მეღვინეობიდან სამოდელო ბიზნესში _ „ნანნას“ სამოსს იტალიაში ელიან
თბილისში კიდევ ერთი მოდის სახლი „ნანნა“ (ნანნა) გაიხსნა, რომლის მასპინძელიც დიზაინერი ნანა სირბილაშვილია. პროფესიით მეღვინე ქალბატონი წლების მანძილზე იტალიაში ცხოვრობდა და მეუღლესთან ერთად (ისიც მეღვინე) მუშაობდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ მეღვინეობიდან სამოდელო ბიზნესში ეცადა ბედი, რამაც, შეიძლება ითქვას, გაამართლა.
ლამაზი კაბებისა და სხვადასხვა მოდელის შექმნის სურვილი ყოველთვის ჰქონდა, თუმცა ამას სერიოზულად არასდროს უყურებდა, რომ არა ერთი საბედისწერო შეხვედრა ქართველ ქალბატონთან, რომელიც ასევე იტალიაში ცხოვრობდა.
აგროვებდა ძვირფასს ქსოვილებს, ეცნობოდა მოდის სიახლეებს, ტენდენციებს, იძენდა ახალ მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც იტალიის მოდის ინდუსტრიაში მუშაობდნენ და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი გადმოეტანა აქ, საკუთარ ქვეყანაში და პოპულარიზაცია გაეწია ქართული ბრენდისთვის.
„ქრონიკა+“ მოდის სახლ „ნანნას“ პრეზენტაციაზე ესტუმრა, რომ უფრო ახლოდან გაგვეცნო ქართველი ქალბატონი, რომელიც სილამაზეს ემსახურება.
ნანა სირბილაშვილი (ნანნა), დიზაინერი:
_ 1993 წელს მეუღლესთან ერთად იტალიაში წავედი, თუმცა პერიოდულად სულ ჩამოვდიოდი ხოლმე საქართველოში. პროფესიით მეღვინე ვარ. მე და ჩემი მეუღლე აქ საქმეში ვიყავით თავიდანვე და იდეის დონეზეც კი არ განვიხილავდი ოდესმე საკუთარი მაღაზიისა და სახელოსნოს გახსნას. ბოლოს 2007 წელს წავედი იტალიაში კონკრეტული მისიით და სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ საქართველოში რამე ჩემი გამეკეთებინა.
_ საქართველოში როდის ჩამოხვედით?
_ 2012 წელს ჩამოვედი და ამ იდეის განხორციელება დავიწყე.
_ ქალისთვის ცოტა უცნაური, თუმცა ძალიან კარგი პროფესია _ მეღვინეობა აირჩიეთ. რატომ?
_ ეს იყო ჩემი ბავშვური ახირება. პაპა მყავდა მეღვინე და, შეიძლება ითქვას, რომ მის კვალს გავყევი. მამაჩემს არ უნდოდა, ეს პროფესია ამერჩია. ძალიან საინტერესო პროფესიაა და ჩემი მეუღლე ნამდვილად კარგი მეღვინეა.
_ როგორ დაიწყეთ სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობა?
_ გავიცანი ერთი ქართველი ქალბატონი, რომელიც დიდი ხნის გათხოვილი გახლდათ იტალიაში და თვითნასწავლი მკერავი იყო. ისე დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება, რომ კერვისა და ქსოვილის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მესმოდა. სულ მიყვარდა მაღაზიებში სიარული, როგორც ყველა ქალს. უფრო მეტად ვისწავლე ქსოვილის გარჩევა, ფაქტურის შესწავლა და მაშინ მანანამ მითხრა, რომ საქართველოში როცა ჩახვალ, შეგიძლია, მეღვინეობას დაუბრუნდეო? მეც დავფიქრდი მის ნათქვამზე და სიმართლე გითხრათ, სურვილიც აღარ მქონდა, რომ მეღვინეობას დავბრუნებოდი, რადგან საკმაოდ ბევრი წელი ვიმუშავე ამ სფეროში. იქვე მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება.
_ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ…?
_ კერვა უნდა დამეწყო. საკუთარი სახელოსნო უნდა გამეკეთებინა. ჯერ უნდა შემეკერა ლაბადები, ზამთრის პალტოები. თავდაპირველად იტალიაში ქსოვილები შევიძინე, ვაგროვე ეს ყველაფერი, ჩამოვედი თბილისში, ჩემი დის ბინა სოლოლაკში გავარემონტე, შევიძინე საკერავი მანქანები, ოთხი მკერავი მოვძებნე და დავიწყე კერვა. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, რომ ჩემი ბრენდი გამეკეთებინა.
_ იტალიური გავლენა და სტილი თუ გადმოიტანეთ ქართულში?
