მსოფლიო ქართველი გამომგონებლის მიერ შექმნილი პირბადეებით მომარაგდება?!
ცნობილი ამერიკელი ექიმი, დოქტორ ბლეილოკა და „ჯანმოს“ ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ უარყოფით პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ცხვირ-პირბადის ხანგრძლივი ტარებით შეიძლება იყოს განპირობებული. დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მინიმალური ინტენსივობით და მხოლოდ გარდაუვალი საჭიროებების დროს.
თვალებისა და სასუნთქი გზების დამცავი ასეთი ცხვირ-პირბადე მსოფლიოში არ არსებობს. ის მხოლოდ ჩვენ გვაქვს. იკითხავთ, ეს როგორ? _ ცნობილმა ქართველმა გამომგონებელმა, პროფესორმა თემურ მაისურაძემ, შექმნა უნიკალური რესპირატორი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არ არსებობს.
„ქრონიკა+“ თემურ მაისურაძეს ესაუბრება:
_ დღესდღეობით მსოფლიოში ანტიეპიდემიურ რესპირატორებთან დაკავშირებული პრობლემები შემდეგია: ბაზარზე არსებული რესპირატორები სრულად არ არის მომდგარი სახეზე და რჩება ადგილები, საიდანაც შეიძლება ვირუსმა შეაღწიოს. იორთქლება და ადამიანს უჭირს დიდხანს გაძლოს მის ქვეშ. საუბრის დროს ნიღაბი მოძრაობს და ხელით გიწევს მისი გასწორება. ამ დროს სწორედ საკუთარი ხელებით აბიძნურებ პირბადეს და გადამტანი თავადვე გამოდიხარ. მსოფლიოში ერთ-ერთ დამაბინძურებლად იქცა გადაყრილი რესპირატორები _ ჩინეთი ყოველდღე 115 მილიონ ნიღაბს აწარმოებს, ამდენივეს ინდოეთი, აშშ კი უშვებს 40-60 მილიონამდე. ანუ დედამიწაზე დღეში ნახევარ მილიარდზე მეტი რესპირატორი იყრება. ეს ცალკე პრობლემაა. ჩემი ამოცანა გახლდათ, შემექმნა ისეთი აირწინაღი, რომლის ხანგრძლივი ტარება იქნებოდა შესაძლებელი, ასევე მისი გარეცხვით სტერილიზება. რაც მთავარია, ის, რაც არც ერთ რესპირატორს არ აქვს, ეს არის თვალების დაცვის ფუნქცია. ცალკე უნდა გაიკეთოთ სახის გამჭვირვალე პლასტიკატის ნიღაბი და მის ქვეშ ცალკე პირბადე. მე შევქმენი რესპირატორი, სადაც სათვალის მოხსნა და გაკეთება შეიძლება მაგნიტური სამაგრებით. ანუ ხელის მიტანით მაშინვე ეწებება ნიღაბს და ადვილადვე ძვრება. თავად რესპირატორი გამოკრულია სამედიცინო სილიკონისგან დამზადებულ კარკასში, სადაც განთავსებულია პატარ-პატარა მაგნიტები. რაც მთავარია, პირბადე მაგნიტებზე არის მიკრული და სახეზე არ გედებათ. აქედან გამომდინარე, სინესტე არ გაწუხებთ, ვინაიდან მას სილიკონი იკავებს. თავად სილიკონი შევარჩიე და მივუახლოვე მაქსიმალურად ადამიანის კანის ე. წ. 20 სიმკვირივის სტრუქტურას. შედეგად, ყურებსა და სახის კანზე ვერ გრძნობთ მის შეხებას, იმიტომ რომ თავად კანს ჰგავს. გახლავთ მრავალჯერადი გამოყენების, შეგიძლიათ ჩვეულებრივი საპნით ყოველდღე გარეცხოთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფერისა და ნებისმიერი დიზაინის. ანუ ესთეტიკურიც არის და სრული დაცვის უზრუნველყოფაც შეუძლია. ვინმეს ეჭვი რომ არ შეეპაროს მის დაცულობაში, გეტყვით, რომ კარკასი არის სამედიცინო სილიკონისგან დამზადებული და პირბადის შიდა ფენებიც გახლავთ სამედიცინო სერტიფიცირებული მასალა. მას მოსდევს და ყველას ცალკე შეუძლია შეიძინოს ფილტრიანი პირბადეები, ე. წ. საწარმოო დანიშნულების, რომელსაც გვერდზე აქვს გამშვები სარქველი. ეს არის ახალი კონცეფცია, რაც მთავარია, პატენტუნარიანი და უკონკურენტო. ნებისმიერი პირბადე, რომელიც დღეს გამოიშვება, მათი გამეორება შეიძლება, რადგან გვერდით შეუძლიათ გაგიხსნან საწარმო და ანალოგიური პროდუქცია გამოუშვან. მას კონკურენტი არ ჰყავს, ვინაიდან დაპატენტებულია. ასეთი ფუნქციების მატარებელი კი დღეს მსოფლიო ბაზარზე არც ერთი პირბადე არ არის.
