ვალერი გელბახიანი: „ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: კობახიძე პირველი იქნება, ვისაც „ოცნებაში“ ყურებს დააჭრიან!“

იურისტი ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ იანვრის ბოლოდან ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება. მეტიც: ჩვენს რესპონდენტს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ საქართველოში სერბული მოდელი, ასე ვთქვათ, გათამაშდება, ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, სერბეთის მსგავსად, ვადამდელი არჩევნები ჩვენთანაც დაინიშნება. ამას გარდა, გელბახიანი თითქმის ასპროცენტიანი დარწმუნებით ამბობს, რომ გაზაფხულზეოცნება“, როგორც არადემოკრატიული ხელისუფლება, საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება და სანქციებიც გარდაუვალია.

გთავაზობთ ინტერვიუს ვალერი გელბახიანთან:

ბატონო ვალერი, იურისტი ხართ და განმიმარტეთ:ოცნებისსაკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას და საარჩევნო რეგისტრაციიდან მის მოხსნას ითვალისწინებს, კლასიკური რეპრესიაა?

– მართალია, ეს კანონპროექტი არ მინახავს, მაგრამ  იდეა ანტიდემოკრატიულია და საქართველოს კონსტიტუციას ფუნდამენტურ პრინციპებში ეწინააღმდეგება.

რატომ?

– ჩვენი კონსტიტუციის მესამე მუხლი დემოკრატიის საფუძვლად პოლიტიკური პარტიების არსებობას, მათი მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის მომზადებასა და ასევე პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობას აღიარებს. აქედან გამომდინარე, როცა რომელიმე ხელისუფალი პოლიტიკური პარტიების შეზღუდვას უშვებს, ეს პირდაპირ იმ ფუნდამენტზე დარტყმას ნიშავს, რაზედაც დემოკრატია შენდება!

ეს, კი ბატონო, მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამოცნებაცსწორედ დემოკრატიით აპელირებს, ანუ იგივე კობახიძემ გვითხრა, რადიკალური ოპოზიცია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევას ცდილობს და პარლამენტში არშესვლაც საბოტაჟიაო

– საბოტაჟი კონსტიტუციური ტერმინი კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულის ცნებაა, რომელიც პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პროტესტის ფორმის გამოყენებას არ მოიცავს, ანუ არ შეიძლება, საბოტაჟში პოლიტიკური პარტიის ელემენტი იყოს, რადგან პარტიის უფლებაა, პარლამენტში შევა თუ არა, ეს კი საბოტაჟთან კავშირში არ არის. საბოტაჟი ისაა, როცა რომელიმე ორგანიზაცია, პირი ან ჯგუფი, მაგალითად, რკინიგზის ბლოკირებას ახდენს, რათა ეკონომიკის საფუძვლები ჩამოიშალოს. ისიც საბოტაჟია, თუ ვინმე ბაზარზე ას მილიონ დოლარს გამოიტანს, ინფლაციას გამოიწვევს და ამით ქვეყნის საფინანსო სექტორს ჩამოშლის, მაგრამ ის, ვინც პოლიტიკურ პარტიებს ეუბნება, რაკი პარლამენტში არ შემოდიხართ, საბოტაჟს აწყობთო, ან ძალიან უცოდინარია და გაგებაში არაა, საბოტაჟის კრიმინალური შინაარსი რა არის, ან სპეკულირებს, რომ ადამიანები დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს. ერთი სიტყვით, ესენი სიტყვა „საბოტაჟის“ ფუნქციას ბოროტად იყენებენ!

ბატონო ვალერი, პარლამენტი, პრაქტიკულად, ბლოკირებულია და ცხადია, „ოცნებაცხვდება, რომ ამ ვითარებაში საკანონმდებლო ორგანო სრულყოფილად ვერ იმუშავებს. ჰოდა, საბოტაჟზე ლაპარაკიც, ალბათ, ამიტომ დაიწყო

– რა, საბოტაჟი ის არაა, როცა არჩევნების შედეგებს გიპროტესტებენ, შენ კი სასამართლოსთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისა თუ საგამოძიებო ორგანოებისთვის ლაგამი გაქვს ამოდებული?! თუ ბატონ კობახიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია საბოტაჟს ეწევა, მაშინ ისიც ვთქვათ, რომ საბოტაჟის მიზეზი თავადაა, რადგან ყველაფერი ეს თვითონ შექმნა – ადმინისტრაციები ხომ მისი განკარგულების ქვეშ იყვნენ?

ბატონო ვალერი, გამორიცხულია, რომოცნებამსაბოტაჟზე საუბარი ოპოზიციის დასაშინებლად დაიწყო?

