გოგი წულაია: „მაგენს დედა ეტირებათ!“
ამ ქვეყანაში, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად წავიდა, ანუ მხოლოდ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები კი არა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც დარწმუნებულია, რომ ოლიგარქმა რაღაც ახალი ტრიუკი გაითამაშა. ამ მხრივ გამონაკლისი არც „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიაა, რომელიც „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი ისევ „რუხი კარდინალი“ გახდა. წულაიას შეფასებითვე, „ოცნების“ ექსთავმჯდომარეს ამ ნაბიჯის გადადგმა საკუთარი ძალაუფლებისა და კომფორტის შესანარჩუნებლად დასჭირდა.
– ბატონო გოგი, აბა, როგორ ხართ? მომიყევით, ხარის წელს როგორ შეხვდით?
– ხარის წელს იმ იმედით შევხვდი, რომ ჯანმრთელი ხარებივით გავხდებით, ამ ხელისუფლებასა და კრიზისებს თავს დავაღწევთ. გადავრჩებით, რა! 2021 უკეთესი წელი იქნება. ახლა, არ მგონია, რომ 2020-ის ნაირი წელი ბუნებაში არსებობდეს.
– ისე, 2021 უკვე უკეთესად დაიწყო – აი, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.
– კი, ივანიშვილი წავიდა… გიხაროდენ!
– ბატონო გოგო, ცინიზმს გატყობთ, ანუ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არ გაგიხარდათ?
– არა.
– რატომ?
– ისევ თამაშის რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო.
– ანუ?
– ხომ ვიცით, რომ ვითომ წასვლით რაღაც ახალი ჩანაფიქრის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთვის სასიკეთო არ იქნება. საერთოდ, სასიკეთო საქმეებს ფარული „იგენი“ არ სჭირდება. ეს წასვლა ქართველი ერის წინაშე კიდევ ერთი უპასუხისმგებლობაა.
– რატომ?
– ბიჭო, ეს შობელძაღლი, იძახი, პელე ვარო, მინისტრებს ჩემი წასვლა არ უნდათო, მაგრამ ამაზე ცუდ სიტუაციაში, ღმერთმა ნუ ქნას, საქართველო კიდევ აღმოჩნდეს – ქვეყანა ყველანაირ კრიზისშია. ჰოდა, ამ დროს, როცა სულიერების კატასტროფული კირიზისიცაა, ხალხს მიატოვებ და თან თავი გადამრჩენელად მოგაქვს, რა ვიცი, აბა, მას რა ჰქვია?!
– ბატონო გოგი, თქვენც და სხვა „ანტიქოცებიც“ ივანიშვილს ბრალს იმაში სდებდით, აი, „რუხი კარდინალი“ და ფარული მმართველიაო. ახლა, კაცმა თქვა, თავი დამანებეთ, პოლიტიკიდან მივდივარ, ტელეფონზეც აღარ დამირეკოთო და მეტი რაღა უნდა ქნას?
– მაგის ზუსტად მიხვედრა, ივანიშვილმა რა ჩაიფიქრა, ძნელია. მაგრამ ამ ჩანაფიქრის მიზანი, ალბათ, ისაა, რომ ხელისუფლება და კომფორტული მდგომარეობა შეინარჩუნოს. სხვა კაი არაფერი ჩოუფიქრებია.
– პოლიტიკიდან წასვლით ხელისუფლება და, შესაბამისად, კომფორტული მდგომარეობა როგორ უნდა შეინარჩუნოს?
– ისევ „რუხი კარდინალი“ გახდა და ყველა პასუხისმგებლობა სხვაზე გადავიდა, ანუ აგერაა პარლამენტი და პრემიერი. ნორმალურ სახელმწიფოებში ქვეყანას პარლამენტი და მთავრობა მართავს. ჰოდა, ივანიშვილიც გვეტყვის, ჩვენ ნორმალური ქვეყანა ვართ, ჩემგან რა გინდათ, ხომ დეგემშვიდობეთ, ხელი დაგიქნიეთ და გითხარით, „კაი“ მთავრობა, ბედნიერი ცხოვრება დაგიტოვეთ და თავი დამანებეთო. მისი ჭკუით, ეს ერის დამცირებაა და ამ პერიოდში თავი როგორ გადაირჩინოს, ამას მიუძღვნის მთელ ფიქრსა და ყველაფერს.