_ ძალიან პოპულარულია იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი ჩაფხუტი-პირპადე, სადაც ბლუთუზიც არის ჩამონტაჟებული, იგი 100 დოლარი ღირს.
_ რა თქმა უნდა, ბაზარს ვიცნობ. ამ ჩაფხუტ-პირბადეებს ელექტრონული დამუხტვა სჭირდება და უკვე დევაისებს წარმოადგენს. საკმაოდ მძიმეა და ჩაფხუტებით მოსახლეობა არ ივლის. ის არ სტერილიზდება და თუ მათში ჩაყენებულია ე. წ. ულტრაიისფერი გამოსხივებით სტერილიზაცია, ანდა სხვა სისტემა, ეს უკვე ცალკე მოწყობილობაა და მერწმუნეთ, მოსახლეობას მაგაზე ვერ გადაიყვან. მე ვსაუბრობ ყოველდღიურად სატარებელ პირბადეებზე, რომელიც უნდა ეკეთოს ტაქსის მძღოლს, მუშას, რიგით მოქალაქეს და ა. შ.
_ რა გამოხმაურება მოყვა თქვენს გამოგონებას?
_ პირველ რიგში, ყველა მეკითხება, სად შეუძლიათ შეიძინონ? რაზეც ვპასუხობ, რომ ვერსად, იმიტომ რომ წარმოებაში არ არის ჩაშვებული. ექსკლუზიურ ინტერვიუს პირველი თქვენ გაძლევთ. მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა _ განვიხილავ ვარიანტებს. ჯერ პატარა წარმოებას საქართველოს მასშტაბით გავხსნი და შემდეგ, თანდათანობით, გავზრდი წარმოებას. სადისტრიბუციო კომპანიებისგან უკვე მაქვს შემოთავაზება. მაგალითად, ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის სადისტრიბუციო კომპანია შემომეხმიანა და მთხოვა ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლების მიცემა. ეს უკვე სერიოზული განაცხადებია. საინტერესო ის არის, რომ ეს კომპანია თავადვე აწარმოებს რესპირატორებს.
_ დისტრიბუცია გასაგებია, მაგრამ წარმოებაში ინვესტირების წინადადებები თუ მიიღეთ?
_ ჩემი რესპირატორების დამზადების თვითღირებულება გამოდის 2 დოლარამდე და ფასი დადგინდება იქიდან გამომდინარე, შესრულების როგორი ვარიაცია იქნება _ საწარმოო ვარიანტი, სამედიცინო თუ სხვა დანიშნულების.
_ ანუ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება?
_ რა თქმა უნდა. თუ გვინდა საკუთარი თავის დაცვა, უნდა გავიკეთოთ ახალ-ახალი პირბადე. თუ ამას გადავიყვანთ ლარებში დღიდან პანდემიის დაწყებისა, აღმოჩნდება, რომ ძალიან იაფია ის პირბადე, რომელსაც მოსახლეობას ვთავაზობ.
_ ლარებში თუ გადავიყვანთ მთელი წლის განმავლობაში რესპირატორებში დახარჯულ თანხას, 100 დოლარიც იაფი გამოვა?
_ კი ბატონო, მაგრამ 100-დოლარიანი ნიღაბი არ არის ის, რომელიც ადამიანის სრულ დაცვას ითავებს.
_ თქვენს პირბადეს ვარგისიანობის ვადა რამდენი აქვს?
