მკვლელი შენობა ბათუმის ცენტრში
ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი შენობიდან, გარე მოპირკეთების ქვა თითქმის ყოველდღიურად ცვივა.
რამდენიმე დღის წინ ცვენის შედეგად მოქალაქეები საბედისწერო ფაქტს შემთხვევით გადაურჩნენ, მაგრამ ავტომობილი მაინც დაზიანდა.
„ქრონიკა+“ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუკავშირდა.
ბეგი ტაკიძე _ „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი:
„ეს შენობა ქალაქის ცენტრალურ ადგილას მდებარეობს, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი მოძრაობს, იგი ამავდროულად ტურისტული ადგილიც გახლავთ. ჩემი იქ ყოფნის დროს რამდენჯერმე შევესწარი ფაქტს, როცა ფასადზე ქვის მასა მოწყდა. საბედნიეროდ, გადავრჩი. მაგ დროს ჩემი მეგობრის მანქანას დაეცა ჩამოვარდნილი ქვა და შუშა დააზიანა.
ყველა ბათუმელმა იცის, რომ ამ შენობიდან ინტენსიურად ცვივა ფასადიდან ქვის ფილები და, შესაბამისად, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონოდა ბათუმის მერიას, ვინაიდან ქალაქში ნებისმიერ მშენებლობაზე იგია პასუხისმგებელი.
ამ დრომდე ფაქტს არ გამოხმაურებია არც ერთი შესაბამისი სამსახური, ვინაიდან ისინი გულგრილები არიან.
მოქალაქეები (და მათ შორის მე) არ ვგრძნობთ თავს დაცულად, ვინაიდან ქუჩაში ჩვენი გადაადგილების უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია“.
მარი ბერიძე _ დაზარალებული:
„ეს არ არის შენობა, არამედ ეს არის ადამიანის მკვლელი შენობა. სანამ ვინმეს არ შეიწირავს, მანამდე ფაქტით არავინ დაინტერესდება?! სირცხვილი, როცა ჩემს ქალაქში მოქალაქეების ბედი არავის აინტერესებს!
ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება! რომ გვყავდეს, მსგავსს ფაქტებს აუცილებლად მიხედავდა და რეაგირებას მოახდენდა, მით უმეტეს, შენობა ქალაქის ცენტრშია. მადლობა ღმერთს, მცირე დაზიანება მივიღე და ჩემი სიცოცხლე ამ სასაკლაო შენობამ ვერ შეიწირა“.
„ქრონიკა+“-მა მოხდარის შესახებ შესაბამისს უწყებას მიმართა. მერიაში აცხადებენ, რომ ეს კერძო საკუთრებაა.
კომენტარისთვის აღნიშნულ ობიექტთან ადგილზეც მივედით, სადაც გვითხრეს, რომ პასუხისმგებელი პირი ბათუმში არ იმყოფება და მის გარეშე კომენტარისგან თავს შეიკავებენ.
ხვიჩა მამულაძე