ლელა ჯეჯელავა: „ოცნებას“ თვითგანადგურების მექანიზმი აქვს ჩართული და თანდათან უფრო მძიმე შეცდომებს დაუშვებს!“
აფრიკის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ განვითარებულმა მოვლენებმა მთელი ქვეყენა, მათ შორის, „ქოცების“ უმეტესობაც შეძრა. ადამიანებს, რომელთაც სახლები ვანდალურად დაუნგრიეს, მიწის ნაკვეთები შესაძლოა, უკანონოდ ჰქონდათ მითვისებული, მაგრამ დღემდე არ არსებობს კითხვაზე პასუხი, – რა აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს, ამ პანდემიისა და ცივი ზამთრის დროს, ასე სასტიკად გასწორებოდა? ამ თემაზე საუბრისას „ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ „ოცნებას“ თვითგანადგურების რეჟიმი აქვს ჩართული და თანდათან უფრო მძიმე შეცდომებსაც დაუშვებს:
– ქალბატონო ლელა, ის, რაც რამდენიმე დღის წინ აფრიკის დასახლებაში მოხდა, არის თუ არა ვანდალიზმი? ისე, ჩემი რამდენიმე ნაცნობი „ქოცი“ ამტკიცებს, ეს ადამიანები სოციალურად დაუცველები არ არიან, მერიამ უკანონოდ აშენებული სახლები დაანგრია და, დიახაც, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოსო…
– სიმართლე გითხრათ, იმ დღეს ძალიან მძაფრი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და ასეთი ემოციური დატვირთვა კარგა ხანია, არც მქონია. იცით, რა ხდება? – მესმის, რომ ქვეყანაში კანონი უზენაესია, მაგრამ კანონის აღსრულებასაც თავისი ფორმა აქვს. რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ პანდემიის დროს, ამ ზამთარსა და სიცივეში, ადამიანებს ასე მოქცეოდნენ? თბილისის მერი ფართის დაქირავებასა თუ თავშესაფარზე პოსტფაქტუმ რომ საუბრობდა, ნუთუ, არ შეიძლებოდა, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებებით მოეგვარებინათ და ბულდოზერები მერე მიეყენებინათ?
ისე, ყველაფერ ამას ცოტა სხვაგვარად ვუყურებ.
– როგრო სხვაგვარად?
– მგონია, რომ ხელისუფლებას თვითგანადგურების მექანიზმი აქვს ჩართული და თანდათან უფრო მძიმე შეცდომებს დაუშვებს. „ოცნების“ მდგომარეობაში ყოფნა ადვილი არაა და ამიტომ იგი შეეცდება, იმის შესანარჩუნებლად, რაც ხალხისგან აქვს მიტაცებული, ყველა დაშვებული და დაუშვებელი გზა გამოიყენოს.
ის, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა, პირველ რიგში, ძალის დემონსტრირება იყო, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო – მომხდართან დაკავშირებით მთელი საზოგადოება, პრაქტიკულად, ერთსულოვანია.
აქვე, ყურადღებას, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებ: ინგა გრიგოლიას გადაცემაში დათო ოქიტაშვილი ცდილობდა, ხელისუფლება თაბუკაშვილის ქუჩის ამბების გახსენებით გაემართლებინა (ანუ როგორც ახლა მოდურია, „გაეპრავებინა“) და განაცხადა, მაშინაც ახალი წლის წინა დღეები იყოო. თუ თაბუკაშვილის ქუჩის მოვლენებმა შეგძრა და შეგაწუხა, შეუძლებელია, ძალიან ცხადი კადრები, მით უმეტეს, ერთი ხანდაზმული მამაკაცისა, რომელიც საკაცით გამოჰყავდათ და რომელსაც მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, არ დაგმახსოვრებოდა და ოდესმე აგრეოდა, ყველაფერი ეს წელიწადის რომელ დროს მოხდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებს, საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად და შესანარჩუნებლად, ყველაფრის გამართლება შეუძლიათ.
