ანზორ მელია: „ნიკა მაგათ არ დაუთმობს _ ფიზიკურადაც ძლიერია, განათლებულიცაა, ვაჟკაციცაა და, აბა, რომელიმე შეეჯიბროს!“

გაბრაზებული ვარ. ისე, უბრალოდ კი არა, ძალიან გაბრაზებული ვარ! დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ჩემსავით ძალიან გაბრაზებულია, რადგან ხმები მოგვპარეს და არჩევნები გაგვიყალბეს, მაგრამ პირადად მე ძალიან გაბრაზებისთვის სხვა საბაბიც მაქვს _ ვიღაც ერთუჯრედიანი დუპლეტები სოციალურ ქსელში გენიალურ კარდიოლოგს, ანზორ მელიას თავს მხოლოდ იმიტომ ესხმიან, რომ ნიკას მამაა! ამ ერთუჯრედიანი დუპლეტების დიაგნოზი „ქოცობაა“! დიახ, „ქოცობა“, კარგა ხანია, დიაგნოზია, დიაგნოზი, რომელიც, საუბედუროდ, არ იკურნება და „ქოცობით“ დაავადებულებს ვერც ანზორ მელია განკურნავს, თუმცა ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, რომ ამ ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ქართულ საქმეს გააკეთებს და ხალხს მიხედავს!

ისე, სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, იმ ემოციურ განცხადებას გაგახსენებთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ანუ მაშინ, როცა ხელისუფლებამ ნიკა მელიას ხელახალი დასჯა გადაწყვიტა და ე. წ. ელექტროსამაჯურის მოხსნის გამო პროკურატურამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს ლიდერისთვის აღკვეთი ღონისძიების გამკაცრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, ანზორ მელიამ სასამართლოს ეზოში გააკეთა:
„ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო, ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ! პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი.
თქვენც ხედავდით, თუ რა უპირატესობით იგებდა და შემდეგ როგორ დატრიალდა ყველაფერი. შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მით უმეტეს, რომ შენი შვილია. ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას, – რატომ ჩემი შვილი?
მაგრამ თუ არა ჩემმა შვილმა, ვინ უნდა გააკეთოს ქართული საქმე?
ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი მან არ იცოდა, ლიდერი იყო!
არ უნდა ამ მთავრობას ასეთი ადამიანები, საქართველოს კი სჭირდება იმიტომ, რომ სხვანაირად დავიღუპებით!
ყველა დარგი ისპობა, ხომ ხედავენ თვითონაც? კობახიძემ გამოიაროს და ნახოს, როგორ სულს ვღაფავთ ექიმები და კლინიკები, რამხელა ფასები აქვს წამლებს, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის, თურმე, ტერორისტი.
გირაო ერთხელ გადაიხადა ნიკამ, ბინა ჩავდეთ და ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ ხომ არ გადაიხდის?
ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე _ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ აირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს?
ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა, გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა პატიმრობა სურთ, თუმცა უნდა იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ!“
საბედნიეროდ, მამის პროგნოზი არ გამართლდა _ „ოცნებამ“ ნიკა მელიას დაჭერა ვერ გაბედა და მხოლოდ იმას დასჯერდა, რომ დამატებით 40 ათასის გადახდა დააკისრა. როგორც ანზორ მელია „ქრონიკა+“-სთან ამბობს, ამ თანხის გადახდას არ აპირებენ.
მოკლედ, ჩვენი გამოცემა გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ანზორ მელიასთან:

_ ბატონო ანზორ, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებამ“ ხალხს ხმები მოჰპარა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ პირველ ადგილზე მოპარვის გარეშეც გავიდოდა. ჰოდა, თქვენი აზრით, ივანიშვილის გუნდმა არჩევნები ასე ტოტალურად რატომ გააყალბა?