– ეს შანტაჟია! სპეკულირება მიდის და პირადად ბატონი კობახიძე ხელისუფლებას ბოროტად იყენებს! არ შეიძლება, ამას სხვა შეფასება მივცეთ! ხელისუფლების ბოროტად გამოყენება კი სისხლის სამართლის კანონით ისჯება! რაღაც სისულელეს იგონებს, რაც სამართლებრივ სტანდარტში არ ჯდება. პროტესტი, არცნობა და დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებში არმონაწილეობა საბოტაჟი კი არა, დემოკრატიის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა!

კობახიძემ თუნდაც ამ კანონპროექტის შექმნის გადაწყვეტილება, თქვენი აზრით, ავტონომიურად მიიღო თუ დავალება ვინმემ, ვთქვათ, ივანიშვილმა მისცა?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს? თუ „ოცნებაში“ კობახიძეს ვინმე არ ეთანხმებოდა, ამას იტყოდა, მაგრამ რახან არავინ არაფერი თქვა, ე. ი., ყველა თანახმაა, ანუ ეს „ორკესტირებული დაკვეთაა“ – ყველა ერთ ხმაში „მღერის“! თუ კობახიძე რამეს იტყუება და რაღაცებს პარტიის ლიდერებთან შეუთანხმებლად აკეთებს, მაშინ დასჯიან, მაგრამ ამ რეაგირებას სად ვხედავთ? პირიქით, წამახალისებელი ფორმა აქვს – იმას, რასაც კობახიძე იტყვის, „ოცნების“ სხვა წარმომადგენლები თუთიყუშებივით იმეორებენ!

კობახიძეს კი არ დასჯიან, არამედ, ხმა დადის, აწინაურებენივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის დაოცნებისთავმჯდომარე სწორედ ექსსპიკერი ხდებაო

– ნეტავ! ეს ამბავი რაც მალე მოხდება, „ოცნება“ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მით უფრო მალე დასრულდება!

ისე, რამე მნიშვნელობა აქვს, „ოცნებისთავმჯდომარე ოფიციალურად იქნება თუ არა? ყველამ ხომ ვიცით, რომ ივანიშვილთან შეუთანხმებლად ამ ქვეყანაში არაფერი ხდება

– ერთი პერიოდი პარტიიდან გასული იყო, მაგრამ ქვეყანას მაინც ბატონი ივანიშვილი მართავდა! თქვენ ის მითხარით, ყველაფერ ამაში ახალს რას ხედავთ, თორემ თუ მრავალჯერ ნანახს კიდევ ერთხელ ვნახავთ, ამით არაფერი შეიცვლება!

– …ბატონო ვალერი, გაქვთ მოლოდინი, რომოცნებაუკან დაიხევს და რამეს დათმობს?

– „ოცნებაში“ საღი აზრის ადამიანებს ვერ ვხედავ, რომლებმაც პოლიტიკა იციან. მათ ჰგონიათ, რომ პოლიტიკა ძალაუფლების შენარჩუნების ხერხია, მაგრამ ასე არაა. ძალაუფლების შენარჩუნება არც ძალადობით შეიძლება და არც – გაყალბებით. მან, ვინც ამ გზას დაადგა, გადახედოს ისტორიას, რა შედეგი მიიღო! პოლიტიკაში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგიები უნდა გესმოდეს! თუ არ გესმის და არც გინდა, გესმოდეს, მაშინ დამარცხდები და ეს დამარცხება მარტო შენი დამარცხება კი არ იქნება, არამედ, სხვებსაც, იგივე მოსახლეობასაც ძვირი დაუჯდება, რაც უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება!

ყველაფერი ეს მოსახლეობას ძვირი რატომ დაუჯდება?

– თუ ბრძოლა ხანგრძლივად გაგრძელდება, არასტაბილური ვითარებაც ხანგრძლივად იქნება და პარტნიორები გვერდით აღარ დაგვიდგებიან – მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენთან ფინანსური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თანამშრომლობისგან თავს შეიკავებს. ეს კი უფრო მეტ გაჭირვებას, ინფლაციასა და ეკონომიკურ პრობლემებს მოიტანს, ანუ სოციალური ფონი უფრო მეტად დამძიმებდა და ეს თითოეულ ოჯახსა და ადამიანზე აისახება. ამ უმუშევრობა-უფულობას კი დეფოლტი მოჰყვება.

მოკლედ, ვიდრე „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, აი, ყველაფერ ამის მოლოდინში უნდა ვიყოთ!

