თაკო ჩარკვიანი: „ვერ „იმეფებ“! საქართველოში ხალხის შეურაცხყოფა არავის გამოსვლია!“

პოსტსაარჩევნო საქართველოში მოვლენები ფატალურად ვითარდება და წყალი არ გაუვა, „ოცნება“, დღეს თუ არა ხვალ, იძულებული გახდება, უკან დაიხიოს, არჩევნების გაყალბება აღიაროს და ხელისუფლებიდან წავიდეს, თუმცა როგორც ყველა წყალწაღებული, ივანიშვილის გუნდიც ხავსს ებღაუჭება და ხალხის პროტესტის განეიტრალებას წყლის ჭავლით ცდილობს.

ისე, „ოცნება“, ალბათ, ფიქრობდა, რომ გაყალბებული არჩევნები, როგორც იტყვიან, ხახვივით შერჩებოდა და ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში შევიდოდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც მმართველი გუნდი არ ელოდა _ სრულიად ოპოზიციური სპექტრი მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს!
ერთ-ერთი პირველი, ვინც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი იყო.
„მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი: მირეკავენ და მილოცავენ პარლამენტში შესვლას. გმადლობთ, მეგობრებო, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი (ჩემი) მიზანი, ანუ დეპუტატობა, მადლობა, ვინც ხმები მოგვცა, მაგრამ ცუდი და კატასტროფა ისაა, რომ ხელისუფლება, ანუ „ოცნება“ დარჩა ტოტალური გაყალბების შედეგად. დიახ, ალბათ, უფრო მეტად დაფიქრდება „მავანი“ და ფსევდოოპოზიციასაც უკეთ დაინახავს, ნაადრევი ზეიმიც ცოტა არასწორია და პრემიერი ამ ეტაპზე სააკაშვილი არ იქნება, _ რომ დავწერე, ამ ეტაპზე ამ პოლიტიკურ რეალობაში-მეთქი, ბევრს არ ესიამოვნა, ვერ გაიგეს, რატომ ვთქვი.
ა, ბატონო, როგორც ვთქვი, ისეა (თავად თქვა ადამიანმა, ეს რეალობაა ამ ეტაპზე ასეა).
სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი, გამოტენილია „ფსევდო ტიპებით“ და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა, ოდნავ განსხვავებული ხედვით, „ჩაქოლვა“ არ ასცდება.
აკი, ვამბობდი, კომპასი გაასწორეთ შუშის სასახლისკენ-მეთქი. ჰოდა… ა, ბატონო, ახლა ვიძახოთ „გაყალბებული არჩევნები“. დიახ, გაყალბებულია და შუქიც ჩააქრეს უბნებზე და ბიულეტენებსაც იპარავდნენ, დაშინება, ცემა-ტყეპაც იყო და საჩივრებიც და ვიდეოკადრებიც არის. კი ბატონო, ასეა უდავოდ და მაინც…
რუსი ოლიგარქი ივანიშვილი დარჩა!“ _ დაწერა თაკო ჩარკვიანმა არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სოციალურ ქსელში, თუმცა ამ განცხადებიდან მოვლენები ელვისებური სისწრაფით იცვლება.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 8 ნოემბერს, საღამოს, „ოცნებამ“ ცესკოსთან შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები წყლის ჭავლით დაარბია.
„დაიმახსოვრე!!! არ შეგარგებთ, ყოველდღე მიიღებ პერმანენტულად პროტესტს, არ და ვერ იფეოდალებ, ვერ „იმეფებ“! საქართველოში ა-რა-ვის გამოსვლია ხალხის შეურაცხყოფა!!!
დაბოლოს: „არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ“!
…გარეწარი ხელისუფლება ამბობდა, რომ კოვიდის გავრცელების ეშინოდა, წყლის ჭავლი მშვიდობიან მომიტინგეებს რომ მიუშვით გაფრთხილების გარეშე, აღარ გაღელვებთ კოვიდის გავრცელების საშიშროება, თქვე ფარისევლებო?
ხომ ვიცით, რომ წყლის ჭავლი გავრცელებას უწყობს ხელს?!!
