კოტე კემულარია: „პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „ოცნება“ ოპოზიციას ასტრონომიულ თანხას _ 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა!“
ბავშვმაც კი იცის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. მართალია, „ოცნება“ იხტიბარს არ იტეხს და თავს იმშვიდებს, ხმები არავის მოუპარავს და ცალკეული ხარვეზები, უბრალოდ, ადამიანური შეცდომებია და მეტი არაფერიო, მაგრამ ოპოზიციას გაყალბების უტყუარი მტკიცებულებები აქვს. აი, მაგალითად, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ წარმომადგენელი კოტე კემულარია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. კერძოდ, კემულარიას თქმით, 31 ოქტომბერს, შუაღამისას, ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას მითითებით ის სპეცპროგრამა გამოირთო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის სერვერზე დაუბალანსებელი ოქმების ატვირთვის საშუალებას არ იძლევა.
„ცესკო რომ მართავდა გაყალბებას, ამის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულება დაგროვდა. პირველი ის არის, რომ 23 საათის შემდეგ ოქმების ატვირთვა შეჩერდა. ამას, თამარას გარდა, ვერავინ იზამდა. ცესკოს კომპიუტერში დაუბალანსებელი ოქმი ვერ აიტვირთება _ პროგრამა გამოაგდებს, ე. ი. მოსყიდვა და დაშინება რომ ვერ გამოდგა სათანადო ხმების შესაგროვებლად, ცესკო უპრეცედენტო დანაშაულზე წავიდა _ გამორთო გაყალბების საწინააღმდეგო პროგრამა (ღამის 12 საათზე) და დაიწყო ოქმების გადაკეთება „ოცნების“ სასარგებლოდ და დაუბალანსებელი ოქმების ატვირთვა. ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება. როგორც კი დაინტერესდება გამოძიება, როგორ აიტვირთა დაუბალანსებელი ოქმები, იქვე ნათელი გახდება, რა ჩაიდინეს“, _ ამბობს კოტე კემულარია რომელიც „ქრონიკა+“-სთან კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. კერძოდ, კემულარიას თქმით, „ოცნება“ ოპოზიციის მოსყიდვას 100 მილიონი დოლარით ცდილობდა, მაგრამ ცდუნებას ყველა ოპოზიციურმა სუბიექტმა გაუძლო.
გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს კოტე კემულარიასთან:
_ ბატონო კოტე, რას იტყვით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია?
_ დიახ, პოლიტიკური კრიზისია.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ მოგეხსენებათ, საპარლამენტო რესპუბლიკაში ძირითადი პოლიტიკური მოვლენა საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც სახელმწიფოს მართვა იცვლება. იმ 9 პარტიიდან, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტში შევიდა, რვა პარტია არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავს _ საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. ისიც კი, ვისაც პოლიტოლოგია პირველ კურსზე აქვს ნასწავლი, კატეგორიულად იტყვის, რომ ეს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და უპრეცედენტო მოვლენაა. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე არც მახსენდება, რომ ოპოზიციას არჩევნები არალეგიტიმურად გამოეცხადებინოს და პარლამენტში არ შესულიყოს. სხვათა შორის, ამ არალეგიტიმურობის მტკიცებულებებიც არსებობს. ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნეა და მტკიცებულებების მოპოვება რთული არაა.
_ სანამ მტკიცებულებებზე გადავალთ, „ოცნების“ პოზიციას გაგახსენებთ, ანუ ივანიშვილის გუნდის წევრები თავს იგიჟებენ, გაყალბება არ ყოფილაო და იქვე დასძენენ, კარგია, ოპოზიცია პარლამენტში თუ შემოვა, მაგრამ თუ ბოიკოტს გააგრძელებს, არც ეს იქნება პრობლემაო. ეს კი არადა, მდინარაძის განცხადებით, ბიულეტენების გადათვლით, „ოცნების“ ხმები, თურმე, კიდევ უფრო გაიზარდა…
_ ხელისუფლება ხილულად და უხილავად გავყოთ.
_ ანუ?