ერთია უარყოფითი მოლოდინი, მეორე კი ისაა, რომ დასავლეთი, რასაც ვუყურებთ, „ოცნებისპოზიციებისკენ იხრება, ანუ ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციას მოუწოდებენ, შედი პარლამენტშიო

– არა, ასე არაა.

აბა, როგორაა?

– ეს პირველი რეაქცია იყო და ასეთი შეფასებებიც ამიტომ გამოიწვია.

რას გულისხმობთ?

– ჯერ დათვლა დასრულებული არ იყო, როცა ოპოზიციამ გამოაცხადა, არჩევნები გაყალბდაო, ანუ პროცესს, რომელიც დასრულებული არ გალხდათ, მტკიცებულების ძალა მისცა. დასავლეთის ძირითადი შენიშვნა სწორედ ეს იყო, რასაც არგუმენტი მოჰყვა, – აი, ოპოზიციას წაგებული ჰქონდა და არჩევნების შედეგების ცნობა ამიტომაც არ უნდაო. მაგრამ ახლა ასე აღარაა, თან სერიოზული ძვრები მოხდა.

მაინც, რა ძვრები?

– აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, რომელსაც დემოკრატიისკენ სრული კურსი აქვს აღებული, ამიტომ ფორმალურ დემოკრატიებთან არ ითანამშრომლებს.

სხვათა შორის, აშშ იანვარ-თებერვალში მსოფლიოს მასშტაბის ფორუმს აწყობს, რომელშიც დემოკრატული ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ შესაძლოა, რომ ამ ფორუმზე საქართველო არ მიიწვიონ.

რატომ?

– ისეთ ქვეყანას, სადაც ერთპარტიული პარლამენტი და ავტორიტარული რეჟიმია, დემოკრატიულად არ ცნობენ! ამას სანქციები და იზოლაცია მოჰყვება. ალბათ, აპრილ-მაისისთვის ვნახავთ, რომ  საქართველო დემოკრატიული სივრციდან ამოვარდება!

ყველაფერი ეს კი კობახიძის საქმიანობის შედეგია, რასაც თავისი უფროსიც დაინახავს, ამიტომ პირველი, ვისაც „ოცნებაში“ ყურებს დააჭრიან, ჩემის სიტყვები დაიმახსოვრეთ, სწორედ კობახიძე იქნება!

კობახიძეს შესაძლოა, კელი დეგნანის იმედი აქვს და ფიქრობს, ყურების დაჭრისა თუ თმის გადაპარსვისგან აშშ ელჩი დამიცავსო

– კელი დეგნანი იმასაც გააკეთებს, რასაც ვაშინგტონი ეტყვის! ის ყოვლისშემძლე კი არა, თავისი ქვეყნის წარმომადგენელია. აქამდე იმას აკეთებდა, რასაც თავისი ქვეყანა ეუბნებოდა, ახლა კი იმას გააკეთებს, რასაც ახალი ადმინისტრაცია ეტყვის!

გეთანხმებით, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ოპოზიციამ ერთი მთავარი ჯოკერი დაკარგა – „სამართლიანმა არჩევნებმაგანაცხადა, პარალელური დათვლისას ტექნიკური შეცდომა მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში, დიახაც, „ოცნებამგაიმარჯვაო

– არ ვიცი, ეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ რატომ გააკეთა, მაგრამ ხომ იცით, ძალა აღმართს ხნავს. სხვათა შორის, ნაცვლიშვილ-კობახიძის იმ მიწერ-მოწერაში, რომელიც გამოქვეყნდა, პირდაპირ ჩანს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს ორჯერ შეხვდნენ. აი, ამიხსენით, რა უნდოდათ, „სამართლიან არჩევნებს“ რომ ესაუბრნენ?

– „სამართლიანი არჩევნებისგოგომ დაადასტურა, „ოცნებამშეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა, რადგან ინფორმაცია ჰქონდა, ჩვენს პარალელურ დათვლაში ტექნიკური ხარვეზი იყოო

– ჰოდა, „ოცნებას“ „სამართლიანი არჩევნების“ პროგრამულ ხარვეზზე ინფორმაცია საიდან ჰქონდა? – ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ სანამ ესენი ხელისუფლებაში არიან, ამ გამოძიებას არავინ ჩაატარებს, თუმცა მოვა დრო და მხოლოდ ამას კი არა,  მთელ რვა წელს გამოიძიებენ! დიახ, მთელი რვა წელი ფულის წართმევისა და ძარცვის მეტი „ოცნებას“ არაფერი უკეთებია!