_ რა თქმა უნდა. ნამდვილად გავლენის ქვეშ მოვექეცი. როცა პირველად წავედი იტალიაში, გრძელი შავი კაბა მეცვა და მგონი, მარტო მე გამოვიყურებოდი ასე. ძალიან თამამი უნდა იყო, რომ იტალიური მოდა შეაფასო. ჩრდილოეთ იტალიაში არ მომწონდა მათი ჩაცმულობა, რადგან ხალხი, ძირითადად, პრაქტიკულ ჩაცმაზე იყო გადასული. სამხრეთის, ნეაპოლის ყურეში, უკვე იგრძნობა ჩაცმა, მაღალი მოდა და ყველას განსხვავებულად ეცვა. განსაკუთრებულად თვალში მხვდებოდა მოხუცი ქალბატონები, რომლებსაც ეცვათ საოცრად დახვეწილად, ლამაზად, ფერები შეხამებული ერთმანეთთან.
_ რა არის მთავარი დეტალი, რაც ქართულ სამოსში გადმოიტანეთ?
_ მხოლოდ ხარისხი. არ შემიძლია ისეთ ქსოვილზე მუშაობა, რომელიც დენს ურტყამს. ჩემი კოლექცია არ არის მოგებაზე გათვლილი, მთავარია, ხარისხი და მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. ყველა ქსოვილი ვერ იქნება ნატურალური, მაგრამ მასთან მიახლოებული მაინც უნდა იყოს და ხარისხიანი.
_ თუ ხელმძღვანელობთ და ეცნობით იტალიის მოდის ტენდენციებს, თუ ითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს?
_ რა თქმა უნდა. რაც არ უნდა აკეთო, მაინც აუცილებელია, რომ მსოფლიო მოდის ინდუსტრიას ფეხი აუწყო და არ ჩამორჩე. მოდის ტენდენციები ყოველ წელს იცვლება და, საბედნიეროდ, ისეთი დრო დადგა, რომ ვერ იტყვი, თუ რა არის კონკრეტულად მოდაში. 2020-2021 წლებში არის რაღაც ტრენდური, მაგრამ შარშანდელსაც არ დაუკარგავს თავისი ხიბლი და სილამაზე. იტალიაში ბევრ მწარმოებელთან მაქვს ხშირი კონტაქტი, შოურუმებთან ვთანამშრომლობ, უამრავი მეგობარი მყავს იქ და სულ ვეცნობი ამ სიახლეებს.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ შექმნილი ქართული სამოსი იტალიაში წაიღოთ?
_ შარშან ვიყავი ჩრდილოეთ იტალიაში, ერთ-ერთ შოურუმში, და არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი და დავმეგობრდი. მათ შემომთავაზეს, რომ შოურომში მიმეღო მოანაწილეობა. ცოტა უხერხულია რამე ვთქვა „გუჩიზე“, „არმანზე“, მაგრამ მე უფრო დიდ პატივს ვცემ ახალგაზრდა დიზაინერებს. ბედნიერი ვარ, რომ უამრავი უცხოეული დიზაინერის გვერდით ჩემი სამოსი გამოიფინებოდა. ეს ყველაფერი პანდემიამ ჩაშალა, მაგრამ როგორც კი სიტუაცია დალაგდება, აუცილებლად წავალ და წავიღებ ჩემს კოლექციას. სხვათა შორის, ერთმა ჩემმა იტალიელმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი კოლექცია აქ რომ ჩამოიტანო, ერთ დღეში აღარ გექნებაო.
_ რას გეუბნებიან თქვენი მეგობრები, რა სიტუაციაა ამჟამად იტალიაში?
_ მსოფლიო კრიზისი იტალიაშიც სერიოზულად იგრძნობა. ყველაფრის ფასმა მოიმატა, მით უმეტეს, ტანსაცმლის და ხალხი ფასდაკლებას ელოდება. „მაქსმარას“ კაბა თუ ღირდა 300-400 ევრო, ახლა მათი ფასი 1000 ევროს შეადგენს. იქაც არის პატარა „ჩაინა თაუნი“ ფლორენციასთან ახლოს, სადაც ჩინელების დასახლებაა და ტანსაცმელი საკმაოდ განსხვავებულ ფასებში იკერება, ამიტომ ხალხი, ძირითადად, ამ მაღაზიებში მოძრაობს.
_ მაღაზია სულ რამდენიმე დღეა, რაც გახსენით. ქართველი მომხმარებელი გადამხდელუნარიანია?
_ მაღაზია ახლახან გავხსენი, მაგრამ 7 წელია, რაც ჩემს სამოსს სხვადასხვა მაღაზიაში ვაბარებდი. საკმაოდ უჭირს ქართველ მომხმარებელს გადახდა, თუმცა ვისაც უნდა, რომ ეცვას ხარისხიანი და იყოს გამორჩეული, ის თავისუფლად ყიდულობს.