აღარ გაღელვებთ ხალხი და კოვიდი?
ხალხი დაშავდა, თქვე თაღლითებო და კორუფციონერებო!!!
ეს ხომ უარესია, უფრო მეტი ხალხი მოვა და გაგყრით კინწისკვრით!“ _ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი 8 ნოებრის დარბევას.

ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ, „ქრონიკა+“-მა თაკო ჩარკვიანთან 7 ნოემბერს ჩაწერა.
აქვე, იმასაც გეტყვით, რომ სხვა ოპოზიციური ძალებისგან განსხვავებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“, კერძოდ, თაკო ჩარკვიანი, გაყალბებულ ოქმებს სასამართლოში კი არა, პროკურატურაში ასაჩივრებს და დამნაშავეების სისხლის სამართლის წესით დასჯას ითხოვს!

_ თაკო, პრაქტიკულად, პირველი იყავით, ვინც განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევა…
_ დიახ, ეს განცხადება არჩევნების ღამესვე, დაახლოებით, სამის წუთებზე გავაკეთე.
_ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეთ?
_ ვერ ვიტყვი, რომ სპონტანურად მივიღე.
_ ანუ?
_ გავაანალიზე და მივხვდი, რომ პარლამენტში ხალხის კი არა, ვიღაცის მოსამსახურედ უნდა შევიდე…
სხვათა შორის, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არასოდეს უთქვამს, პარლამენტში მეორე ძალა ვიქნებიო, მაგრამ ყველა პარტიამ დაახლოებით იცოდა, რა როგორ იქნებოდა. ძალიან ბეცი უნდა იყო, წარმოდგენა რომ არ გქონდეს, არჩევნები შენთვის როგორ წავა, მაგრამ წარმოუდგენელი რამ მოხდა.
_ რას გულისხმობთ?
_ ჯერ ოქმები არ გვქონდა, მაგრამ სავარაუდო შედეგი ვიცოდით…
არასოდეს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა ქვეყანა თავზე ჩამოგვემხო, ვთქვი, პოლიტიკაში მოვალ-მეთქი და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მივიღე, რომ რაღაცის გაკეთება მინდა. საკეკლუცოდ და ივანიშვილის ბრძანებების შესასრულებლად, ანუ პარლამენტში ფორმალური ოპოზიციის როლით შესვლას ნამდვილად არ ვაპირებ!
სხვათა შორის, ერთი რამ მიხარია.
_ რა?
_ გაყალბების პირობებშიც კი ორი თვის შექმნილმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ოთხი მანდატი მიიღო, მაგრამ ჩვენთან წინააღმდეგობა არავისგან ყოფილა და პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება ყველამ ერთმნიშვნელოვნად მიიღო!
_ გასაგებია, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყველა წევრმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, მაგრამ, ჩემი აზრით, ოპოზიციაში სიტუაცია თქვენ „აჭერით“, ანუ საჯაროდ რომ არ გეთქვათ, პარლამენტში არ შევდივარო, როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია ბოიკოტს მაინც გამოაცხადებდა?
_ იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მე ის გავაკეთე, რაც ვიგრძენი. საერთოდ, იცით, რომ ანგარიშის გაწევები არ მიყვარს, ანუ გადაწყვეტილების მიღებისას არავის არაფერს ვეკითხები. მთელი ცხოვრება ამას ვამტკიცებ და ამ არჩევნებმაც ეს დაამტკიცა, რომ ღია და გულწრფელი პოლიტიკა უფრო საინტერესოა. პოლიტიკა ბინძური მაშინაა, როცა ბინძური პოლიტიკანები აკეთებენ მას.
ჩვენს ქვეყანას მაშინ ეშველება, როცა კარგად გავაანალიზებთ, რომ პოლიტიკა ბინძური არაა. სხვას ანგარიში ისეთ რამეში უნდა გაუწიო, რაც ქვეყანას წაადგება, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება პიროვნულად უნდა მიიღო და აზრი, შესაძლოა, მხოლოდ პოლიტიკურ პარტნიორს ჰკითხო. ისე, ძალიან მიხარია, რომ მე და გიორგი ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება უსიტყვოდ მივიღეთ!
