მუხრან ვახტანგაძეს ჭიდაობის არც ერთი ფედერაციის პრეზიდენტობა არ სურს
გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილ პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძეს აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს, ეს უკანასკნელი ბრიფინგით გამოეხმაურა. ის კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებას თუ დაჭრას იმის გამო, რომ მას რომელიმე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს.
„გუშინ გავრცელდა დეზინფორმაცია, ეს არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი არის ჯემალ წულუკიძე, ხოლო თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პრეზიდენტი _ ანზორ ლაზიშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. ჩემ მიმართ ყოველთვის მიმდინარეობს ბინძური კამპანიები. არ მაქვს არანაირი სურვილი, ვიყო რომელიმე ფედერაციის პრეზიდენტი.
ჩვენ ყოველდღე გვაქვს შეხვედრები. ვართ სპორტული ოჯახი. აჭარის სპორტი მოწოდების სიმაღლეზე იყო და მუდამ ასე იქნება. ჩემს ნებისმიერ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ეს ინფორმაცია სრული აბსურდია. აბსურდებს უნდა მორჩეთ და ფაქტებით უნდა ისაუბროთ. რა ავტორიტეტების ჩარევა? დაჭრილიაო, ხომ თქვით, აგერ ვარ და ნახეთ. აგერ არის ჩემი მეგობარი „სვანი“ . ის ყოველთვის ჩემთან ერთად დგას.
ყველაფერს აქვს საზღვარი. მსგავსი არაფერი ყოფილა. არც მე ვარ დაჭრილი. „სვანი“ გაინტერესებდათ? _ არ არის დაჭრილი, ხედავთ. ვინც ამ ფაქტს გიდასტურებთ, რატომ იმათთან არ მიდიხართ და არ ესაუბრებით?
სპორტთან ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ვარ სპორტის დარგში და ამიხსენით, მე რატომ უნდა მინდოდეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ვიყარო კენჭი? არანაირი სურვილი არ მაქვს. არანაირი კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა“, – აცხადებს მუხრან ვახტანგაძე.
ხვიჩა მამულაძე