მიხეილ რამიშვილი: „ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ ჩვენ მართლა გუბერნიობისკენ მივდივართ“!
საქართველოში პოლიტიკური პროცესები ელვისებურად, თანაც უცნობი სცენარით ვითარდება: ჯერ იყო და, სუს-ის უფროსის მოადგილემ პირი მოაღო და საჯაროდ „ციანიდის საქმეზე“ სპეცსამსახურის ლამის საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა. მერე, „ოცნებამ“ ნიკა მელიას პატიმრობა მიუსაჯა და სანამ მოსამართლის გადაწყვეტილება აღსრულდებოდა, პრემიერმა გახარიამ თანამდებობა დატოვა, თან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდში არსებული დაპირისპირების გამო მიიღო.
გახარიას წასვლა, ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ რატომ გააქტიურდა სოსო გოგაშვილი? _ ამ თემაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს. ზოგი ამბობს, რომ მას პატიმრობა ემუქრება და ამიტომაც „ოცნებას“ მესიჯებს უგზავნის, _ თავი დამანებე, თორემ გუდას პირს მოვხსნიო. ისე, მან გუდას პირი უკვე მოხსნა. ყოველ შემთხვევაში, ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„შეთხზეს ვერსია, რათა გიორგი მამალაძე წარმოეჩინათ მსხვერპლად. წავიდა მამალაძის ვიქტიმიზაცია (მსხვერპლად წარმოჩენა, _ რედ.), თითქოს ის იყო საწყალი, ზიარება უნდოდა და ა. შ. მე პირდაპირ გეტყვით, ის არ არის მორწმუნე, ის ათეისტია. მე არ ვიცი, გიორგი მამალაძემ სად იყიდა ციანიდი. ეს იყო გამოძიების ჩავარდნა, როდესაც შესყიდვისა და ამოღების მომენტი არ დააფიქსირეს.
მე არ ვარ გამომძიებელი, არც საქმის გამოძიებაში ვყოფილვარ, ამდენად გამოძიებას თუ დაფიქსირებული აქვს, არ ვიცი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ორი მომენტი მინუსია. გადაღებისა და ამოღების მომენტი რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, ამ ამბავს ამდენი რამ არ მოჰყვებოდა. ეს დაუდევრობით მოხდა, უცოდინარობით თუ შეგნებულად, არ ვიცი, მაგრამ ერთია, _ ამით საფუძველი მიეცა დაცვის მხარეს, რომ პროცესუალურ დარღვევებზე აეგო საქმე. ციანიდი ნამდვილად შეიძინა გიორგი მამალაძემ. მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი…“
რის საფუძველზე აცხადებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომ დეკანოზი მამალაძე კრიმინალია? _ ამის შესახებ არაფერი ვიცით. სამაგიეროდ, დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ გოგაშვილის ზემოხსენებულმა ინტერვიუმ ყველაფერი ის დაადასტურა, რასაც ამ წლების განმავლობაში „ციანიდის საქმის“ ადავოკატები აცხადებდნენ.
სხვათა შორის, ჩვენს გამოცემასთან საუბრისას რესპონდენტი ერთ საინტერესო მინიშნებასაც აკეთებს, ანუ მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ „ციანიდის საქმის“ მსგავსად, 23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაც შესაძლოა, ჩრდილოეთთან იყოს კავშირში.
მოკლედ, რა პარალელის გავლება შეიძლება „ციანიდის სკანდალსა“ და ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებას შორის და მოითხოვენ თუ არა ადვოკატები სოსო გოგაშვილის დაკითხვას? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს მიხეილ რამიშვილთან:
_ ბატონო მიხეილ, როგორ ხართ?
_ კარგად, თქვენ როგორ გიკითხოთ?
_ მე კარგად ვარ, მაგრამ ბოლო დროს თქვენი „ფეისბუქპოსტები“ არ მომწონს…
_ რატომ?
_ მეჩვენება, რომ ვიღაცებს, აი, მაგალითად, ოპოზიციას, თითქოს, რაღაც მესიჯებს უგზავნით… ოპოზიციონერებზე გაბრაზებული ხართ?
_ შოლტზე რომ დავწერე, იმას გულისხმობთ?
_ დიახ…
_ იცით, როგორი მომენტია?
_ როგორი?