_ მართალია, მოვლენები დრამატულად ვითარდება, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში მაინც მუსირებს მოსაზრება, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს და პარლამენტში შევიდეს. ასეთი მოლოდინი თქვენც გაქვთ, თაკო?
_ ხომ ხედავთ, რიტორიკა ცოტა შეიცვალა.
_ „გირჩს“ გულისხმობთ?
_ ის, რაც „გირჩმა“ თქვა, არ ვეთანხმები. ცხადია, ყველას შეუძლია, თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა, თუ ხელისუფლება დაიკლებსო. დაიკლებს რას ნიშნავს? დაიკლებს, რა, ნუცას სკოლაა? ეს არასამართლებრივი ტერმინია…
ჩემს პარტიას „კანონი და სამართალი“ ჰქვია. ჰოდა, მოდით, ახლა ეს ტერმინი _ „დაიკლებს“ ჟურნალისტურად და სამართლებრივად გადმოვაქართულოთ: დაიკლებს, ე. ი., გაყალბებას აღიარებს. ასე გამოდის, არა?
_ დიახ.
_ მთელი საქართველო ველოდებით, რომ „ოცნებამ“ გაყალბება აღიაროს და თუ ამას გააკეთებს, ძალიან გაგვიხარდება, მაგრამ „დაიკლებს“ და გამყალბებელი დავტოვოთ და ამ სამართლებრივ მოქმედებაში გავყვეთ? ხალხნო, რას ვლაპარაკობთ, ცოტა დაფიქრება გვმართებს!
_ მოკლედ, ასეა თუ ისე, „ოცნება“ გაყალბებას არ აღიარებს და იმის წინააღმდეგიცაა, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და ამბობს, იმ ამომრჩევლებს რა ვუთხრა, ვინც ხმა მე მომცაო?.. ამასთან, მინდია უგრეხელიძე გამოდის ინიციატივით, რომ რაკი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს, ოპოზიციის მანდატები „ოცნებამ“ აიღოსო. ამაზე რას იტყვით?
_ ჩვენ მათი ამომრჩევლის ხმებსაც ვიცავთ!
_ ეს როგორ?
_ ისეთი ტოტალური გაყალბებაა, რომ პროკურატურაში განცხადებაც შევიტანეთ.
_ რაკი ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობთ, მითხარით, მაგალითად, საბურთალოს რაიონში, სადაც მაჟორიტარად იყრიდით კენჭს, რამდენი ხმა გაყალბდა?
_ პროკურატურაში სარჩელი 97-ვე უბნის გამო შევიტანეთ.
_ და ამ გაყალბების დოკუმენტები გაქვთ?
_ სხვათა შორის, გაყალბების მაგალითად ხათუნა გოგორიშვილმაც საბურთალოს რაიონი მოიტანა და მიხეილ სააკაშვილმაც, რაც შემთხვევითი არაა.
_ შემთხვევითი რატომ არაა?
_ ზოგმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა, მე კი _ პროკურატურაში.
_ სასამართლოს თქვენც რატომ არ მიმართეთ?
_ იმიტომ, რომ ეს გაყალბებები ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია!
ისე, მიხარია, რომ ძალიან ძლიერ ოპონენტად ვიყავი აღქმული და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, ანუ განსაკუთრებული ბრძოლა იყო, რადგან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ძალას გრძნობდნენ. აი, ხატია დეკანოიძემაც თქვა, მაგალითად, გიორგი ვაშაძეს 33 ხმა როგორ „გადაუყარეს“ და მხოლოდ ორი დაუწერეს. მე კი კონკრეტულ უბანზე 39 ხმა „გადამიყარეს“. ეს ერთ-ერთი მაგალითია.
მოკლედ, ჩვენ გადაყრილ ხმებს ვიცავთ. ამ ხალხს პატივი ხომ უნდა ვცეთ?!
_ თაკო, საბურთალოზე ხმები მხოლოდ თქვენ, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, მოგპარეს თუ „სტრატეგია აღმაშენებელსაც“?
