გიორგი ვაშაძე ქუთაისში მცირე მეწარმეებს შეხვდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისსა და არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
მცირე სასტუმროებისა და კაფეების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ გადაუხდელი საბანკო ვალდებულებებისა და სხვა პრობლემების გამო ვერ შეინარჩუნეს თანამშრომელთა დიდი ნაწილი და იძულებულები არიან, ქონების გარკვეული ნაწილი გაყიდონ. მეწარმეებმა გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს დამატებით ტვირთად იქცა მათთვის.
ვაშაძის თქმით, მისი პოლიტიკური პლატფორმა მხარს უჭერს ნებისმიერი სახის პროტესტს და მხარში უდგას იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა თუ სხვადასხვა სახის შეზღუდვას აპროტესტებენ.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, გამოვხატოთ პროტესტი. მაგალითად, არ დავემორჩილე წესს და როდესაც დავბრუნდი ქვეყანაში, ის საჯაროდ დავარღვიე, რამაც შედეგი გამოიღო _ კონკრეტული შეზღუდვა მოიხსნა. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამ კუთხით“, – განუცხადა „ქრონიკა+“-ს ვაშაძემ.
შეხვედრის შემდგომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა „თავისუფლების სკვერში“ შეკრებილები მოინახულა, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
გიგა გელხვიიძე