– ე. ი., იზიარებთ ივანიშვილის მესიჯის პათოსს, რომ „ოცნებისგან“ ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, „ოცნება“ კი ოპოზიციაში გადავა?
– დიახ, ამ ვერსიის განხილვაც შეიძლება, თუმცა პროცესის მიხედვით იმოქმედებს.
– რას გულისხმობთ?
– არ მგონია, რომ ამ ხელისუფლებას გრძელვადიანი გათვლა ჰქონდეს, მაშინ ასე არ მოიქცეოდა. „ოცნება“ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ყველა ქმედება იმ დღის შესაბამისია. აი, რაღაც „ამნაირები“ არიან – ისინი ხომ შორს ვერ იყურებიან და მოთმინების უნარიც არ გააჩნიათ…
– ბატონო გოგი, ივანიშვილის პოლიტიკიდან თუნდაც ფორმალურად წასვლა ოპოზიციამ სათავისოდ როგორ უნდა გამოიყენოს?
– ოპოზიცია, რა თქმა უნდა, აქტიური უნდა იყოს.
– რას გულისხმობთ?
– აგერ, გაზაფხული მოდის. ალბათ, ვაქცინა შემოვა, კორონა პატარა უკან დეიხევს და სიტუაცია, ასე თუ ისე, შეიცვლება. ჰოდა, ქუჩაც უნდა გამოვიყენოთ და ყველანაირი მეთოდი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.
– ჯერ ერთი, კორონავაქცინის იმედი ტყუილად გაქვთ, რადგან „მუშკეტერმა“ იმნაძემ გვამცნო, ზაფხულამდე ვაქცინა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნებაო. მეორეც, ოპოზიციის ნაწილი, აი, მაგალითად, ელისაშვილისა და „გირჩის“ „სასტავი“ პარლამენტში აპირებს შესვლას. „ექსპატრიოტები“ უკვე შევიდნენ. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოც ერთპარტიული არ იქნება და „გაკობახიძებული“ „ოცნებაც“ ფრთებს გაშლის…
– პარლამენტი ერთპარტიული იქნება!
– მინიმუმ, სამი პოლიტიკური ძალა დაგისახელეთ, რომელიც შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს და ხელისუფლება ერთპარტიული როგორღა იქნება?
– ვინ შევა და ვინ – არა, ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია მაინც არ ექნება!
– რატომ?
– პარლამენტს ლეგიტიმაცია დეპუტატის შესვლით კი არა, ხალხისგან ეძლევა! ხალხმა „ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ მისცა, რომ უმრავლესობაში იყოს და მთავრობა დაამტკიცოს!
მოკლედ, „ნაცებიც“ რომ შევიდნენ, პარლამენტი მაინც არალეგიტიმური იქნება, რადგან ხალხს ასე უნდა და მთავარიც სწორედ ესაა.
– ისე, თქვენი ინფორმაციით, „ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება დაიწყება?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბიძინას ფრთებქვეშაა და მის გარეშე არავინ არაფერს წარმოადგენს, თითოეულს თავისი ამბიცია აქვს.
– რისი ამბიცია?
– აი, „ოცნებაში“ ყველაზე მაგარი მე ვარო.
სხვათა შორის, ეს ამბიცია ყველა ადამიანშია, მით უმეტეს, როცა ის ხელისუფლებაშია – როცა საუბარი ფულის შოვნასა და გავლენებზეა, ეს ამბიცია უფრო გაწუხებს!
– თქვენი დაკვირვებით, „ოცნებაში“ პირველობის ყველაზე დიდი ამბიცია ვის აქვს – კობახიძეს, კალაძეს თუ სხვას?
– კალაძესაც, კობახიძესაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტელევიზიებით ბრძნული სახით თეთრზე გვიმტკცებს, შავიაო. ამიტომ არიან ტელევიზორში გამოჭიმულები და ჰგონიათ, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო.
– ზოგი ამბობს, ივანიშვილმა კალაძე საბოლოოდ აითვალწუნაო. ეს ხმა იმითაც მყარდება, რომ „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდება…
– ეს ჭორი შეიძლება, რაღაცისთვისაა დაყრილი.
