თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ!
1990 წელს, ფეხსაცმელების ფაბრიკა „ისნის“ მე-6 საამქროს დახურვის შემდეგ, 60-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ქუჩაში დარჩა. ლადო ასლამაზიშვილი, თავად შშმ პირი, ის ადამიანი იყო, რომელმაც დონორ ორგანიზაციებს მიმართა და გაგანია აფხაზეთის ომის დროს მანქანა-დანადგარები აყიდინა. ისხდნენ, მათ შორის, ეტლით მოსარგებლეები და მეომრებისთვის უსასყიდლოდ კერავდნენ ფეხსაცმელებს. ომის შემდეგ კი დევნილებისთვის, სტიქიით დაზარალებულებისთვის და ა. შ. საკუთარი მთავრობისთვის ერთი თეთრი არასოდეს უთხოვიათ _ საკუთარ თავს თავად არჩენდნენ და აქეთ ეხმარებოდნენ სხვებს… მანამ, სანამ მთავრობას ესეც ეცოტავა და შშმ პირებს საკუთარი ფართის დატოვება მოსთხოვა.
ეს ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, იქ კორპუსის აშენებას აპირებენ.
იყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც აღშფოთდა სამინისტროს ცალკეული წარმომადგენლების მსგავსი ქმედებებით და ამ ხალხის დახმარება კვირიკაშვილს დაავალა. აი, რა მოხდა ამის შემდეგ, „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გთავაზობთ.
ლადო ასლამაზაშვილი _ „შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების კავშირის“ დამფუძნებელი:
_ 1990 წელს გაიყიდა ფეხსაცმელების ფაბრიკა „ისანი“. იქ არსებული მე-6 საამქროს დახურვის შემდეგ უმუშევარი დამრჩა 60-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. თავად მე გახლავართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და გული მტკიოდა ამ მოზარდებზე, რომლებიც ქუჩისთვის იყვნენ განწირულნი. გარეთ რომ არ დარჩენილიყვნენ ეს ბავშვები, მუშაობის პერიოდში კასპის ბავშვთა სახლიდან ჩამოგვყავდა ბენეფიციარები და ვასაქმებდით. თავად მე გახლავართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და გული მტკიოდა ამ მოზარდებზე, რომლებიც ამიტომაც გარეთ რომ არ დარჩენილიყვნენ ეს ბავშვები, ჩემი ინიციატივით მივდიოდი კასპში და ჩამომყავდა შშმ პირები, რომელთაც ქვედა კიდურები ჰქონდათ დაზიანებული, მაგრამ ხელები _ ძლიერი. ჯერ ხელობას ვასწავლიდით და შემდეგ ვასაქმებდით. ასევე დასაქმებული გვყავდა ყრუ-მუნჯები.
_ და ასეთი კონტინგენტი დარჩა უმუშევარი ფაბრიკის დახურვის შემდეგ?
_ დიახ. ყველა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ფაბრიკის გარდა შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნდა. მოდიოდნენ ჩემთან, როგორც ყოფილ ხელმძღვანელთან და მთხოვდნენ, დაგვეხმარე, რომ დავსაქმდეთო. იმ პერიოდში იყო ასეთი ორგანიზაცია „ოქსვამი“. სწორედ მას მივმართე წერილობით, რომ ფაბრიკის დახურვის გამო შშმ პირები დავრჩით უმუშევრები და ვთხოვე დახმარება დანადგარების შეძენაში. „ოქსვამი“ დაგვთანხმდა, შეგიძენთ დანადგარებს და ჩვენ დაგიმონტაჟებთო. მაგრამ ამ დანადგარებისთვის ფართიც არ გვქონდა, ამიტომ მივმართე ისნის რაიონის გამგეობას, რომელმაც ამჟამინდელი ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #46-ში მდებარე ტერიტორია გადმოგვცა. მანამდე აქ გამგეობის დასუფთავების სამსახურის ავტოფარეხი იყო განთავსებული. როცა შევედით, ტერიტორია ცარიელი დაგვხვდა და ფაქტობრივად ნაგავსაყრელად იყო ქცეული. გამგეობის დახმარებით მიწა გავასუფთავეთ, დავრგეთ ხეხილი, გავარემონტეთ უკვე „ოქსვამის“ ხელშეწყობით, რომელმაც მანქანა-დანადგარებიც შეგვიძინა. ეს ორგანიზაცია თავადვე გვიკვეთავდა ფეხსაცმელს და იმდენად ხარისხიან ნაწარმს ვუშვებდით, რომ ორი წლის განმავლობაში როგორც საქართველოში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში ურიგებდნენ შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს.
