ზვიად ნადირაშვილი: „გელათი მაფიოზებს ეწირება!“

საქართველოს ხელისუფლება წლებია, მშვიდად უყურებს, თუ როგორ ნადგურდება გელათი. სათანადო რეაქცია არც საპატრიარქოს აქვს. ეს გულგრილობა აჩენს ეჭვებს, რომ ვიღაც ცდილობს ამ უნიკალური ძეგლის განადგურებას. რესტავრატორი ზვიად ნადირაშვილი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ გელათი მაფიოზების ინტერესებს ეწირება. ჩვენს გამოცემასთან ის მოყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაეპატრონნენ ვიღაცები რესტავრაციის სფეროს და ვინ უშლის ხელს საზღვარვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევას.

_ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება გელათის მიმართ აჩენს ეჭვს, რომ ვიღაც შეგნებულად ცდილობს ამ უნიკალური ძეგლის განადგურებას. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ, ასეთი რამე შესაძლებელია?

_ არ მინდა იმის დაჯერება, რომ ისეთი ბოროტი ხელისუფლება გვყავს, რომელიც შეგნებულად ანადგურებს გელათს. ამასთანავე, როცა არაფერი გაგეგება საქმის და საკუთარ თავზე იღებ ისტორიული ძეგლის რესტავრაციას, ამ ქმედებაში მიზანმიმართული განადგურების ელემენტები ჩანს.

სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს მონაწილეობა მივიღე ბოდბის მონასტრის რესტავრაციის პროცესში. ბოდბის მონასტრის გარდა ჩვენმა ჯგუფმა კიდევ რამდენიმე ობიექტზე ჩაატარა სარესტავრაციო სამუშაოები. ძალიან გვენდობოდნენ. საკმაოდ რთული საქმე გავაკეთეთ და როგორც დრომ აჩვენა, – ძალიან კარგად. მაშინ ამ სფეროში მეტ-ნაკლებად თავისუფალი სიტუაცია იყო: რესტავრატორთა რამდენიმე ჯგუფი არსებობდა, რომელიც დაქსაქსული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით და სხვადასხვა ძეგლის აღდგენაზე მუშაობდა. მერე ნელ-ნელა დაიწყო ამ სფეროს მონოპოლიზება.

_ რას გულისხმობთ სფეროს მონოპოლიზებაში?

_ რაღაც ჯგუფმა საკუთარ თავზე აიღო რესტავრაციის თემა. ამ სფეროს მონოპოლიზაცია 2000 წლიდან დაიწყო.

_ შევარდნაძის დროიდან დაწყებულა.

_ შევარდნაძის დროს დაიწყო. არც მანამდე გახლდათ ეს სფერო გამჭვირვალე და დემოკრატიული, მაგრამ მეტ-ნაკლები თავისუფლება იყო. 2000 წლიდან ვითარება მკვეთრად შეიცვალა. კანონმდებლობით კი სულ სხვანაირად უნდა ხდებოდეს: უნდა გამოცხადდეს ტენდერი, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ვგულისხმობ ამ საქმის პროფესიონალებს. პროფესიონალიზმის დამადასტურებელი არის რესტავრატორის დიპლომი.

ამ სფეროში ვითარების შეცვლას კახა ბენდუქიძე შეეცადა. მას სურდა, რომ აქ უფრო მეტი გამჭვირვალობა ყოფილიყო, რაც მაფიოზურ ფაქტორებს გამორიცხავდა. ამის მიუხედავად, სფერო ერთმა ჯგუფმა ჩაიგდო ხელში. ტენდერში მონაწილეობას ვინ ჩივის, ტენდერამდეც კი აღარავის უშვებდნენ. საიდან მოვიდა ეს ჯგუფი, ვინ იდგა მათ უკან, ეს საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაარკვიონ.

მეთოთხმეტე საუკუნეში აშენებულ ერთ-ერთ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ფრესკებს ანადგურებდა. მისი კონსერვაცია მოვახდინეთ. საკმაოდ საინტერესო პროექტი შევიმუშავეთ და დაფინანსებაც მოვიპოვეთ, მაგრამ ამ დაჯგუფებამ პროექტი დაგვიბლოკა.  დღეს აღარც ეს ტაძარი არსებობს და აღარც – ფრესკები.

_ ეს რომელ წელს მოხდა?

