„მიტაცებული არჩევნებით „ოცნება“ ბიუჯეტიდან 20 მილიონს მიიღებს!“ – ინტერვიუ გოჩა თევდორაძესთან
„ამ ქვეყანაში ხელისუფლება ბავშვებმა ჩაიგდეს ხელში და თამაშობენ!“ – ასე აფასებს „ქრონიკა+“-სთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, გოჩა თევდორაძე,, „ოცნების“ ცალკეული წევრების, მათ შორის, ირაკლი კობახიძის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არ შეიძლება, უფრო სწორად, რატომ იქნება პარტიებისთვის დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე „ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური? სხვათა შორის, ვრცელ ინტერვიუში გოჩა თევდორაძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ გაყალბებული არჩევნების დაკანონებით „ოცნება“ ბიუჯეტიდან 20-მილიონიან დაფინანსებას მიიღებს.
გთავაზობთ ინტერვიუს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ გოჩა თევდორაძესთან:
– ბატონო გოჩა, „ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასა და საარჩევნო რეგისტრაციიდან მის მოხსნას ითვალისწინებს, პოლიტიკური რეპრესიის კლასიკური ნიმუშია?
– დიახ, ეს რეპრესია და პოლიტიკური პარტიების შანტაჟია! ეს იაფფასიანი ხრიკი იმისთვისაა მოგონილი, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე იმ პარლამენტში შეიყვანონ, რომელიც ლეგიტიმურობას, პრაქტიკულად, კარგავს.
– რატომ კარგავს?
– პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის ასი ან ასზე მეტი დეპუტატია საჭირო. „ოცნებამ“ რეალური საფრთხე დაინახა – სულ 10-12 დღეღაა დარჩენილი, რომ პარლამენტმა ფუნქცია და ლეგიტიმაცია დაკარგოს. სხვათა შორის, ამას პირდაპირ კანონი ითვალისწინებს, მაგრამ ამაზე „ოცნება“ არ საუბრობს, ანუ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას ასი და მეტი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ იძენსო. შეიძლება, ასზე მეტი დეპუტატის უფლებამოისლება იქნეს ცნობილი, მაგრამ თუ ამის შემდეგ ეს რიცხვი ასზე ქვემოთ ჩამოვიდა, მაშინ ეს უფლებამოსილება თავისთავად დაიკარგება.
– უფლებამოსილების დაკარგვა რას ნიშნავს, ბატონო გოჩა, ანუ თუ პარლამენტი უფლებამოსილებას დაკარგავს, „ოცნება“ და, საერთოდ, ქვეყანა, რა პრობლემის წინაშე დადგება?
– როცა ქვეყანას არალეგიტიმური პარლამენტი აქვს, „ოცნებას“ უნდა თუ არა, დღის წერსიგში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი დგება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმაც სწორედ ეს თქვა, კერძოდ, განაცხადა, დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ, რათა საქართველოს ფუნქციური და ლეგიტიმური პარლამენტი ჰქონდესო. ოპოზიციის ძალისხმევა – ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართვა – სწორედ იმას ემსახურება, რომ „ოცნებამ“ ქვეყანას კიდევ უფრო არ ავნოს! ვხედავთ, ხელისუფლება ყოველდღე არათანმიმდევრულ და არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს! ამიტომ ყველას გვეუფლება განცდა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება ბავშვებმა ჩაიგდეს ხელში და თამაშობენ! ამაზე კობახიძის ნებისმიერი გამოსვლა და განცხადება მეტყველებს! სამწუხარო ისაა, რომ რიგ შემთხვევაში ყველაფერი ეს გასდით!
– გეთახნმებით, მაგრამ უფრო განვმარტოთ, არალეგიტიმურობა რას ნიშნავს, ანუ კანონს, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი მიიღებს, კანონის ძალა არ ექნება, პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე გაჩნდება თუ, უბრალოდ, მორალურ უხერხულობასთან გვექნება საქმე?
– პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზეც იქნება და ქვეყნის შიგნითაც.
– დამისაბუთეთ, რატომ?