_ ანუ 90-იან წლებში, როდესაც ნახევარი საქართველო უმუშევარი იყო და შიმშილობდა, შშმ პირების საწარმო მუშაობდა?
_ დიახ, ისიც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. 50-მდე შშმ პირი გვყავდა დასაქმებული. ამ ორ პატარა ნაგებობას რომ ხედავთ, სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა და ორგანიზაცია „ქაუნთერ ფართი“ დაგვეხმარა გარემონტებაში. დამატებითი ერთი ოთახი კი ჩეხეთის საელჩოს ხელშეწყობით ავაშენეთ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ჰქონდა ძალიან ძლიერი პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შშმ და იძულებით გადაადგილებულ პირებს ვამზადებდით და შემდეგ ვასაქმებდით. იმ დონეზე შეისწავლებოდა ჩვენთან ნამზადის კერვა და მოდელირება, რომ მერე თავიანთი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში დგამდნენ ჯიხურებს და შეკეთებაზე მუშაობდნენ. სულ ამ პროგრამის ფარგლებში 200-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადავამზადეთ.
_ პრობლემები როდის დაიწყო?
_ ჩვენ აქ შემოვედით 1990 წელს, 1995 წელს კი გადმოვიდა თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი. ცუდ დღეში იყვნენ, ომი ახალი დამთავრებული იყო ქვეყანაში, შუქი ჩვენ მივეცით და ამ ეზოდან გადაიყვანეს. მათ შესახებ მეტი არაფერი მსმენია, სანამ თითქმის 20 წლის შემდეგ, 2011 წელს, ჩვენს ეზოში შემთხვევით ორმა სამხედრო პირმა შემოიხედა, _ აუ, ეს რა მაგარი ტერიტორია ყოფილაო! მერე ჩვენ შემოგვხედა, დაგვინახა, რომ საწარმოში მომუშავე პირები ყველა შშმ ვიყავით და, _ თქვენ აქ რა გინდათ? ვინ მოგცათ ეს ტერიტორია? თქვენი ადგილი აქ არ არისო.
_ ხუმრობთ? თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა?
_ 21 წელი რომ ამ ადგილზე მოღვაწეობ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზიებთან გაქვს ურთიერთობა, ორი სამხედრო მაღალჩინოსანი გეუბნება, თან ვის? _ შშმ პირებს, _ ვინ ხართ და ვის დაკარგვიხართ, ახლავე დაცალეთ ტერიტორიაო. 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი მოვიდა და მოიტანა საბუთი, რომ მათ ჰქონდათ აღნიშნული ტერიტორია აღებული იჯარა-გამოსყიდვის წესით და უნდა დაგვეცალა ჩვენს მიერ დაკავებული ფართი. სად უნდა წავსულიყავით, როდესაც არსად წასასვლელი არ გვქონდა. რა უნდა მეთქვა ასეთი ადამიანებისთვის, რომ აფხაზეთის ომის დროს 200 წყვილი ფეხსაცმელი ჩვენმა ორგანიზაციამ უსასყიდლოდ შეკერა და ჩავიტანეთ სამხედროებისთვის; რომ თავად დასახმარებლები, ყოველთვის ვმონაწილეობდით, თუ სადმე გაჭირვება იყო; 2012 წელს, კახეთის სტიქიისას „კარიტასის“ დახმარებით სამასი წყვილი ფეხსაცმელი შევკერეთ და თვითონ „კარიტასმა“ დაურიგა დაზარალებულებს; 2015 წელს, ვერა რომ ადიდდა, 150 წყვილი შევკერეთ და გადავეცით საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომელმაც ეს პროდუქცია წყალდიდობით დაზარალებულებს დაურიგა. 2008 წლის ომის დროს დევნილებს შევუკერეთ „კარიტასისა“ და „ხსნის არმიის“ დახმარებით 1200 წყვილი ფეხსაცმელი.