_ მაჟორიტარულ არჩევნებს ცალკე განვიხილავთ და პროპორციულს _ ცალკე, თუმცა ორივეგან კატასტროფული მდგომარეობაა.
ეს ჩვეულებრივი გაყალბება არ იყო და ვერც წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი რა შესაძლებელი იქნებოდა.
_ თაკო, პროკურატურაში სარჩელი კონკრეტულად ვის წინააღმდეგ შეიტანეთ: ცესკო-სი, ხელისუფლების თუ საოლქოს ხელმძღვანელობის?
_ საოლქო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
_ ანუ ფიქრობთ, რომ თამარ ჟვანიას და, საერთოდ, „ოცნების“ გარეშე, საოლქოს თავმჯდომარე ასეთ დარღვევაზე წავიდოდა?
_ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. დიახ, გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ გაარკვიოს, რა და როგორ მოხდა.
_ პროკურატურას არ ენდობით და ამ საჩივრის შეტანას რა აზრი აქვს?
_ საჩივარი იმიტომ არ შევიტანეთ, რომ პროკურატურას ძალიან ვენდობით, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და, საერთოდ, ყველას ვაჩვენებთ, რომ ჩვენ სამართლებრივი გზით მივდივართ, თორემ ეს ძალიან ბინძური სისტემაა და ქვეყანაც სამარცხვინო ამბავშია! ამის მიუხედავად, ყველა სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ და ამით იმასაც ვუსვამთ ხაზს, რომ ხელისუფლება სამართლებრივ ჩარჩოს ასცდა. ჩვენ კი ამ სამართლებრივ ჩარჩოებში ვართ!
ყველაფერ ამის შემდეგ კი ის საპროტესტო ტალღა, რომელიც იქნება, აღარ უნდა გაუკვირდეთ! თუ სამართალს ყველანაირი აზრი დაეკარგება და სასამართლო აღარ იარსებებს, როგორ ფიქრობთ, ხალხს რა მოქმედების შანსი დარჩება?
_ აჯანყების?
_ სახელმწიფომ ხალხს ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება წაართვა! ეს, მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს მიტაცებაა! როცა სახელმწიფოს მიიტაცებენ და აღარც სასამართლო იქნება და აღარც _ პროკურატურა, მითხარით, ხალხმა რა უნდა გააკეთოს?
_ ხალხს პროტესტის გამოხატვის უფლებას კონსტიტუცია აძლევს, მაგრამ პროკურატურაში საჩივრის შეტანა სამართლის საპოვნელად გრძელი გზაა. არ ჯობდა, რომ სხვების მსგავსად თქვენც სასამართლოსთვის მიგემართათ?
_ დიახ, ვიცით, რომ პროკურატურის გზა ხანგრძლივია, მაგრამ დღეს, როცა ასეთი დაძაბული ვითარებაა, პროკურატურას პასუხის დროულად გაცემა, წესით, უნდა აწყობდეს!
სხვათა შორის, სასამართლოდან ყველა საჩივარზე უარი მოვიდა. მეტიც: ზოგი სარჩელი სასამართლომ არც მიიღო. ვინაიდან ამ გაყალბებაში სისხლის სამართლის ნიშნებია, პროკურატურას ამიტომაც მივაკითხეთ.
სხვათა შორის, ყველაფერ ამას უცხოელებსაც ვაწვდით.
მოკლედ, ყველა სამართლებრივ გზას ვსინჯავთ და ერთი პროცენტიც არ არსებობს, რომ ხელისუფლებამ თქვას, ოპოზიცია სამართლებრივი ჩარჩოდან გადისო. გაიძახიან, რევოლუცია უნდათო, მაგრამ რევოლუცია არავის უნდა. ჩვენ არჩევნებს ველოდებოდით, მაგრამ ამ თავხედმა რუსმა ოლიგარქმა რუსული სტილის არჩევნები ჩაგვიტარა _ გააყალბა და სახელმწიფო მიიტაცა! ჩვენ კი ისევ სამართლებრივი გზით მივდივართ, რადგან რევოლუციის მაგვარი ავიცილოთ, მაგრამ თუ არაფერი დარჩება, აბა, მაგის მონებად ხომ არ დავრჩებით?!
