შეცვლის თუ არა ორპოლუსიან რეალობას ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა?
2012 წლიდან დღემდე ქართულ პოლიტიკურ ველზე ორი ძირითადი მოთამაშეა _ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის არსებობას აბსოლუტურად ყველა არჩევნების შედეგებიც ადასტურებს, _ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლები, ძირითადად, ამ ორ პარტიაზე ნაწილდება.
რა განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკას _ პერსონალიზაცია თუ პოლარიზაცია? შეიცვლება თუ არა არსებული მოცემულობა უახლოეს მომავალში?
ბადრი 33 წლისაა. ის ამბობს, რომ არჩევნებში 2005 წლიდან მონაწილეობს, თუმცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, არჩევანს არ აფიქსირებს, კაბინაში შესული კი საარჩევნო ბიულეტენს აბათილებს.
„დღეს ჩვენ არჩევანის უფლება წართმეული გვაქვს, ცუდსა და უარესს შორის ვმერყეობთ. არ მინდა ცუდის და, მით უმეტეს, უარესის არჩევა, ამიტომ საარჩევნო ბიულეტენს, როგორც წესი, გადავხაზავ ხოლმე. არჩევნებზე მისვლით კი ვფიქრობ, მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი“, _ ამბობს ბადრი.
ბადრის მსგავსად ფიქრობს ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რასაც კვლევებიც ადასტურებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს. „ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) გამოკითხივით კი 2016 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნებამდე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 60%-ს აღწევდა.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ზოგადად პოლიტიკაში პერსონებს გადამწყვეტი როლი აქვთ. 9 წელიწადზე მეტია, რაც ამომრჩეველი ამ რეალობის წინაშე დგას _ ბიძინა ივანიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი? პოლარიზაცია გამოიწვია არა პარტიული იდეოლოგიის განსხვავებამ, არამედ პოლიტიკურმა პერსონებმა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დღემდე პოლიტიკურ დაფაზე ორი მძიმე წონოსანია და პოლარიზაცია პოლიტიკური ტექნოლოგიის თემაა:
„ერთი მხრივ, ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩამოყალიბდნენ გარკვეულ სიმბიოზად, _ ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ. მთელი ამ დაპირისპირებით, მუდმივად შუას გაკრეფით, ერთის რიტორიკა გადიოდა სისხლიან 9 წელზე, მეორისა კი უსაქმურობასა და რუსეთთან ორიენტირებაზე. ასეთი პოლიტტექნოლოგიური ხაზით საზოგადოებაში ქმნიდნენ განწყობას, რომ სამყაროში ამ ორი პერსონის გარდა არაფერი არსებობს“, _ ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, პოლარიზაცია სიახლე არ არის და ეს ჩვენს ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროიდან ასე იყო, თანაც, ამას უფრო ღრმა და სისტემური ძირები აქვს, _ საქართველოში არ არსებობს პლურალიზმის კულტურა.
„ადამიანები ნაკლებად კამათობენ პრინციპებზე, პოლიტიკურ სტრატეგიებსა და პოლიტიკაზე. უფრო მეტად ისინი მზად არიან, რომ გადააბარონ ძირითადი გადაწყვეტილებები პიროვნებებს, რომლებსაც ისინი ენდობიან ან პასიურები და აპათიურები არიან პოლიტიკის მიმართ. რაღაცნაირად ეს პოლიტიკური კულტურა დამკვიდრდა და არსებითად არ იცვლება მრავალი წლის განმავლობაში“, _ განმარტავს ნოდია.
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა“ ( CRRC Caucasus ) და „ნაციონალ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მონაცემებით, საზოგადოება ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკური საკითხები იწვევს ქვეყნის დაყოფას. 2019 წლის კვლევის თანახმად, ხალხის აზრით, ყველა სხვა ინსტიტუტზე მეტად პოლტიკოსები იწვევენ საზოგადოების დანაწევრებას.
სტატიაში ნათქვამია, რომ პოლარიზაცია არსებული მონაცემებით ვერ მტკიცდება. ქართულ პოლიტიკაში მთავარ როლს პერსონალიზაცია ასრულებს.
გია ნოდია ამბობს, რომ საქართველოში პოლარიზაცია იგივეა, რაც პერსონალიზაცია.