_ საკუთრივ სილიკონის კარკასს აქვს 5 წლის გარანტია, იმიტომ რომ ეს სილიკონი 5 წლის განმავლობაში არ კარგავს თავის თვისებებს, ჩასაფენი პირბადეები კი 150 გარეცხვას აიტანს ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
_ როდიდან აპირებთ წარმოებაში ჩაშვებას?
_ დღესვე, გამომდინარე იქიდან, რა შემოთავაზებები მექნება. როგორც კი შევჯერდები კონკრეტულ კომპანიასთან, მის წარმოებას დავიწყებ. ამას დასჭირდება სამ თვემდე, ვინაიდან რესპირატორების დამამზადებელი დანადგარები უნდა შევუკვეთოთ და ცალკე დავამზადებინოთ. პლუს, ჩამოტანა. უფრო ოთხი თვე დასჭირდება. ხუთი ცალი ნიმუში მთხოვეს, რომ აშშ-ში გამეგზავნა და ძალიან დიდი დრო დამჭირდა მის დასამზადებლად არასაწარმოო პირობებში.
_ თქვენ მიერ გამოგონილ სუნთქვის აპარატებს რა ბედი ეწია? „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნების შემდეგ 330 000-მა ადამიანმა წაიკითხა მასალა. თითქოს ძალიან დიდი დაინტერესება იყო.
_ მანდაც განხილვების დონეზე ვართ, იმიტომ რომ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ: აპარატი ძალიან მოსწონთ, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ, სერტიფიცირების პრობლემა როგორ მოგვარდება.
თემურ მაისურაძის მიერ გამოგონილი უნიკალური რესპირატორები შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს არა მარტო ქართული წარმოებისთვის, არამედ მსოფლიო უსაფრთოებისთვის. წარმოიდგინეთ, კაცობრიობა ქართული რესპირატორებით რომ მომარაგდეს. კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩამონათვალს იმისა, თუ რით შეიძლება გახდეს ჩვენი ნოუჰაუ მსოფლიო მონაპოვარი.
ახალი პირბადე სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
- სამედიცინო სილიკონის კარკასი შიგ განთავსებული მცირე ზომის მაგნიტებით (სილიკონის სიმკვრივე ადამიანის კანის იდენტურია, რაც ქმნის კომფორტს და ვერც კი გრძნობთ კანსა და ყურების უკან მის არსებობას);
- მინიმუმ ორშრიანი ცხვირ-პირბადე (დანიშნულებიდან გამომდინარეობს და შესაძლებელია იყოს სამშრიანიც), რომლის შიდა ფენა არის სამედიცინო დანიშნულების, ხოლო გარე უფრო მსხვილი ნაწილაკების დასაჭერად, ესთეტიკური და დიზაინის დანიშნულებისა). ის შეიძლება იყოს აღჭურვილი უკუსარქვლით (მტვრიანი სამუშაოების შესასრულებლად სამრეწველო დანიშნულებისთვის), ხოლო სამედიცინო დანიშნულებით აუცილებლად სარქვლის გარეშე (სარქვლის არსებობა კომფორტს უქმნის მომხმარებელს თავისუფალი ამოსუნთქვის უზრუნველსაყოფად, მაგრამ საფრთხის შემცველია გარშემო მყოფ პირთათვის);
- თვალების დამცავი გამჭვირვალე ბარიერი, რომელიც ერთი ხელის მოსმით უკეთდება და ეხსნება განთავსებული მაგნიტებით, მხოლოდ თვალების დაცვის საჭიროებისას (იგულისხმება როგორც ახლო კონტაქტის დროს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებებისგან თვალების დასაცავად, ასევე სპეციალური სამუშაოების შესრულების დროს თვალების დასაცავად მცირე ნაწილაკების მოხვედრისგან).
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნებისმიერი დანიშნულების ცხვირ-პირბადე ერგება ნებისმიერი დიზაინით შესრულებულ სილიკონის კარკასსა და თვალების დამცავ ბარიერს, რადგან შიგნით განთავსებული მაგნიტები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. აღნიშნული მაგნიტები ასევე ასრულებს მეორე ფუნქციასაც. მათი მეშვეობით ცხვირ-პირბადე შიგნიდან არის აკრული ფორმირებულ სილიკონის კარკასზე და მომხმარებელს პირსახეზე არ ეხახუნება საუბრის დროს, ასევე ორთქლისგან დატენიანებული ქსოვილი არ ეხება ბაგეებს და არ უქმნის დისკომფორტს მომხმარებელს.