– არადა, ალოგიკურია: თაბუკაშვილის ქუჩის მოვლენებს გმობდე და აფრიკის დასახლების ვანდალიზმს ამართლებდე!.. ქალბატონო ლელა, წეღან თქვით, „ოცნება“ კიდევ უფრო მძიმე შეცდომებს დაუშვებსო, ე.ი., მასობრივ რეპრესიებს უნდა ველოდოთ – ყველას, ვინც „ქოცი“ არაა, დაიჭერს?
– მცდელობა რომც ჰქონდეს, ცხადია, ყველას ვერ დაიჭერს, მაგრამ ეს ხელისუფლება აუცილებლად ჩამოინგრევა! სხვათა შორის, ვამბობდი, „ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს-მეთქი და ვერც მოიგო!
– არ ვიცი, ვერმოგებას რას ეძახით, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩა!
– მესამე ვადთ დარჩა თუ არა, ეს ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას! „ოცნებამ“ ის მიიტაცა, რაც არ ეკუთვნოდა!
– კი ბატონო, მაგრამ აი, მაგალითად, ვინმე ელისაშვილი „ოცნებას“ ღიად „აპრავებს“, გრიგლ ვაშაძემაც, ენმ–ს თავმჯდომარის პოსტისა და საერთოდ, პარტიის დატოვებით, ივანიშვილის გუნდის წისქვილზე დაასხა წყალი. ყველაფერი ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის ვინც ჩვეულებრივი თანხით ვერ იყიდა, „ოცნება“ დიდი ფულით იყიდის?
– ჯერ არ ვიცით, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში შევა თუ არა – პირადად მე მისგან ამას არ ველი, ანუ რადგან პარტიიდან წავიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტში აუცილებლად შევა. ისე, ხატია დეკანოიძის შეფასება მომწეონა, – გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენო. გრიგოლ ვაშაძე ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად იყო და, ჩემი აზრით, ძალიან უხერხულია, როცა გადამდგარი გენერალი ჯარს წერილობით ესაუბრება. დავუშვათ, თუ მისი და გუნდის პოზიცია ერთმანეთს სცდებოდა, მაშინ ისე უნდა წასულიყო, რომ კითხვის ნიშნები არ დაეტოვებინა. ისე კი თეა წულუკიანის დითირამბები გრიგოლ ვაშაძეს რას შესძენს, ჩემთვის ნაკლებადაა საინტერესო. ჩემი გადასახედიდან, ეს მხოლოდ დააზიანებს მას…
– მეც ასე მგონია, მაგრამ იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ გრიგოლ ვაშაძის ნაბიჯი, თუნდაც იდეოლოგიურ–პიარულად, „ოცნებას“ მომგებიან პოზიციაში აყენებს?
– „ქოცების“ თავზე დანთებულ ცეცხლს ვაშაძე კი არა, მთლად წარღვნა რომ მოვიდეს, ისიც ვერ ჩააქრობს!
საქმე მარტივად არც ქვეყნის შიგნითაა, არც – გარეთ და ეს ხელისუფლება უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას. „ოცნება“ იძულებულია, მიტაცებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია გაუკეთოს. ამიტომ თავის ენერგიასა და ძალისხმევას იმაზე კი არ ხარჯავს, რითიც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს, არამედ სულ სხვა რამეს ახმარს.
– ისე, ბოლომდე გულწრფელი თუ ვიქნებით, საგარეო გამოწვევები მაინცდამაინც არც ოპოზიციას აინტერესებს. აი, მაგალითად, ჩვენს ოპოზიციას ერდოღანის ინიციატივაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ე.წ. ექვსთა კავშირის შექმნას გულისხმობს, სიტყვაც არ დაუსველებია… არ გეჩვენებათ, რომ გლობალურ თემებზე, მინიმუმ, სალაპარაკოდ მზად არც ოპოზიციაა?
– დღეს აქცენტები სრულიად სხვა მიმართულებით გადავიდა. არადა, ქვეყანას განსხვავებული ტიპის ძალისხმევა და ენერგია სჭირდება, რათა ფიზიკურად გადარჩენა (ჯერ კრიზისიდან გამოსვლა, შემდეგ კი განვითარებაზე ფიქრი) შევძლოთ!