_ 2001 წელს. ამათმა მაფიოზობამ შეიწირა ტაძარი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საფრანგეთში იუნესკოს წარმომადგენლობიდან მოვიძიეთ პროექტის დაფინანსება. ეს პროექტი ითვალისწინებდა სამი ტაძრის წინასწარ კვლევით სამუშაოებს. რესტავრაციის დაწყებამდე კვლევითი სამუშაოები უნდა ჩაატარო, რა დროსაც განსაზღვრავ დაზიანების მასშტაბებს. ამის შემდეგ იწყება ახალი პროექტი, რაც დაზიანებების აღმოფხვრას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ იყო საერთაშორისო დაფინანსება, ეს პროექტიც დაგვიბლოკეს.

_ იგივე ჯგუფმა?

_ იგივე ჯგუფმა. ამ სფეროში ბევრ ვინმეს ვიცნობ, ყველა შევაწუხე, მაგრამ ვერაფერს  გავხდი. ბოლოს გადავწყვიტე, საერთოდ ჩამოვშორებოდი ამ სფეროს. ჩემგან განსხვავებით, ჩემი ძმა გაჰყვა რესტავრატორობას.  გერმანიაში გააგრძელა სწავლა. იქ მუშაობს და ძალიან წარმატებული რესტავრატორია. არც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, აქ დაბრუნებულიყო, მაგრამ პირდაპირ უთხრეს, სანამ ჩვენ ვიქნებით, შენ აქ მუშაობის არანაირი შანსი არ გაქვსო.

მოკლედ რომ გითხრათ, რესტავრაციის სფერო ერთმა ჯგუფმა ჩაიგდო ხელში. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ყველაფერი ერთი ადამიანის ხელშია, რომელიც რესტავრატორი არ არის.

_ ვინ არის ეს ადამიანი?

_ მე შემიძლია ახლავე გითხრათ მისი ვინაობა, მაგრამ მირჩევნია, ეს მაფიოზები უფრო რეზონანსულ გარემოში დავასახელო.

_ ის მაინც გვითხარით, პოლიტიკოსია?

_ არ არის პოლიტიკოსი. არც ქოცია და არც ნაცია, „მოქალაქეთა კავშირის“ წევრიც კი არ ყოფილა. ის გახლავთ არსაიდან მოსული არსება. მიჭირს იმის თქმა, როგორ და რა ხრიკებით მოახერხა ამ სფეროს ხელში ჩაგდება. სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რა მავნებლობაც ჩაიდინეს ამ ადამიანმა და მისმა ჯგუფმა. თან ყურმოკვრით კი არა, დეტალურად ვიცი.

ეს არის ხალხი, რომელმაც  ყველა მთავრობას გაუძლო და დღემდე ინარჩუნებს ამ სფეროს მონოპოლიას. ხშირად მიფიქრია, ვინ შეიძლება იდგეს მათ უკან? არა მგონია, რომ ეს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი იყოს. ეჭვი უფრო სპეცსამსახურებზე მაქვს. რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან მათ უკან, ეს გამოძიებით უნდა დადგინდეს.

გელათის პრობლემებიც იმის დამსახურებაა, რომ რესტავრაციის სფერო ასეთ მაფიოზურ დაჯგუფებას აქვს ხელში ჩაგდებული. ეს არის სიმსივნე, რომელსაც ისე ღრმად აქვს საცეცები გადგმული, რომ მათ ვერავინ  იშორებს.

_ ახლა გვითხარით, რა ხდება გელათში? როგორ მივედით აქამდე?

_ თავიდან მოხსნეს არსებული გადახურვა, რომელიც, როგორც ვარკვევ, არცთუ სავალალო მდგომარეობაში ყოფილა. გელათის გადასახურავად ადგილობრივ კომპანიას დაამზადებინეს კრამიტი. პირადად მე არ მინახავს ეს კრამიტი. რაც ფოტოებით და ტელევიზიით ვნახე, შემიძლია გითხრათ, რომ იგი არ არის კერამიკა, არამედ კერამიკასთან მიმსგავსებული უხარისხო მასალაა. კერამიკა ანუ თიხა, არის წითელი ფერის. ამათ მიერ გამოყენებული კრამიტი არის თეთრი და ფაიფურს წააგავს. როგორც გაირკვა, ეს მასალა  ირანიდან შემოიტანეს.

_ საქართველოში თიხის მეტი რა არის, ირანიდან ნედლეულის შემოტანა რა საჭირო იყო?