რაც შეეხება ტემპერატურას გამოხარშვისას, სილიკონი უძლებს 400 ჩ0-ს და ქსოვილებიც შერჩეულია ისეთი, რომ დუღილის დროს არ იყოს ტემპერატურული გავლენა, თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ ნელთბილ წყალში, ნებისმიერი საპნით გარეცხვაც საკმარისია დეზინფექციისთვის. რაც შეეხება რეცხვის ციკლურობას, შესაძლებელია 150-200 გარეცხვა ცხვირ-პირბადის შემთხვევაში, ხოლო სილიკონის კარკასისა და სათვალისთვის განუსაზღვრელია. რესურსული გარანტია 5 წელია.
ამერიკელი ელიტარული ექიმის, მერკოლას სტატიის „ჟოურნალს ღეფუსე ტო Pუბლისჰ Nეგატივე Mასკ შტუდყ“ მიხედვით, იმდენად მოუხერხებელია და სატარებლად არასასიამოვნო არსებული პირბადეები, რომ მუდმივად გიწევს მისი გასწორება სახეზე, საუბრის დროს კი ხელით უნდა გეკავოთ, რადგან ნიკაპის მოძრაობა მას ქვემოთ ქაჩავს. შესაბამისად, ადამიანი უკვე ხელით აბინძურებს საკუთარ პირბადეს ან პირბადის მიერ დაჭერილი ვირუსი უკვე ხელით გადმოაქვს პირსახის სხვა მონაკვეთებზე. დაცვის ეფექტიანობა აქ უკვე მინიმალურია ან ნულოვანი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახალი კონცეფციის ნიღბების საჭიროებისთვის. როგორც მოგახსენეთ, ახალი პირბადე არ ეხება ბაგეებს და საუბრის დროს კანის სიმკვრივესთან და ელასტიურობასთან მისადაგებული სილიკონის კარკასი სახის ნაკვთებთან ერთად მოძრაობს, ამიტომ ხელით მისი გასწორება ან დაჭერა არ არის საჭირო და თუ მაინც ასეთი საჭიროება გაჩნდა, ხელით ეხებით სილიკონს მოსახსნელად ან გასასწორებლად. შესაძლებლობა გაქვთ დღის განმავლობაში ცვალოთ მასში პირბადეები და საღამოს ყველაფერი ერთად გარეცხოთ.
რაც შეეხება სტატიაში მოყვანილი ექსპერიმენტის, ე. წ. დამცავ ქსოვილებში ბოჭკოების დაზიანებით/დეფექტით გამოწვეული დაუცველი მონაკვეთების შესაძლებლობას, აქ უპრიანია ითქვას, რომ დაცულობის პროცენტულობა დაიკლებს დაზიანებული ბოჭკოების პროპორციულად (100% დაცვის ფორმატი ისედაც არ არსებობს). ყველაზე მაღალი დაცვის მაჩვენებელი იქნება, თუ ცხვირ-პირბადე არ ვარდება სახიდან, მინიმალურია ხელით შეხების საჭიროება და ტენიანი ქსოვილი შეხებისგან არ ქმნის დისკომფორტს, ადამიანი იცავს ჰიგიენის მოთხოვნებს და ცხვირ-პირბადის ტარების კულტურას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თუ ცხვირ-პირბადე გვიკეთია, მაგრამ თვალები დაუცველი გვაქვს, ახლო კონტაქტის დროს (ტრანსპორტი, საუბარი ახლო მანძილიდან, მჭიდრო ქუჩებში ინტენსიური და ხალხმრავალი მოძრაობისას), რისკი, მინიმუმ, 50%-ით ისევ მატულობს, რადგან სასუნთქი გზები დაცულია, ხოლო თვალები _ არა.
კარგი იქნება, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა თუ დაინტერესდება ამ ნოუჰაუთი _ არსებობს ბევრი საინტერესო და სასარგებლო საქმე, ვიდრე ხალხის დარბევა, ტენდერების „ატკატები“ და მინისტერიალის ვოიაჟებია.
თამარ როსტიაშვილი