ნინო ბუჩუკური: „ჩემი თაობა რეალობას აუცილებლად შეცვლის!“
„საქართველოს პოლიტიკური ამბიციებისგან ნეიტრალური და შედეგზე ორიენტირებული ახალი თაობა სჭირდება, რომელიც სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობას გააცნობიერებს! სამწუხაროდ, დღეს შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, საზოგადოება პირად სარგებელზეა მომართული, რაც მხოლოდ ელემენტარულად აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფლებას ემსახურება. იმისთვის, რომ სახელმწიფო შედგეს, მას თითოეული მოქალაქის აქტივობა სჭირდება. დღეს კი რიგითი ქართველისთვის, რომელსაც შინ მშიერი შვილი ელოდება, ქვეყნის შენება ბოლოხარისხოვანია“, _ ამბობს ნინო ბუჩუკური, რომელიც საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში სწავლობს. სხვათა შორის, დარამატულად გაზრდილი კორონაშემთხვევების გამო მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე დღის წინ მთელ საფრანგეთში კარანტინი ხელმეორედ გამოაცხადა. სწორედ ამ თემით დავიწყე საუბარი ჩემს რესპონდენტთან:
_ ნინო, როგორ ხარ, კორონობას როგორ უძლებ?
_ საქართველოს მონატრებული, თუმცა კარგად და სტაბილურად ვარ.
რაც შეეხება კორონობას, ვფიქრობ, იმდენად ვუძლებ, რამდენადაც გონება მის დასაშვებობას უშვებს.
სხვათა შორის, გრძელვადიანი კარანტინის გამოვლა უკვე მეორედ მიწევს და ჩემთვის, როგორც ძალიან აქტიური ადამიანისთვის, სწორედ ესაა რთულად მისაღები, ანუ როდესაც მთელი თვე გაწერილი გაქვს და ყოველი შემდეგი ნაბიჯი იცი, გადაადგილების იძულებით შეზღუდვა და შენივე არეალის შევიწროება რთულია. თუმცა როდესაც საერთო უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, პირადი ინტერესების შეზღუდვა რა მოსატანია _ ბოლო 8 თვეა, ჩვენი და სხვათა სიცოცხლისთვის „კოლექტიური საქმის“ კეთება ყოველდღიურად გვიწევს და ამიტომ მგონია, რომ ამ კრიზისის შემდეგ კიდევ უფრო ტოლერანტულები ვიქნებით. დღეს საზოგადოებას ყველაზე მეტად სწორედ ეს აკლია.
ამ ახალი რეალობის პოზიტიური მხარე ისაა, რომ უკლებლივ ყველა გაგვაერთიანა და პირადად მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ახალ გარემოებებთან ადაპტირება და ჩემივე რეალობის ახალ რელსებზე გადაწყობა მარტივად და სწრაფად შემიძლია.
საერთოდ, ე. წ. კორონაცხოვრების მართვა მარტივი არაა, თუმცა ესეც ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც მოთმინებითა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით ვეგუები. ვირუსთან თანაცხოვრება ვისწავლე და შენ, ჩემო მკითხველო, ამასვე გირჩევ!
_ როგორც თქვი, საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი უკვე მეორედ გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობა ხელახლა ჩაკეტვას როგორ შეხვდა და, აქვე, დეტალურად რომ მომიყვე, რა შეზღუდვები გაქვთ?
_ მეორე „ლოქდაუნი“ წინაზე მოულოდნელია, თუმცა გაცილებით ნაკლები შეზღუდვები ახლავს. პირველი კარანტინის დროს მთელი პარიზი _ დაწყებული საჯარო დაწესებულებებით, დამთავრებული სკვერებითა და პარკებით _ ჩაიკეტა. მაშინ მხოლოდ აფთიაქი, ფოსტა, ბანკი და დიდი მარკეტები მუშაობდა. საბოლოოდ კი უდიდესი ეკონომიკური ზეწოლა მივიღეთ.
სხვათა შორის, მთავრობამ მეორე კარანტინის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ თვეზე მეტია, ვირუსმა ხელახალი შემოტევა უკონტროლო ტემპით დაიწყო _ ყოველდღიურად დაინფიცირებულთა რიცხვი 40-45000-ს სცდებოდა. სრულ კარანტინამდე ე. წ. კომენდანტის საათი გვქონდა, რომელმაც საერთოდ არ იმუშავა და ხელისუფლება იძულებული გახდა, ისევ საკარანტინო რეჟიმზე გადაწყობილიყო.