_ ამაზე მეც ბევრს ვფიქრობ… მთავრობა არჩევნების გასაყალბებლად რომ ემზადებოდა, ამას კობახიძისა და კალაძის გამოსვლებიც ადასტურებს, რომლებიც ამბობდნენ, 60 პროცენტზე მეტს ავიღებთო, არადა, ხალხის განწყობა ზუსტად იცოდნენ და იციან. ამიტომ მზად იყვნენ, ხახვი, კარტოფილი, პომიდორი და კიდევ რაღაცები, მათ შორის, ფულიც დაერიგებინათ, მაგრამ არ ელოდნენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო საარჩევნო უბნებთან ამდენი რაოდენობის ადამიანი მივიდოდა. ის რეზერვი კი, რომელიც „ოცნებას“ ხალხის მოსასყიდად ჰქონდა გამოყოფილი, საკმარისი არ აღმოჩნდა.
სხვათა შორის, თავიანთი შიდა კვლევებითაც იცოდნენ, რომ ხალხის განწყობა მათ მიმართ უარყოფითი იყო და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებდნენ, თუ ამომრჩევლის აქტიურობა ნაკლები იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. „ოცნება“ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და, ხელისუფლების დაკარგვის შიშით ქაოსური გადაწყვეტილება მიიღო, რომ არჩევნები გაეყალბებინა, რაშიც გამოცდილი ქალბატონი ჟვანია დაეხმარა. ამიტომ ქართველი ერის წინაშე ამ ქალბატონმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი!
ისე, „მთავარმა არხმა“ ჟვანიას იმ დაქალებისა და ძმაკაცების გვარები გამოაქვყენა, რომლებიც გაყალბებაში მონაწილეობდნენ.. ის, რაც მათ გააკეთეს, სამარცხვინოა _ თითქოს არ იციან, რომ ორჯერ ორი ოთხია!
დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ძალაც ეყოფა და ენერგიაც, ეს გაყალბებები დაასაბუთოს, სააშკარაოზე გამოიტანოს და მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა! ამას ქართველი ხალხი არავის აპატიებს!
_ გეთანხმებით, მაგრამ, ბატონო ანზორ, წეღან პანდემია ახსენეთ და, ერთ კითხვას ამ კონტექსტში დაგისვამთ, ანუ ამას წინათ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას „ოცნება“ ხალხის დასაშინებლად ბერავსო. ზოგადად, ეს მოსაზრება საზოგადოებაშიც მუსირებს. თქვენ, როგორც ექიმს, რისი თქმა შეგიძლიათ, ხელისუფლება კორონას ხალხის პროტესტის შესაკავებლად ხომ არ იყენებს?
_ თბილისში უამრავი ცხელების ცენტრია, თუმცა მიუხედავად ამისა, საავადმყოფოები ისეა გადატვირთული, რომ ორი დღე დამჭირდა, კოვიდდადასტურებული პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკაში გადამეყვანა. შეიძლება, ზოგს სეზონური გრიპიც აქვს… საერთოდ, მოსახლეობა გრიპის ვაქცინას იკეთებს და კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, ალბათ, შემცირდება. ახლა კი არ მგონია, ეს რიცხვი ძალიან გაბერილი იყოს, რადგან ადგილები მართლა არაა.
_ მოკლედ, ხალხს კორონა უტევს, ხელისუფლება კი, იმის ნაცვლად, რომ პანდემიას ებრძოლოს, თქვენს ვაჟს ესხმის თავს. არადა, პრივატულ საუბრებში „ქოცებიც“ კი ამბობენ რომ გლდანში არჩევნები უპირობოდ ნიკა მელიამ მოიგო. „ოცნება“ ნიკას წინააღმდეგ ე. წ. სპეცოპერაციას სპეცოპერაციაზე რატომ ატარებს?
_ მთელმა საქართველომ იცის, ნიკას როგორ მოექცნენ და პარლამენტიდან როგორ გამოაბუნძულეს. ის პარლამენტარები, რომლებიც ნიკას არაკაცურად მოექცნენ, ისტორიაში შავი ასოებით შევლენ _ მათ კოლეგა დასაჭერად გაწირეს და არ მგონია, ეს კარგი საქციელი იყოს, მით უმეტეს, რომ ყველამ იცის, ნიკა მაქინაციებში ჩართული არაა!
