ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრთან მოლაპარაკებებს გასული წლის თებერვლიდან აწარმოებდა
ნინო ანანიაშვილის გარშემო აგორებული სკანდალი მისი რუსეთში შესაძლო მოღვაწეობის განახლების შესახებ ისევ აქტუალურია. როგორც ირკვევა, პრიმაბალერინამ რუსულ თეატრში მუშაობის გადაწყვეტილება გასული წლის თებერვალში მიიღო. ამის თაობაზე მედიას ნოვოსიბირსკის საბალეტო თეატრის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ კეხმანმა განუცხადა.
კეხმანის თქმით, ის პირადად არ იცნობდა ნინო ანანიაშვილს. ქართველ პრიმასთან კეხმანი მახარ ვაზიევმა დააკავშირა. ეს უკანასკნელი მოსკოვის დიდი თეატრის ხელმძღვანელია.
ნოვოსიბირსკის საბალეტო თეატრის ხელმძღვანელის განმარტებით, ის გასული წლის თებერვალში საგანგებოდ ჩამოფრინდა თბილისში, რათა პირადად გაეცნო ნინო ანანიაშვილი და „ტეტ ა ტეტ“ დალაპარაკებოდა თანამშრომლობაზე. მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა.
კეხმანის განმარტებით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რუსი ბალერინა ყოფილიყო. ამის შესახებ მან ანანიაშვილსაც უთხრა.
„ის ჩემს წინადადებაზე დიდხანს ფიქრობდა და ბოლოს დათანხმდა“, _ ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტი გასული წლის დეკემბერში გააფორმეს. მხარეებს შორის მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ეს ამბავი გარკვეულ მომენტამდე არ გახმაურდებოდა.
„მე თეატრის საბალეტო კოლექტივს ვუთხარი, რომ მათ ეყოლებოდათ ახალი ხელმძღვანელი და მის ვინაობას ოფიციალური წარდგენისას გაიგებდნენ. ამ დროს საშობაოდ ნინო ანანიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იქნებოდა. ამით მან ჩვენი თეატრის კოლექტივის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა და მასთან გაფორმებული კონტრაქტი გავაუქმეთ“, _ განაცხადა ვლადიმერ კეხმანმა.
ქართველი ბალერინა ოკუპანტი ქვეყნის თეატრთან საიდუმლო მოლაპარაკებებს რომ აწარმოებს, ეს ცალკე დრამაა, მაგრამ მთავარი სხვა რამეა: ეს ადამიანი კინაღამ საქართველოს პირველი ლედი გახდა. ასეთ შემთხვევაში ის, ალბათ, არ წავიდოდა რუსულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად, მისი ქმარი კი რუსეთის გმობას გააგრძელებდა.
რუსეთს გრიგოლ ვაშაძე მთელი გასული წელი გმობდა. ყველაზე პროდასავლური პარტიის ლიდერის თავმჯდომარეობით იწონებდა თავს და ამ დროს, თურმე, მის ცოლს რუსულ თეატრთან გაფორმებული კონტრაქტი ჯიბეში ედო, თანაც რუსი ბალერინის სტატუსიც მიღებული ჰქონდა.
შეგახსენებთ: გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ 2019 წლის მარტში აირჩიეს. მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი გასული წლის 15 დეკემბერს დატოვა. პარტიიდან წასვლის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
პარტიაში ეს ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ამის შესახებ ინფორმირებული იყო მიხეილ სააკაშვილი და ეს მან მოსთხოვა ვაშაძეს, პარტიიდან წასულიყო, რადგან იგი პარლამენტში შესვლის დაუოკებელ სურვილს გამოხატავდა. წასვლის სანაცვლოდ ვაშაძემ, როგორც ამბობენ, სააკაშვილისგან რაღაც მიიღო. როგორც ჩანს, არც სააკაშვილმა იცოდა გრიგოლისა და მისი მეუღლის მიერ გაფორმებული საიდუმლო კონტრაქტის შესახებ. ამბობენ, ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაგიჟებულია, ეს როგორ მომატყუესო?!
შორენა მარსაგიშვილი