_ იქით ალეკო ელისაშვილის სიტუაცია, აქეთ _ „გირჩის“… ჯერ გამოდიან და საზოგადოებას ანახებენ, რომ ერთობაა და გადაწყვეტილებას ერთიანად იღებენ, მაგრამ იგივე რესპუბლიკელებმა თქვეს, ჩვენ პარლამენტში ერთჯერადად შევალთ და ადმინისტრაციულ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მივიღებთო… ეს ძალიან აბსურდული წინადადებებია, რადგან წარმოუდგენელია, ისეთ პარლამენტსა და ისეთ დეპუტატებთან ერთად მიიღო ცვლილებები, რომლებმაც ყველაფერი ეს გააყალბეს. როცა მყარი პრინციპი გაქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, ის მოლაპარაკებებიც კი, რომელიც ელჩების თანდასწრებით მიმდინარეობს, ძალიან გაწელილია. მოკლედ, მიმაჩნია, რომ ალთა-ბალთაობის დრო არაა! გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რადგან წეღანდელი თქმისა არ იყოს, ისეთ ადამიანებთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რომლებიც ყველაფერში თავიდან ბოლომდე ცრუობენ!
_ სხვათა შორის, მხოლოდ თქვენ კი არა, უკვე ბევრი ადამიანი ეჭვობს, ყველაფერი, რაც ბოლო დროს ხდება, შეთანხმებული ხომ არააო?..
_ დიახ, რაღაც სპექტაკლივითაა…
_ ამასობაში კი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება. აი, ავიღოთ, მაგალითად, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ინტერვიუ, რომელიც ოპოზიციამ „გაატარა“. თქვენთვის, როგორც „ციანიდის საქმის“ ადვოკატისთვის, გოგაშვილის ინტერვიუში ახალი და მოულოდნელი რა იყო, ანუ ოპოზიციას ყურადღება რაზე უნდა გაემახვილებინა?
_ ოპოზიციას ყურადღება იმაზე უნდა გაემახვილებინა, რომ გოგაშვილმა ყველაფერი ის თქვა, რაზედაც მთელი ეს წლები ვსაუბრობდით.
_ ანუ?
_ ადამიანმა თავისი პირით აღიარა, რომ ამის უკან შიდა სახელმწიფო სისტემა კი არაა ჩართული, არამედ ყველაფერი რუსეთიდანააო. გოგაშვილმა თქვა, რუსეთიდან ადამიანები იყვნენ ჩამოსულები და სასულიერო პირების, მიტროპოლიტებისა და ვიღაცების შემოწმება მიმდინარეობდაო. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ამ განცხადებაზე ოპოზიციას ერთი ამბავი უნდა აეტეხა. სხვათა შორის, ახლახან „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსი სპეცრაზმელების შპს არის დაბუდებული. ოპოზიცია ამაზეც დუმს და იცით, ეს რა ნიშნავს?
_ რას?
_ აი, კედელთან რომ დავდგე და ლაპარაკი დავიწყო, კარი გამიხსენი, უნდა შემოვიდე-მეთქი.
_ ეს რა შუაშია?
_ რამდენიც უნდა ველაპარაკო, მე თუ არ გავჭრი, კედელი კარს ვერ გამიხსნის. მოკლედ, ყველაფერი ეს წყლის ნაყვასავითაა.
_ ბატონო მიხეილ, დამიკონკრეტეთ, „ყველაფერში“ რას გულისხმობთ?
_ ოპოზიციონერი ამბობს, ახლა პარლამენტში შემოვალ, კანონს მივიღებ და ისევ გამოვალო. ეს ოპოზიციონერობა აღარაა!
_ გეთანხმებით… ბატონო მიხეილ, თქვენ, როგორც „ციანიდის საქმის“ ადვოკატმა, იცოდით, რომ რუსეთიდან ორი ადამიანი იყო ჩამოსული, რომელიც მაღალი სასულიერო პირების რეიტინგს ადგენდა და, აქვე, გკითხავთ, ეს საიდუმლო ვიზიტი ციანიდის სკანდალთან პირდაპირ კავშირშია?
_ არაფერს გამოვრიცხავ!
_ ეს როგორ გავიგო?
_ „ციანიდის საქმემ“ და, საერთოდ, იმან, რაც ხდება, რეალობა დაგვანახა და ყველაფერს ფარდა ახადა.