იმდენი რამეა გამოსაძიებელი, რომ პროკურატურასა და სხვა საგამოძიებო ორგანოებს მეტი საქმე არ ექნებათ – მთელი დრო ამ რვა წელს უნდა დაუთმონ, რადგან დაუსჯელი არავინ დარჩეს! ამ ხალხმა მილიარდები მოიპარა და ამის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი! აი, ამის შემდეგ გამოჩნდება, დემოკრატიას რაც უქნეს!

ეს დრო როდის დადგება, ანუოცნებაროდემდე გაქაჩავს?

– „ოცნება“ იქამდე გაქაჩავს, სანამ დასავლეთი ლაგამს არ მოქაჩავს. აი, პირველი სანქციები რომ იქნება, ყველაფერს მერე მიხვდებიან.

ჩვენში დარჩეს და, დიდი ხანია, სანქციებზე ლაპარაკობთ, მაგრამ ეს სანქციები არ ჩანს

– შეაჩერეს.

რატომ?

– არჩევნებამდე, თუ გახსოვთ, მთელი შტურმი იყო, მაგრამ ამ პროცესისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, დემოკრატიულმა წრეებმა მორატორიუმი გამოაცხადეს, თან ყურადღება გადატანილი იყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ახლა კი აშშ-ში სიტუაცია ლაგდება, მალე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება და შეფასებაც დაიწყება, საქართველოში რა მოხდა…

ამასობაში, სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა იწყებაერდოღანი .. ექვსთა კავშირის შექმნის ინიციატივით გამოდის, სადაც მთავარი მოთამაშეები თურქეთი და რუსეთი უნდა იყვნენ. ჰოდა, სანამ აშშ ჩვენთვის მოიცლის, რუსეთის ოკუპაცია ხომ არ გაძლიერდება?

– ბუნებრივია, რუსეთი არ გაჩერდება, მაგრამ გულზე ხელს არც აშშ დაიკრეფს. სხვათა შორის, მხოლოდ რუსეთს კი არა, თურქეთსაც არ აწყობს, რომ საქართველოში აშშ-ის ინტერესი, სამხედრო თვალსაზრისით, გაძლიერდეს, ამიტომ ბლოკირებები და კონტრსვლები იქნება, მაგრამ თუ უკან აშშ დაგვიდგება, თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო რესურსებით, მგონია, რომ თურქები და რუსებიც „ერთ ადგილას მოჯდებიან“.

ბოლოს, ბატონო ვალერი, ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე შეტევის შემდეგოცნებაშტურმს მედიასა და, საერთოდ, ყველა იმ მოქალაქეზე ხომ არ მიიტანს, ვინცქოციარაა?

– დამერწმუნეთ, „ოცნების“ შტურმის ობიექტი არავინ იქნება და იანვრის ბოლოდან საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება!

ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?

– ამერიკელი ექსპერტების აზრი ვიცი…

ისე, პირადად მე ოპოზიციის მოქმედებებიდანაც ბევრი რამ არ მომწონს.

მაგალითად?

– დაბნეულია, სტრატეგიული და ტაქტიკური ფორმატი არჩეული არ აქვს. ამასთან, ეიფორიიდან ვერ გამოვიდა და ოპოზიციის პოლიტიკურ ღონისძიებებს ორგანიზებული სახე არ აქვს, მაგრამ ნელ-ნელა, ალბათ, აზრზე მოვა და ჩამოყალიბდება.

და თუ იანვრიდან საქართველოში პოლიტიკა შეიცვლება, ე. ი., შემოდგომაზე ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება?

– ორმა ევროპარლამენტარმა უკვე თქვა, საქართველოსთვის სერბიის მოდელი იქნება მისაღებიო.

და სერბიის მოდელი როგორია?

– „ოცნება“ ხელისუფლებაში 48-პროცენტიანი უმრავლესობით მოვიდა, სერბიაში კი მმართველმა პარტიამ 62 პროცენტი აიღო, მაგრამ ამ შედეგებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.  სერბიის პრეზიდენტი იძულებული გახდა და 2022 წლის აპრილში ახალი არჩევნები დანიშნა. ჩვენთან კი ახალი არჩევნები, მგონი, უფრო ადრე ჩატარდება.

ისე, „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ მსოფლიო კრედიტებს მიიღებს, მაგრამ ვერ მიიღებს, რადგან ერთპარტიული პარლამენტი ამ ფუფუნებას მოკლებულია. მოკლედ, ბოუჯეტში დეფიციტი გაჩნდება, რასაც, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ამ ქვეყნის ფინანსური დეფოლტი მოჰყვება.

მოკლედ, თუ პოლიტიკური სტაბილიზაცია არ მიიღწევა, ძალიან მალე ყველაფერი თავზე ჩამოგვემხობა!

გიორგი აბაშიძე