– წეღანდელი თქმისა არ იყოს, პარლამენტის ლეგიტიმაციას ასი და მეტი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა სჭირდება. ორი დღეა, ხელისუფლება ლოგიკაზე გვესაუბრება, კანონში კი არ წერია, თუ პარლამენტში არ შემოდიან, პარტიები დაფინანსებას ვერ მიიღებენ, მაგრამ თუ საკანონმდებლო ორგანოში არ შემოვლენ, მაშინ ლოგიკურია, დაფინანსებაც არ მიიღონო.
საერთოდ, პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც კანონებს იღებს და საქართველოს მოსახლეობა ყველაფერ ამაში ფულს იხდის. ის პარლამენტი, სადაც ასე ნაკლები წევრია, ცვლილებას მხოლოდ კონსტიტუციაში კი არა, ვერც ისეთ ორგანულ კანონში შეიტანს, რომელიც, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებას ეხება.
ამასთან, ასეთი პარლამენტი ვერ გააფორმებს ან ბათლად ვერ გამოაცხადებს ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელიც სასაზღვრო ან ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ეხება. აი, ვთქვათ, ღმერთმა ქნას და ხვალ აფხაზეთს ან ცხინვალს გაუჩნდეს სურვილი, ამ რუსეთთან აღარ გვინდა და მოდით, ისევ ერთად ვიყოთო. საამისოდ არჩევნების დანიშვნა და ხელშეკრულებების გაფორმება იქნება საჭირო, მაგრამ ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვუთხრათ, პარლამენტში კობახიძეები და სხვა ბავშვები გვყავს, ამიტომ არ შეგვიძლია ან ერთობლივი არჩევნები ჩავატაროთ, ან ხელშეკრულებები გავაფორმოთო.
კიდევ უფრო მარტივ მაგალითს მოვიყვან: დღეს ყველანი დავითგარეჯის კომპლექსზე ვსაუბრობთ და იმ დამნაშავეს ვეძებთ, ვინც ეს ტერიტორია გაყიდა. ხვალ ალიევმა რომ თქვას, ხალხო, ამისთვის ერთმანეთს ნუ ხოცავთ, მზად ვართ, ხელშეკრულება გაგიფორომოთ და დავითგარეჯის კომპლექსი წაიღეთო, ჩვენ მასაც ვეტყვით, ამისთვის მზად არ ვართ, რადგან პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს, რადგან საზღვარს ეხებაო.
სხვათა შორის, პრეზიდენტმა ისეთი ქმედება რომ ჩაიდინოს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ჩარჩოში არ ჯდება, ეს პარლამენტი მისი იმპიჩმენტის პროცედურასაც ვერ დაიწყებს.
მოკლედ, ამ ლოგიკით რელობა შემდეგია: ისეთი საკანონმდებლო ორგანო გვაქვს, რომელიც მთელ რიგ კანონებს ვერ მიიღებს, არადა, საკანონმდებლო ორგანო სწორედ კანონების მისაღებად არსებობს!
– ე. ი,, თუ „ოცნება“ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და მათი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ინიციატივას კანონად აქცევს, ეს კანონიც, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, არალეგიტიმური, ანუ უკანონო იქნება?
– დიახ, ეს კანონი არაკონსტიტუციური იქნება. საერთოდ, არ შეიძლება, კანონს უკუქმედების ძალა ჰქონდეს.
– ეს რა შუაშია?
– პარტიები დაფინანსებას იმის გამო კი არ იღებენ, პარლამენტში შედიან თუ არა, არამედ იმის გამო, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახეს. პარტიებს ეს დაფინანსება უკვე მიღებული აქვთ – ცესკო-ს მიმართეს და, თუ არ ვცდები, ზოგიერთმა დაფინანსება მიიღო კიდეც. აქ განსხვავებულად მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“ გამოიყურება.
– რატომ?
– „პატრიოტთა ალიანსს“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ რომ არ მიეღო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაფინანსებას მაინც მიიღებდა, რადგან 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბარიერი გადალახა.
მოკლედ, ახალი ინიციატივა ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ვისაც ეხება, ხომ არ შეიძლება, კანონს მათთვის უკუქმედების ძალა ჰქონდეს?
იცით, ხელისუფლებას საუბარი საით მიჰყავს?
– საით?
– თქვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ცნობთო. ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს იმიტომ არ ვცნობთ, რომ „ოცნებამ“ ხმები მიიტაცა და მეტი დაიწერა, სხვას კი, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს“ – ნაკლები დაუწერა. სხვა პოლიტიკური პარტიებიც ანალოგიურად ფიქრობენ. კი ბატონო, ამ შედეგებს არ ვცნობთ, მაგრამ „ოცნებამ“ ეს შედეგები დააკანონა და თუ დააკანონა, მაშინ პარტიებს დაფინანსებაც უნდა მისცე.
სხვათა შორის, იმაზე არავინ საუბრობს, რომ ამ გაყალბებული არჩევნებით, რითიც ჩვენი ხმები მიიტაცა, „ოცნება“ 20-მილიონიან დაფინანსებას მიიღებს, ანუ სხვადასხვა პარტიის, მათ შორის, „პატრიოტთა ალიანსის“ მრავალრიცხოვანი ხმებით დაფინანსებასაც მიიტაცებს.
– ჩვენში დარჩეს და, „ოცნება“ ასე არ ფიქრობს, ანუ კობახიძის ლოგიკით, პარლამენტში არშესვლა ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია, როგორიც პარლამენტია, ამიტომაც, კობახიძის რწმენით, „საბოტაჟნიკი“ ოპოზიცია სათანადოდ უნდა დაისაჯოს… ბატონო გოჩა, პარლამენტში არშესვლა მართლა საბოტაჟია თუ – დემოკრატიული ბრძოლის ფორმა?
– ოპოზიციის პროტესტი გაყალბებული არჩევნების მიუღებლობაა. მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას კი არა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს.
სხვათა შორის, არჩევნების გაყალბება დანაშაულია და ჩვენ სწორედ ამ დანაშაულის წინააღმდეგ ვიბრძვით! თუ ხელისუფლება ამბობს, ოპოზიცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებსო, ეს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და მაშინ ხელისუფლებამ ეს მექანიზმიც უნდა აამოქმედოს!
ისე, ბოიკოტი მაშინ იქნებოდა, პარლამენტში რომ შევსულიყავით და პლენარულ სხდომებს არ დავსწრებოდით, მაგრამ იმას, რაც ახლა ხდება, სხვა სახელი ჰქვია: არ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება წაერთვას და ქვეყანაში სიყალბე დაკანონდეს!
აქვე, ეთსაც ვიტყვი: თუ დღეს სხვა ოპოზიციის ქმედებები „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებებს ჰგავს, ეს ჩვენი კი არა, ხელისუფლების დამსახურებაა, თორემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიმართ „პატრიოტთა ალიანსის“ დამოკიდებულება არახალია და ამის შესახებ ყველამ იცის.
– „ოცნებას“, როგორც კობახიძის პირით გვამცნო, „გირჩისა“ და მოქალაქეების“ მიმართ სიმპათია აქვს. სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, „პატრიოტთა ალიანსსაც“, რადიკალურად მიშასგან მართულად მიიჩნევს. მითხარით, სააკაშვილი როგორ გმართავთ?
– ათწლეულებია, ასეთი რაღაცები გვესმის.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითად, თუ წინა ხელისუფლების დროს „ნაცმოძრაობას“ არ უჭერდი მხარს, მაშინ რუსეთის აგენტი იყავი, ახლა კი, თუ „ოცნებას“ არ უჭერ მხარს, აუცილებლად „ნაცმოძრაობის“ მოხმრე ხარ, მაგრამ ამაზე მსჯელობა, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია!
ერთხელ კობახიძესაც ვუთხარი.
– რა უთხარით?
– შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ წევრი ოფიციალურად არასდოეს ყოფილა, მაგრამ იგი თავისი მენტალობით, აზროვნებითა და ქმედებებით „ნაცმოძრაობის“ მხოლოდ მომხრე კი არა, წევრიცაა!
რაც შეეხება იმას, რომ „ოცნება“ მიიჩნევს, ელისაშვილის „მოქალქეები“ და „გირჩი“ დღეს მისი მოკავშირეა, საერთოდ, უბედურებაა, როცა ხელისუფლება არჩევს, პარლამენტში ეს ოპოზიცია მჭირდება და ის – არაო.
