გიორგი მშვენიერაძე: „პარალელური დათვლა ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს!“
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ პარალელური დათვლა (PVT) ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებას.
“მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას ISFED-სა და ხმის პარალელურ დათვლაზე:
PVT ასახავს საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებს და სპეციალური მეთოდოლოგიის შედეგად ითვლის, მსგავსს შედეგებზე დაფუძნებით, ქვეყნის დაახლოებით ჯამურ მონაცემს. PVT ვერ ავლენს ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, კარუსელს, ოქმების შემდეგ გადაკეთებასა და ათას მავნებლობას, რამაც ბოლო არჩევნები ყველაზე ცუდ არჩევნებად აქცია „ქართული ოცნების“ მმართველობის 8-წლიან პერიოდში.
ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარ განცხადებაში „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლაში მთელი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო და იქნება.
დიახ, ადამიანებს შესაძლოა, მოუვიდეთ შეცდომები, რომელსაც მძიმე შედეგები მოყვება. ალბათ, ეს შეცდომა არა მარტო ISFED-ს, არამედ მთელ NGO სექტორს დაგვასვამს დაღს. თუმცა მირჩევნია, იმ ორგანიზაციის პარტნიორი ვიყო, რომელსაც საკუთარი შეცდომის აღიარება, მასზე პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოების სამართლიანი რისხვის მიღება შეუძლია, ვიდრე ისეთის, რომელიც ამ შეცდომას მიჩქმალავდა და სიმართლეს საზოგადოებას დაუმალავდა“, – ვკითხულობთ მშვენიერაძის განცხადებაში.
გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ცალკე საკითხია, შიდა აუდიტის დასრულებამდე ხელისუფლებამ საიდან შეიტყო ფორმულის შეცდომის შესახებ?
„ვეჭვობ, მიყურადებით და სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ შეცვალა ხელისუფლებამ სამოქმედო სტრატეგია. გადაავლეთ თვალი ბოლო 4 კვირის ქრონიკებს, განცხადებებს, მთავრობის მიდგომების ტრანსფორმაციას და ყველაფერი უფრო ცხადი იქნება.
ხელისუფლებას შესაძლოა იმედი ქონდა, „სამართლიანი არჩევნები“ ამ შეცდომის შესახებ ღიად არ იტყოდა (როგორც თავად მოიქცეოდა), ოპოზიცია იმ უბნების გადათვლას დასთანხმდებოდა, რომელზედაც ბატონი კობახიძე საუბრობდა და როცა „სამართლიან არჩევნებს“ აცდენა დაუდასტურდებოდა, საბოლოოდ მოკლავდა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს.
სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა“, – წერს უფლებადამცველი თავის Facebook გვერდზე.
,,სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ნენე ინჯგია