაზე, რომ მელიას დაკავების საკითხი განიხილებოდა პოლიტსაბჭოზე და სასამართლო იყო მხოლოდ ფიქცია. „ქართულ ოცნებას“ ამაზეც მოეთხოვება პასუხი.
_ სასამართლოს გადაწყვეტილებებს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები უსწრებს წინ, ეს ხომ ისედაც იცოდა ყველამ.
_ ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია, მაგრამ სულ სხვა ეფექტი აქვს, როცა ამაზე პრემიერი საუბრობს და ამის გამო თანამდებობას ტოვებს. კიდევ კარგი, გადადგა და შტურმი არ დაიწყო. რამდენიმე ასეული ადამიანი იყო „ნაციონალების“ ოფისში და წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი. ეს იყო სიგიჟე. ასეთ რაღაცაზე ტერორისტებიც კი იშვიათად მიდიან. ამის შემდეგ დასავლეთმა უკვე სრულად დაინახა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე და მოქმედებებზე გადავიდა.
უამრავი ოფიციალური საპროტესტო განცხადება წამოვიდა. არაოფიციალურად ათი ამდენი წამოვიდოდა კიდევ. დარწმუნებული ვარ, ყველა ემუქრება ბიძინა ივანიშვილს.
_ ივანიშვილს რატომ ემუქრებიან? ის არსად გამოჩენილა, განცხადებაც არ გაუკეთებია.
_ განცხადების გაკეთება რა საჭიროა? _ ამ ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი. ეს ადამიანი არსად წასულა, ისევ ისე მართავს ქვეყანას. ჩაშლილი შტურმის შემდეგ გამაგრდნენ „ნაციონალების“ ოფისთან და იქიდან გამოსული მანქანების საბარგულებს ამოწმებენ. ნიკა მელიას ეძებენ საბარგულში. ამხელა კაცი საბარგულში როგორ უნდა დაიმალოს? მოკლედ, ჭკუაზე არ არიან. ივანიშვილი სულ გადაირია და ასეთ უაზრო ბრძანებებს გასცემს. მის სიგიჟეს მალე მოეღება ბოლო. დასავლეთი მას სასწრაფო წესით მოიყვანს აზრზე.
_ რანაირად მოიყვანენ სასწრაფო წესით აზრზე?
_ დასავლეთმა მშვენივრად იცის, რა არის მისი სუსტი წერტილი, თუ როგორ უნდა გააჩეროს რუსი ოლიგარქი. ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ თმობს და უნდა, რომ მთელი ქვეყანა აკონტროლოს, მაგრამ მისთვის მთავარი თავისი ქონების შენარჩუნებაა. ახლა მას არანორმალურად უნდა ნიკა მელიას დაჭერა, მაგრამ საკუთარი ქონების გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია.
_ რატომ გადაეკიდა ასე მწარედ მელიას?
_ გაბრაზებულია ნიკაზე და ამ ჯავრის ამოყრა უნდა. თან თავის მომხრეებს აჩვენებს, რომ „ნაცების“ დასჯა დავიწყეთ და მათი ლიდერი დავაკავეთო.
_ „ნაცების“ დასჯა თუ უნდოდა, რატომ დასთანხმდნენ კოჰაბიტაციას ან რატომ არ აცხადებენ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნას? კაცი თავისუფლად დაქრის აქეთ-იქით.
_ სააკაშვილის დაჭერა არც არასდროს უნდოდა ბიძინა ივანიშვილს. ამაზე მას არც კი უფიქრია.
_ რატომ გგონიათ, რომ არ უნდოდა მიშას დაჭერა?
_ სააკაშვილის დაჭერა რომ სდომოდათ, მაშინვე დაიჭერდნენ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ. „ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიდა. სააკაშვილი საქართველოდან 2013 წლის ნოემბერში წავიდა. შეიძლება თქვან, რომ მოქმედი პრეზიდენტი იყო და ხელს ვერ მოკიდებდნენ. ამ ვერსიას არ ვიზიარებ. თავისუფლად შეიძლებოდა მისთვის იმპიჩმენტის მოწყობა. ამიტომ ვამბობ, რომ მისი დაჭრა არ სურდათ.
ალბათ, გახსოვთ, თუ რა საშინელებებს ყვებოდნენ სააკაშვილზე. დღემდე მოსახლეობას იმით აშინებენ, რომ მიშა დაბრუნდება და ამ დროს იჭერენ ნიკა მელიას, რომელსაც სისხლში ხელები არ აქვს გასვრილი. მეტიც: როცა ნიკა მელია ხალხთან ერთად აპროტესტებდა „ნაციონალების“ ქმედებებს, ივანიშვილი სააკაშვილს უმშვენებდა გვერდს. როგორც ამბობენ, იმ სპეცრაზმელებს, ვინც 7 ნოემბრის დარბევაში მიიღო მონაწილეობა, ივანიშვილმა გამოუწერა პრემიები. ვანო მერაბიშვილს ივანიშვილი კარნახობდა, თუ ვინ უნდა დაეკავებინათ.
_ თავად ივანიშვილი მოყვა, რომ მერაბიშვილს ვუსაყვედურე, რატომ არ დაიჭირეთ ნათელაშვილიო.
_ რამდენი ასეთი ბრძანება ექნება გაცემული, ვინ იცის?! ახლა გამოდიან „ქოცები“ და ჩვენ გვაბრალებენ, „ნაცები“ ხართო. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი დაკავება სისულელეა. ამ ადამიანს არაფერი დაუშავებია.
_ ეგ ჩვენი გადმოსახედიდან არ დაუშავებია, ხელისუფლებისთვის კი ისაა დანაშაული, რომ მან სხვებთან ერთად გაბედა და გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტა.
_ „ქართული ოცნების“ პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს საშინელი დანაშაულია. ყველას, ვინც მათ უკანონობას აპროტესტებს, „ნაცებს“ ეძახიან, მაგრამ ეს მეთოდი აღარ ჭრის. ხალხი ამაზე, უბრალოდ, აღარ რეაგირებს.
_ ვითომ აღარ ჭრის?
_ აღარ ჭრის. დიდი-დიდი, თავიანთი ტროლ-ბოტების ყურადღება მიიპყრონ. შესაძლოა, „ნაცების“ ძახილმა იმ ბიზნესმენ-კრიმინალებზეც იმოქმედოს, რომლებსაც თავის დროზე მართებულად აახიეს ბიზნესები. მათ ეს ბიზნესები სხვებისთვის ჰქონდათ წართმეული. კარგი იქნებოდა, „ნაციონალებს“ ეს ძალის გარეშე გაეკეთებინათ, მაგრამ ამ კრიმინალებს პასუხი უნდა ეგოთ.
ავიღოთ, მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი. ის ივანიშვილთან ერთად ერევა ქვეყნის მმართვეობაში. იმდენად არის გათავხედებული, რომ პატრიარქის შეცვლაც კი სურდა. ეს ის ადამიანია, რომელმაც ჩვენს მშობლებსა და ბებია-ბაბუებს ანაბრები შეუჭამა. ეს ქურდი გარეთ გამოსვლას ვერ უნდა ბედავდეს, არადა, ქვეყნის მართვაში ერევა. მისნაირებს, ბუნებრივია, არ ეთმობათ „ოცნება“, მაგრამ მათ არავინ აღარ ეკითხება რამეს. ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია და ესენი ყველანი მოშორდებიან ხელისუფლებას, ქვეყნის სათავეში კი კოალიციური მთავრობა მოვა.
შორენა მარსაგიშვილი