გიორგი უდესიანი: „რუსების შტურმს ველოდით, როცა ალეკო ელისაშვილმა პროვოკაცია მოაწყო“

ალეკო ელისაშვილის სახეცვლილებამ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია შოკში ჩააგდო. კაცი, რომელიც ყველაზე მწარე ოპოზიციონერობაზე დებდა თავს, ახლა ღიად იფიცებს ოდიოზური კობახიძის მზეს. და სადაც კობახიძე მზე ჰგონია, იქ ივანიშვილი საფიცარ ხატად რომ ჰყავდეს, რა გასაკვირია. ეს მისი პირადი საქმეა და ვისზედაც უნდა, იმაზე ილოცებს.  „ოცნების“ ლიდერების ქების პარალელურად, ოპოზიციას ლანძღავს და ისეთ რამეებს იგონებს, რომ მისი ნაამბობის საფუძველზე შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ საქმეც კი აღიძრას.

დეპუტატის მანდატის მოპოვების სურვილით გადარეული ელისაშვილი ახლა ხალხს იმას გვამადლის, მთელი საარჩევნო პერიოდი ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დავდიოდიო. ეტყობა, არ იცის, რომ ამას ყველა პოლიტიკოსი აკეთებს არჩევნების წინ. სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, იმას გვამადლიდა, 2008 წელს ომი რომ დაიწყო, თბილისიდან ტაქსით წავედი გორში მოხალისედო.

მოხალისედ ნამდვილად წავიდა, ერთ-ერთ ბატალიონშიც ჩარიცხეს, მაგრამ ძალიან მალე ცემა-ტყეპით გამოაგდეს იქიდან. აღმოჩნდა, რომ როგორც ახლა ოპოზიციას გაუჭედა გადამწყვეტ მომენტში, ბატალიონშიც მაშინ დაიწყო სიტუაციის არევა, როცა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყვნენ _ რუსების შტევას ელოდნენ.

ამ დეტალებზე ელისაშვილს არასდროს უსაბრია.

„ქრონიკა+“-ის მკითხველს პოლიტდევნილი გიორგი უდესიანი მოუყვება, თუ რა ჩაიდინა ელისაშვილმა მაშინ, როცა ქართული მხარე რუსების შეტევას ელოდებოდა:

„მე-19 სწრაფი რეაგირების რეზერვის ბატალიონს ვმეთაურობდი, ჩვენი დანაყოფი ზნაურის მიმართულებაზე იბრძოდა. როცა უკან დახევის ბრძანება მივიღეთ, ზნაური აღებული გვქონდა ბრძოლებით. 11 აგვისტოს გორში შემოვედით, 12 აგვისტოს მივიღე უკვე თბილისისკენ უკან დახევის ბრძანება. დავიხიეთ უკან და მცხეთის შემოსასვლელთან გავმაგრდით,  გზადაგზა მოხალისე ვეტერანებს ვღებულობდი შენაერთში და იარაღს ვურიგებდი, რომ თბილისის დაცვის ხაზი გაგვემაგრებინა. ასე მოხვდა შემთხვევით ჩემს დანაყოფში ელისაშვილი“, _ გვიყვება გიორგი უდესიანი.

მას კარგად ახსოვს 12 აგვისტოს ღამე: იმ ღამეს მოვიდა ინფორმაცია, რომ რუსები თბილისზე აპირებდნენ შტურმს. და იმ დროს, როცა მებრძოლები პოზიციებს ამაგრებდნენ, ატყდა ჩხუბი, რომელიც ელისაშვილის პროვოკაციების გამო დაიწყო.

„12 აგვისტოს ღამით მივიღე ინფორმაცია, რომ რუსები აპირებდნენ თბილისზე შტურმს. განგაში გამოვაცხადე, მთლიანი დანაყოფი მოვაწყვე და ამ დროს ატყდა დანაყოფის რიგებში ჩოჩქოლი და ჩხუბი.  ვიკითხე, რა ხდებოდა და ვეტერანმა მებრძოლებმა მითხრეს, რომ მათ რიგებში იყო ვიღაც ელისაშვილი, რომელიც  მებრძოლებში პროვოკატორობდა. მაშინ აზრზე არ ვიყავი, ვინ იყო ელისაშვილი საერთოდ. გამოვიძახე რიგითი ელისაშვილი დანაყოფის წინაშე და ვთხოვე, რომ ბოდიში მოეხადა ადამიანურად თანამებრძოლებისთვის და ისევ ჩამდგარიყო დანაყოფის რიგებში. _ მოვიფიქრებო, _ მიპასუხა. მაშინ ვუბრძანე, _ სასწრაფოდ ჩააბარე იარაღი მორიგე ოფიცერს საიარაღოში და დატოვე დანაყოფი-მეთქი! როცა  საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადიოდა, იქ შეუგინებია მორიგე მებრძოლებისთვის და იმათაც მაგრად მიუჩექმავთ ეს არარაობა“, _ იხსენებს პოლიტდევნილი.

როგორც უდესიანი ამბობს, თავიდან ვერ მიხვდა, რატომ მოიქცა ასე ვინმე ელისაშვილი. მაშინ ამის გასაცნობიერებლად დრო არავის ექნებოდა. 

„მერე მივხვდი, მიზეზს ეძებდა. ეტყობა, უნდა დამტყდარიყო. შეეშინდა, იფიქრა, ესენი რუსებს დაეტაკებიან და რა იცი, რა მოხდებაო“, _ აღნიშნავს უდესიანი.

ამ ინციდენტზე ელისაშვილს არასდროს უსაბრია. სამაგიეროდ, პირდაპირ ეთერში მოყვა, როგორ გამოაძევა პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან. ეს ამბავი აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ მოხდა.

როგორც მაყიშვილი „ქრონიკა +“-სთან ამბობს, მან შეგნებულად დაიწუნა ელისაშვილი:

„არასდროს იწვევდა ეს ტიპი ჩემში ნდობას. როგორც კი დავინახე მივხვდი, ომი რომ დაწყებულიყო, მაშინვე რუსების მხარეს გადავიდოდა. 2010 წელს მოგვადგა ვაზიანში. გამწვევ პუნქტში ტერიტორიული რეზერვის გაწვევა იყო, _ გინდა თუ არა, წამიყვანეთო. მაშინ ნაკლებად ცნობადი სახე ბრძანდებოდა. არ მომეწონა, ძალიან სახიფათო კაცად მომეჩვენა, ამიტომ ყველა ძალას მივმართე, რომ არ წამოეყვანათ ჩემს დაქვემდებარებაში და ექიმმა უთხრა, _ ერთი ხელი უფრო გრძელი გაქვს, ვიდრე მეორე, ამიტომ უვარგისი ხარ სამსახურისთვისო. იქიდან წავიდა „ტვ კავკასიაში“ და ბატონ დავით აქუბარდიასთან მოყვა ეს ყველაფერი“, _ იხსენებს დავით მაყიშვილი.

აქედან გამომდინარე, არც მაყიშვილისთვის და არც უდესიანისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რაც ახლა ელისაშვილმა იკადრა. მასთან ზედმეტ ნდობაში არც ოპოზიცია უნდა შესულიყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ისიც იყრიდა კენჭს თბილისის მერად  და კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება პირველმა მან მიულოცა.

შორენა მარსაგიშვილი