სხვათა შორის, აშშ-მ ნატოს წევრ ქვეყანას უკვე სანქციები დაუწესა.
– თურქეთს გულისხმობთ?
– დიახ. უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთთან მიმართებით დამოკიდებულებას ევროპის ქვეყნებიც შეცვლიან და ეს მაშინ, როცა ვხედავთ, რომ თურქეთი და რუსეთი რეგიონში რაღაც გაერთიანებას გვთავაზობენ, რაც ამ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაში ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელია.
მოკლედ, კიდევ ვიმეორებ: ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების დამსახურებაა და მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ყველაფერი ეს კი იქითკენ მიდის, რომ „ოცნება“ ბევრად უფრო რთულად, ბევრად უფრი ადრე და ბევრად უფრო მძიმე შედეგით დაასრულებს, რაც კარგი არც „ოცნებისთვის“ იქნება და არც – ქვეყნისთვის.
– მაშასადამე, ქალბატონო ლელა, რევოლუციას ელოდებით?
– არ მითქვამს, რევოლუციას ველოდები-მეთქი. მე მოვლენათა განვითარებასა და კვანძის გახსნას ველოდები. საერთოდ, არ არსებობს დრამატურგია, სადაც კვანძი არ იხსნება.
– და იმ დროს, როცა გერმანიის ელჩი „ოცნების“ სასარგებლო განცხადებებს აკეთებს და იგივე აშშ–ის საელჩოც ხელისუფლების მფარველობაშია მხილებული, კვანძი როგორ გაიხსნება? ჩვენ ხომ აქამდე სულ იმის იმედი გვქონდა, აი, დასავლეთი საქართველოში ავტოკრატიას არ შეეგუებაო… მოკლედ, კვანძი სად და როგორ უნდა გაიხსნას?
– კვანძი იქ უნდა გაიხსნას, რომ დასავლეთთან ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო. ალბათ, გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია ქვეყნის გარეთ ძალიან კარგად მუშაობდა და შედეგებიც შესანიშნავი ჰქონდა, ანუ დასავლეთთან ურთიერთობის ინიციატივა ხელთ ეპყრა.
– ოპოზიციამ ეს ინიციატივა ხელიდან რატომ გაუშვა?
– ოპოზციის ნაწილი არ ვარ და არ ვიცი, ინიციატივა რატომ გაუშვა, მაგრამ ფაქტია: ეს საკმაოდ დიდი შეცდომაა, რომლის გამოსწორებაზეც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა იფიქროს!
ასევე დროა, ოპოზიციამ იმაზეც იფიქროს, რომ ქვეყნის განვითარების ალტერნატიული ხედვა და პროექტები გვქონდეს, რომლითაც ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოვა.
დღეს საინტერესო აღარავისთვისაა, რომ ხელისუფლება ცუდია.
– დიახ, „ოცნების“, როგორც ხელისუფლების სიცუდე ჩვენი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა, მაგრამ დასავლეთი საიმედო პარტნიორს, ეგებ, ოპოზიციაშიც ვერ ხედავს და ივანიშვილის გუნდს ამიტომაც ებღაუჭება?
– ოპოზიციამ დასავლეთის დარწმუნება უნდა შეძლოს, რომ მისი საიმედო პარტნიორია, თორემ დითირამბები: „რა კარგია დასავლეთი და ჰერი-ჰერი, დასავლეთისკენ მივიჩქარითო“, არაფერს მოიტანს. დასავლეთს სწორედ ის სჭირდება, რაზედაც ვსაუბრობ, ანუ, ქვეყნის განვითარების, პარტნიორობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნათელი ხედვები და პროექტები უნდა.
თუ დასავლეთს არ ეცოდინება, ჩვენ რა გვინდა და საითკენ მივდივართ, ამის გარეშე ძალიან ძნელია, მას მხარდაჭერა ვთხოვოთ!
