კორონავირუსი და მცირე-საშუალო ბიზნესი
ბოლო თვეებში ყველა აქტიურად საუბრობს კორონავირუსის გრძელვადიან შედეგებსა და გაკვეთილებზე.
ხშირად გაიგონებთ, რომ პანდემიამ ესა და ეს დაგვანახა, გვასწავლა, შეცვალა და, საერთოდ, სამყარო უკვე აღარასრდოს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო.
როგორც წესი, მთელი ეს პროგნოზები და წინასწარმეტყველება არაფერს ეფუძნება და რეალობასთან ახლოსაც არაა.
ეს დაადასტურა პანდემიის პირველ და მეორე ტალღებს შორის მოკლევადიანმა შუალედმა, როდესაც ადამიანებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, მეტ-ნაკლებად, ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების საშუალება მიეცა. აკრძალვების შერბილების შემდეგ თითქმის ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა – დისტანციური თანამშრომლები სამსახურებში დაბრუნდნენ, ტურისტებმა კურორტები დალაშქრეს, ონლაინ-ვაჭრობა კი ტრადიციულმა შოპინგმა შეცვალა.
ამ პერიოდმა ყველას ნათლად დაანახა, რომ კაცობრიობა არ იცვლება, კორონავირუსი არავისსა და არაფერს ასწავლის, ხოლო იძულებით შეზღუდვებს, რომელიც კორონამ მოიტანა, თავად კორონა წაიყოლებს – ერთხელაც.
თუმცა კორონავირუსმა ერთი რაღაცა მაინც დაგვანახა, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ ასე ნათლად არ ჩანდა.
ბოლო ათწლეულების მანძილზე მივეჩვიეთ, რომ „პოსტინდუსტრიულ ეპოქაში“ ვცხოვრობთ.
ანუ მსოფლიოში, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება მაღალ ტექნოლოგიებზე, სერვისებზე, ონლაინ-ვაჭრობასა და სხვა მაღალ მატერიებზე, ამ ფასეულობათა სისტემაში ტრადიციული ინდუსტრიის მნიშვნელობა მკვეთრად შემცირებულია.
მეტიც: პოსტინდუსტრიულ ლოგიკაში ჩვეულებრივი მრეწველობა ბინძურ და არასასურველ მოვლენად მიიჩნევა.
რა თქმა უნდა, დედამიწიდან ინდუსტრიას ვერსად გააქრობ, თუმცა პოსტინდუსტრიალიზმის იდეოლოგიის თანახმად, ტრადიციული მრეწველობა უნდა გადავიტანოთ სადღაც შორს, განვითარებად ქვეყნებში, თვალში არავის რომ არ გაეჩხიროს.
ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ ხშირად გაიგონებთ, თითქოს ეკონომიკის ასაღორძინებლად მძიმე ინდუსტრია სულაც არაა აუცილებელი, რომ შესაძლებელია წინსვლა „მცირე და საშუალო ბიზნესის“ მეშვეობით, რომ „ჩვენ პატარა და ტურისტული ქვეყანა ვართ და მსხვილი ქარხნები არ გვჭირდება“.
ძალიან ნაცნობი რიტორიკაა, არა? საქართველოში დღეს ფრიად გავრცელებულია სწორედ ასეთი წარმოდგენა: ეკონომიკის აღორძინება შესაძლებელია სერვისის (ტურიზმი, ტრანზიტი, ფინანსური სექტორი) და მცირე-საშუალო ბიზნესით, მსხვილი ინდუსტრიის გარეშე.
და აი, სწორედ კორონავირუსმა ნათლად დაგვანახა – არავითარი „პოსტინდუსტრიული სამყარო“ ბუნებაში არ არსებობს. დღეს სოციალური ქსელების, ონლაინვაჭრობისა და მობილური აპლიკაციების სამყაროში ქვეყნის სიძლიერის საზომი კვლავ, ისევე როგორც 50 წლის წინათ, წარმოებული ლითონის, პლასტიკის, კაუჩუკის, ბენზინისა და სხვა, არც თუ ისე, გლამურული პროდუქციის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, მაღალტექნოლოგიურმა წარმოებამ თავისი ადგილი ეკონომიკაში დაიმკვიდრა, თუმცა ესეც, ძირითადად, მსხვილ კომპანიებთან და გიგანტურ საწარმოებთანაა დაკავშირებული. თანაც, ყველაზე თანამედროვე და სუპერტექნოლოგიურ სმარტფონს სჭირდება ძვირადღირებული მასალები, რომელთა გარეშეც კომპანია ვერაფერს გამოუშვებს.
კორონავირუსმა დაგვანახა – რაც უფრო ძლიერია ქვეყნის დამოკიდებულება მომსახურების სექტორზე, მით უფრო მძიმეა მისთვის პანდემიის ეკონომიკური შედეგები. და პირიქით, რაც უფრო ძლიერია ქვეყნის ინდუსტრია, მით ნაკლებია მისი დანაკარგები კარანტინისგან: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, აშშ-ის ინდუსტრიული რეგიონები.
მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, რომელმაც ძლიერი ეკონომიკა შექმნა მსხვილი მრეწველობის გარეშე, მომსახურებისა და მცირე-საშუალო ბიზნესის ხარჯზე – რა თქმა უნდა, გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც მოსახლეობა 1 მლნ.-ზე ნაკლებია.
ხშირად სრულიად მოულოდნელ სურათსაც ვიღებთ – ქვეყნები, რომლებიც საზოგადოების წარმოდგენაში მთლიანად მომსახურებასთან, ფინანსებთან, რეექსპორტთან და ტრანზიტთანაა დაკავშირებული, თურმე უძლიერესს ინდუსტრიასაც ფლობენ – მაგალითად, სინგაპურის მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ექსპორტი წელიწადში შეადგენს155 მლრდ.-ს, ხოლო ჰონკონგის – 320 მლრდ. დოლარს.
ტურიზმი, ტრანზიტი, ტრანსპორტი, ფინანსები, პორტები, რკინიგზა – ეს ყველაფერი კარგია, თუმცა მსხვილი ინდუსტრიის გარეშე ეკონომიკის ნამდვილ აყვავებას ვერ უზრუნველყოფს. ამის კლასიკური მაგალითია პანამა, რომელიც ფლობს უმნიშვნელოვანესы ინფრასტრუქტურულ ობიექტ პანამის არხს. გარდა ამისა, ეს არის მსოფლიოში ნომერ პირველი ოფშორი და ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულება.
ამის მიუხედავად, ქვეყანას ახასიათებს სერვისზე დამოკიდებული ეკონომიკის ყველა ნაკლი – სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, არათანაბარი განვითარება, უდიდესი უთანასწორობა და ბარაკების კვარტლები ცათაბჯენების გვერდით.
კორონავირუსმა კონკრეტულად საქართველოს დაანახა – ვერანაირი მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყანას ვერ გადაარჩენს.
ქვეყნის შველაა მხოლოდ მსხვილი ინდუსტრია – გიგანტური ჰესები, ტრანსნაციონალური კორპორაციების ქარხნები, გიგანტური ფერმები ათობით და ასობით ჰექტარზე.
წინსვლის სხვა შანსი არ არსებობს. კორონავირუსმა საუბრები „მცირე და საშუალო ბიზნესზე“ დიდი ხნით დაასრულა.
თენგიზ აბლოთია