შეიძლება, ვინმეს ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ის 23 წლის გოგო რაღაც დიდ ინფორმაციასთან შემხებლობაში შევიდა და ეს საქართველოს საზღვრებს გასცდა. აქ საუბარი არაა რაღაც პირად და პერსონალურ ინფორმაციებზე.
_ ე. ი., „ციანიდის საქმესა“ და თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობასა თუ თვითმკვლელობას შორის პარალელს ავლებთ და კავშირს ხედავთ?
_ იცით, პარალელს რა კუთხით ვავლებ?
_ რა კუთხით?
_ როგორც რუსეთიდან ჩამოვიდნენ და სასულიერო პირების შემოწმება მიმდინარეობდა, იგივე შეიძლება თამარის სიტუაციაზეც ითქვას, ანუ ეს გოგო შეიძლება, ისეთ ინფორმაციებს მისწვდა, რომელიც რუსეთთან კავშირში იყო, თუმცა ვიმეორებ, რომ აქ ლაპარაკი პირად ინფორმაციებზე არაა. მოკლედ, ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ ჩვენ მართლა გუბერნიობისკენ მივდივართ!
ყველაფერს თავი დავანებოთ და ვთქვათ, რომ მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს.
_ მერე?
_ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებს რეგულარულად დაასაქმებენ და მარტო ხუთ დღეში 85 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. ახლა, უყურეთ, ჩემი შეფასება როგორია _ უცხოეთში წასული ადამიანების უმეტესობას ბანკიდან სესხი ექნება აღებული და ბინები ყადაღადადებული. ჯერ ისედაც სიღატაკის ზღვარზე ვართ და ემიგრაციაში წასული ადამიანები ბანკის გადასახდელ თანხას ვერ იშოვიან.
ისე, ხომ იცით, ილიას აქვს ნათქვამი, ყველაზე ადვილი სამართავი გაუნათლებელი ერიაო.
_ ეს რა შუაშია?
_ საქართველოში მდიდარი ელიტაა და მინისტრის მოადგილეები თუ მათი მოადგილეები ყადაღადადებულ საქმეებს კაპიკებად ყიდულობენ.
მოკლედ, ემიგრაციაში წასულ ადამიანებს ყადაღადადებული სახლებიდან რომ გამოყრიან, რატომ გამოვრიცხავთ, რომ მათი აუქციონზე გამოტანილი სახლები რუსეთიდან შემოსულებმა იყიდონ და აი, ისინი, დღეს „ნოვი გრუზინები“ რომ არიან და ყველაფერს რომ კადრულობენ, მოურავებად გაიხადონ?
ხომ იცით, ნათქვამია, მოსკოვი ორ დღეში არ აშენებულაო და ჩვენც ასე ეტაპობრივად გუბერნიად გაგვიხდიან!
_ მოკლედ, თანამედროვე რუსული ექსპანსია „ციანიდის საქმით“ დაიწყო, რასაც ბაჩალიაშვილის ტრაგედია მოჰყვა. ამ ვერსიას ავითარებთ, არა?
_ დიახ, თუმცა მთელი ეს პროცესები, ჩემი შეფასებით, 2012 წელს დაიწყო, როცა ძალიან ბევრი დაპირება იყო _ აი, ყველაფერი გაიაფდებაო, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი გაძვირდა. ჩვენი მიწები 99 წლითაც გაიყიდა, იქით ბახმაროს ანგრევენ და… „საქართველო ქართველების გარეშე“ რომ იყოს, ამისთვის ომი აღარაა საჭირო!
_ კი ბატონო, მაგრამ კრემლს საპატრიარქოში გავლენა ისედაც აქვს და „ციანიდის სპეცოპერაცია“ რისთვისღა დასჭირდა?
_ „ციანიდის საქმე“ სკანდალად იმიტომ იქცა, რომ შეცდომები ამათ დაუშვეს.
_ კერძოდ?
_ ბევრი რამე არ ჰქონდათ გათვლილი და ყველაფერი მაინც შიდა სამზარეულოდან მოდიოდა. გასაგებია, რომ შიდა დაპირისპირება ისედაც არსებობდა, მაგრამ ის, რაც მოხდა, იმ დონეზე არ მოხდებოდა, რამე სხვა მიზანი რომ არ ყოფილიყო.