_ შეშინებული და გაფითრებული მდინარაძეების განცხადებებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ და უფრო ზევით ავიდეთ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.
_ კი ბატონო, ავიდეთ და იცით, ზევით რა ხდება?
_ მიგზავნები და შეთავაზებებია. სხვათა შორის, ტიკარაძის განცხადება ვნახე, ჩვენ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის მზად ვართო. დააკვირდით, ამას მთავრობის წევრი ამბობს. რამდენიმე დღის წინ „მაგარი ბიჭის“, კობახიძის განცხადებაც გავიხსენოთ.
_ კობახიძე განცხადებას განცხადებაზე აკეთებს და თქვენ რომელ განცხადებას იხსენებთ, კოტე ბატონო?
_ ერთპარტიული პარლამენტი არ ივარგებს, კარგი არ იქნება და იმედი მაქვს, მოვილაპარაკებთ და ოპოზიცია შემოვაო.
_ ყველაფერ ამით საუბარი საითკენ მიგყავთ?
_ ერთ არცთუ კულუარულ და გადამოწმებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ _ ხალხს უგზავნიან და საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც სთავაზობენ. ნელ-ნელა ეს იმედი უქრებათ და ის ღიმილი შეაცივდათ, რომელიც თავიდან ჰქონდათ, _ რას ლაპარაკობთ, კაცო, ჩვენ ცალ-ცალკე ან ჯგუფ-ჯგუფად ვიყიდითო. ყოჩაღ, ოპოზიციას და ყოჩაღ, საზოგადოებას!
_ ბატონო კოტე, დააკონკრეტეთ, შუამავალი ვინ იყო ან „ოცნებამ“ რომელ ოპოზიციონერს მიუგზავნა?
_ თითქმის ყველას!
_ „ოცნების“ მსტოვრები „ტრიბუნაშიც“ მოვიდნენ?
_ პირადად ჩემთან არავინ მოსულა, მაგრამ თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას ვიცნობთ და დარწმუნებული ვარ, ყველგან იქნებოდა, _ აბა, კაცო, რას შვრებით და იცოდეთ, აქ ვართო… მაგრამ ყველაფერი ეს ერთიანმა ოპოზიციამ აისხლიტა, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ! ე. ი., ჩვენ ახალი თაობის პოლიტიკოსები გაგვეზარდნენ, რომელთაც გამარჯვების ფასიც იციან, თავისუფლებისაც და იმისიც, რომ გამარჯვება არ იყიდება!
_ სოციალურ ქსელში გავრცელებული ხმით „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შუამავალის მისიას კოტე კუბლაშვილი ასრულებდა. ამის შესახებ თქვენც გსმენიათ?
_ გვარ-სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ერთი კი არა, რამდენიმეა და ისიც ვიცი, რომ „ოცნებას“ იმედი ნელ-ნელა უკვდება, არადა, თავიდან საკმაოდ მაჟორულ განწყობაზე იყო. სხვათა შორის, საჯაროდაც ითქვა, რომ შეთანხმება შესაძლოა, დასავლეთის მონაწილეობით შემდგარიყო, მაგრამ ეს მოსაზრებაც კვდება. დასავლეთი ვერ დაუშვებს პრეცედენტს, რომ არჩევნების „ოფიციალური შედეგები“ გადაკეთდეს. ისე, იმაზე, ეს ცესკო რაც არის, ალბათ, ცალკე უნდა ვისაუბროთ.
_ არაა პრობლემა, ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ ეს თემა ამოვწუროთ _ „ოცნება“ ოპოზიციას, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდა თუ, უბრალოდ, პროცენტების აწევაზე ევაჭრებოდა?
_ თანხებით პროცენტების გადანაწილებას.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ჩვენ დავიკლებთ და თქვენ მოგიმატებთო.
_ ანუ ოპოზიციას, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, თანხას სთავაზობდნენ?
_ დიახ, ასტრონომიული თანხა იყო დასახელებული _ 100 მილიონი დოლარი!
_ ამ 100 მილიონს რომელიმე კონკრეტულ სუბიექტს სთავაზობდნენ?