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. ბავშვობიდან ასეთია _ ტყუილს ვერ იტანს, პირდაპირი და ძალიან მოზომილია, ანუ ბებია, დედის დედა, რაჭველი იყო და ნიკასაც რაჭული სიმშვიდე და თავდაჯერებულობა აქვს. წყობიდან რომ გამოიყვანო და მის თავმოყვარეობაზე იმოქმედო, ძალიან უნდა მოინდომო. პოლიტიკამ კი, ხომ ხედავთ, როგორ დაძაბა. სამშობლოს ღალატსა და თვალთმაქცობას ვერ იტანს. ნიკასავით სუფთა პიროვნება კობახიძეს აწყობს, მდინარაძეს, მილიონერ კალაძეს თუ „ვარდო მრეცხავს“? ნიკას თავი ერთ ბიზნესშიც არ აქვს ჩაყოფილი. რაც გვაქვს, ჩემიდან და ჩემი მშობლებიდან მოდის!
ნიკას მატერიალურად არაფერი შეუქმნია.
მე და ჩემმა მეუღლემ მხოლოდ კარგი სწავლა-განათლება მივეცით, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარული ჩავუნერგეთ! ნიკასნაირი პატიოსნები ღმერთმა გვიმრავლოს!
სხვათა შორის, 5 თვე ნიკა არ მენახა, 31 ოქტომბერს ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი.
_ რატომ?
_ მის გვერდით მხოლოდ ჯანსაღი, განათლებული, ნაკითხი და ძალიან ერთგული ახალგაზრდები ტრიალებენ!
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახდა ნიკა „ოცნებისთვის“ ასეთი მიუღებელი, გლდანს _ ამხელა უბანს იგებდა და ამიტომ! კობიაშვილი მაჟორიტარი ოთხი წელი იყო, მაგრამ მოსახლეობას არც უნახავს. ნიკამ კი, საარჩევნო კამპანიის დროს, თითოეული ოჯახი შემოიარა, ხალხის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანა და ადამიანებიც ენდნენ!
სხვათა შორის, ჩემი პაციენტები, რომლებიც გლდანში ცხოვრობენ, ნიკაზე აღფრთოვანებულები მიყვებიან. „ოცნებამ“ სწორედ ეს საერთო სიყვარული ვერ აიტანა. პარლამენტში ნიკა გაერთიანებული ოპოზიციისთვის ძალიან დიდი ძალა იქნებოდა.
_ ე. ი., ნიკა ოპოზიციის ყველაზე ქარიზმატული ლიდერია?
_ დიახ, ქარიზმატულიცაა, ნიჭიერიც და სუფთაც!
ნიკას გამოსვლებს ხომ ხედავთ და უსმენთ? _ შეიძლება, ზოგჯერ თქვა, ძალიან პირდაპირიაო, მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცევა, როცა თეთრზე ეუბნებიან, შავიაო, შავზე კი _ თეთრიო.
პარლამენტში „ქოცები“ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ და ძალიან დიდი მოთმინება უნდა გქონდეს, რომ არ შეეპასუხო. ნიკა მაგათ არ დაუთმობს! ფიზიკურადაც ძლიერია, განათლებულიცაა, ვაჟკაციცაა და აბა, რომელიმე შეეჯიბროს!
_ სხვათა შორის, ელექტროსამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნის შემდეგ პროკურატურამ ნიკასთვის ჯერ აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობით, მერე კი _ 70 ათასით გირაოთი შეცვლა მოითხოვა. თქვენ ივარაუდეთ, დაიჭერენო.
_ დიახ, მეგონა, დაჭერდნენ.
_ საბედნიეროდ, თქვენი გუმანი არ გამართლდა. ბატონო ანზორ, როგორ ფიქრობთ, „ოცნებამ“ დაჭერა რატომ გადაიფიქრა?
_ საზოგადოების შეეშინდა!
_ ანუ?