– რისთვის?
– შიდა ინფორმაცია იმდენი არ მაქვს, რომ ეს ვიცოდე. მთავარია, ის ვიცოდეთ, ამ წუთს ვინ დგას ეშაფოტზე და ვინ – წინ წასაწევად. კობახიძეს პარტიას რომ აბარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კობახიძე თავის ხალხს მოიყვანს, რადგან დავალება შეასრულოს. აბა, მომხრეების გარეშე დავალებას როგორ შეასრულებს? რა თქმა უნდა, „გაბლატავებული“ კობახიძის ფრთა იქნება. სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, ამ ფრთაში კალაძე ან „ოცნების“ სხვა რომელიმე პოლიტიკოსი მოიზარება თუ არა. ერთი მაგენის დედაც ვატირე. მეიაზრებიან – დედა ვატირე და არ მეიაზრებიან – მაინც დედა ვატირე! მთავარი მაგი არ არის.
– აბა, მთავარი რა არის?
– ამ კულუარული თამაშებით კობახიძეს პირველ პირს რომ გახდი, ქვეყანას დედა ეტირება და იგია ფაქტი და ტრაგედია, თორემ მაგენს დედა რომ ეტირებათ, ამაში ეჭვი არ მეპარება!
– ბატონო გოგი, ქათინაურად არ ჩამითვალოთ და, სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ხალხთან ახლო ურთიერთობა გაქვთ. ჰოდა, რას ამბობს მოსახლეობა, სჯერა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად წავიდა თუ ყველაფერს თამაშად მიიჩნევს?
– იცით, როგორ არის?
– როგორ?
– ყველას თავი მოაქვს, აი, ხალხის განწყობას ვფლობო, მაგრამ ამის თქმა ძნელია.
– რატომ?
– ოპოზიციონერს რომ ხვდებიან, ცდილობენ, ისე ილაპარაკონ.
– ანუ როგორ?
– ოპოზიციურად. ამიტომ ასპროცენტიან განწყობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ხალხის 80% იცინის, იცინის და მეტი არაფერი.
– რა აცინებს?
– ხალხი თავის ბედს დასცინის, ანუ ივანიშვილის მომხრე თუ არამომხრე ხვდება, რომ მისი წასვლა თამაშია და მეტი არაფერი!
– საუბრის ბოლოს, ბუკნარის დაპირისპირებასაც შევეხოთ. ხომ არ გეჩვენებათ, „ოცნება“ რელიგიური თუ ეთნიკური კონფლიქტების ინსპირირებას ხელისუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენებს?
– ამ პროვოკაციაზე, რა თქმა უნდა, წავლენ. ისიც პროვოკაციაზე წასვლა და ქვეყნის გაწირვა იყო, 31 ოქტომბრის არჩევნებზე რა შედეგიც დადეს. ამ პროვოკაციაზე წევიდენ და ფეხებზე არ დეიკიდებენ, ბუკნარი თუ იქანა ორი სოფელი დეიკარგება თუ არა? ოღონდ თავიანთი ტახტი შეინარჩუნონ და ამგენს სულ ფეხებზე ჰკიდიათ, ხალხი ერთმანეთს დახოცავს თუ არა! ამ მოსაზრებაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ბუკნარის კი არა, ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ!
– საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს საფრთხეები თავიდან აიცილოს?
– ფხიზლად და აქტიურად უნდა ვიყოთ! საზოგადოებამ, ბოლოს და ბოლოს, ყველა პოლიტიკოსის ნათქვამზე უნდა იფიქროს! გადამრჩენელის ძებნასა და ცაში ყურებას თავი გავანებოთ. ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ, რომ გადავრჩეთ. სხვანაირად გადარჩენა არ არსებობს! მაგის დედა ვატირე, ცხრაჯერ და ორმოცდაათჯერ ხომ ვნახეთ, არავინ გადაგვარჩენს!
– ე.ი., იმედოვნებთ, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება, არა?
– დიახ, ეჭვი არ მეპარება! თვითონ ცხოვრება მოიტანს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს!
გიორგი აბაშიძე