რაც შეეხება ახლანდელ შეზღუდვებს, გარეთ დაუსაბუთებელი მიზეზით ვერ გახვალ, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში სპეციალური საბუთი გჭირდება, რომელიც ოფიციალურ საიტზე ელექტრონულად იქმნება. ამ მხრივ პოლიცია ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა _ ყველა ქუჩა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მკაცრად კონტროლდება. აი, მაგალითად, დღეს, ჩემს თვალწინ, მოქალაქე, რომელსაც საბუთის შევსება „დაავიწყდა“, 135 ევროთი დააჯარიმეს და მართალია, უკმაყოფილოდ, მაგრამ ის ჯარიმას მორჩილად „დასთანხმდა“.
ასევე დაუშვებელია ქალაქებს შორის გადაადგილება, ჩაიკეტა საფრანგეთის საზღვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეებისთვის კი ღიაა. ასევე დახურულია კაფე-ბარები, მუზეუმები და თავშეყრის ადგილები, თუმცა ღიაა სკვერები და პარკები. მთავარი, რითიც მეორე კარანტინი პირველისგან განსხვავდება, ისაა, რომ მთავრობამ კერძო სექტორს თვითრეგულირების საშუალება მისცა, ანუ ამჯერად დამსაქმებელი ირჩევს, შეუძლია თუ არა დასაქმებულების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა.
ასევე ღიაა საჯარო მომსახურების სააგენტოები და სკოლები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყნის ნორმალური მუშაობის შეფერხება შეამციროს, რაც საჯარო და ეკონომიკური სექტორის ახლებურ რეგულირებაში გამოიხატება. ვნახოთ, ყველაფერ ამას რა შედეგი ექნება. საერთოდ, შედეგი, როგორც წესი, ციფრებით განისაზღვრება.
მოკლედ, საფრანგეთი ახალ ჩაკეტვას ინსტიტუციურ დონეზე ბევრად ორგანიზებული შეხვდა, საზოგადოება კი _ გაცილებით მძაფრად, ანუ შერეული პოზიციით.
_ ნინო, როგორც ვიცი, პარიზში სწავლობ. საქართველოში ონლაინსწავლება ბევრს არ მოსწონს. ამ მხრივ მანდ როგორი მდგომარეობაა?
_ ონლაინრეალობა კორონაპანდემიის, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. არ დავმალავ და, ონლაინსწავლებას თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი და არცთუ დადებითი მოლოდინიც მქონდა, თუმცა ამ ეტაპზე არსებული 2-თვიანი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამართლებს, თუმცა ჯერაც პროცესში ვართ. პირველი კარანტინის დროს ჩემთვის სწორედ ეს ნაწილი იყო ყველაზე დამთრგუნველი.
_ რას გულისხმობ?
_ პირველი კარანტინი რომ გამოცხადდა, მახსოვს, ერთ კვირაში საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის თემაზე დიდი პრეზენტაცია მქონდა, რომლისთვისაც, თანაკურსელთან ერთად, კვირები ვემზადებოდი, თუმცა გადაიდო. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ზეპირი აქტივობები წერილობითით ჩანაცვლდა და ასე დავასრულეთ პირველი წელი, უპროგნოზოდ და ფორსმაჟორულ რეჟიმში. ისეთი დიდი სკოლებიც კი, როგორიც სორბონაა, ახალ რეალობას მოუმზადებელი დახვდა და ახალ სისტემაზე გადასათამაშებლად დიდი დრო არ დასჭირდა.
ამჯერად პროცესი ბევრად ორგანიზებულია, ანუ 100%-ით ონლაინ სწავლებაზე გადავედით და ონლაინგარემოც იმაზე რეალური გახდა, ვიდრე წარმომედგინა.
საერთოდ, როდესაც განათლებასა და მისი მიღების სურვილზე ვსაუბრობთ, არ მგონია, კრიტიკა, თანაც დაუსაბუთებელი, მისაღები იყოს. კრიტიკა მხოლოდ კრიტიკას არ უნდა ემსახურებდეს და როდესაც ქართულ უკმაყოფილებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მექმნება. აქტიური სტუდენტური ცხოვრება, გადატვირთული აუდიტორიებითა და სიტყვით გამოსვლებით, რა თქმა უნდა, მირჩევნია, მაგრამ ტრიბუნის ნაკლებობას არც ვირტუალურ კლასში ვუჩივი… სხვათა შორის, ყველაზე ძალიან ბიბლიოთეკაში მუშაობა მენატრება. აი, კორონამ და ონლაინსწავლამ სწორედ ეს ნაწილი შემიზღუდა.
_ ისე, საქართველოში კორონის არსებობის ბევრს ისევ არ სჯერა. საფრანგეთშიც ასეა?
_ სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოში კი არა, სხვაგანაც ადამიანებს იმის, რისი დაჯერებაც არ უნდათ, არ სჯერათ ან ჩვენივე მენტალური თუ ფიზიკური კომფორტისთვის გვირჩევნია, არ გვჯეროდეს, თუმცა საფრანგეთში, საქართველოსგან განსხვავებით, ვირუსის არსებობას პოლიტიკურ დღის წესრიგს არავინ უკავშირებს. ყოველ შემთხვევაში, არავისგან მსმენია ყბადაღებული ფრაზა, აი, ხელისუფლებას აწყობსო. დიახ, ეს ნამდვილად ქართული პოლიტრეალობისთვის მახასიათებელი მიდგომაა.
_ საქართველოში კორონის პოლიტიზება იმიტომ მოხდა, რომ ე. წ. მეორე ტალღა არჩევნებს დაემთხვა და ფაქტია, ამის გამო ბევრმა ხმის მიცემა ვერ შეძლო.
_ სამწუხაროდ, ვირუსი არსებობს და იგი იმაზე საშიშია, ვიდრე გაცნობიერებული გვაქვს.
_ შეიძლება, თუმცა, ნინო, კორონას მოვეშვათ და სხვა თემებზე გადავიდეთ, ანუ წლებია, უცხოეთში ხარ, როგორია მაქედან დანახული სამშობლო?
_ მეოთხე წელია, საფრანგეთში ვსწავლობ და ქართულ რეალობას ნამდვილად ახალი პრიზმიდან ვუყურებ, ანუ ქართველი ვარ ევროპელი დამკვირვებლის ამპლუაში და ამ „როლში“ ყოფნა მომწონს _ ევროპელი დამკვირვებლის გადმოსახედიდან პოზიციონირება ახალი უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად, რომელიც ადგილზე, პროცესების მართვისას გამომადგება, ვფიქრობ, საუკეთესო საშუალებაა.
ისე, ხანდახან მგონია, რომ სწორედ ეს ფუნდამენტური გვავიწყდება, როდესაც საქართველოს მომავალზე ვსაუბრობთ. საქართველო არაა განყენებული ერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარი კანონებითა და რიტმით ფეთქავს. მას საკმაოდ საინტერესო პოზიცია უჭირავს და დიდი პერსპექტივა ელის. იგი მსოფლიო გეოპოლიტიკის ნაწილია და საჭადრაკო დაფაზე ერთ-ერთი ფიგურაა. მთავარია, ეს ტაქტიკური სვლა და თამაში როგორ გაგრძელდება. საერთოდ, დიდი მოთამაშეებისთვის ფეხის აწყობა მარტივი არ არის, თუმცა ერთხელ უკვე შევძელით და ქვეყნის თვითგანვითარებისთვის ამ ტემპის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
განვითარებას სწორი მენეჯმენტი სჭირდება, რასაც პროფესიონალები ახორციელებენ. სწორედ ამიტომ მეოთხე წელია, ყველაფერს ვაკეთებ, რომ უკანდაბრუნებულმა აქ მიღებული ახლებური ევროპული ცოდნა და პირდაპირი გამოცდილება იმ პროცესში გამოვიყენო, რომელიც ინოვაციურად დანახული საქართველოს შენებას სჭირდება. ჩემთვის საქართველოს განვითარება ევროინტეგრაციას უკავშირდება, რაც, ჩემი აზრით, შეუქცვადი პროცესია. ჩემი პერსპექტივებიც სწორედ ამ ტრაექტორიით ვითარდება.
ისე, თავდაპირველად, სასწავლო გეგმა მხოლოდ 1 წელს უკავშირდებოდა _ მდგრადი განვითარების სამართალში მაგისტრის ხარისხი დავიცავი. სხვათა შორის, ეს ევროპული რეალობის ახალი და მოცულობითი თავია. ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ… საელჩოში მუშაობის პარალელურად, შესაძლებლობა მქონდა, უშუალოდ სამუშაო პროცესში დამენახა ის ფასდაუდებელი შრომა, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლობა ევროპელ პარტნიორებთან მუშაობისას ეწევა. სწორედ ეს გახდა ახალი ბიძგი, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის ეს პერსპექტივა ახლებური კუთხით შემესწავლა.
მეორე წელია, ევროპათმცოდნეობასაც ვეუფლები და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილში სამაგისტრო ნაშრომზე ვმუშაობ. მგონია, რომ ქვეყნის განვითარების აჩქარებას სწორედ ასეთი მიდგომით შევძლებთ. აპრიორია, რომ თითოეული ჩვენგანი ამ საერთო შრომაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას უნდა ვიაზრებდეთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ საქართველოს გარდაქმნას.
_ ნინო, კონკრეტულად მითხარი: ქართულ პოლიტიკაში რა მოგწონს და რა _ არა?
_ ქართულ პოლიტიკაში ის მომწონს, რაც ადრე ყველაზე ნაკლებად მომოწონდა.
