პანდემია, როგორც აღორძინების შანსი

საქართველოში წლების მანძილზე ცდილობენ ეკონომიკური ჩამორჩენილობის მიზეზების დადგენას და ეს ხშირად უცხოელებს ბრალდება. მაგალითად, მთელი 90-ან წლების მანძილზე ჩვენში დომინირებდა აზრი, რომ წარმოებ განადგურება ამერიკელების, ევროპელების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბრალია.

„საქართველოში საწარმოები იმისთვის გაანადგურეს, რომ ქვეყანა გასაღების ბაზრად აქციონ“, – ეს გამონათქვამი ყველას არაერთხელ გვსმენია.

რა თქმა უნდა, ამ წარმოდგენას რეალობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა – ქართული მრეწველობა ჩამოიშალა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ღია საზღვრების პირობებში სრულიად არაკონკურენტუნარიანი იყო (ქუთაისის სატვირთო მანქანების არ იყოს), მეორე რიგში კი იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც, ასე თუ ისე, გადარჩა, განადგურდა და ჯართად გაიყიდა.

არც ქართული ბაზარია იმხელა, რომ ამერიკა-ევროპამ მის დასაუფლებლად რაღაცა შეგნებულად დაანგრიოს. თანაც საქართველოში თითქმის არაფერი შემოდის ევროპიდან და, მით უმეტეს, შტატებიდან. ჩვენი ძირითადი საიმპორტო პარტნიორი თურქეთია და თუ ასეა, ე. ი. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა საქართველოს მძლავრი და ზეგანვითარებული ეკონომიკა თურქეთის ხათრით დაანგრია.

სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, როგორც წესი, არაპოპულარული, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზისით, ძალიან სწორია  – მთავრობა არ უნდა მართავდეს ბიზნესს, არ უნდა არიგებდეს სუბსიდიებს და ყველაფერს რეალური ფასი უნდა ჰქონდეს, მათ შორის, გაზსა და ელექტროენერგიას.

რა თქმა უნდა, სსფ-მ მთავრობებს რომ ურჩიოს, მთელი საბიუჯეტო სახსრები ხალხს დაურიგოს, მასზე პოპულარული ორგანიზაცია მსოფლიოში არ იქნება, მაგრამ მოკლე ვადით.

ასევე საქართველოში წლების მანძილზე პოპულარული იყო აზრი, რომ მთავრობამ იმპორტი უნდა აკრძალოს და ამით ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი. მაგალითისთვის ყოველთვის მოჰყავდათ ჭოპორტის პომიდორი, -აი, ნახეთ, რა მაგარი პომიდორია და როგორ უშლის ხელს მას იაფი იმპორტი თურქეთიდან.

ამ აზრს რეალობასთან იმდენივე საერთო ჰქონდა, რამდენიც საქართველოს მრეწველობის დანგრევას ბაზრის განთავისუფლების მიზნით.

სინამდვილეში, ადგილობრივი პროდუქტის დეფიციტს მრავალი მიზეზი აქვს – ტექნოლოგიური ჩამორჩენა, კვალიფიციური კადრების პრობლემა, უხარისხო მუშახელი, მიწების დანაწევრება და სოფელში, ფაქტობრივად, ნატურალური მეურნეობის დომინირება. 

მიზეზების მთელი სპექტრის დაყვანა იმპორტის აკრძალვამდე  – საკითხის უკიდურესი გამარტივებაა – ხვალ იმპორტი მართლაც რომ აიკრძალოს, ჩვენ არა წარმოების არნახულ ზრდას, არამედ მწვავე დეფიციტსა და ცეცხლის ფასებს მივიღებთ.

წარმოების აღდგენას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა და მათი გამოყენება სჭირდება.

და დღეს, პანდემიის პირობებში, ჩვენ  მივიღეთ ეს ფაქტორების ერთობლიობა, მთავარია – ამ უნიკალური ვითარების გამოყენება.

დღეს ქართულ წარმოებას, პირველად ბოლო 30 წლის მანძილზე, წინსვლისა და იმპორტის ნაწილობრივ მაინც ჩანაცვლების უნიკალური შანსი გაუჩნდა.

რეალურად, საქართველოში საკმაოდ ბევრი დასახელების საქონელი მზადდება, ოღონდ მცირე რაოდენობით – პირველ რიგში იმიტომ, რომ იმპორტი, როგორც წესი, დიდ ქვეყნებში მსხვილ ქარხნებსა და ფერმებში იწარმოება, შესაბამისად, მას ნაკლები თვითღირებულება და კონკურენტული ფასი აქვს.

ჩვეულებრივ სიტუაციაში ამ მდგომარეობის დაძლევა დეფიციტისა და ფასებს კატასტროფული ზრდის გარეშე შეუძლებელია.

მაგრამ დღეს ჩვენ არანორმალურ ვითარებაში ვართ და სწორედ აქაა აღორძინების შანსი.

პანდემიის, ეკონომიკური კრიზისისა და ლარის გაუფასურების ერთობლიობა ქმნის სიტუაციას, როდესაც იმპორტული საქონელი ყოველდღიურად ძვირდება და ეს მაშინ, როდესაც შემოსავლები ან ვარდება, ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთ დონეზეა, მაგრამ არ იზრდება.

ფასების ზრდა და შემოსავლების მასობრივი, აქამდე წარმოუდგენელი ვარდნა ქმნის ერთგვარ მაკრატელს, რომელიც ადგილობრივ ინდუსტრიას აძლევს  შანსს – ოღონდ ეს მარტივი არ იქნება.

ნებისმიერ ქართულ პროდუქციას იმპორტთან შედარებით ერთი თავისებურება ახასიათებს – ის იმპორტულზე უხარისხოა და ძვირიც. ესეც ერთგვარი მაკრატელია, რომელიც ქართულმა ბიზნესმა 30 წლის მანძილზე ვერ მოიცილა.

იმპორტი უფრო ხარისხიანიაცაა და უფრო იაფიც. ამ სიტუაციაში ქართული ნაწარმის შეძენას დიდი პატრიოტული აღტყინება სჭირდება. მაგრამ სიტყვა „მომხმარებელი“ სიტყვა „პატრიოტიზმის“ საპირისპიროა – მომხმარებელი იმას ყიდულობს, რაც უფრო იაფია და უფრო ხარისხიანი.

პანდემიამ, ფასების კატასტროფულმა ზრდამ, ასობით ათასი ადამიანის შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენამ ქართულ წარმოებას უნიკალური შანსი აჩუქა – მისი გამოყენებისთვის საჭიროა ორი პირობა – იმპორტთან შედარებით მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები.

ამას ვერც სახელმწიფო იზამს და ვერც მთავრობა – ეს ბიზნესის ზოგადად და ცალკე აღებული მეწარმეების გასაკეთებელი საქმეა.

არავითარი სხვა გამოსავალი არ არსებობს – რამდენიმე თვეში პანდემია დასრულდება და ეს შანსიც გაქრება. არავინ იცის, მისცემს თუ არა განგება ქვეყანას კიდევ ერთ ასეთ შესაძლებლობას.

თუ ქვეყანამ ეს უნიკალური შანსი  გამოიყენა  – იქნება წინსვლა და ზრდა.

თუ არა  – ფანჯარა დაიხურება და შანსიც გაქრება.

მერე ისღა დაგვრჩება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დავაბრალოთ ყველაფერი და ჭოპორტის პომიდვრის გამეფებაზე ვიოცნებოთ.

თენგიზ აბლოთია