EBRD-ის უცნაური თანხმობა და „შტადლერ რეილ ეი ჯისთან“ დაკავშირებული სკანდალი
2017 წელს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კახი კალაძემ ბრიფინგი გამართეს, სადაც დააანონსეს, რომ მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ (Stadler Rail AG) საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენების პროექტით შემოდის.
„მოხარული ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას“, _ საზეიმოდ განაცხადა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
არც 2017 და არც 2018 წელს არაფერი აშენებულა. 2018 წლის ბოლოს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ მამუკა კობახიძესთან ერთად, მატარებლების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „შტალდერის“ წარმოების განხორციელების დეტალებსა და მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„ქრონიკა+“ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების ზუსტ ციტირებას გთავაზობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ ჩატარებული მომავალი გამოძიების ფონზე:
„რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ კომპანია „შტადლერთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში „შტადლერის“ წარმოების განხორციელება განიხილება. ეს არის კომპანია, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტს აწარმოებს. დღეს კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის შემდეგი დეტალები განვიხილეთ. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიასა და „შტალდერს“ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება მოხერხდება, წლის ბოლოს შესაძლებელია, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდეს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დამამზადებელი ქარხანა აშენდება, რომლის მფლობელი და განმახორციელებელიც შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ იქნება“, _ განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
არც 2019 და არც 2020 წლებში არაფერი აშენებულა. ქარხნის კი არა, ადგილმდებარეობის მონახაზიც არ არსებობს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ეს პროექტი უნდა დაწყებულიყო.
ვინ და რატომ ვერ გაიყვეს წილები? „შტადლერთან“ დაკავშიებულ კორუფციულ მიზნებსა და სარკინიგზო ბაზრის გადანაწილების შესახებ „ქრონიკა+“ დეტალურად მოგიყვებათ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლის პირველ ნაწილს EBRD-ის მიერ ინიცირებული ტენდერით დავიწყებთ.
2020 წლის გაზაფხულზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობდა ორი ევროპული კომპანია, ერთი რუსული და ერთიც _ ჩინური. ტენდერის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ორივე ევროპულმა კომპანიამ _ „შკოდა ტრანსპორტეიშენმა“ და „შკოდა ვაგონკამ“ _ საჩივარი შეიტანა კონკურენციის სააგენტოში. პროექტის დამფინანსებელი გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). მსგავსს შემთხვევებში შესყიდვები ხორციელდება ბანკის ელექტრონული შესყიდვების სისტემა ECEPP-ის მეშვეობით.
„შკოდის“ განმარტებით, პირველი ეტაპის სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2020 წლის 18 მაისი. მოცემულ ვადაში ოთხივე მონაწილემ წარადგინა პირველი ეტაპის სატენდერო განაცხადი. ვადის ამოწურვის შემდეგ გაიხსნა განცხადებები, შედგა ოქმი, სადაც მითითებული იყო, რომ სატენდერო განაცხადი წარადგინა ოთხმა მონაწილემ. ორი დღის შემდეგ, კერძოდ, 2020 წლის 20 მაისს, „შკოდა“ კონსორციუმმა მიიღო პირველი ეტაპის შეცვლილი გახსნის ოქმი, სადაც მეხუთე მონაწილე _ კონსორციუმი „შტადლერი“ დაემატა. ე. წ. შეცვლილი ოქმის თანახმად, „შტადლერის“ სატენდერო განაცხადი მიიღეს 2020 წლის 17 მაისს. თურმე (შეცვლილ ოქმში ეწერა) ტექნიკური ხარვეზის გამო კონსორციუმი „შტადლერი“ გამოტოვებულია პირვანდელ გახსნის ოქმშიო.
ტენდერში მონაწილეთა განმარტებით, „შტადლერს“ არ წარუდგენია პირველი ეტაპის სატენდერო განაცხადი დადგენილ ვადაში და იგი მოგვიანებით ხელოვნურად დაამატეს.
ასე და ამრიგად, შემსყიდველმა დაარღვია წესი, როდესაც ხელით დაამატა ერთი მონაწილე, ოქმის გაგზავნიდან ორი დღის შემდეგ.
როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, „შტადლერი“ არის საქართველოში მიწისქვეშა ტრანსპორტის _ მეტროს ერთადერთი მფლობელი. საქართველოში არ არსებობს სხვა პირი, რომელიც მეტროს მატარებლების შესყიდვას განახორციელებდა. „შკოდა კონსორციუმის“ მტკიცებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ბაზრის 100%-ზე მონოპოლია აქვს. აღნიშნულ საკითხზე სტატისტიკური კვლევებისა და ბაზარზე დაკვირვების განხორციელებაც კი არ არის საჭირო. კონკურენციის სააგენტო, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლების საფუძველზე არსებული მონოპოლიური მდგომარეობა, აღარ იკვლევს დამატებით გარემოებებს. შესაბამისად, მომჩივნის განცხადებით, მოპასუხეზე, როგორც „კერძო სუბიექტზე“, რომელსაც აქვს ბაზარზე დომინირებული
მდგომარეობა, ვრცელდება კანონის მე-6 მუხლი.
