ნიკა მელია: „ვინც საპარლამენტო მასკარადში მიიღებს მონაწილეობას, ივანიშვილის ნაყიდი იქნება“
„ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ააშრიალა ფული და თქვა, რომ ვინც შემოხვალთ პარლამენტში, მოგცემთ ფულს და ვინც არ შემოხვალთ, არ მოგცემთ ფულს. ანუ რეალურად ეს არის უკვე ღიად მოსყიდვა“, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებას.
მელიას თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც 11 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ე.წ. საპარლამენტო მასკარადში, ვეღარ იქნება ოპოზიციონერი.
„ამ ყველაფრის ფონზე, ვფიქრობ, ნებისმიერი სუბიექტი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც 11 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ე.წ. საპარლამენტო მასკარადში, ბუნებრივია, ის ვეღარ იქნება ოპოზიციონერი და ვეღარ იქნება დეპუტატი. ის იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდი – ვინც არ უნდა იყოს, მე ვიქნები ეს თუ სხვა“, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ: ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებებს ვერ მიიღებენ.
ნენე ინჯგია