_ არა, ეს საერთო თანხა იყო, რაზედაც ოპოზიციამ, საბედნიეროდ, უარი თქვა!
_ სხვათა შორის, ბატონო კოტე, ცეკოში ხმების გაყალბებაზე სკანდალური განცხადება გააკეთეთ, ანუ ის სქემა გაშიფრეთ, რომლითაც არჩევნები მოგვპარეს. ამ სქემის შესახებ საიდან და როგორ შეიტყვეთ?
_ ის, რაც ვთქვი, ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმაც დაადასტურეს… როგორც ვიცი, ჯერ კიდევ 2010 წლიდან ცესკოში ანტიგაყალბების პროგრამა არსებობს, რომელიც, თავის დროზე, ფრანგებმა დაამუშავეს.
_ „ანტიგაყალბების პროგრამა“ რას ნიშნავს?
_ დაუბალანსებელ ოქმებს სისტემა არ ტვირთავს და, პრაქტიკულად, უკან აბრუნებს. ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ პროგრამის დანერგვიდან ორი წლის შემდეგ, ანუ 2012 წელს, ცესკოს ერთი დაუბალანსებელი ოქმიც კი არ დაუფიქსირებია. ახლა კი გვეუბნებიან, რომ 90 ოქმიდან ლამის 88 დაუბალანსებელია.
ერთი სიტყვით, ტრაგედია ისაა, რომ ეს დაუბალანსებელი ოქმები ცესკოს საიტზე აიტვირთა, ანუ ზემოხსენებული პროგრამა ვიღაცამ გამორთო. ამიტომაც ვთქვი, ძალიან ადვილია, გამოძიება დაიწყოს და გაირკვეს, ეს პროგრამა თამარმა გამორთო, გიორგიმ თუ ვინმე სხვამ?
_ თქვენი ინფორმაციით, ამ პროგრამის გამორთვა ვის ხელეწიფებოდა?
_ თამარას განკარგულების გარეშე ვერავინ გამორთავდა, თუმცა როგორც მეუბნებიან, თამარას გარდა იქ სუს-ის რამდენიმე თანამშრომელია. ასევე „ოდერეებიც“ სხედან.
ასეა თუ ისე, პასუხი თამარას უნდა მოეთხოვოს, თუნდაც სამსახურებრივ გულგრილობაზე _ პროგრამა გიორგის ან მურადს რომ გამოერთო, თამარამ ერთი ამბავი რატომ არ ატეხა და ყველაფრის „გაპრავება“ რატომ დაიწყო?
სხვათა შორის, ცესკო უბნების გადათვლას შეუდგა, მაგრამ განა, შეიძლება, მგელმა, რომელმაც ცხვარი შეჭამა, მას ინვენტარიზაცია დავავალოთ? მგელი იტყვის, ყველა ცხვარი ადგილზეაო. ჰოდა, ახლა, როგორ გგონიათ, ხმებს განმეორებით თამარა ითვლის? კი არ ითვლის, გეტყვით, რაც ხდება.
_ რა ხდება?
_ აი, მაგალითად, ჩუღურეთის ერთ-ერთ უბანზე „ოცნებას“ 1025 ხმა ეწერა, გადათვლის შემდეგ კი 225 დაუწერეს, შეცდომა იყოო. ე. ი., 800 ხმა იყო გაყალბებული, წარმოგიდგენიათ?! ყველაფერი ეს შესწორების ოქმში დაფიქსირდა და ხომ ხედავთ, რა მასშტაბის გაყალბებაზეა საუბარი.
_ „ოცნება“ ყველაფერ ამას ადამიანური ფაქტორითა და იმით ხსნის, რომ კორონის გამო კომისიის წევრები ბოლო წუთში შეიცვალა…
_ აბა, რას ლაპარაკობთ?
_ მე კი არა, ამას „ოცნება“ ლაპარაკობს…
_ იცით, ცესკოს დაფინანსება რამდენი აქვს? რა, აქამდე არ იცოდნენ, რომ ოქმში ორი სვეტი იქნებოდა ან ის, რომ პანდემიაა? ყველა არგუმენტი, რაც მოჰყავთ, სისულელეა!
