„ოცნების“ დეპუტატი – ნაგვის ურნებზე: „მას აქვს უნარი, ამოიცნოს, ვინ ყრის ნარჩენს“

„ეს ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს, ე.წ. სმარტურნებია, ასე ვთქვათ, მას აქვს უნარი, ტექნოლოგიურად ამოიცნოს, ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობაც შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძემ ამ ურნების დადებით ეფექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამგვარი ურნების სისტემა ეკოლოგიურად ბევრად უფრო სუფთაა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში აქ ამონაგები ძალიან დიდია, პირველ რიგში, გარემო არ ბინძურდება და  მეორეც:  ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შეგვიძლია მივიღოთ გაზი და ელექტროენერგია, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან – ახალი პროდუქტი. ნარჩენების პოლიგონის მართვის ხარჯი ძალიან დიდია, კერძოდ, ავტოტრანსპორტის ხარჯი, რომელიც ყოველდღიურად დადის და აგროვებს ნარჩენებს. ეს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული, არის ეკონომიური და ეკოლოგიურად ძალიან მომგებიანი“, – თქვა ბითაძემ.

შეგახსენებთ: თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებულ ნაგვის ურნებში თბილისის მერიამ ჯამურად 1.6 მილიონი ლარი გადაიხადა, 1 ურნის ფასი 31 000 ლარს უტოლდება. 

ეს ურნები თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიძინა, მაშინ მაია ბითაძე თბილისის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ნენე ინჯგია