რა მინდა ვთქვა: ამ წლების განმავლობაში სულ ქვეყნის სამსახურში ვიყავით ისე, რომ სახელმწიფოსთვის ერთი თეთრიც არ გვითხოვია. თავად ვარჩენდით ოჯახებს და აქეთ ვეხმარებოდით სხვებს. და აი, მოდის თავად ქვეყნის ხელისუფლება და გვეუბნება, დაიკარგეთ აქედანო.
_ „პენტაგონის“ გაიდლაინებით რომ მუშაობს ჩვენი თავდაცვა, აშშ-ში „პენტაგონის“ მაღალჩინოსანი შშმ პირებთან რომ მისულიყო და ტერიტორიის წართმევა მოენდომებინა, ამაზე, მინიმუმ, თავდაცვის მინისტრს დაატოვებინებდნენ პოსტს, მაქსიმუმ _ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემდნენ…
_ მოკლედ, ოფიციალურად გამოგვიცხადეს, რომ ეს ტერიტორია მოგვწონს, ეს არის ჩვენი მიმდებარე და ახლა უნდა შემოვიერთოთო. მოგვთხოვეს დოკუმენტები და მივეცით.
_ გქონდათ ფლობის დამადასტურებელი საბუთი?
_ რა თქმა უნდა! „ხსნის არმია“, „კარიტასი“ და საელჩოები როგორ დაგვიდებდნენ ხელშეკრულებას ამ დოკუმენტების გარეშე? წაიღეს ეს საბუთები, ყველაფერი გამოგვართვეს. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ და გვითხრეს, _ ეს არ არის იურიდიული დოკუმენტი და თქვენ უნდა წახვიდეთ აქედანო.
_ რა დოკუმენტები გაატანეთ?
_ ის, რაც გამგეობამ მოგვცა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ტერიტორიის გადმოცემის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ვუთხარით, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი დოკუმენტები და გაეროს მიერ ინიცირებული იურისტები გაარკვევენ, არის თუ არა იურიდიული საბუთიო. ამაზე გვითხრეს, _ ვერ დაგიბრუნებთ, დავკარგეთო(?!!).
_ ბატონო ლადო, რასაც ახლა თქვენ ყვებით, კრიმინალია. რას ჰქვია, დაკარგეს თქვენ მიერ ტერიტორიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი?
_ მოდით, ჯერ შემომხედეთ; ახლა ჩემს თანამშრომლებს _ ძლივს გადავაადგილდებით და საერთოდ არ ვართ გარკვეული ამ იურიდიულ დეტალებში. არასოდეს არავინ შეგვხებია, იმიტომ რომ დილის 8 საათიდან საღამომდე ვკერავდით ჩვენს პროდუქციას და სხვა რამისთვის არ გვეცალა. თავიდან ვერ გავიგეთ, რა უნდოდა თავდაცვის სამინისტროს. მაშინ დავიწყე მოქმედება, როდესაც ხმა მომივიდა, რომ აქ სახლის აშენება უნდოდათ. მათ დაგვინგრიეს გამყოფი გალავანი და დაანგრიეს ტანსაცმლის კერვის საწარმოები, სველი წერტილები, ყველაფერი დაგვინგრიეს. მოიტანეს ბურღები და დაიწყეს მიწის მდგრადობის შემოწმება…
_ თავდაცვის სამინისტროს კორპუსისთვის?
_ არა, კერძო კორპუსის.
_ სამინისტრო რა შუაშია ამასთან?