_ საქმეში ციანიდი რუსების დავალებით გაჩნდა თუ საწამლავი ადგილობრივთა ფანტაზიის ნაყოფია?
_ ჩემი აზრით, ეს ამათი „შემოქმედება“ იყო. მთავარი მიზანი საპატრიარქოდან გარკვეული პირების ჩამოცილება გახლდათ.
_ ამ სკანდალისთვის მაინცდამაინც დეკანოზი მამალაძე რატომ შეირჩა?
_ ალბათ, იმიტომ, რომ სოსო ოხანაშვილისა და იმ გარკვეული პირების ჩამოშორება უნდოდათ, რომლებიც რუსეთს ხელს უშლიდნენ.
სხვათა შორის, ერთ რამეს პირდაპირ ვიტყვი: „ციანიდის საქმის“ დროს აშშ-ის საელჩოში პოლიტიკურ ოფიცერს შევხვდი, რომელიც მეკითხებოდა, რა შეხედულებები მქონდა და საპატრიარქოსა და, საერთოდ, საქართველოში რუსეთის როლს როგორ ვაფასებდი.
_ ე. ი., აშშ-ის საელჩო თავიდანვე ეჭვობდა, რომ „ციანიდის საქმეში“ შესაძლოა, რუსული კვალი ყოფილიყო?
_ დიახ.
_ თუ ასეა, მაშინ საინტერესოა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამაზე დიპლომატიური მინიშნებები რატომ არ გააკეთა?
_ არ ვიცი…
ისე, ჩემთან „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტიც იყო მოსული… საელჩოში კი ამ თემაზე ორი საათით ვისაუბრეთ.
_ ბატონო მიხეილ, მაინც ვერ გავიგე, „ციანიდის საქმისთვის“ მაინცდამაინც დეკანოზი მამალაძე რატომ შეარჩიეს?
_ აქ მხოლოდ მამალაძეზე არ იყო საუბარი. დღეს ოხანაშვილი და ის მეუფეებიც არიან მოშორებულნი, რომლებიც უფრო ევროპულად აზროვნებენ. აი, მაგალითად, მეუფე დიმიტრი გაჩუმებულია… სხვებმა კი უფრო წინ წამოიწიეს.
_ მაგალითად?
_ იგივე იაკობი ძალიან ისეთი გახდა…
_ მამალაძე „ციანიდის საქმისთვის“ კარგი კანდიდატურა, ალბათ, იმიტომაც იყო, რომ საპატრიარქოს კორუფციულ სქემებს იძიებდა და მისი განეიტრალებით ეს თემაც დაიხურებოდა, არა?
_ დიახ…
სხვათა შორის, იმაზე, ტერორისტები რომ ჰყავდათ, სოსო ოხანაშვილი თავიდანვე ლაპარაკობდა.
_ ბატონო მიხეილ, ზემოხსენებული ინტერვიუს მერე შესაძლოა თუ არა, რომ „ციანიდის საქმის“ გამოძიება ხელახლა დაიწყოს?
_ ამის შანსი არ არსებობს.
_ რატომ?
_ მთელი ეს ინტერვიუ ვარაუდისა და ვერსიების დონეზე მიდიოდა, აი, მე ასე ვფიქრობო.
_ დიახ, თუმცა გოგაშვილმა დაადასტურა, რომ ციანიდის წარმომავლობა უცნობია…
_ ამაზეც გეტყვით: თავის დროზე ვითხოვდით ვიდეოჩანაწერს, თუ როგორ ამოიღეს ციანიდი, მაგრამ ეს ვიდეოჩანაწერი არ არსებობს. იმის ოქმი კი არსებობს, რომ ციანიდი ამოღებულია და დალუქულია.
_ დეკანოზი შსს-მ დააპატიმრა, პროკურატურამ თუ სუს-მა?
_ სუს-მა აიყვანა.
_ ჰოდა, გოგაშვილმა, რომელიც მაშინ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, წესით, უნდა იცოდეს, ციანიდის ამოღების კადრები რატომ არ არსებობს…
_ საერთოდ, როცა ადამიანს აკავებენ, ვალდებულებას არ წარმოადგენს, რომ ვიდეოკადრები არსებობდეს. ვალდებულებაა, რომ დაკავება-ამოღების ოქმი არსებობდეს.
