სალომე ზურაბიშვილი: „ნეტავ, მეც მქონდეს ჩემი ჭორვილა“

„ნეტავ, მეც მქონდეს  ჩემი ჭორვილა!“ — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის შესახებ გააკეთა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, თუ ადამიანს რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში არ აცხოვრებს:

„ჭორვილა თუ არა – ჭორვილა!
პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა „ლიდერთა“ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში არათუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინათ გაკეთდა.
თურმე, ფსიქიკურად შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ, ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზედაც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.
სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით, თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით, ჩვენი წინაპრები როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგვაშორა სოფელსა და მამულს.
ნეტავ, მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!“ — წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ნენე ინჯგია