იურისტი ვარ, დიდი ხნის განმავლობაში გამომძიებელი ვიყავი და იმას, რაც ცესკოში მოხდა, წინასწარი განზრახვა ჰქვია! სხვა შემთხვევაში განგაში თავიდან უნდა აეტეხა, ყალბი ოქმები მოდისო. თამარას ადგილზე მხოლოდ მე და თქვენ კი არა, დარწმუნებული ვარ, ბევრი პატიოსანი ადამიანი სწორედ ასე მოიქცეოდა.
_ ბატონო კოტე, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუნდაც მაშინ, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მხოლოდ თამარ ჟვანიასი?
_ ჯერ ბიძინასი და მერე ქვევით, ყველა იმ ადამიანის, ვისაც დაავალა, არ მაინტერსებს, მეტი ხმა ვის ექნება და ხალხს რა სურს, მე უნდა მოვიგოო…
_ ამას წინათ ითქვა, ჟვანია ივანიშვილს ხვდებაო, ანუ შესაძლოა, მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე ცესკოს თავმჯდომარემ აიღოს, თანამდებობიდან გადადგეს და „ოცნება“ „ქვეშიდან სუფთა გამოვიდეს“?
_ ეს ინფორმაცია მეც მაქვს და ისიც გავიგე, რომ ივანიშვილი მხოლოდ ჟვანიაზე კი არა, უშიშროების უფროსზეც გაბრაზებულია. მაქვს ინფორმაცია, რომ უშიშროების უფროსად ჩუბინიძის დანიშვნას აპირებენ _ მას ყველაზე სანდოდ მიიჩნევს.
_ ვინ?
_ ივანიშვილი და იმასაც გეტყვით, ყველაფერი ეს რისთვის სჭირდება.
_ რისთვის?
_ მართალია, ამაზე არავინ მიდის, მაგრამ ლაპარაკია, რომ „ოცნება“ შეიძლება, 42 პროცენტზე ჩამოვიდეს, ანუ ცდილობს, მაგიდაზე სავაჭროდ 6 პროცენტი დააგდოს და ისიც ვიცი, რომ შიგნით საუბრობენ, მოდით, ჟვანია კედელზე გავაკრათ და ვთქვათ, ექვსი პროცენტი „ოცნებას“ მან დაუმატა, ამას კონტროლი ვერც სუს-მა გაუწია და ამის მერე ოპოზიცია მოირბენსო, მაგრამ ეს ძალიან უსუსური სცენარია.
_ სხვათა შორის, „მთავრის“ ეგზიტპოლით „ოცნებას“ სწორედ 42% ჰქონდა, ანუ თუ მმართველი გუნდი ამ 6 პროცენტს დაიკლებს, ოპოზიციას აღარც სადავო ექნება და აღარც იმის თქმის საფუძველი, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს…
_ „ოცნება“ იმაზეც თათბირობს, რომ მაჟორიტარებმა იქნებ, მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ სცენარებით „ოცნებას“ 76 მანდატის მოსაგროვებლად ხმები არ ჰყოფნის და იძულებული გახდება, კოალიციურ მთავრობაზე დასთანხმდეს. კოალიციური მთავრობის გაგონება კი ბიძინას არ უნდა.
ერთი სიტყვით, „ოცნება“ მძიმე გაუგებრობაში კი არა, პრაქტიკულად, კატასტროფაშია! ეს მხოლოდ მენტალური კატასტროფა კი არა, სერიოზული პოლიტიკური კრიზისია!
_ სხვათა შორის, NDI-ის ბოლო ანგარიშში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ცალკეულ უბნებზე ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს…
_ NDI თავის პირველ განცხადებაში ხმების გადათვლას ითხოვდა. ახლა კი უფრო მკაცრი გახდა… საერთოდ, იცით, თავიდან ეუთო ან იგივე აშშ-ის საელჩო ფრთხილი რატომ იყო?
_ რატომ?
