მდიდარი ტურისტები და მაწანწალა ძაღლები
საქართველოში წინა წლებში ხშირად მოისმენდით უკმაყოფილებას ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების კატეგორიასთან მიმართებით.
ქართველები, რომლებმაც ტურიზმის შესახებ, სულ რაღაც, 10-12 წლის წინათ შეიტყვეს, მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში სხვა ტიპის ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ.
არ მოსწონდათ ქვეყნები: მეზობელი სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, არაბული ქვეყნები. „რაში გვჭირდება ჩადრებში გამოწყობილი ტურისტები, დადიან აქ, ადგილობრივ კულტურას პატივს არ სცემენ, უკულტუროები და ველურები არიან“.
არ მოსწონდათ აზიელი ტურისტები, და ამას ხშირად ყველაზე თავხედურად გამოხატავდნენ _ ხან ირანელების მიერ მოწყობილ დახურულ წვეულებებზე შევარდებოდნენ, ხან გაურკვეველი ადამიანები ინდოელ ტურისტებს, რატომღაც, საბუთებს უმოწმებდნენ, საპროტესტო აქციებს აზიური ტურიზმის ჩაკეტვის მოთხოვნით აწყობდნენ.
არ მოსწონდათ რაოდენობა, _ რა ამბავია ამდენი უცხოელი, ქართველები ქუჩაში ვერ გადიან. ხომ შეიძლება, ტურისტების რაოდენობა შეიზღუდოს?!!
საოცარია, მაგრამ ტურიზმზე ჩამოკიდებული ქვეყნის ხელისუფლება ამ ქსენოფობიურ განწყობებს ყველანაირად ახალისებდა, _ ხან სავიზო რეჟიმს აწესებდა, ხან ინდოეთისა და ირანის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევდა.
2019 წლის ივნისში რუსული საავიაციო ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, ტურისტულმა ინდუსტრიამ მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მიმართა, მათ შორის იყო ინდოეთისა და ირანის მოქალაქეებისთვის საზღვარზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის პრაქტიკაზე უარის თქმა და ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება.
იმის მიუხედავად, რომ ამ რეკომენდაციებს რუსული მიმართულებით წარმოქმნილი დეფიციტის დაფარვა სულ რამდენიმე თვეში შეეძლო, ხელისუფლებამ ბიზნესის აზრი არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ უსაქმური ლუმპენ-პროლეტარიატის სიმპათიების დამსახურება უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ქართული ბიზნესის აზრი „ქართულ მარშსა“ და ტაქსისტების მუდმივ წუწუნზე მნიშვნელოვნად არ ჩაითვალა.
კორონავირუსმა ამ თეზისებს ბოლო მოუღო _ სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც. როგორც იქნა, ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ უცხოელების გარეშე ამ ქვეყნის ფასი ნულია. ასობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა ტურისტულ ინდუსტრიაში, სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესში, სხვადასხვა მომიჯნავე დარგში, მშენებლობიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ვაჭრობის დარგით დასრულებული.
დღეს საქართველო გაფაციცებით ელის უცხოელ ტურისტებს ნებისმიერი ქვეყნიდან _ ცხვირის აბზუების დრო წარსულს ჩაბარდა, ოღონდ ვინმე ჩამოვიდეს, გინდა ირანიდან და გინდა ინდოეთიდან.
ქართულმა ქსენოფობიამ მძიმე დარტყმა მიიღო _ აღმოჩნდა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ერს მეტ-ნაკლებად ნორმალური არსებობისთვის მილიონობით „ურჯულო გადამთიელი“ ჰაერივით სჭირდება.
თუმცა პანდემიამაც კი ვერ მოშალა კიდევ ერთი მცდარი და თითიდან გამოწოვილი თეზისი _ ჩვენ მაღალი კლასის, მდიდარი ტურისტები გვჭირდება და არა ღარიბი და უფულო.
ბოლოს ეს სიტყვები სულ 10-15 დღის წინათ არა ლევან ვასაძემ, არამედ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარმოთქვა.
ზოგადად, ეს იდეა პოპულარულია საქართველოში _ ქვეყანა, სადაც ტურისტულ ქალაქებში ტროტუარებიც კი არაა მოწყობილი, რატომღაც, საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, რომ ინატროს ისეთი ტურისტები, რომლებიც ბადენ-ბადენში და კურშაველში დადიან.
რატომ და საიდან აქვს ჯიბეგაფხეკილი, ხრუშოვკებში მცხოვრები, გარევაჭრობის, საღორედ ქცეული ბაზრებისა და ქურდული გაგების ქვეყანას ამხელა პრეტენზიები? ისეთი მსოფლიო გრანდებიც კი ტურიზმში, როგორიც იტალია ან საფრანგეთია, ყველანაირ ტურისტებს მიესალმებიან.
რომში, პარიზში, ბარსელონასა და ლონდონში ძვირადღირებული ლუქს-კლასის სასტუმროების გვერდით იაფფასიანი ჰოტელებიც მრავლადაა. არავის მოსდის თავში აზრი, თქვას: „პარიზში არ გვინდა ღარიბი ტურისტები, გვინდა მხოლოდ მდიდრები“.
როგორც ჩანს, ამ თეზისის მოყვარულები სადღაც ზეციურ საქართველოში ცხოვრობენ და რეალურ საქართველოში გამეფებულ უწესრიგობასა და სიბინძურეს ვერ ამჩნევენ.
ვერ ხედავენ ნაგავს როგორც ქალაქებში, ასევე ბუნებაში, სადაც ყველაფერი აოხრებულია არა ირანელების ან თურქების, არამედ ველური ადგილობრივი აბორიგენების მიერ.
არ დადიან გუდაურსა და ბაკურიანში, სადაც მრავალმილიონიანი საბაგირო გზებისა და სასრიალოების წინ ათობით უპატრონო ძაღლი დაძრწის. წარმოგიდგენიათ, ბადენ-ბადენსა და კურშაველში _ უპატრონო ძაღლების ჯოგები ტურისტული ინფრასტრუქტურის შუაგულში _ სასრიალოებთან.
ზოგჯერ ისინი ერთმანეთს ეჩხუბებიან, ზოგჯერ დამსვენებლებს ერჩიან. როგორც ყველამ ვიცით, ძაღლები ჯოხების დანახვაზე ღიზიანდებიან და ეს სერიოზული პრობლემაა იმის გათვალისწინებით, რომ იქაურობა თხილამურებს მიაქვს..
უცხოელები ჩამოდიან ბაკურიანსა და გუდაურში, ერთ საშუალო ნომერში 150 დოლარს იხდიან და ყოველდღიურად ავი ძალღების კორდონში გავლა უწევთ.
რაო? რაო? მდიდარი ტურისტებიო? მადლობა თქვით, რომ ვიღაც საერთოდ ჩამოდის.
ქვეყანა, რომელსაც მდიდარი ტურისტების მოზიდვის ამბიცია აქვს, თავადაც შესაბამისი უნდა იყოს.
ცუდი სერვისის, აგრესიული სიმთვრალის, სიბინძურის, ნაგვის, გარევაჭრობის, ჟანგიანი ფარეხებისა და მაწანწალა ძაღლების არმიის ქვეყანას ასეთი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
თენგიზ აბლოთია