მეტიც, რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ში“ საფრთხის შემცველი განცხადება გააკეთა, – „ქართული ოცნება“ და მისი იუსტიციის სამინისტროო. ე. ი., იუსტიციისა და ყველა სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლება ქართული სახელმწიფოსი კი არა, „ოცნებისაა“. ამ გუნდს საკანონმდებლო ხელისუფლებაც მიტაცებული აქვს და – აღმასრულებელიც, სასამართლოზე აღარაფერს ვამბობ! დიალოგსაც იმიტომ აქვს აზრი, რომ ჩვენი და საერთაშორისო ძალისხმევით ხელისუფლება იქნებ, იქამდე მივიყვანოთ, რომ ვადამდელი არჩევნები თავად დანიშნოს, თორემ იმ დროს, როცა პარლამენტის რიცხოვნობა ასს ჩამოსცდება, ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგება!
– ბატონო გოჩა, პარლამენტში სულ 90 დეპუტატია.
– დიახ, მაგრამ იგივე მეც, გოჩა თევდორაძეც, ფორმალურად ჯერ პარლამენტის წევრი ვარ, ანუ ის 50 დეპუტატი, რომელმაც უფლებამოსილების მოხსნაზე განცხადება დაწერა, ისევ პარლამენტის წევრია, ანუ უფლებამოსილების მოხსნის ვადა არ გასულა. საერთოდ, დეპუტატს აზრის შეცვლის უფლება ზემოხსენებული განცხადების დაწერიდან შვიდი დღის განმავლობაში აქვს, ამიტომაც კანონი ითვალისწინებს, რომ საპროცედურო კომიტეტმა განცხადების განხილვა მერვე დღეს დაიწყოს და მეთხუთმეტე დღეს ეს განხილვა უკვე დასრულებული ჰქონდეს. ამის შემდეგ, თუ ამ თემას კენჭი არ უყარა, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ ჩატარდება.
– პარლამენტი, როგორც ვიცი, საშემოდგომო სესიებს უკვე ამთავრებს. შესაბამისად, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების მოხსნა ახალ წლამდე შესაძლოა, ვეღარ მოესწროს და „ოცნებამ“ ეს თემა თებერვლამდე გადადოს, რითაც დროს მოიგებს. არ მეთანხმებით?
– შეიძლება, „ოცნებამ“ ეს საკითხი საგაზახფულო სესიებამდე გადაიტანოს, მაგრამ საგაზაფხულო სესიების პირველ სხდომაზევე უნდა განიხილოს.
ისე, თავის დროზე, კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციონერებს ოთხი წელი, თურმე, ხელბორკილებს დაგვადებდა და პარლამენტში ძალით ვეყოლებოდით, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, ვიღაცამ გონზე მოიყვანა, – ასეთ რაღაცებს ნუ ამბობო და რიტორიკაც შეცვალა.
– ბოლოს, ბატონო გოჩა, ყველა ვხვდებით, რომ „ოცნებისთვის“ მთავარი პრობლემა „ნაცმოძრაობაა“ და მასთან ბრძოლაში სხვა ოპოზიციური პარტიებიც იჩაგრებიან. ასე არაა?
– არა, ბატონო, არა! „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციაც „ოცნებამ“ მოახდინა და ახლაც ინარჩუნებს. საერთოდ, ის, რაც კობახიძემ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ თქვა, „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნებისკენაა მიმართული.
– როგორ?
– პარტიამ საარჩევნო რეგისტრაცია შეიძლება, მაშინ მიიღოს ან გააუქმოს, როცა არჩევნები ინიშნება. ჰოდა, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბარი ახლა რატომ დაიწყო? ოთხი თვის წინათაც, როცა „ნაცმოძრაობა“, როგორც საარჩევნო სუბიექტი, დარეგისტრირდა, იგივე რეალობა იყო და რეგისტრაცია მაშინ რატომ არ გააუქმეს?
მოკლედ, კობახიძე ახლა ჰაერზე გველაპარაკება და გვეუბნება, რომ ამ ჰაერს გააუქმებს!
გიორგი აბაშიძე