_ თბილისში, ძირითადად, როგორ სტილზეა მოთხოვნა?
_ ქეჟუალ სტილზეა მოთხოვნა.
_ რასაც ვაკვირდები, უნისექსიც ძალიან აქტუალური გახდა.
_ ნამდვილად. მაგალითად, ჩვენთან შემოვიდა მამაკაცი, რომელმაც მოიზომა ქალის პალტო და იმდენად მოეწონა, რომ შეკვეთა მოგვცა და მსგავსს სტილში ვუკეთებთ პალტოს. მე მომწონს ეს სტილიც. მამაკაცის პიჯაკი სხვანაირი ტექნოლოგიით იკერება, საკმაოდ რთულია, თუმცა ახლა გევუბნებიან, რომ არ გვინდა ისეთი, შეკერეთ მარტივად, ქალის სტილი.
_ თქვენს გარდერობში, ძირითადად, რა ფერები სჭარბობს?
_ ჩემი ფერი უფრო შავი, თეთრი და ყავისფერია. ბევრს არ უყვარს ყავისფერი, თუმცა მოდის ტენდენციებში წელს ძალიან ბევრ დიზაინერს აქვს ყავისფერი ტონები. ჩემს გემოვნებაზე რომ იყოს მარტო დამოკიდებული, მაღაზიაში მხოლოდ შავსა და თეთრს ნახავდით, თუმცა ასე არაა. ვალდბეული ვარ, მომხმარებლის გემოვნებასა და სტილზე ვიზრუნო და ყველა ფერი მქონდეს. ერთხელ გიდმა რუსი ტურისტები შემოიყვანა და ამდენი სიშავე რომ დაინახეს, არ მოეწონათ, არც მივიდნენ სამოსის სანახავად. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე.
_ ამბობენ, იტალიელები ხასიათით ქართველებს გვანანო. ჩაცმის მხრივ რას გვეტყვით?
_ ამ კუთხით ცოტა განსხვავდებიან ჩვენგან. მართალია, შავები მათაც უყვართ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ. იქ უფრო სადად ჩაცმულები დადიან, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვი.
_ პანდემიის თემას მინდა დავუბრუნდე. რამდენად დიდი რისკი იყო ამ სიტუაციაში მაღაზიის გახსნა?
_ რისკი, თავისთავად, არის, მაგრამ პანდემიამდე მზად ვიყავით გასახსნელად, თუმცა ვერ მოვახერხეთ და ახლა ამ პრინციპზე ვარ, რომ მთავარია გადავრჩეთ, შევინარჩუნოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და მერე უფრო ნაკლებად გაგვიჭირდება. საბედნიეროდ, თანამშრომლებს ჩვეულებრივად ვუხდი იმ თანხას, რასაც აქამდე ვუხდიდი. მჯერა და მწამს, რომ თუ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, თუ შენ ეს ყველაფერი გადაიტანე, საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვი. მენანება ეს ყველაფერი. ერთ ინტერვიუში ვთქვი, _ ზოგჯერ ისეთი სამოსი იქმნება, გასაყიდად მენანება ხოლმე, მაგრამ რას ვიზამთ. ახლა მთავარია, ყველაფერი დალაგდეს.
_ კონკურენციის არ შეგეშინდათ?
_ თავიდან რომ დავიწყე ეს საქმე, ამაზე არ მიფიქრია და ახლაც არ ვფიქრობ მსგავსს რამეზე. არაჩვეულებრივი დიზაინერები გვყავს, ვიცი მათი ნამუშევრები, თუმცა შიშით ნამდვილად არ მეშინია.
_ რით გამოირჩევა ქართული ბრენდი „ნანნა“ სხვა ბრენდებისგან?
_ უპირველეს ყოვლისა, ხარისხით. გარდა ამისა, ჩვენთან ზრდასრულებისთვის უფრო მეტი არჩევანია, ვიდრე _ თინეიჯერებისთვის. აქვეა სახელოსნო და თუ ვინმეს რამეზე გული წყდება, ადგილზევე შეგვიძლია სამოსის გადაკეთება.
_ რატომ „ნანნა?
_ სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ გამოვჩენილიყავით საზოგადოების წინაშე და გადავწყვიტე, ჩემი და ჩემი ქალიშვილის სახელები გამეერთიანებინა. ჩემი გოგოს სახელია ანნა, შემდეგ გავაერთიანე და მივიღე „ნანნა“.
_ ჩვენებას გეგმავთ?
_ აუცილებლად ვაპირებ ჩვენების გაკეთებას, ლოკაცია შერჩეული გვაქვს, კოლექციაზეც ვმუშაობთ, თუმცა ამაზე წინასწარ ჯერ ვერ ვისაუბრებ.
გიორგი საკარული