ვინ არის ბათუმელი ბოშა, რომლის ფოტომაც სოციალური სამყარო დაიპყრო?
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტო, სადაც ბათუმელ ბოშა გოგონას მასწავლებელი ქუჩაში ამეცადინებს.
როგორც აღმოჩნდა, ბოშა გოგო ბათუმში ყველასთვის ცნობილი 12 წლის ლეილაა, მისი მასწავლებელი კი „ნაცმოძრაობის“ წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძეა.
ქალბატონი ასმათი „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ ლეილა ძალიან ჭკვიანი ბავშვია და მის შეთავაზებას მეცადინეობაზე დასთანხმდა.
მისი თქმით, გოგონა ვერ ცნობს ციფრებს, თუმცა მისი „პროფესიიდან“ გამომდინარე, ცნობს ფულს და შეუძლია ანგარიში.
გოგონა ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოჩნდა:
„ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ სისტემატურად დადიოდა, ვაკვირდებოდით და მივხვდით, რომ ელემენტარული რაღაცები არ იცოდა. საღამოს ღუმელთან რომ ვისხედით, ჩვენთან ერთად იჯდა. ეს ის დრო იყო, როცა ბავშვი სახლში უნდა ყოფილიყო ნორმალურ პირობებში. მაშინ გავარკვიე, რომ ჰყავს და-ძმები, სახლიც აქვს, მაგრამ თავისით ირჩენენ თავს აი, ამ ფორმით, – თხოვნით. როცა ვკითხე, ანბანი არ იცოდა. ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს და რუსული საერთოდ არ იცის. დავიწყეთ ურთიერთობა და გადავწყვიტე, რომ სანამ აქ ვართ და შემდეგაც გვერდით დავუდგეთ. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა აიღოს, მაგრამ მას საერთოდ არ აინტერესებს ეს ბავშვები, ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა შევეცადოთ, რომ თითო ბავშვი მაინც მოვაშოროთ ქუჩას და ასე შევასრულებთ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს. ასო-ბგერების შესწავლა დავიწყეთ, მაგრამ გააზრება უჭირს. მე, როგორც დაწყებითის პედაგოგს, მიყვარს, როცა მისმენენ, მაგრამ აქ სასწავლო გარემო არ არის. იმ დროს, როცა ლეილას ვამეცადინებ, ყველა ცდილობს, მშვიდად და წყნარად იყოს. ჯერჯერობით მომყვება სწავლაში. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, რომლებმაც სასწავლო ნივთები მომაწოდეს, რომ ამ გარემოში დავეუფლოთ განათლებას“, – აცხადებს ასმათ დიასამიძე.
ხვიჩა მამულაძე