ვაჟა დარჩია: „თუ ბატონი ირაკლი კობახიძე დადგება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მხარეს, ჩემი დისკომფორტის მიუხედავად, მის გვერდითაც დავდგები“
ბათუმის ორგანიზაცია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ვაჟა დარჩია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, თუ ისინი ფიქრობენ, რომ მათი ხმები არ აისახა ქვეყნის დემოკრატიულ პროცესზე, გამოვიდნენ და დადგნენ იქ, სადაც ყველა მართალი ადამიანი დგას.
„როცა ეს ჩვენი პარლამენტი შეიკრიბა, პრეზიდენტის მთელი ტექსტი აგებული იყო იმაზე, რომ არ დაიღალეთო? დაიღალეთ, მეგობრებო? – არა, არა! არც მე დავღლილვარ და თქვენთან ერთად ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო 1 ნოემბერს დაწყებული საქმე.
ეს არის თავისუფალი არჩევნები, ამას არ სჭირდება არანაირი „ისფედი“ და სხვა ორგანიზაცია.
ჩვენ ვიყავით პირველი წყაროები და საკუთარი თვალით ვნახეთ ის გაყალბება, რაც ხდებოდა ბათუმის 102 და საქართველოს 3 500-ამდე უბანზე.
ჩვენ დავაფიქსირეთ კარუსელები, დაშინებები, მოსყიდვები, უბანზე ნარკოტიკული საშუალებების დარიგებები და ეს არის, მეგობრებო, 1%-იანი გაყალბება კი არა, დიდი გაყალბებაა.
ამას არ სჭირდება არანაირი კომისია და სივრცე, რომელსაც თვითონ აპირებს, რომ შექმნას „ქართულმა ოცნებამ“, ამას სჭირდება იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც უბნებზე იყვნენ.
მე ვდგავარ აქ, როგორც ადამიანი და არა პოლიტიკოსი, ვინც დაკარგა თავისი ხმა.
მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, თუ ფიქრობენ, რომ მათი ხმა არ აისახა ქვეყნის დემოკრატიულად მოწყობის პროცესზე, გამოდით, მეგობრებო და დადექით იქ, სადაც დგას ყველა მართალი ადამიანი.
მე დღეს ვდგავარ მათ შორის, პოლიტიკური პარტიების გვერდით და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ათი წლის შემდეგ მოხდება რამე ისეთი, რაც მთლიანად საქართველოს გააერთიანებს და ადამიანები დადგებიან ერთად, მათ შორის, თუ ბატონი ირაკლი კობახიძე დადგება იქ, სადაც იქნება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშნელოვანი ადგილი, ჩემი დისკომფორტის მიუხედავად, მე ირაკლი კობახიძის გვერდითაც დავდგები…
ჩვენ ყველა აქ ვდგავართ ძალიან კომფორტულად და გვაქვს განცდა, რომ ვართ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხმების თავისუფლების დაცვისა და დემოკრატიის სადარაჯოზე“, -განაცხადა ვაჟა დარჩიამ.
ხვიჩა მამულაძე