იქით პუანტები იქნება, აქეთ – ავტომატები… ანუ რატომ ბრუნდება ნინო ანანიაშვილი რუსეთში?!
„საბალეტო წრე ერთობ ვიწროა და საკუთარი წესებით ცხოვრობს. იგი რაღაცით სპორტსაც წააგავს. აქაც, ისევე როგორც ფეხბურთში, არსებობს ტრანსფერები, ამიტომ როდესაც მოცეკვავე სამუშაო ადგილს ირჩევს, იგი, პირველ რიგში, მწვრთნელსა და გუნდის შემადგენლობას უყურებს და არა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ანდა ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციას“, _ ეს სიტყვები უკრაინელ ბალეტის მოცეკვავეს, დენის მატვიენკოს ეკუთვნის, რომელიც 2015 წელს უკრაინამ, ლამის, მოღალატედ გამოაცხადა. დღეს მატვიენკო რუსეთში ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია და პოსტის დატოვებას არც აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ მას განცხადება არ გაუკეთებია.
უკრაინა-რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარება მატვიენკოს ხელს არ უშლის, ციმბირის საბალეტო დასი ააღორძინოს. დიდი ხავერდოვანი ურთიერთობები არც საქართველოსა და რუსეთს შორის არის, ოკუპაციის თემა დღის წესრიგში რჩება და ის არავის შეუცვლია. ნინო ანანიაშვილი კი რუსეთს უბრუნდება, თუმცა მატვიენკოზე „შორს“ მიდის და საქართველოსა და ნოვოსიბირსკის საბალეტო დასებს ერთდროულად უხელმძღვანელებს. ანუ საქართველოსა და რუსეთს საერთო პრიმა ბალერინა ეყოლება.
ნინო ანანიაშვილმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ იგი ციმბირში მიემგზავრება, რათა გაეცნოს დასს, ვინაიდან ნოვოსიბირსკის ნაციონალურ თეატრში საბალეტო დასის ხელმძღვანელობა შესთავაზეს. პარალელურად, იგივე დასის სამხატვრო ხელმძღვანელად დენის მატვიენკო რჩება, რომელიც დუმს. არსად – არც თეატრის ოფიციალურ სატიზე, არც მატვიენკოს ბოლო ინტერვიუში ან საბალეტო სიახლეებში არ მუსირებს ინფორმაცია კი არა, მინიშნებაც კი იმის შესახებ, რომ მატვიენკო პოსტს ტოვებს. მეტიც: ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს მატვიენკოს ხელმძღვანელობით პროგრამა 4 წლით აქვს გაწერილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დენის მატვიენკოსა და ნინო ანანიაშვილს არაერთი პარტია აქვთ ერთად შესრულებული. 2013 წელს, როდესაც დენის მატვიენკოს პირველი დაპირისპირება მოუვიდა უკრაინის ნაციონალური საბალეტო დასის ადმინისტრაციასთან, ამ დროს თბილისში იმყოფებოდა ნინო ანანიაშვილის მოწვევით და აქედან აკეთებდა მწარე-მწარე კომენტარებს მედიისთვის. როგორც ჩანს, ამჟამად სწორედ მან გამოუწოდა დახმარების ხელი ანანიაშვილს.
ქართული საბალეტო დასის მომავალი ასეთი იქნება: იქით ცოლი აცეკვებს რუსებს, აქეთ ქმარი შეებრძოლება ოკუპაციას; იქით ცოლი იყვირებს: „ვაშა რუსულ კულტურას!“ აქეთ _ ქმარი: „ძირს რუსეთუმე მთავრობა!“ იქით პუანტები იქნება, აქეთ _ ავტომატები… „უჩებნი“, რა თქმა უნდა. მგონი, ცუდი ვარიანტი არ არის ქართულ პოლიტ-კულტურული სივრცისთვის.
თამარ როსტიაშვილი