– ქალბატონო ლელა, ე. ი. ჩვენი გადარჩენის გასაღები ჩვენსავე ხელთაა, მაგრამ იმ კვანძის გახსნას, რომელზედაც წეღან საუბრობდით, ხომ შეიძლება, ორი წელი დასჭირდეს? – კულუარებში ამბობენ, ახალი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 2022 წელს დაინიშნოსო. ჰოდა, ამ ორ წელიწადში სოციალურ–ეკონომიკური ვითარება უარესად დამძიმდება და ხალხმა რა უნდა ქნას?
– კვანძის გახსნა ხელისუფლების ქმედებებზე, ოპოზიციის ძალისხმევასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
– „ოცნება“ აპირებს, რომ კანონში შეიტანოს ცვლილებები, რომლითაც პანდემიის საბაბით შეზღუდვების შემოღების უფლება კიდევ ექვსი თვით ექნება. აი, ამ მოცემულობაში საზოგადოებას – მე და თქვენ – რისი გაგკეთება შეგვიძლია?
– ღმერთო ჩემო! მთლად ადეკვატური შედარება არაა, მაგრამ ფერმაში გამოკეტილი ცხოველები ერთ დღეს შეიძლება, გამოიქცნენ.
– ანუ?
– თუ ადამიანის სასიცოცხლო უფლებები მინიმალურადაც არ იქნება უზრუნველყოფილი, რასაკვირველია, აჯანყება მოხდება და მთელი პასუხისმგებლობა „ოცნებას“ დაეკისრება!
ისე, ხელისუფლებამ იმისთვის რა გააკეთა, რომ სიტუაცია თუნდაც ჯანდაცვის მიმართულებით ემართა? წარმატებები რომელ სფეროში გვაქვს – ეკონომიკისა თუ სოციალურში? „ოცნების“ ლეგიტიმაციის საფუძველი რა არის?
– ქალბატონო ლელა, მე რომ „ქოცი“ ვიყო, უპირობოდ გეტყოდით, – დაუნახავი ხართ, თორემ 100 ქარხანა რომ გუგუნებს, აუცილებლად შეამჩნევდით–მეთქი.
– რა უნდა დავინახოთ?
– აი, თუნდაც ის, რომ „ქოცების“ ლოგიკით, აფრიკის დასახლებაში ხალხს საცხოვრებელი სახლები კი არა, „დაჩები“ დაუნგრიეს, რადგან მერიამ თაღლითური სქემა გაშიფრა…
– იმ კადრებიდან, რომელიც ტელევზიით ვნახეთ, ძალიან ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ეს ადამიანები იმ სოციალურ ჯგუფს არ განეკუთვნებიან, რომელიც აგარაკების აშენებაზე ფიქრობს!
– ქალბატონო ლელა, ადვილად შესამჩნევი ჩემთვის და თქვენთვის იყო, თორემ „ქოცები“ სხვანაირად აზროვნებენ…
– მნიშვნელოვანი არაა, „ქოცები“ როგორ ფიქრობენ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ისე არ ფიქრობს, როგორც „ქოცები“ ფიქრობენ და ეს ამ არჩევნებმაც დაადასტურა! სხვათა შორის, „ქოცებივით“ მათი ნაწილიც კი არ ფიქრობს, ვინც „ოცნებას“ რაღაც ფობიების გამო მისცა ხმა.
– ისე, აფრიკის დასახლების მოვლენებზე საპატრიარქოს არაფერი უთქვამს. ქალბატონო ლელა, თქვენ ამ ინსტიტუციას ძალიან კარგად იცნობს. ჰოდა, მითხარით, ეკლესია, რომელსაც საზოგადოების დიდი ნდობა აქვს, ასეთ დროს უნდა დუმდეს?
– როცა ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური, პოლიტიკური და მორალური კრიზისია, ეკლესია მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კი არა, ძალიან ბევრ რამეზე უნდა რეაგირებდეს.
საერთოდ, ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაფინანსებული ინსტიტუციაა, სოციალურ პროექტებს უნდა ახორციელებდეს და ამით მხოლოდ ადამიანებს კი არა, სახელმწიფოსაც შეეხიდებოდა!
გიორგი აბაშიძე