მისივე თქმით, ჩვენში იდეოლოგიური პოლარიზაცია გამოკვეთილი არ არის:
„პოლარიზაცია პიროვნებების მიმართ არსებობს, არიან ივანიშვილისა და სააკაშვილის მომხრეები, ასევე არის მესამე ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ არც ივანიშვილი მოსწონს და არც _ სააკაშვილი. ამ ნიშნით განსაზღვრავს ადამიანების უმრავლესობა საკუთარ პოლიტიკურ მრწამსს და არა პროგრამული, იდეოლოგიური პრინციპების ერთგულების მიხედვით“, _ განმარტავს ნოდია.
პოლიტიკური პოლარიზაცია პირდაპირ აისახება მედიაგარემოზე. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მედიისა და საზოგადოების პოლიტიკური პოლარიზაციის ორი ძირითადი პოლიტიკური პოლუსი: „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორივე პოლიტიკური ძალის მთავარი იარაღი ოპონენტის წინააღმდეგ მომხრეთა შემოკრება იყო და არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ერიდებოდა ამ ბრძოლაში მათ ხელთ არსებული მედიარესურსის აგრესიულ გამოყენებას.
პოლარიზაციის მაღალ ხარისხს ადასტურებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა. ტელეკომპანიამ წინასაარჩევნოდ საეთერო ბადე შეცვალა და საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადა: „ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი“.
2021 წლიდან პოლიტიკური მოცემულობა შეიცვლა, უფრო კონკრეტულად, კი 11 იანვარს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ მან ღია წერილში განაცხადა; ხოლო ივანიშვილის ადგილი ირაკლი კობახიძემ დაიკავა. ამ ფაქტამდე რამდენიმე კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძე ნიკა მელიამ ჩაანაცვლა.
მართალია, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის არ სჯერა ოპოზიციურ სპექტრს, თუმცა ქართველი მილიარდერი გვიმტკიცებს, რომ ის აღარც „ოცნების“ მხარდამჭერი იქნება და არც გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამ ნაწილში კი ჩნდება კითხვა: შეცვლის თუ არა ორპოლუსიან რეალობას ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა და როგორ აისახება პოლიტიკურ მოცემულობაზე ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტის განახლება?
ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამ კითხვაზე გვპასუხობს, რომ „თუ ბიძინა ნამდვილად გადის, ბუნებრივია, ეს ორპოლუსიანობა კვდება, რადგან კობახიძის წარმოდგენა პოლუსად არასერიოზულია“.
მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან დისტანცირება ავტომატურად იწვევს მიშას ფიგურის დასუსტებასაც:
„სიმბიოზი ასეა: თუ დაიშლება, ორივე მხარე სუსტდება. ეს ტენდენცია კარგად გამოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, როდესაც პარტიამ აირჩია ადამიანი (ნიკა მელია), რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური წონა და მან პოლიტიკაში თვითმყოფადი პოლიტიკური სახე შექმნა. ის ექსკლუზიური, 100%-იანი გავლენა, რაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, აღარ არის, ამ პარტიაში გარკვეული დემოკრატიული ძვრები დაიწყო. „ქართულ ოცნებაში“ კი, ჯერჯერობით, ამისთვის მზად არ არიან და იქ ისევ ბიძინა ივანიშვილზეა სწორება“, _ განმარტავს ხუხაშვილი.
გია ნოდიას თქმით კი რთულია წინასწარმეტყველება, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ბიძინას წასვლას დაიჯერებს.
ნოდია ვარაუდობს: „თუ მართლა დაიჯერა ხალხმა, რომ ბიძინა წავიდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელექტორატი რაღაც სხვა ნიშნით დაუპირისპირდება ერთმანეთს და „ქართული ოცნების“ წიაღიდან რომელიმე ლიდერი გამოიკვეთება ბიძინას მაგივრად ან რაღაც სხვა მოხდება. მთავარია, რომ ხალხმა დაიჯეროს ბიძინას წასვლა. სიმართლეც რომ იყოს ბიძინას მართლა წასვლა, რამდენიმე თვე ხალხი ამას არ დაიჯერებს“.
ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ნელ-ნელა ეს პოლიტიკური ტექნოლოგია სუსტდება და იმედოვნებს, შემდეგი არჩევნებისთვის, როცა არ უნდა ჩატარდეს იგი, შედარებით ცივილიზებული ვითარება გვექნება.
ნენე ინჯგია