ვინ გახდება ივანიშვილის შემცვლელი – კალაძე თუ კობახიძე?

ოლიგარქის მორიგი ტრიუკი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, მორიგი ტრიუკისთვის ემზადება. ის კიდევ ერთხელ აპირებს პოლიტიკიდან გაუჩინარებას. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს და ამ თანამდებობას ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ივანიშვილი პარტიის სადავეების გადაცემას კახა კალაძისთვის აპირებს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ხშირად ცვლის თავის გადაწყვეტილებას. არაა გამორიცხული, მან ვინმე ისეთი დატოვოს მემკვიდრედ, მთელი ერი, თავის „ქართული ოცნებიანად“, შოკში ჩავარდეს.

იგი პოლიტიკიდან გაუჩინარებას, ალბათ, არ გადაიფიქრებს. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ის დაიღალა, რომ ყველა მას ლანძღავს. საერთაშორისო თანამეგობრობაც მისგან ითხოვს პასუხს. არაა გამორიცხული, დღის წესრიგში ფინანსური სანქციების დაწესების საკითხიც დადგეს. თავის ქონებას ივანიშვილი თვალის ჩინივით უფრთხილდება.  მას მშვიდი ცხოვრება მოენატრა, ისეთი – 2018 წლამდე რომ ჰქონდა. 2018 წლამდეც ის მართავდა ქვეყანას, მაგრამ არანაირი თანამდებობა არ ეკავა და მისკენ ასე აქტიურად აღარ იშვერდნენ ხელს.

2018 წელს პარტიაშიც დაეძაბა ვითარება. ირაკლი კობახიძის კლანმა მაშინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს დაარტყა. ივანიშვილი იძულებული გახდა, პარტიაში დაბრუნებულიყო და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაეკავებინა. მოგვიანებით, მან აღიარა, რომ მისი თანაგუნდელებიდან ბევრს არ სურდა, ის პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას კობახიძე-კალაძის გუნდისგან წააწყდა. პარტიულ ბრძოლაშიც მათ გაიმარჯვეს და კვირიკაშვილი თანამდებობიდან გაუშვეს.

კალაძე-კობახიძის გუნდს პრემიერობიდან გიორგი გახარიას გაშვებაც სურდა, მაგრამ არ გამოუვიდათ. გიორგი გახარია უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ის ისევ წარადგინა პრემიერის პოსტზე. მას თავისი გუნდი ისევ არ ჰყავს, არც პარლამენტში და არც მთავრობაში. შესაბამისად, თანამდებობისა და პოზიციების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

პრემიერის პოსტის დაკავება ძალიან უნდოდა ირაკლი კობახიძეს. ის არც პარლამენტის თავმჯდომარეობაზე იტყოდა უარს. განიხილებოდა კიდევაც ეს საკითხი, მაგრამ არჩილ თალაკვაძე დაიმუქრა, რომ რაღაც-რაღაცებს იტყოდა. მმართველ პარტიაში დამატებით სკანდალებს მოერიდნენ და სპიკერად ისევ თალაკვაძე აირჩიეს, რომელიც აგრესიული კობახიძის ფონზე მშვიდობის მტრედად გამოიყურება.

აღსანიშნავია, რომ კობახიძე მასაც ებრძვის. გასული წლის ბოლოს კალაძე და თალაკვაძე კომოს ტბაზე საძიგძიგოდ რომ გაიპარნენ, ხომ გახსოვთ? ეგ ამბავი მედიას სწორედ ირაკლი კობახიძემ მიაწოდა. თალაკვაძის ცნობილი სატელეფონო საუბარიც გემახსოვრებათ, – ვიღაცას რომ ეუბნებოდა, იმ ასეთმა და ასეთმა ეჭვიანმა არ გაიგოს, მე და კალაძე რომ ერთად ვართო. იფიქრეს, რომ ივანიშვილზე საუბრობდა, არადა, ირაკლი კობახიძეს გულისხმობდა.