„შკოდა კონსორციუმის“ განცხადებით, ტენდერის წესების უხეში დარღვევა და ტენდერის გახსნის ოქმის ხელოვნურად შეცვლა მიუთითებს მოპასუხის მიერ შესყიდვის იმგვარად განხორციელებაზე, რომ „შტადლერს“ მიენიჭა უკანონო უპირატესობა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი სქემა იმიტომ განხორციელდა, რათა „შტადლერს“ ჰქონოდა ინფორმაცია სხვა პრეტენდენტებისა და მათ მიერ წარდგენილი განაცხადებების შესახებ.
ანუ ორივე „შკოდას“, ისევე როგორც დანარჩენ ორ მონაწილეს, დაეწესა ბაზარზე შესვლის იმგვარი ბარიერი, რომელიც „შტადლერისათვის“ არ წარმოადგენდა პრობლემას. მეორე მხრივ, „შტადლერს“ მიენიჭა იმგვარი უპირატესობა ტენდერის დახურვის შემდგომ განაცხადის წარდგენის სახით, რომელიც იმთავითვე საქართველოს კანონის დარღვევაა და აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ სახეზეა არა თავისუფალი კონკურენცია, არამედ ბაზარზე არსებული დომინანტის მიერ მხოლოდ მისთვის სასურველი კონტრაქტორისთვის უპირატესობის მინიჭება.
2020 წლის 5 აგვისტოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გაეგზავნა წერილი. ამ უკანასკნელმა მოიწერა პასუხი, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შკოდას“ მიერ საჩივარში მოყვანილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ ადასტურებს კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში მითითებული წინაპირობების დარღვევის ფაქტს. მოპასუხის მტკიცებით, საჩივრის განხილვისას უნდა განისაზღვროს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ფლობს თუ არა ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობას და კომპანიამ აღნიშნული საბაზრო ძალაუფლება ბოროტად გამოყენა თუ არა? რომ კონკურენციის კანონმდებლობა ეკონომიკურ აგენტებს არ უკრძალავს ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ფლობას. და კიდევ? საჩივრის ავტორმა უნდა დაასაბუთოს, რომ კომპანიამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენაო. ანუ ის, რომ კომპანია „შტადლერი“ ტენდერის დასრულებისა და ოქმების გახსნის შემდეგ დაემატა, ეს, თურმე, კანონდარღვევა არ ყოფილა. საჩივრის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია, რომ EBRD-იმ დაადასტურა წესების დარღვევის ფაქტი, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განმარტავს, რომ მომჩივანი არასწორად ახდენს EBRD-ის მიერ გაცემული პასუხის ინტერპრეტაციას. 2020 წლის 22 ივნისს სს „შკოდა ტრანსპორტეიშენისა“ და სს „შკოდა ვაგონკას“ წარმომადგენელთან გაგზავნილ პასუხში EBRD ადასტურებს, რომ კონსორციუმ „შტადლერის“ მიერ EBRD-ის ელექტრონული შესყიდვის სისტემაში დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდა ვადაში, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო აღნიშნული ვერ აისახა სისტემაში. შემდგომ ბანკმა დაადგინა, რომ „შტადლერს“ წინანადადება ვადის ამოწურვამდე ჰქონდა ატვირთული და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მიუთითა, განეახლებინა მონაწილეთა ოქმი და დაეგზავნა იგი მხარეებისთვის. ბანკი თავის წერილში არ უთითებს კომპანიის მხრიდან EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების წესების დარღვევის ფაქტზე. ტენდერის მონაწილეებს შორის „შტადლერის“ დამატება გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით.
