მეუფე იაკობი: „კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია, ერთმანეთი არ დავამარცხოთ“

საქართველოზე წინ არავინ დგას. ამ სიტუაციაში ყველა მხარე ქართული მხარეა. ძალიან კარგად ვამჩნევ მტყუანს და მართალს, მაგრამ დღეს ისეთი პერიოდია, ვერც ერთ მხარეს ვერ დავიჭერ, ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება დღეს მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქადაგების დროს  ერს შერიგებისკენ მოუწოდა და ასევე გაკიცხა მოსახლეობა. როგორც აღნიშინა, „კაცობა გვაკლია“

„ჩემი დიდი სურვილია, ქართველები უფალმა გაგვაერთიანოს. ერთმანეთთან ცხოვრება და სიყვარული უნდა ვისწავლოთ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია, ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს. რას დავემსგავსეთ ეს კაცობრიობა?! ადამიანი გარდაიცვლება ხოლმე, სასახლე რომ აუწიონ, კაცი არ მიდის, ეშინიათ, – შვილები მყავს, ასე ვარ ისე ვარ. ექიმებს შვილები არ ჰყავთ? ექიმებს ცხოვრება არ აქვთ? ექიმებს სიცოცხლე არ აქვთ?! სად არის ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა?! ადამიანი გარდაიცვლება და რაღაც ამოვთხრით ტრაქტორებით, ჩავყრით იქ, ნომერს მივანიჭებთ და ეს არის კაცობა?! ომში მივდიოდით, ჩვენზე ძლიერებიც მოდიოდნენ მკლავითაც, ყველაფერით, მაგრამ სულით ძლიერები ყოველთვის ვიყავით! ამიტომ უნდა შევეცადოთ, ადამიანობა არ დავკარგოთ. ჩემს ერს მოვუწოდებ, შევრიგდეთ! თუ არ შევრიგდით, არაფერი გამოვა, ცალ- ცალკე ვერავინ გაიმაჯვებს, შანსი არ არის. ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით, ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება და არც ეპისკოპოსებად გავალთ, არც ქვეყნის მმართველებად, არც პოზიციად და არც ოპოზიციად, წავრდგებით როგორც ჩვულებრივი მოკვდავი, არავითარი რეგალიები არ გაგვყვება“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მაკა მოსიაშვილი