_ საქართველოში მაღალი ხარისხის თიხა გვაქვს და სულ არ იყო საჭირო ირანიდან ბევრად იაფფასიანი მასალის შემოტანა. ვფიქრობ, ესეც გამოძიებამ უნდა შეისწავლოს. ვეჭვობ, რაღაც თაღლითურ სქემასთან გვაქვს საქმე.  როგორც უკვე გითხარით, კრამიტი ადგილობრივ კომპანიას დაამზადებინეს, მაგრამ რა მივიღეთ? – სჯობდა, კრამიტი ესპანეთიდან შემოგვეტანა და ის იქნებოდა გარანტირებულად ხარისხიანი მასალა. ირანიდან შემოტანილი ნედლეულით  რაღაც უხარისხო კრამიტი დამზადდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს ლაბორატორია, რომელიც მასალათა გამძლეობას ტესტავს. როცა  ამდენი კრამიტი დაამზადეს, რატომ არ შეამოწმეს ის გამძლეობაზე? ამის მერე რა პროფესიონალიზმზე უნდა ვილაპარაკოთ? არ შეამოწმეს, რადგან ან უგუნურები არიან, ან შინაურებს დაამზადებინეს მასალა.

გადახურეს გელათი და კრამიტი უხარისხო აღმოჩნდა. გვეუბნებიან, წვიმა მოვიდა, მოყინა და ამიტომ დასკდა კრამიტიო. ტაძრის შიგნითაც საშინელებები ჩაიდინეს.

_ რა საშინელებები?

_ ტაძრის ინტერიერში, ზევით რომ აიხედავთ, მომრგვალებები ჩანს. ამას ჰქვია კამარები. გარედან რომ უყურებ, ჩვეულებრივი სწორი გადახურვაა.  ამ კამარასა და გადახურვას შორის არსებობს სიცარიელე. ამ სიცარიელეს ბუფერებს ვეძახით. ასეთი ბუფერები ყველა ტაძარს აქვს. ამათ იცით, რა ქნეს? – ეს ბუფერები  პემზის ბალასტით ამოავსეს. პემზას  თბოიზოლაციის თვისება აქვს. ის აქტიურად გამოყენება მშენებლობაში და ბუფერებსაც ავსებენ. პემზას ახასიათებს ტენის მაღალი შეწოვის უნარიც. გელათის ბუფერებში ტონობით პემზა ჩაყარეს. ეს ამხელა მასა აწვება კამარებს. როგორც უკვე გითხარით, ის შეიწოვს ტენს. გელათის სახურავიდან წყალი ჩადის. წყალს იწოვს პემზა და აწვება კამარას. ეს დაგროვილი წყალი გამოდის ზედაპირზე და ანადგურებს ტაძარს. ეს რომ გააკეთო ან ბოროტი უნდა იყო, ან – ჩვეულებრივი იდიოტი!!! პროფესიონალი ამას არ გააკეთებს. პროფესიონალებს ბუფერების ბალასტით ამოვსება თავში აზრად არ მოუვათ. ამ თემაზე გერმანელ რესტავტრატორებსაც ვესაუბრე, გაოგნდნენ და შოკში ჩავარდნენ. ვერ წარმოიდგენეს, რომ ასეთი რამის გაკეთება შეიძლებოდა.

ამ უხარისხო კრამიტმა და ბუფერებში გაუაზრებლად ჩაყრილმა ბალასტმა მძიმე შედეგები მოგვიტანა! ახლა დადიან კრამიტებზე და ეძებენ, საიდან ჩადის ნესტი. ეს არის სირეგვენე. ამასობაში, ტაძარი ნადგურდება. ფრესკების ნაწილი მოსპეს. იმედია, იქამდე არ მივა საქმე, რომ ტაძრის სახურავი ჩაინგრეს. კედლის მხატვრობას ვეღარ აღვადგენთ. ფრესკების ნაწილის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

_ გამოსავალი?

_ პროფესიონალების ჩართვა! საზღვარგარეთიდანაც შეიძლება სპეციალისტების მოწვევა. პროფესიონალებს ეს ტიპები არ ჩართავენ. უკვე მესამე კომპანია შეიცვალა. არავის გაუჩნდა კითხვა, ერთი და იგივე ხალხი ხომ არ არის? მე როგორც ვიცი, – კი. უბრალოდ, სახელები გადაირქვეს.

_ ამას ვერ ხვდება ხელისუფლება?

_ ყველა ყველაფერს ხვდება, მაგრამ მათთან ვერაფერს ახერხებენ. ამასობაში, ნადგურდება ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა. გელათიც მაფიოზებს ეწირება.

შორენა მარსაგიშვილი