კი ბატონო, დეკანოზი მამალაძე სუს-მა დააკავა, მაგრამ ოქმი პროკურატურამ შეადგინა.
_ რატომ?
_ ოქმს სუსელები არ შეადგენდნენ.
_ სხვათა შორის, გოგაშვილმა თქვა, დეკანოზის დაკავების ოპერაცია სუს-ს არ ჩაუტარებიაო, ანუ რა გამოდის, ბატონო მიხეილ?
_ ოქმში პროკურატურის გამომძიებლები ფიქსირდებიან, მაგრამ აქ ერთი დეტალია: სასამართლოს განჩინებით, თვალთვალსა და მიყურადებას სუს-ის შესაბამისი სამსახური ახორციელებდა.
_ ამის მიუხედავად, გამოძიებამ ვერ დაადგინა, მამალაძემ ციანიდი საიდან მოიტანა.
_ დიახ, მთელი ჩანაწერებია, მაგრამ არავის ეუბნება, მოდი, ციანიდი ვიყიდოთო, თან არ დაგავიწყდეთ, რომ მიყურადება 3 თებერვლიდან დაიწყო…
_ ბატონო მიხეილ, ჩვენი საუბრის რეზიუმე გავაკეთოთ და მითხარით: გოგაშვილის ინტერვიუმ „ციანიდის საქმე“ თავდაყირა დააყენა თუ არა?
_ რა თქმა უნდა, დააყენა. მეტიც, ამ ინტერვიუმ დაამტკიცა, რომ ჯერ ერთი, მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა და იგი ჩადებულია.
მეორეც, ამ ინტერვიუთი ისიც დადასტურდა, რომ ვინმეს მკვლელობა არ იგეგმებოდა. უბრალოდ, გოგაშვილმა ვერსიის დონეზე თქვა, ციანიდი გერმანიაში იმიტომ მიჰქონდათ, რომ საჭმელზე მოეყარათ და შორენა დაეკავებინათო, მაგრამ აქ დიდი აბსურდი დაუშვა.
_ კერძოდ?
_ გერმანია, რატომღაც, საქართველო ჰგონია.
_ რისი თქმა გინდათ?
_ საქართველოში მტკიცებულებებს კი არ ეძებენ, არამედ ადამიანს თითს ადებენ, მოდი, დავიჭიროთო. ჰოდა, ამათ ჰგონიათ, რომ გერმანელები შორენას უცებ დაიჭერდნენ და გამოძიება ამით დამთავრდებოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იტალიაში 65 ქართველი კრიმინალი რომ დაიჭირეს, მათ სამი წელი დასდევდნენ. საქართველოში ერთი ვიდეოჩანაწერი და ერთი სურათიც საკმარისია, რომ ხუთი ათასი ადამიანი დაიჭირონ!
იცით, ესენი როგორ საზღვრავენ?
_ როგორ?
_ აი, სოსომ რომ თქვა, ციანიდი მოაყარაო. ციანიდი შავი პილპილი ხომ არ არის, რომ დაინახო. ხომ ხვდებით, ჩვენებს როგორი დაბალი სტანდარტი აქვთ?
…რაც შეეხება ციანიდისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებს, ისინი ერთმანეთის გაგრძელება არაა, მაგრამ სიტუაციურად, რა მდგომარეობაც ახლა საქართევლოშია, ჩემი შეფასებით, ეს ის მომენტია, თუ როგორ შეიძლება რუსეთი შემოვიდეს. სიმართლე რომ ვთქვათ, ისედაც შემოსულია, მაგრამ ახლა შეიძლება, ყველაფერი განადგურდეს, რადგან ქვეყნის ასეთი არასახელმწიფოებრივი მართვა არ გამიგია!
საერთოდ, საპატრიარქო სახელმწიფოში სახელმწიფოა, სადაც „ციანიდის საქმე“ იმ თვალსაზრისით მიმდინარეობდა, რომ პატრიარქობის სათავისო კანდიდატი ჰყოლოდათ.
ამასთან, თამარის მკვლელობაც არ უნდა დაგვავიწყდეს _ ამ საქმეში თავი აიფეთქეს. _ მთელი სისტემა ჩართული იყო, რომ ეს საქმე გამოძიებაში არ დაბრუნებულიყო!
გიორგი აბაშიძე