აჭარის ,,გაერთიანებული ოპოზიციის” მიმართვა საელჩოებს

აჭარაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები საელჩოებს მიმართავენ, რომელსაც „ქრონიკა+ უცვლელად გთავაობთ:

მოგესალმებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც 35-ე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საერთო-სახალხო პროტესტის გამომხატველი მშვიდობიანი აქცია, ადგილიდან, სადაც ადამიანები 24 საათის განმავლობაში ვდგავართ უამინდობასა და სიცივეში, ადგილიდან, რომელსაც ხალხმა თავად დაარქვა „თავისუფლების კვარტალი“. ეს სიტყვა  მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ვაცნობიერებთ იმას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგია თანამედროვე ევროპული (დასავლური) ფასეულობები და ზოგადად კონსტიტუციური სამართალი! სამარცხვინოა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც 2008 წლის პლებისციტით მოსახლეობის 77%-მა  ნატოში შესვლას დაუჭირა მხარი, ქვეყანაში, სადაც ევროინტეგრაციის ისტორიული პროცესი საზოგადოების სრული თანხმობითაა დეკლარირებული, დღეს, 21-ე საუკუნის მეორე ოცწლეულის მიჯნაზე, ხალხს გვიწევს საუბარი იმაზე, რომ არჩევნები საქართველოში ტოტალურად გაყალბდა! პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები და გაცნობებთ, რომ თუ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 32% -ში ვერ შედგა ბალანსი, მთელ აჭარაში ეს რიცხვი 54 %-ს, ხოლო კონკრეტულად ბათუმში 80%-ს უტოლდება! გაყალბების ასეთმა მასშტაბებმა გადაგვაწყვეტინა აჭარაში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაგვეწყო პროტესტი ხელახალი არჩევნების მოთხოვნით! ამ მოთხოვნის რეალურ წყაროს ხალხი წარმოადგენს, რომლის შეკვეთაცაა გაყალბების შედეგად მიღებულ  პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში არშესვლა!

ჩვენ გვესმის საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილი და მცდელობა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს პარლამენტის კედლებში, რადგან ასე ხდება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში. ვაფასებთ თქვენს კეთილგონივრულსა და მეგობრულ განზრახვას, პათოსში გეთანხმებით, თუმცა დავძენთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ძალაუფლება სრულად მიიტაცა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაელოდა სასამართლო გადაწყვეტილებებს, ისე გამოაცხადა შემაჯამებელი შედეგები და  ნაცვლად განმუხტვისა, ამით კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი. ასევე საგულისხმოა, რომ ამ პროცესში სასამართლო წარმოდგენილია მხარედ, რაც ხელისუფლების  დანაწილებისა და მის შტოთა დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება! საპროტესტო აქციების მსვლელობისას პოლიცია უხეშად არღვევს „გამოხატვის თავისუფლების“ პრინციპს, აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს და სასამართლო კონვეიერული წესით აფორმებს მსგავსს უკანონობებს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გვსურს გითხრათ, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ ღირებულებებისა, რომლისკენაც მიისწრაფოდა საქართველო ისტორიულად. განა, თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლა არ არის დასავლური ცივილიზაციის საფუძველი? ამიტომ თავს მოვალედ მივიჩნევთ, მოგმართოთ, მადლობა გითხრათ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც იჩენთ მუდმივად და გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეს ახალი არჩევნების დანიშნვით  და მისი ჩატარების შეცვლილი ფორმატით. ხალხის უმრავლესობის პოზიცია პრინციპული და უცვლელია!

ჩვენ, აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს თითოეული წევრი, ვიცავთ და გამოვხატავთ ელექტორატის კანონიერ მოთხოვნას და მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობის მისაღწევად!

ხვიჩა მამულაძე