არის თუ არა ირაკლი კობახიძე „ნაცების“ ჩანერგილი?

ირაკლი კობახიძისა და მისნაირების წყალობით „ქართული ოცნება“ მაგარ შარშია. მართალია, ოპოზიციის სიძლიერეს არ აღიარებენ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ მათთან მოსალაპარაკებლად. ბიძინა ივანიშვილის შიკრიკები ოპოზიციის ლიდერებს პარტიზანულად ეკონტაქტებიან და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ სხვადასხვა ჯილდოსა და პრივილეგიას სთავაზობენ. ამ ფარული მოლაპარაკებების შესახებ „ქართული ოცნების“ სახედ ქცეულ ირაკლი კობახიძესაც დაუსვეს კითხვა. მან ეს ინფორმაცია უარყო. ამასთან, მან ოპოზიციასთან დიალოგის საჭიროებაზეც ისაუბრა.

ფარული მოლაპარაკებების პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიადაც შესთავაზეს ოპოზიციას დიალოგი. პირველი განცხადება ჯანდაცვის მინისტრს გააკეთებინეს, რომელსაც, წესით, ამისთვის არ უნდა ეცალოს და კორონაპანდემიისთვის ჯანდაცვის სისტემას ამზადებდეს.
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ბარიერგადალახულ პარტიებს არ სთავაზობენ გემრიელ ლუკმას, ისინი პარლამენტს მიღმა დარჩენილებსაც მოუწოდებენ არჩევნების შედეგების აღიარებისკენ. ჰპირდებიან, რომ გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები იქნება და მათ აუცილებლად გადაალახვინებენ ბარიერს.
სხვებთან ერთად ასეთი შეთავაზება მიიღო ნინო ბურჯანაძემ. აღსანიშნავია, რომ მას ივანიშვილმა შიკრიკები გასულ წელსაც გაუგზავნა. როცა „ამბოხებულმა“ დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდეს, ოპოზიციამ აქციები დაიწყო და ერთ მაგიდასთან დასხდა. მაშინ „ერთიან საქართველო _ დემოკრატიულ მოძრაობას“ შეჰპირდნენ, რომ თუ ოპოზიციას განუდგებოდა, პარტიასაც დააფინანსებდნენ და პარლამენტში მოხვედრაშიც დაეხმარებოდნენ. ანალოგიური შეთავაზება მიიღეს სხვა პარტიებმაც.
ოპოზიციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაშინ ისინი „ქართული ოცნების“ გადმოგდებულ ანკესს არ წამოეგნენ. ერთმანეთთან არსებული დაპირისპირების მიუხედავად რაღაცნაირად ბოლომდე შეძლეს ერთობის შენარჩუნება. გაყალბებულმა არჩევნებმა კი ისინი ერთმანეთთან უფრო დაახლოვა.
გაერთიანებული ოპოზიცია ივანიშვილის ინტერესებში არასდროს შედიოდა. ამ ვითარებაში ასეთი ერთობა მისთვის კატასტროფაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ და ივანიშვილს მარტო დატოვებენ. ამას დასავლეთი არ მოიწონებს. დასავლეთის გადაკიდება მთავარი მეოცნების ინტერესებში არ შედის. მით უმეტეს, ახლა, როცა ოლიგარქები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან ხელისუფლებიდან. ოლიგარქს ამერიკამაც უარი უთხრა. მდიდარმა ამერიკელებმაც გააცნობიერეს, რომ ქვეყნის სათავეში მილიარდერი არ უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას იმედი ჰქონდა, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა, მაგრამ ამერიკელებმა სხვა არჩევანი გააკეთეს. ჯო ბაიდენი რუსეთის მიმართ ტრამპის მსგავსად ლოიალურად არაა განწყობილი და არც რუსი ოლიგარქები ეხატება გულზე. ამერიკელი კონგრესმენები ივანიშვილს ღიად უწოდებენ რუსს ოლიგარქს და პუტინის ინტერესების გამტარებელს.
ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მომავალი წლის იანვრიდან შეუდგება. მანამდე დიდი დროა და ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. ივანიშვილი იმედს არ კარგავს, რომ ოპოზიციას პარლამენტში შეიტყუებს.
როგორც „ქრონიკა+“-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, ივანიშვილმა ოპოზიციასთან ვაჭრობა დაიწყო. პირველი შიკრიკი „გირჩს“ გაუგზავნა. „გირჩთან“ დასალაგებლად პალიკო კუბლაშვილი მივიდა. ეს ის პალიკოა, რომელმაც ზურაბ ჯაფარიძესთან და გოგა ხაჩიძესთან ერთად პირველმა დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“. მოლაპარაკებებს ოფიციალურად არც ერთი მხარე არ ადასტურებს. „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხმამაღლა აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში არ შევა. მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და იქიდან გააგრძელოს ბრძოლა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხვიჩიას განცხადებებით „გირჩი“ საზოგადოების აზრის შესწავლას ცდილობს. „ოცნებაში“ ისიც გვითხრეს, რომ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „გირჩი“ ტელევიზიას მიიღებს თავისი აპარატურით.
მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და ლეიბორისტების წარმომადგენლებთანაც. ივანიშვილი მათაც ჰპირდება რაღაცებს. მთავარ მეოცნებეს უყურადღებოდ არც „პატრიოტთა ალიანსი“ დაუტოვებია. თუმცა ჯერ ვერავინ დაიყოლია. შეიძლება დაიყოლია, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.
