ირაკლი ღლონტი: „არ ვაპირებ უკანონო ჯარიმის გადახდას“
„პირბადის ღია საჯარო სივრცეში გამოუყენებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით სანქცია დადგენილი არ არის“, – ამის შესახებ იურისტი ირაკლი ღლონტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაუწერა ჯარიმა.
„ხშირ შემთხვევაში მაინც ვატარებ პირბადეს, თუმცა მქონდა შემთხვევა, როცა დილის 8 საათზე საცხოვრებელ სახლთან მომიწია ჩასვლა, სადარბაზოსთან 1 წუთით უნდა შევხვედროდი მეგობარს, თან არ მქონდა პირბადე. მომიახლოვდა პატრული და გაუფრთხილებლად გამომიწერა ჯარიმა.
1. პოლიცია არღვევს კანონს, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ჯარიმას ითვალისწინებს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში;
2. სამწუხაროდ, პოლიცია არ ითვალისწინებს მოქალაქეთა უმძიმესს სოციალურ მდგომარეობას (ჯარიმა უკანონოა, ასეც რომ არ იყოს, არსებობს გაფრთხილების შესაძლებლობაც და ამ ტოტალური უმუშევრობისა და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში სამართლიანი იქნებოდა ერთჯერადად გაფრთხილების გამოყენება);
მინდა ვუთხრა საპატრულო პოლიციის მენეჯმენტს, რომ:
ა. მასობრივად არღვევენ კანონს;
ბ. მოსახლეობის დიდ ნაწილს ის 20 ლარი არ აქვს;
გ. უფრო და უფრო აზიანებენ ქართული პოლიციის ავტორიტეტს.
იურისტ ირაკლი ღლონტის განცხადებით, ის მზადაა, უანგაროდ დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს ადმინისტრაციული საჩივრის მომზადებაში.
„ყველა ნაცნობ თუ უცნობ მოქალაქეს გატყობინებთ, რომ მზად ვარ, უანგაროდ დაგეხმაროთ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადებაში. ცხადია, მე არ ვაპირებ ამ უკანონო ჯარიმის გადახდას, ორშაბათს გიპასუხებთ სამართლებრივად! ყოველთვის ვატარებ პირბადეს იქ, სადაც სხვა ადამიანები გადაადგილდებიან“, – განაცხადა ღლონტმა.
გიორგი საკარული