აჭარის რეგიონს ჟანგბადის კონცენტრატორენი (აპარატები) გადაეცა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა ჟანგბადის კონცენტრატორენი (აპარატები), რომელიც დანიშნულებისამებრ გადანაწილდება როგორც სოფლის ექიმებზე, ასევე – კოვიდსასტუმროებზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავარ გამოწვევად რჩება ეპიდემიის ეფექტიანი მართვა, სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდება თითოეული ინფიცირებული მოქალაქისთვის:
,,ეს კამპანია სოფლის ექიმებისთვის კიდევ უფრო მეტი ტექნიკური მხარდაჭერაა, რომ მათ შეძლონ, ადგილზე ყველა მოქალაქეს გაუწიონ ძირითადი სამედიცინო მომსახურება.
ამასთანავე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს ადამიანი, იქნება ეს მაღალმთიანი აჭარა, ხელვაჩაური, ქობულეთი, ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან და უწყვეტ სამედიცინო მომსახურებაზე. განსაკუთრებით რისკჯგუფებსა და ჩვენს მოხუცებს. ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება.
ეპიდემიის ეფექტიანი მართვა, მისი დასტაბილურება და ზოგადად ჯანდაცვის მდგრადობა, ამ ყველაფერთან ერთად, ეკონომიკისა და მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება, მისი გაუმჯობესება ჩვენთვის არის უმთავრესი ამოცანა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
ხვიჩა მამულაძე