კითხვები და პრობლემები მოზარდებში _ რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?!

ბავშვებს უამრავი კითხვა აქვთ, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება. ხშირად მოზარდებს ერიდებათ, მშობლებს დაუსვან შეკითხვები, თუმცა რიგ შემთხვევებში კითხვების დასმისას ბევრ მშობელს არ აქვს პასუხები. ხშირად მშობლების საპასუხო რეაქცია შვილების ქცევაზე ან კითხვაზე მხოლოდ გამაღიზიანებლად მენტორული ტონითა და რჩევებით შემოიფარგლება.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? როგორ უნდა გაუმკლავდნენ ისინი მოზარდების ირგვლივ არსებულ პრობლემებს? _ ამ და სხვა უამრავი საკითხის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ადვოკატირების მენეჯერ-ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი:

_ ქალბატონო მაია, თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მშობელთა კლუბის ჩამოყალიბებას აპირებს. იქნებ, უფრო დაწვრილებით გვიამბოთ ამის შესახებ?
_ დიახ, გასულ წელს გადავწყვიტეთ, რომ მშობელთა კლუბი ჩამოგვეყალიბებინა, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გარდატეხის ასაკის ბავშვებთან მუშაობა და მათი სარისკო ქცევების შემცირებაა. მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ უპრიანი იქნებოდა მშობლებისთვის ძალიან ბევრი ინფორმაციის მიწოდება და ტრენინგების ჩატარება, ანუ როგორ გააუმჯობესონ მათ ურთიერთობა შვილებთან.
_ რას გულისხმობს მშობელთა კლუბის იდეა?
_ „თანადგომის“ ცენტრში გარკვეული ტიპის ტრენინგების ციკლის ჩატარებას. ბავშვებსა და მოზარდებს რაც შეეხება, უამრავი თემაა, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ მშობლებმა.
_ მაგალითად?
_ პირველი და მნიშვნელოვანი: გარდატეხის ასაკის სირთულეებზე საუბარი, უშუალოდ ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები რას იწვევს, ასევე რას გულისხმობს ზოგადად ბავშვთა განვითარების ასპექტები და კონკრეტულად რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა. როგორც ხედავთ, აქცენტს ვაკეთებთ გარდატეხის ასაკზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი სარისკო პერიოდი ბევრი ასპექტის გათვალისწინებით: ეს იქნება დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა, ნარკომანია, ალკოჰოლის მოხმარება და ა. შ.
დედ-მამამ ბევრი რამის შესახებ არ იცის. მაგალითად, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ის მშობლის როლს ჩვეულებრივად ერგება და ყველა სიტუაციას, რთულსა თუ მარტივს, გაართმევს თავს, მაგრამ ეს ასე არ არის. ორი მოზარდის დედა ვარ და ესეც მეხმარება, რომ გავიგო, რა უნდათ ბავშვებს ამ ასაკში და რა ცოდნა სჭირდება მშობლებს. გარდატეხის ასაკში ადამიანს ეცვლება ფსიქიკა, ხდება მოზარდის იდენტიფიცირება საკუთარ თავთან, ვინ არის, რა უნდა, საით მიდის, ამ პერიოდში უყალიბდება ღირებულებები, ფასეულობები, განიცდის სიყვარულს, ასევე მეგობრობის გრძნობას ანიჭებს უპირატესობას. ამ ასაკში ხდება დისტანცირება მშობლებისგან, მასწავლებლებისგან და, ზოგადად, სხვა უფროსებისგან. ისინი აღარ არიან ავტორიტეტები. ეს მშობლებმა ჩვეულებრივად უნდა მიიღონ. ეს არის ნორმალური მდგომარეობა. ის, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდების ცნობისმოყვარეობა ყველაფრის მიმართ იზრდება, ასევე დამოუკიდებლობა დიდი დოზით სურთ, ჰგონიათ, რომ მთებს გადადგამენ და ამ დროს მშობელი მას ეწინააღმდეგება და ეუბნება, რომ შენ ჯერ ეს არ გამოგივა პატარა ასაკის გამო და ჩემზე ხარ დამოკიდებული, ასეთი სიტყვები სამომავლოდ ძალიან ცუდ კვალს ტოვებს მოზარდის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.
_ ამ დროს რა ტრიალებს ბავშვის ფსიქიკაში? რა სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს მოზარდი, თუკი ხედავს მშობლის მსგავსს დამოკიდებულებას?
_ ერთ-ერთმა მეცნიერმა აღზრდის რამდენიმე სტილი გამოყო: თუ მშობელს აქვს არჩეული აღზრდის ავტორიტარული სტილი, ანუ როცა მშობელი ბოლომდე აკონტროლებს ბავშვის ქცევას, არ ითვალისწინებს ბავშვის სურვილებს, ინტერესებს და ყველაფერს აკეთებინებს საკუთარი, ანუ მშობლის ინტერესებიდან გამომდინარე, შედეგად ვიღებთ აბსოლუტურად ნებელობაგატეხილ ადამიანს, რომელსაც თავისი სუბიექტური აზრი სამომავლოდ არ ექნება და ყველაფერი შეიძლება ჰკითხოს დედას ან მამას, საით წავიდეს, _ მარჯვნივ თუ მარცხნივ? ასეთი მშობლები დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას ართმევენ შვილებს. ყველაზე მისაღები არის ავტორიტეტული მეთოდი, როდესაც ბავშვი თანაბარზომიერია უფროსებთან, სრულფასოვანი წევრია ოჯახის და არა დანამატი, მასაც იგივენაირი უფლება აქვს, რაც დიდებს, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ შვილს მივცეთ ყველაფრის უფლება. უბრალოდ, რასაც დავუშლით და ვეტყვით, რომ ეს ცუდია, მაშინ არგუმენტირებულად უნდა დავუსაბუთოთ, თუ რატომ არ შეიძლება.
თუ გვინდა, რომ კარგი ურთიერთობა დამყარდეს ბავშვებთან, მშობლებმა სამი ძირითადი კომპონენტი უნდა გაითვალისწინონ:

  1. სითბო და სიყვარული, ემოციის მაქსიმალურად გამომჟღავნება (მოფერება, იმის აღიარება თუ როგორ გიყვარს შვილი; რა ბედნიერებაა, რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს და ა. შ.);
  2. ფსიქოავტონომია, _ ბავშვს აუცილებლად უნდა მივცეთ დამოუკიდებლობის საშუალება (ბავშვს უნდა განვუვითაროთ თავისი სუბიექტური აზრი, რომ შეეძლოს საკუთარი აზრების თავისუფლად გამოხატვა, რომ არ იყოს ის უარყოფითად შეფასებული, გაკრიტიკებული, რაც თავისთავად გამოიწვევს ბავშვის სწორ განვითარებას. დამოუკიდებლად შეძლოს ტანსაცმლის არჩევა და ა. შ.);
  3. რეგულაციების დაწესება _ ოჯახში მშობლებმა უნდა შეიმუშავონ ქცევის საერთო წესები.
    სხვათა შორის, მოზარდებს უყვართ გარკვეულ წესრიგში მოქცევა. ქცევის წესების შემუშავებაში ნებისმიერი რამ იგულისხმება. მაგალითად, ჩვენს ოჯახში მოზარდი უნდა მოვიდეს სახლში 12 საათამდე, კვირას ერთად უნდა ვისადილოთ, კვირაში ორჯერ შენი ოთახი უნდა დაალაგო და ბევრი სხვა წვრილმანისგან შეიძლება რომ შედგებოდეს ქცევის წესები. როდესაც ერთობლივად არის მიღებული, შესაბამისად, წინააღმდეგობა და პროტესტი არც იმ ბავშვს უჩნდება და ეს ეხება უფროსებსაც.
    _ ეს წესები ოჯახის ერთობისთვისაც კარგია.
    _ რა თქმა უნდა. მე რაც ჩამოგითვალეთ, ეს სამი კომპონენტი რომ იყოს ამუშავებული, ოჯახის წევრები ბევრად უფრო შეკრულები იქნებიან. ასეთ დროს ნაკლებია კონფლიქტი, მოზარდები ბევრად უფრო გახსნილები არიან მშობლებთან, არ ექნებათ იმის სურვილი, რომ დამალონ რამე სახის საიდუმლო.
    _ ძირითადად, რატომ უმალავენ მოზარდები მშობლებს საიდუმლოს?
    _ როგორც წესი, მშობლები და უფროსები მოზარდებს ხშირად აკრიტიკებენ, განსჯიან, _ ეს არ შეიძლება, ცუდად მოიქეცი და ა. შ. მერე უკვე ბავშვს აღარ უჩნდება სურვილი, რომ მშობელთან გაიხსნას და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს მასთან. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. იმას არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მეგობრებად გადაიქცნენ მშობლები.
    _ თუმცა ეგეც არ იქნებოდა ცუდი.
    _ პირიქით, მოზარდობის ასაკში შვილთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გქონდეს, სხვა შემთხვევაში ბავშვი დისტანცირდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს, თუ ვისთან მეგობრობს თავისი შვილი.
    _ სამწუხაროდ, მოზარდების აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში მშობელი ხშირად უშვებს შეცდომებს.
    _ ბევრჯერ გვსმენია ხოლმე მშობლების მიმართ ნეგატიური შეფასებები, განსაკუთრებით სკოლის მასწავლებლები აკრიტიკებენ მათ, რომ მშობლებმა ბევრი რაღაც არ იციან. „თანადგომის მშობელთა კლუბი“ სოწრედ ამ პრობლემის გამოსწორებას ვთავაზობთ მშობლებს, რომ ჩვენთან ტრენინგებზე ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ, როგორიცაა ასაკობრივი განვითარების სპეციფიკური მახასიათებლები, შვილებთან ურთიერთობის სწორი მიდგომების შემუშავება. რაც შეეხება თემებს, ესენი იქნება ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, თანატოლებთან ურთიერთობა. ძალიან აქტუალურია ბულინგისა და კიბერბულინგის თემა _ მნიშვნელოვანია, მშობელს არ გამოეპაროს, თუკი მის შვილს ჩაგრავენ სკოლაში ან ვირტუალურ სამყაროში.
    _ ახლა რა ეტაპზე ხართ? როდის იწყებთ ამ თემებზე ტრენენიგებს?
    _ საწყის ეტაპზე ვართ. კოვიდმა შეგვიშალა ხელი, ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ფეისბუქ გვერდი „თანადგომა მშობლებს“, თუმცა ჯერ ძალიან მცირე მომხმარებელი გვყავს. ვფიქრობთ, რომ ეს გვერდი გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, სადაც გვექნება ლაივ-ჩართვები. აქ გვიდევს მოზარდთან სექსუალურ განათლებაზე კარგი სტატიები. აუცილებელია, რომ გავააქტიუროთ მშობლები ინტერაქტიული შეხვედრებით, რომ პროცესი უფრო სიანტერესო იყოს.
    _ თავდაპირველად ონლაინ რეჟიმით იმუშავებთ?
    _ ამ ეტაპზე სხვა გზა არ არის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ტრენინგები უფასო იქნება, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოვიწვევთ და წინ საინტერესო შეხვედრები გველოდება.

გიორგი საკარული