ოპოზიციის ლიდერებმა ბათუმში უკანონო ჯარიმებზე ბრიფინგი ჩაატარეს

„ფაქტია, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლებისა და ივანიშვილის დავალებით პოლიცია გადმოსულია აშკარა აგრესიაზე, პროვოცირებასა და უსამართლო ქმედებაზე.

ჩვენი აქციის მშვიდობიანი მონაწილეები კახა მიქელაძე და მინდია ცინცაძე საერთოდ არ ყოფილან დაკავებულები, თუმცა ისინი რამდენიმე დღის წინ დაიბარეს სასამართლოში და  ჯარიმის ქვითრები გადასცეს, თითქოს ოდესღაც უწევდნენ პოლიციას წინააღმდეგობას და, შესაბამისად, ამ ქმედების გამო დაჯარიმდნენ. თუმცა ამ პიროვნებებს არც სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარებიათ, არც გასცნობიათ საერთოდ, რა ქმედება ჩაიდინეს, მაგრამ ფაქტი ერთია: პოლიციას  დავალებული აქვს, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელოს. მაგრამ ეს ქმედებები  მას შეუბრუნდება. აღნიშნულ ფაქტებზე სახალხო გენინსპექციის ფარგლებში შექმნილია ჯგუფი და  სადაც პოლიცია უფლებამოსილებას გადაამეტებს, მყისიერად ვიმოქმედებთ.

ამ ორი პიროვნების ერთსა და იმავე ეპიზოდში ფიგურირებს  პოლიციელი რეზო ხარაზი, ფაქტებიც გვაქვს, სადაც ის  აქციის მონაწილეებზე ძალადობს,  აგრესიულად ეხება ხელით მათ და ა. შ.

ეს ეპიზოდი  პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც სახალხო გენინსპექცია აუცილებლად განცხადებით მიმართავს პროკურატურას და ამ ქმედებებას  სასამართლოზე მტკიცებულებად გამოიყენებს.  კონკრეტულ პოლიციელზე  საქმის გამოძიების მოთხოვნას დავიწყებთ.

ჩვენი განცხადება, რომ სახალხო გენინსპექცია დააკვირდება აღნიშნულ ფაქტებს, პოლიციისთვის ვერ აღმოჩნდა პრევენციული ღონისძიება – პირიქით, მათგან კრიმინალურ-ძველბიჭური ვენდეტა მივიღეთ.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირებული ქმედება, რომელიც მას საპირისპიროდ დაუტრიალდება“, – განაცხადეს ლიდერებმა.

ხვიჩა მამულაძე