_ სამინისტროს კერძო პირები, კონკრეტული მაღალჩინოსნები. ეს ამბავი დიპკორპუსმა იმდროინდელ თავდაცვის მინისტრამდე მიიტანა, თან ბურღვისას მიწიდან ამოვიდა გრუნტის წყლები. საბოლოო ჯამში, არ ვიცით რამ განაპრობა – ადამიანურმა ფაქტორმა თუ საელჩოების ძალისხმევამ, მაგრამ ყველანაირი მოქმედება ჩვენს ტერიტორიაზე შეწყდა.
_ თქვენი საბუთების ასლი არქივში არ იქნება?
_ 90-იან წლებში გამგეობის მიერ გაცემული დოკუმენტი როგორ იქნება არქივში? ახალი მთავრობის იმედი მქონდა, იმიტომ რომ წინა ხელისუფლების ლოჯისტიკის დეპარტამენტი შემოჭრის მცდელობებს არ წყვეტდა.
_ „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ შეწყდა თქვენი შევიწროება?
_ უფრო გაძლიერდა. ჩვენც დავიწყეთ ბრძოლა გადარჩენისთვის. როგორც კი „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, პრეზიდენტთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოს მივმართეთ. მანამდე 2-3-ჯერ მაინც გვქონდა მიწერილი წერილი პრეზიდენტთან, მაგრამ არანაირი პასუხი არ მოგვსვლია. ბოლოს ათამდე საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერია და საკორდინაციო საბჭომ გაიტანა ჩვენი საკითხი მთავრობის სხდომაზე. შეიქმნა კომისია, დაგვიბარეს ეკონომიკის სამინისტროში, განიხილეს ჩვენი საკითხი და გადაწყდა, რომ მისი აღსრულება, ანუ ტერიტორიის უზურფრუქტით ჩვენთვის გადმოცემა ქონების მართვის სააგენტოს უნდა აღესრულებინა. მაგრამ ეს ბრძანება ქონების მართვაში გაჩერდა. თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტმა ისევ დაიწყო შემოტევები და 2014 წელს ისევ მივმართეთ წერილით პრეზიდენტს. 2015 წელს კი ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს შევხვდით.
_ მიგიღოთ?
_ `ვაჟაობის~ სახალხო დღესასწაულზე, შშმ პირებს ჩარგალში გვქონდა ღონისძიება, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მე თვითონ მივედი „ვაჟაობაზე“ ივანიშვილთან. მოვუყევი ეს ყველაფერი და, სხვათა შორის, ყურადღებით მომისმინა. გვერდით ედგა გიორგი კვირიკაშვილი. ივანიშვილმა დაუძახა და ჰკითხა, _ რატომ აჭიანურებთ ამ საქმეს და არ აკმაყოფილებთო? კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ყრუებისა და უსინათლოების ანალოგიურ პრობლემაზე ვმუშაობთ და იმათ საკითხთან ერთად ამათი საკითხიც განიხილებაო.
_ ანუ ყრუებსაც და უსინათლოებსაც ტერიტორიებს ართმევდნენ?
_ დიახ. გაგიჟდებით, რომ გაიგოთ, რა ხდება! მოკლედ, ივანიშვილმა კი დაავალა ჩემს თვალწინ კვირიკაშვილს, მაგრამ არაფერიც არ განიხილეს, იმიტომ, რომ პრემიერის სახელზე გაგზავნილი ბოლო წერილი და, ზოგადად, ყველაფერი ქონების მართვაში ჩერდება. პირადად ჩვენ სულ ბოლო წერილი მოგვივიდა ორი წლის წინათ. თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ სასწრაფოდ გაგვითავისუფლეთ ტერიტორია, თორემ სასამართლოს გადაგცემთო. ამ წერილით პარლამენტარ რატი იონათამიშვილს მივმართე, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დეპუტატი სამინისტროს დაუკავშირდა, _ რა ხდება, ხალხო, რაებს წერთო? თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტიდან წარმომადგენლები მოვიდნენ, ვიღაც პოლკოვნიკი მობრძანდა და გვითხრა, _ ეგ წერილი თქვენ რაღაც არასწორად გაიგეთო, იყავით, მობრძანდით, რამდენი ხანიც გნებავთ, იმდენი ხანიო, მაგრამ ეს ტერიტორია ჩვენ გვინდა და ჩვენ უნდა დავიკანონოთო.