_ მსოფლიოსთვის ცნობილი გახლდათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ამიტომ იმის ღიად აღიარებით, რაც 31 ოქტომბერს მოხდა, ჩრდილს საქართველოს მიაყენებდნენ, ანუ რაზედაც ბიძინა, კობახიძე, თამარ ჟვანია და ამ საზიზღარი კლასტერის წარმომადგენლები არ ზრუნავენ, იმაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ზრუნავენ და ცდილობენ, რომ სახელმწიფოს ჩრდილი არ მიადგეს, მაგრამ ჩვენი პარტნიორები მიხვდნენ, იმის არაღიარება, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, საქართველოს უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს. დიახ, თუ ხელახალი არჩევნები არ ჩავატარეთ, ეს სახელმწიფო შესაძლოა, გაქრეს!
_ ეს, მგონი, გადაჭარბებული შეფასებაა!
_ არა, არაფერს ვაჭარბებ!
_ ბატონო კოტე, გაყალბება თუ ხმების მოპარვა გასაგებია და შესაძლოა, ამითაც აიხსნას, რომ „ტრიბუნამ“ ერთპროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახა, მაგრამ ასეა თუ ისე, იქნებ, იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, რომ თქვენმა ლოზუნგმა _ „ტრიბუნიდან ტრიბუნალამდე“ არ იმუშავა და ხალხისთვის მისაღები, მაინცდამაინც, არც ანტისაბანკო კამპანია იყო?
_ ბანკების თემა ყველას აინტერესებს, რადგან ეს ყოველ მეორე ოჯახს ეხება _ ბანკები ადამიანებს ისევ ურეკავენ და ეუბნებიან, გადასახადები გადაიხადეთო. მოკლედ, ბანკების თემა ყველას ახსოვს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეა.
_ კერძოდ?
_ ჩვენ 60-დან 70 ათასამდე ხმა გვქონდა.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ ვისხედით და ბიულეტენები რომ მოდიოდა, ვითვლიდით, მაგრამ ღამის 12 საათზე ბრძანება მივიდა, გააჩერეთო.
_ რა გააჩერეთო?
_ ვინც იყოჩაღა, ოქმები წამოვიდა, ანუ ჩვენი დამკვირვებლები გვირეკავდნენ და გევუბნებოდნენ, ამ და ამ უბანზე ოქმი უკვე არისო და ელექტრონულ ვერსიას გვიგზავნიდნენ. უკვე 50 ოქმი რომ გვქონდა, საშუალო გამოვიყვანეთ და ვიცოდით, რომ 3 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ 12-იდან სამის ნახევრამდე ერთი ოქმიც აღარ შემოსულა და ჩვენები გაოგნებულები იყვნენ, _ აღარც ოქმებს გვაძლევენ და აღარც რამეს გვუბნებიანო… სამის ნახევრიდან ნულების წამოსვლა დაიწყო. ეს მხოლოდ ჩვენთან დაკავშირებით არ მომხდარა. იგივე იყო, მაგალითად, ბურჯანაძესა და სხვებთანაც.
ერთი სიტყვით, გაიცა ბრძანება, ხმები არ გვყოფნის, კატასტროფაა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ბალანსს ვერ ვსვამთ და პატარა პარტიები გაანადგურეთო.
_ პატარა პარტიების განადგურების ბრძანება ვინ გასცა?
_ სუს-მა. მათ ბიძინასი ეშინიათ, ანუ ვერ ეტყოდნენ, ხალხი ბევრი მოვიდა და ვაგებთო.
_ რატომ ვერ ეტყოდნენ?
_ მას კრიმინალური აზროვნება აქვს, ანუ კრიმინალური ბოსია და რომ ეთქვათ, ვაგებთო, იკითხავდა, რას ჰქვია, ვაგებთ, მე ხომ დაგავალეთ, უნდა მოვიგოთ და ბევრი ხალხი მოვიდა თუ წვიმა წამოვიდა, არ მაინტერესებს. ან თავი მოიჭერით, ან ხელი, თუ არადა, მე მოგაჭრითო.