_ „ოცნებამ“ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საბაბით საქმე უკვე აღძრა და გამოძიებაც დაიწყო…
_ აი, ახლა განხილვები რომ დაიწყება, დაინახავთ, საქმეს როგორ აღძრავს!
_ რა განხილვებს გულისხმობთ?
_ მხოლოდ ასეთი მოქმედება კი არა, ხელისუფლებიდან წასულიც ბევრი გვინახავს! არ შეიძლება, ხალხს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო! ჰოდა, აღძრან საქმე და იყვნენ!
საერთოდ, არ მაინტერსებს, ვისთან რა პრეტენზია აქვთ. მე ერთი მაინტერესებს _ ჩვენი ხმები სად არის? გაყალბებული ოქმები წარვადგინეთ, სასწრაფოდ გამოიძიონ, თორემ ქუჩიდან სახლში არ წავალთ! ეს მარტივი ლოგიკაა!
_ ოპოზიციას შინ წასვლა მაინც მოგიწევთ, რადგან 9 ნომბრიდან საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს _ 22:00-დან 5 საათამდე ქუჩაში გადაადგილება არ შეიძლება…
_ მერე რა?! ხალხს ვერ შეაჩერებენ, რადგან ის, რაც 31 ოქტომბერს მოხდა, ხელისუფლების მიტაცების მცდელობაა.
კორონა დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ მონებად ხომ არ ვიქცევით?
წეღანდელი თქმისა არ იყოს, გაყალბების ოქმები აგერ დევს. ჰოდა, გამოძიება დაიწყონ!
_ თაკო, ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა როგორ უნდა გამოვდიეს?
_ არჩევნების დათმობით.
_ დათმობაში ახალ არჩევნებს გულისხმობთ?
_ დიახ, გაყალბება აღიარონ და ახალი არჩევნები ჩატარდეს.
_ თქვენი დაკვირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული „ნერვების ომი“ რამდენ ხანს გაგრძელდება?
_ ვნახოთ… ეს რთული პროცესია და კონკრეტულ დღეს ვერავინ დაასახელებს.
ყველა ინტერვიუში ვამბობდი და ზოგი მეუბნებოდა, _ კარგი, რა, თაკო, აღარ გინდაო, მაგრამ აღარ მინდა კი არა, ახლა დაფიქრდნენ, როგორი მართალი ვიყავი.
_ უკაცრავად, რაზე საუბრობთ?
_ საქართველოს სათავეში რუსი ოლიგარქია! სხვათა შორის, ამას წინათ ვთქვი და ახლაც გავიმეროებ, ის ფულიც, რომელიც აქვს, მისი კი არა, პუტინის მგონია!
_ ერთი სიტყვით, თაკო, დარწმუნებული ხართ, რომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა?
_ აბა, რა! ამას ისტორიაც გვაჩვენებს… მას გათვლა პუტინზე ჰქონდა, მაგრამ ეს საქართველოა!
_ ისე, ოპოზიციამ შეცდომა ხომ არ დაუშვა, როცა არჩევნებზე ცალ-ცალკე გამოვიდა და არა _ ერთიანი სიით?
_ მე პირიქით მგონია.
_ ანუ?
_ ხელისუფლება ზუსტად მიხვდა, რომ მისი, ასე ვთქვათ, მტერი შუა იყო. ამიტომაც მუდამ ხაზგასმით ვამბობდი, ხალხის დაკვეთა მრავალფეროვნებაა-მეთქი. ხელისუფლება კი მუდმივად ცდილობდა, რომ ორპოლუსიანობაზე ელაპარაკა. ამ არჩევნებმა სწორედ ეს დაამტკიცა.
_ რას გულისხმობთ?
_ ოქმებიდანაც ჩანს, როგორი დარტყმა აქვთ მიღებული ე. წ. შუა პარტიებს, ანუ ხელისუფლება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არა, სხვებსაც _ პატარა პარტიებსაც მტრულად უყურებდა.
მოკლედ, სწორედ ეს იყო შეცდომა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ორპოლუსიანობაზე საუბრის საშუალება მისცა!

გიორგი აბაშიძე