2020 წლის „შავი ჭირი“ – COVID-19
ბათუმში „თავისუფლების კვარტალში“ კლინიკა „მედალფას“ ყოფილმა დირექტორმა ლევან ანთაძემ პრეზენტაცია გამართა, სადაც COVID-19-ის პანდემიაზე ისაუბრა:
„დღეს „თავისუფლების კვარტალში“ ჩვენ ვმართავთ პრეზენტაციას, რომელიც ეხება 2020 წლის „შავ ჭირს“, კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პანდემიას.
და, რა თქმა უნდა, საუბარია ამ ვირუსის წარმოშობაზე, ასევე, ზოგადად, თუ როგორ ვითარდებოდა მსოფლიოში წლების განმავლობაში პანდემიები. განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას შესაძლო მესამე ტალღასთან მიმართებით, რაც დაკავშირებულია ახალ შტამთან: თუ როგორ განვითარდა ეს შტამი? რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს მან? გვაქვს თუ არა მესამე ტალღის საფრთხე? ასევე ვაქცინაციის საკითხები და ა.შ.
„თავისუფლების კვარტალში“ ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს. მათ სურდათ, რაღაც გაგვეკეთებინა ამ კუთხით და გაგვეცნო მათთვის და ყველა ასაკის მოსახლეობისთვის მსოფლიო სიახლეები პანდემიის შესახებ. აქედან გამომდინარე დავგეგმეთ, რომ დღეს გაგვეკეთებია ეს პრეზენტაცია.
როგორც იცით, ვირუსმა განიცადა მუტაცია და წარმოიშვა ახალი შტამი, რომელსაც 23 ცვლილება აქვს. აქედან მნიშვნელოვანია სამი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ვირუსის მიბმაზე ცილებში.
ჩვენ მიმოვიხილავთ, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია მონიტორინგის წარმოება. განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ დიდი ბრიტანეთის შედეგებს, სადაც ინტენსიურად გავრცელდა ახალი შტამი და აქედან გამომდინარე გამოვიტანოთ დასკვნები.
მზადყოფნა უნდა იყოს შესაძლო მესამე ტალღისთვის საქართველოში. აქ უნდა მომზადდეს საწოლფინდი, სამედიცინო პერსონალი, კლინიკები, კოვიდსასტუმროები; უნდა არსებობდეს გეგმა, რა შემთხვევაში რა რაოდენობისა და კონკრეტულად რომელი კლინიკები ჩაერთვებიან, რამდენი საწოლფონდი იქნება, რამდენი სასუნთქი აპარატი, რამდენი ჟანგბადის აპარატი. უნდა ავირიდოთ ისეთი შეფერხებები, როგორიც გვქონდა მეორე ტალღის დროს და რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სიკვდილიანობა. ე.ი. ქვეყანაში მზადყოფნის გეგმა უნდა არსებობდეს, რაც, სიმართლე გითხრათ, დღემდე არ წარმოუდგენია ხელისუფლებას. ამ საკითხსაც გარკვვევით ვეხებით, თუ რაზე უნდა გააკეთონ ძირითადი აქცენტი და ა. შ.“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.
ხვიჩა მამულაძე