მოკლედ, ბიძინას აზროვნება, დაახლოებით, ასეთია და ვინ გაბედავდა, მივიდოდა და ეტყოდა, ოქმების მიხედვით ვაგებთ და რაღაც უნდა ვიღონოთო. 30 წელია, არჩევნებში სხვადასხვა ფორმით ვმონაწილეობ და არ მახსოვს, ცესკოში ოქმები პირდაპირ პასტით გადაეკეთებინოთ. ეს კატასტროფისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. შესწორების ხუთ-ხუთი ოქმი დაწერეს, მაგრამ ბალანსი მაინც არ დგება. ყველაფერ ამას რა დიდი გამოძიება სჭირდება, რომ ეს ხალხი ციხეში წავა?!
_ შეიძლება, მაგრამ „ოცნება“ თავისას არ იშლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არჩევნების მოპარვა კი არა, კორონავირუსია. სწორედ ამ მოტივით, რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი უკვე გამოაცხადა, ანუ ხელისუფლება ხალხის უკმაყოფილების ჩაცხრობას ეპიდემიის გაპოლიტიზებით ხომ არ შეეცდება?
_ სხვათა შორის, ჩემი რამდენიმე ამხანაგი ჩაკეტილი იყო და სახლიდან არ გამოდიოდა, მაგრამ კორონა მაინც დაემართა. იმნაძე, რომელიც მიქელ-გაბრიელის ფორმულად იქცა, გვეუბნება, კორონა თუ დაგემართება, სახლში იჯექი, ჩაი დალიე და ბევრი სითხე მიიღეო. იმათაც კი არ ეხმარებიან, რომლებსაც დახმარება რეალურად სჭირდებათ და ამის გამო არაერთი ადამიანი დაიღუპა, ანუ სახელმწიფომ დახმარების კარი, რეალურად, დაკეტა. ამიტომ ხალხს ვეღარ შეაშინებენ, მით უმეტეს, იმნაძე და გამყრელიძე! ეგენი მატყუარები არიან!
_ ე. ი., ოპოზიცია ე. წ. ეროვნულ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს და იგივე კომენდანტის საათის წესებს არ დაიცავს, ხომ?
_ გახარია კორონას, თურმე, ღამე აღვიძებს და ათი საათის მერე, თურმე, კორონები დარბიან! ჰოდა, თუ ესენი თავიანთ კორონას ღამღამობით უშვებენ, ჩვენც აქციებს ათ საათამდე ჩავატარებთ ხოლმე!
_ და მაინც, ბატონო კოტე, ყველაფერი ეს რით დასრულდება?
_ ამათი წასვლით, ხელახალი არჩევნებით და „ოცნების“ მთელი კლასტერის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით!
_ ეს ხომ დროში გაიწელება?
_ მერე რა? არსად გვეჩქარება. ის, რასაც ახლა ვუყურებთ, ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღაა, რასაც ვერაფერი და ვერავინ გააჩერებს! მონები თავისუფლებას ვერ აჩერებენ!
დიახ, განთავისუფლების პროცესი დაიწყო!
_ ეს პროცესი შეიძლება, გაზაფხულამდე გაგრძელდეს?
_ გამორიცხული არაფერია, თუმცა მგონია, რომ ყველაფერი გაცილებით მალე დასრულდება.
_ თუ პოლიტიკური კრიზისი დროში გაიწელა, ეს ჩვენს ისედაც ჩამოქცეულ ეკონომიკას უარესად ჩამოაქცევს. მეთანხმებით?
_ ამაზეც პასუხისმგებელი ბიძინა, გახარია და, საერთოდ, მთელი მთავრობაა! ლარი ამ მდგომარეობამდე სწორედ მათ მიიყვანეს. ფული ტომრებით არიგეს და ეროვნული ვალუტა მოსპეს. ახლა კი ოპოზიციას აბრალებენ. არადა, ეკონომიკა ხელოვნურ სუნთქვამდე მანამდე იყო, სანამ ოპოზიცია აქციებს დაიწყებდა. ამათ ხალხი ეკიდათ. ახლა კი ხალხი დაიკიდებს მათ. ხალხმა თავისუფლების სურნელი იგრძნო და, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ამას ვეღარაფერი გააჩერებს!
გიორგი აბაშიძე