ხელისუფლებამ ძალების მოსინჯვა „ნაციონალებთანაც“ სცადა. ამ პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაა და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. „ოცნება“ ამ ფრონტზე პერსონებთან აწარმოებს დიალოგს. არაა გამორიცხული, ვიღაცები დაითანხმოს. ამ ძალის საარჩევნო სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ვიღაცების დათანხმება არ გაჭირდება.
ოპოზიციასთან ფარული მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიც მეტყველებს. ირაკლი კობახიძე ფეხების ბაკუნით გაიძახის, რომ ოპოზიცია აუცილებლად შევა პარლამენტში.
ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ოპოზიციის დაყოლიებას საქართველოში აშშ-ის ელჩიც ცდილობს. ის ოპოზიციის ლიდერებს პირადად ურეკავს და ურჩევს, რომ პარლამენტში შვიდნენ. ამას იმით ხსნის, რომ ქვეყანაში არეულობა არ მოხდეს.
როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე თანახმა იყო, პარლამენტში შესულიყო, მაგრამ 8-9 ნოემბრის სისხლიანმა ღამემ დღის წესრიგი შეცვალა. ახლა პარლამენტში შესვლა ნებისმიერი პარტიისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. გიგი უგულავა როგორც იტყოდა, ახლა პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავსო.
სხვათა შორის, მოლაპარაკებები „ევროპულ საქართველოსთანაც“ მიდიოდა. ივანიშვილი მათ დაყოლიებასაც ცდილობს, მაგრამ ჯერ ვერავინ დაიყოლია. 8-9 ნოემბრის სისხლიანი ღამის შემდეგ ოპოზიციის დაყოლიება კიდევ უფრო გაჭირდება. თამარ ჟვანიას სისხლიანმა ღამემ ამ ქვეყანაში ბევრი რამე შეცვალა. აქამდე ოპოზიცია ჯერ კიდევ ფიქრობდა პარლამენტში შესვლაზე, ახლა ეს ძალიან სარისკო იქნება. გამორიცხული არაფერია, თუ თავად ხელისუფლებაშიც არ აირია სიტუაცია. აქაც ყველაფერი რიგზე ვერ არის.
ოპოზიცია პარლამენტში თუ შევიდა, ეს ჩვენს საზოგადოებას არ გაუკვირდება. ასეთი რამე 2008 წელსაც მოხდა. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. ალბათ ყველას გემახსოვრებათ, როგორ დაჭრეს მათ პარლამენტის წინ მანდატები. თუმცა ყველა ასე არ მოქცეულა, ვიღაცები პარლამენტში შევიდნენ. ამის დახმარებით სააკაშვილმა მაშინ სახე შეინარჩუნა. ახლა იგივეს ცდილობს ბიძინა ივანიშვილი.
რა გამოვა აქედან, ამას მალე ვნახავთ. ოპოზიცია ამბობს, რომ „ოცნების“ სატყუარას არ წამოეგებიან და მხოლოდ ხელახალ არჩევნებს დასთანხმდებიან. განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობაა“ კატეგორიული, სადაც არცთუ სახარბიელო ვითარებაა. სააკაშვილთან დაავშირებით აქ პოზიციები ორად არის გაყოფილი. „ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, მეორე ნაწილი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიშას დაბრუნების მოწინააღმდეგე „ნაციონალები“ ამბობენ, რომ ისინი ლიდერს ხალხს არ დაახვედრებენ და არც რაიმე გარანტიების მიცემას აპირებენ. გარანტიების გარეშე კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ დაბრუნდება.
„ნაციონალებისა“ არ იყოს, „ქართულ ოცნებაშიც“ მძიმედ არის საქმე. გუნდი აქაც ორად არის გაყოფილი. აგრესიულ ფრთას ირაკლი კობახიძე წარმოადგენს. ეს უკანასკნელი „ქართული ოცნების“ წევრებსაც აღიზიანებს. გაღიზიანებულია ბიძინა ივანიშვილიც. გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების ღამეს მთავარმა მეოცნებემ კობახიძე გამოლანძღა, სხვა ლიდერები კი მას ფიზიკურად შეეხენ. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში კახა კალაძეც ჩაერთო და ერთი-ორი მასაც მოხვდა.
კობახიძე-კალაძის კამპანია ივანიშვილს უმტკიცებდა, რომ მას საზოგადოებაში დიდი ნდობა ჰქონდა და არჩევნების მოგებას იოლად შეძლებდნენ, გაყალბების დახმარებით კი ივანიშვილისთვის სასურველი პროცენტი დაიწერებოდა. მთავარ მეოცნებეს 63% ჰქონდა აკვიატებული.
არჩევნების იოლად მოგებისა რა გითხრათ, მაგრამ გაყალბება ნამდვილად ვიხილეთ. კობახიძის მონდომებით ისე გაყალბდა არჩევნები, რომ ცესკო შედეგებს ვერ აცხადებდა, ოქმების დაჯამება შეუძლებელი იყო. ამის გამო მმართველი პარტია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მისდგა. ივანიშვილმა მოსთხოვა, შენი გაფუჭებული საქმე შენვე გამოასწორეო, ამიტომაც არის, რომ ყველაფერზე კობახიძე აკეთებს კომენტარს. გაფუჭებულის გამოსწორებას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ წარმატებით აზიზღებს ხალხს „ქართულ ოცნებას“. ისე იქცევა, ზოგჯერ „ნაცებიც“ კი ფიქრობენ, ეს კაცი „ოცნებაში“ ჩვენი ჩანერგილი ხომ არ არისო?

შორენა მარსაგიშვილი