2020 წლის 20 აგვისტოს კონკურენციის სააგენტომ წერილით მიმართა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ და სთხოვა კომპანიასა და EBRD-ს შორის „შტადლერის“ საკითხთან დაკავშირებით წარმოებული კორესპონდენციის წარმოდგენა. ხუთი დღის შემდეგ ეს ინფორმაცია წარმოადგინეს. ამასთან, სატრანსპორტო კომპანიას ეთხოვა სააგენტოსთვის ეჩვენებინა მის ხელთ არსებული დამატებითი მტკიცებულებები ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით და ასევე, არსებობის შემთხვევაში, იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ტენდერის პირველ ეტაპზე მოთხოვნილი დოკუმენტაცია, „შტადლერის“ მიერ ამ დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრულ დროში, 2020 წლის 18 მაისის 10:00 საათამდე (გაერთიანებული სამეფოს დროით), აიტვირთა EBRD-ის შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა: 2020 წლის 19 მაისს შპს „შტადლერის“ წარმომადგენელი დაუკავშირდა მოპასუხეს და აცნობა, რომ მათ მოამზადეს და სისტემაში ატვირთეს ტენდერის პირველი ეტაპისთვის მოთხოვნილი დოკუმენტები 2020 წლის 17 მაისის 10:00 საათამდე (GMT). თუმცა, როგორც „შტადლერისთვის“ წინადადებების მიღებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ გახდა ცნობილი, მათ მიერ სისტემაში ატვირთული განაცხადი არ გაიგზავნა. ამ ფაქტს „შტადლერი“ კომპანიაზე განხორციელებული კიბერშეტევით ხსნის. ამასთან, „შტადლერი“ თხოვნით მიმართავს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, გაახანგრძლივოს ტენდერის პირველ ეტაპზე მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადა, რათა „შტადლერმა“ შეძლოს სისტემაში უკვე ატვირთული დოკუმენტაციის გაგზავნა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წარმომადგენელი „შტადლერს“ პასუხობს, _ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტენდერი გამოცხადდა და მიმდინარებს EBRD-ის წესების შესაბამისად და ECEPP-ის შესყიდვის სისტემის მეშვეობით, „შტადლერის“ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება EBRD-იმ უნდა მიიღოს. ამასთან, მოპასუხე უკავშირდება EBRD-ის წარმომადგენელს, უგზავნის „შტადლერის“ წერილს და სთხოვს მას, მისცეს მითითება და აცნობოს EBRD-ის გადაწყვეტილების შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“. 2020 წლის 19 მაისს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ უკავშირდება EBRD-ის წარმომადგენელი. წერილიდან ირკვევა, რომ EBRD-ისთვის ცნობილია შექმნილი მდგომარეობის შესახებ. კონკურენციის ხელშეწყობის ინტერესიდან გამომდინარე, მათ (EBRD) გადაწყვიტეს EBRD-ის შესყიდვების სისტემაში „შტადლერის“ მიერ ატვირთული დოკუმენტაციის განსახილველად მიღება. ამასთან, როგორც წერილშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ტენდერი ორეტაპიანია: პირველი ეტაპი შედგება მხოლოდ ტექნიკური შეთავაზებისგან და იგი არ მოიცავს ფინანსურ კომპონენტს, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ტენდერის სხვა მონაწილეების კონკურენტუნარიანობაზე. EBRD-იმ შესყიდვების სისტემიდან ჩამოტვირთა „შტადლერის“ მიერ სატენდერო დოკუმენტაციის ვადის გასვლამდე სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია და იგი განსახილველად გადაუგზავნა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“. ამასთან, EBRD-იმ მოპასუხეს მისცა სხვადასხვა მითითება, მათ შორის, განეხილა შტადლერის სატენდერო განაცხადი, ხელით შეესწორებინა ტენდერის პირველი ეტაპის გახსნის ოქმი ( Minutes of Opening ) და შეცვლილი ოქმი გადაეგზავნა ყველა კომპანიისთვის, რომელმაც, EREPP-ის სისტემის მეშვეობით, ტენდერში მონაწილეობის ინტერესი გამოთქვა. ამასთან, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ დოკუმენტზე უნდა გაეკეთებინა შენიშვნა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო „შტადლერი“ გამოტოვეს სისტემის მიერ გენერირებულ ოქმში და მონაწილეებს შეცვლილი ოქმი თავიდან ეგზავნებათ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ პოზიციასა და დამატებით ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ტენდერის პირველი ეტაპის მონაწილეთა შორის „შტადლერი“ დაამატა EBRD-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, სააგენტოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება გამორიცხავს როგორც მოპასუხის მიერ საკუთარი ინიციატივით მიღებულ გადაწყვეტილებას, ისე საკუთარი ინიციატივით ქმედების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, სახეზე არ არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შემადგენლობა. მომჩივანს უარი ეთქვას წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე.
საბოლოო ჯამში, კონკურენციის სააგენტომ დაიჭირა „შტადლერის“, უფროს ზუსტად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მხარე. წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება: აბიტურიენტმა ვერ მოახერხა დოკუმენტაციის ატვირთვა, იმიტომ რომ მის კომპიუტერზე განხორციელდა კიბერშეტევა! 340 ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა კონკრეტულ კანდიდატს ტექნიკური ხარვეზის გამო! ვერც ერთი გახდება სტუდენტი და ვერც მეორე _ დეპუტატი, რაც არ უნდა დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს. თუ განხორციელდა კიბერშეტევა, ეს „შტადლერის“ პრობლემაა _ ამ კონსორციუმს რესურსიც საკმარისი აქვს და ფინანსებიც, რომ დაიცვას საკუთარი სისტემა ნებისმიერი შეტევისგან. და თუ მართლა განხორციელდა შეტევა, შედეგები მალევე დაბლოკოს.
გაგრძელება იქნება
თამარ როსტიაშვილი