დღეს ის თანამდებობის გარეშეა დარჩენილი. მისი მისია, ამ ეტაპზე, ოპოზიციის ლანძღვაა, რასაც წარმატებით ართმევს თავს. ივანიშვილზე განაწყენებული  პოლიტიკურ ოპონენტებზე იყრის ჯავრს.  პარტიის თავმჯდომარედ მისი დანიშვნა დიდ აგრესიას გამოიწვევს, მათ შორის, თავად „ქართულ ოცნებაშიც“. იქ ეს ადამიანი ბევრს არ უყვარს. ყველას აინტერესებს, სად იყო კობახიძე მაშინ, როცა ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდნენ?

ივანიშვილს სხვების, განსაკუთრებით მის დაქვემდებარებაში მყოფების, აზრი ნაკლებად აინტერესებს, თუმცა არც ირაკლი კობახიძის გაჯიუტება ექნება დავიწყებული. „გავრილოვის ღამეს“ კობახიძე ბაქოში გაფრინდა. იქიდან შემოგვითვალა, არც გადავდგები და არც ვიზიტის დასრულებამდე ჩამოვალო. ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებდა – ოთახში ჩაიკეტა და აღარ გამოდიოდა. ალბათ, გახსოვთ, მაშინ განცხადება მისი გადადგომის შესახებ კახა კალაძემ გააკეთა.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ივანიშვილს კალაძე დიდად არ უყვარს, მაგრამ მას უფრო ენდობა. თბილისის მერი მის შვილთან მეგობრობს, ბერა კი პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული. მას პარლამენტშიც კი ჰყავს თავისი ხალხი. ამის გარდა, კალაძეზე ბევრი კომპრომატი დევს სუსის თაროებზე. საჭიროების შემთხვევაში ივანიშვილი ამ საქმეებს გააცოცხლებს. სუსში მისი ერთგული ხალხია.

ირაკლი კობახიძეს რაც შეეხება, არავინ და, მათ შორის, ივანიშვილმაც არ უწყის, ეს ახალგაზრდა როდის გაჭედავს. „ქართული ოცნების“ ლიდერს ისიც ექნება გაგებული, კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილი როგორ საუბრობდნენ პრივატულად, – კვირიკაშვილი როგორც ჩამოვიშორეთ, ეგრე ჩამოვაშორებთ პოლიტიკას ივანიშვილსო.

მთავარ მეოცნებეს ისიც ემახსოვრება, ირაკლი კობახიძემ როგორ გამოაცხადა პირველ ტურში გამარჯვებულად სალომე ზურაბიშვილი. ეს შედეგები მან ზურაბ ბიგვავას ჩატარებული კვლევის მიხედვით დადო. როგორც „ოცნების“ კულუარებში „ქრონიკა +“-ს უთხრეს, მაშინ ბიგვავამ ეს შედეგი ირაკლი კობახიძის მოთხოვნით დაწერა. პარლამენტის სპიკერმა ის დაარწმუნაა, რომ ასეთი ციფრი მიეღო, რადგან ზურაბიშვილი უპირობოდ აგებდა.

როგორც „ქართული ოცნების“ კულუარებში ამბობენ, ყველაფერი მომდევნო კვირას გაირკვევა. და თუ კობახიძე დატოვა პარტიაში მემკვიდრედ, ის იმ ოპოზიციას დააფუძნებს, რომლის შექმნასაც 2012 წელს შეგვპირდა. უკვე პრემიერის რანგში მყოფმა ივანიშვილმა გვითხრა, რომ სიტუაციას დაალაგებდა და მერე წავიდოდა პოლიტიკიდან, ხოლო თუ დაინახავდა, რომ „ქართული ოცნება“ სათანადოდ ვერ ართმევდა საქმეს თავს, თავად შექმნიდა ოპოზიციას.

ახლანდელი „ქართული ოცნების“ შემადგენლობა „ოცნების“ მომხრეებსაც აღიაზიანებს და თუ ივანიშვილი მის საპირწონე ოპოზიციას შექმნის, სიამოვნებით დაუჭერენ მხარს. პოლიტიკიდან დროებით გასული ივანიშვილი დასავლეთის რისხვას აიცილებს თავიდან და  მობრუნების შანსიც მიეცემა.

შორენა მარსაგიშვილი