_ ნიკას დაჭერა ხელისუფლებისთვის ძალიან წამგებიანი იქნებოდა _ ხალხი გაერთიანებოდა, რადგან ნიკა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო. საერთოდ, შეუძლებელი რამ მოხდა.
_ რას გულისხმობთ?
_ „ევროპულმა საქართველომ,“ ლეიბორისტებმა და სხვა პარტიებმაც ნიკა წარადგინეს. იგივე დავით ჭიჭინაძეც მხარს უჭერდა, ნინო ბურჯანაძეც და გიორგი ვაშაძეც. მოკლედ, ყველა მხარს უჭერდა, რაც ახალი მოვლენა და ტალღა იყო.
ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ ნიკა ხაზს არასოდეს უსვამდა, „ნაციონალური“ პარტიის წარმომადგენელი ვარო. ის ამბობდა, გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოვადგენ და ბედნიერი ვარ, რომ ხალხი მენდოო.
ერთი სიტყვით, „ოცნება“ სწორედ ამას ვერ იტანდა, თორემ ნიკა მხოლოდ „ნაციონალების“ წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, შეიძლება, კიდევ მოეთმინა…
მოკლედ, „ოცნება“ უკვე გაკოტრებულია!
_ დიახ, ასეა და „ოცნების“ გაკოტრება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუმცა სასამართლომ ნიკას დამატებით 40 ათასის გადახდა დააკისრა. ცნობილია, პირველი გირაო რომ გადაგეხადათ, ბინა ჩადეთ. ახალი გირაოს თანხას როგორ გადაიხდით?
_ ჯერ ერთი, ნიკა არაფერს გადაიხდის!
მეორეც, სოლოლაკში, ისტორიულ სახლში, 5-ოთახიანი ბინა 30 ათასზე მეტი არ ღირს? გირაოში სწორედ ეს ბინაა ჩადებული.
ჰოდა, კარგად შეაფასონ, გადაიანგარიშონ და ჰქონდეთ! თუ გამოგვასახლებენ, გამოგვასახლონ!
_ ისე, ბატონო ანზორ, ნიკას გამო პოლიტიკური რეპრესიებისა და ზეწოლის მსხვერპლი თქვენც ხომ არ გახდით?
_ არა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსი ძალიან მადლობელი ვარ _ ზეწოლა ერთხელაც არ მიგრძვნია, არადა, ამ სამინისტროს შეეძლო, რომ ჩემზე ემოქმედა და ამ პერიოდში ჩემს წინადადებებს ყოველთვის იხილავენ!
საერთოდ, ზოგიერთი კლინიკის ხელმძღვანელივით სამინისტროში კვირაში ხუთჯერ არ დავდივარ _ აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი, თუმცა შეიძლება, ტელეფონით დავრეკო ან მივწერო…
სხვათა შორის, ავსტრიელი პროფესორი მყავს, რომელიც ევროპაში საუკეთესო სპეციალისტია და „გულში“ კარდიო-ქირურგად მუშაობს. ორჯერ ექვსთვიანი ლიცენზია ჰქონდა, 30 ოქტომბერს კი, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მამასთან მუშაობს, მუდმივი ლიცენზია მისცეს!
_ კარგია, თუ შვილის პოლიტიკური მოსაზრებების გამო „ოცნება“ მამას არ სჯის!
ბატონო ანზორ, როგორი მოლოდინი გაქვთ _ ყველაფერი ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, რით დასრულდება?
_ სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა, როცა ვუყურებდი, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანზიაციის წარმომადგენლები ხელს როგორ აწერდნენ, პარლამენტში არ შევალთო.
დიახ, მიხარია, რომ ყველა ერთად დგას და შედეგის მიღწევას ცივილიზებული, სამართლებრივი მეთოდით ცდილობს!
ივანიშვილს არ უნდა ეგონოს, რომ მისი მონები ვართ! არა, ჩვენ მონები არ ვართ!
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულ ერთია, მთავრობაში ვინ იქნება. მთავარია, ხელისუფლებამ ქართული საქმე გააკეთოს, ეკონომიკა გააძლიეროს და ხალხის სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს!