_ თვითონ ეს ტერიტორია ვისზეა?
_ ძალიან შეეშინდათ, რომ ჩვენს ყოფილ გალავანს აღვადგენდით, ამიტომ 50-მდე მანქანა შეშა მოიტანეს და ეზოში დაგვიყარეს. დღეს უზარმაზარი მთა გვაქვს ხის მორების ჩვენს ტერიტორიაზე. სიმონი არის პრეზიდენტის მრჩეველი, თავადაც შშმ პირია და ცოტა ხნის წინათ ტელეხიდი მქონდა მასთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან. ამ ტელეხიდის დროს თქვეს, რომ ეს ტერიტორია ჩვენს ბალანსზე არ არისო.
_ თუ მათ ბალანსზე არ არის, რა უფლებით გედავებიან?
_ თავდაცვის სამინისტრო 1995 წელს გადმოვიდა და როგორც გითხარით, შუქი არ ჰქონდათ, მე მთხოვეს და ჩემიდან გადაჭიმეს. მე ვაძლევდი დენს. ეს ტერიტორია, თავის დროზე, გამგეობამ გადმოგვცა ჩვენ _ „შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების კავშირს“, რომელსაც ოთხი დამფუძნებელი ჰყავს. ოთხივე შშმ პირია. კავშირს აქვს კონკრეტული გეგმა. ტანსაცმლის კერვის საწარმო თავდაცვის სამინისტოს მაღალჩინოსნებმა რომ დაგვინგრიეს, ხელახლა ავაშენებთ, წარამარა რომ არ გვეჭრებოდნენ. მივიღებდით ტენდერებში მონაწილეობას, შევუკერავდით უნიფორმებს. დონორი ორგანიზაციები, საელჩოები ყველანი მზად არიან, გვერდით დაგვიდგნენ. იაპონიის საელჩო უკვე მზად არის, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო ამბობს, _ არავითარ შემთხვევაშიო! გასაგებია, რომ თავისი ინტერესი აქვთ. არადა, ჩვენ ქართული წარმოების განვითარება გვინდა.
_ თქვენი რაიონის დეპუტატი ვინ იყო?
_ ჩვენი დეპუტატი იყო ბექა ნაცვლიშვილი.
_ რამე გაგიკეთათ?
_ აი, რა გაგვიკეთა! ბექა ნაცვლიშვილი, თავის დროზე, გახლდათ პრემიერის აპარატთან არსებული მიწის ლეგალიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ყველაფერი იცოდა ჩვენ შესახებ. მოვიდა, მოიყვანა თავდაცვის სამინისტროდან ხალხი, დაითანხმა ისინი, რომ ხელს აიღებდნენ სხვისი ტერიტორიისგან, ყველაფერი კარგად მიდიოდა და მერე ყველაფერი გაჩერდა. რომ ვეკითხებოდი, ბექა, რა მოხდა-მეთქი? _ ჩუმდებოდა. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვიღაცას ინტერესებში დევს აქ სახლის აშენება. აქ შშმ პირები ვმუშაობთ და ვარსებობთ. თავდაცვის სამინისტროსთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ჩვენს გვაქვს ცალკე შესასვლელი, ცალკე გაყვანილი ელექტროენერგია და წყალი.
_ ახალი მთავრობის იმედი გაქვთ?
_ დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რომ არ ვართ დაკმაყოფილებულები და დღემდე ვერ მოხერხდა ჩვენთვის ამ ობიექტის გადმოცემა. რა გამოდის, რომ ვიღაცას ჰქონდა იმედი, ბიძინას ეს დაავიწყდება და ხელს მოითბობდა? რა ვქნათ? თუ სახელმწიფო არ გვიცავს, შშმ პირებმა ჩვენი თავი თავადვე უნდა დავიცვათ.ჩვენი შშმ პირები ჩვენვე უნდა დავიცვათ.
თამარ როსტიაშვილი