ივანიშვილს ეს კობახიძე, მდინარაძე თუ „მრეცხავი ვარდო“ ვინ ჰყავს? პარლამენტიდან ესენი უნდა მოიშოროს! ყველა, ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა, გაუშვა და ესენიღა დაიტოვა.
ნახეთ, რა ქონებებს ფლობენ და ესენი ნიკაზე ლაპარაკობენ?!
ერთ ამბავს მოგიყვებით.
_ დიახ, გისმენთ.
_ ჩემმა ქალიშვილმა ქეთევან წამებულის გამზირზე მშენებარე ბინაში ფული შეიტანა _ კრედიტი აიღო, გაარემონტა და ცხოვრობს. ჰოდა, დაწერეს, ეს ნიკა მელიას ბინააო.
ისიც დაწერეს, ნიკა მელიას კოტორაანთკარში აგარაკი აქვსო. არადა, ამ აგარაკს 40 წელია, ვაშენებ და ბოლომდე ძლივს მივიყვანე _ ნიკა, ალბათ, დაბადებიდან აკეთებდა.
ჩემი სასოფლო-სამეურნო მიწის ნაკვეთიც, თურმე, ნიკას შეუძენია. არადა, ეს ნაკვეთი არაბებს უნდა ეყიდათ. მეზობელმა მითხრა, ანზორ, ორ დოლარად ყიდიან და მოდი, შენ იყიდე, სოფელში არაბები გვინდაო? მოკლედ, მიწის ეს ნაკვეთი ასე ვიყიდე, ახლა კი დიდი ფასი დაედო _ კვადრატული 20 თუ 25 დოლარი ღირს.
ამდენი ხნის ექიმი ვარ და, როგორ ფიქრობთ, იმის შესაძლებლობა არ მექნებოდა, რომ კვადრატულში ორი დოლარი გადამეხადა?
_ ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გექნებოდათ _ ბატონო ანზორ, თქვენ ხომ ძალიან ცნობილი და გენიალური ექიმი ხართ!
_ სხვათა შორის, სოფლის მეურნეობა მიყვარს და ორ ჰექტარზე ხუთი-ექვსი ტონა ხორბალი მომყავს.
მოკლედ, ახლა ისე გამოჰყავთ, რომ ეს მიწის ნაკვეთიც თითქოს ნიკამ შეიძინა. სირცხვილია! ნიკას ერთი მეტრიც კი არ აქვს ნაყიდი!
ისე, აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი რომ იყო, ნიკამ კრედიტი აიღო და ჭონქაძეზე, სადაც ადრე ვცხოვრობდით, ორი ოთახი იყიდა, მაგრამ კრედიტი ერთი წელიც ვერ გადაიხადა _ ეს მთავრობა მოვიდა და გაათავისუფლა. ამიტომ იმ კრედიტის გადახდაც მე მომიწია.
…ვინ, ვინ და, თქვენ მაინც იცით, როგორი წინააღმდეგი ვიყავი, რომ ნიკა პოლიტიკაში წასულიყიო! ჩემი მეუღლე კი ჩემზე უფრო წინააღმდეგი იყო, მაგრამ იმ დღეს, რაც ნიკამ თქვა, გავოცდი.
_ ნიკამ რა თქვა?
_ დედამისის მესიჯი წაიკითხა, ბოლომდე იბრძოლეო!
ჩემი მეუღლე სულ სხვანაირი ქალია, მაგრამ ამათი მოქმედება უკვე ყველას ყელში ამოგვივიდა!
_ ბოლოს, ბატონო ანზორ, ნიკას რას ურჩევთ?
_ ბოლომდე იბრძოლოს და მეც, სანამ პირში სული მიდგას, ბოლომდე ვიბრძოლებ!
თუ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებს, მაშინ ისეთი ბიჭი ეზრდება _ სანდრო მელია, რომ ყველა მელიას გადაუჯოკრავს!
_ ბატონო ანზორ, წარმატებას გისურვებთ. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!

გიორგი აბაშიძე