_ ანუ?
_ დინამიკურობა და არაპროგნოზირებადობა _ არასოდეს იცი, როგორი პოლიტიკური დღე გათენდება. სწორედ ესაა ქართული პოლიტიკის მთავარი ხიბლი და ნაკლოვანებაც.
_ ხიბლი რატომაა?
_ მუდმივად გიწევს ტონუსში ყოფნა.
რაც შეეხება ნაკლოვანებას: ხანდახან აზარტში ზედმეტად შევდივართ და წითელ ხაზებს ისე გადავაბიჯებთ, უკან დასახევი გზა აღარ რჩება. სწორედ ასე მივდივართ რადიკალიზმამდე. დიახ, ქართულ პოლიტიკას ყველაზე სწორად სწორედ ეს სიტყვა შეესაბამება. ჩვენთან ხომ შუალედური არაფერია, მათ შორის, არც _ პოლიტიკა.
_ ისე, ქვეყანაში არსებული ვითარება ხომ არ გახდა იმის მიზეზი, რომ სასწავლებლად უცხოეთში წასულიყავი?
_ ამის მიზეზი ის რეალობა გახდა, რომელიც მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში იყოს! წეღან პასუხისმგებლობა ვახსენე და ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობა სწორედ ჩემი ხარისხიანი ცოდნის გამოყენებაა, რომელსაც ხარისხიან მუშაობაში გარდავქმნი. ბევრი ასეთ მიდგომას შეიძლება, სკეპტიკურად უყურებდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამოსავალი სწორედ ქვეყნის განვითარების ხარისხში, ანუ ხარისხიან განათლებაში, მედიაგარემოში, ჯანდაცვასა და განვითარებაშია.
სამწუხაროდ, ფასადური განვითარების მძიმე გამოცდილება გვაქვს, რაც დღესაც გრძელდება. სანამ პოპულისტურიდან ხარისხზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას არ დავიწყებთ, სვლას ვერ ავაჩქარებთ. არადა, დრო ბევრად გვასწრებს.
_ ე. ი., უკან დაბრუნებას გეგმავ, არა?
_ სხვა ალტერნატივა არც განიხილება! ის, რასაც ვაკეთებ, ზუსტად მაქვს გააზრებული და ისიც ვიცი, რომ თითოეული ნაბიჯი პირად გოლს გამატანინებს! ჯერ ბოლო სვლის გასაკეთებლად ვემზადები, შემდეგ კი საქართველოში წელში გამართული და ახალი შემართებით დავბრუნდები.
_ ნინო, ყველაფერი ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ პოლიტიკაში გიხილავ?
_ პარალელისთვის თუნდაც ბოლო მოვლენები რომ გამოვიყენოთ, არავინ იცის, ხვალინდელი დღე რას უმზადებს.
რაც ჩემი შეგნებული ცხოვრება მახსოვს, გაცნობიერებული მაქვს მიზანი, საითაც მივდივარ და დიახ, ეს პოლიტიკას უკავშირდება, ოღონდ პოლიტიკას, როგორც ინსტრუმენტს რეალური გარდაქმნებისათვის. ვიღაცისთვის შეიძლება, ამბიციურად, ჩემთვის კი რეალისტურად ჟღერს: დროა, გავაცნობიეროთ, რომ პოლიტიკა კერძო პირებს, ანუ ინდივიდებს კი არა, საერთო საზოგადო სიკეთეს ემსახურება.
სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტმეხსიერებაში ყველაფერი ეს დამახინჯებულია; პოლიტიკურ ცხოვრებაში ხალხი პოლიტიკას ემსახურება და არა _ პირიქით. მოკლედ, მაქვს ამბიცია, გარდაქმნებში პიონერი ვიყო.
_ სხვათა შორის, შენი ოჯახი „ნაციონალების“ მოწინააღმდეგეა. კერძოდ, დედაშენი „პატრიოტების“ წევრია. შენც საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრე ხარ თუ ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უჭერ მხარს?
_ ნეიტრალიტეტის, როდესაც საჯარო სივრცეში ინდივიდის პოზიციონირებას უკავშირდება, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ნეიტრალური და ინდივიდუალურად დამოუკიდებელი ახალგაზრდა ვარ, თუმცა წეღან გეოპოლიტიკური გადათამაშება ტყუილად არ ვახსენე. სასიამოვნოა, როდესაც კითხვაზე, _ უჭერ თუ არა მხარს ევროპასთან ინტეგრაციას? _ ქათული მოსახლეობის დამაჯერებელი უმრავლესობა უყოყმანოდ თანხმდება, რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა. საქართველოს აქვს აღებული ევროპული კურსი, რაც ახალი ქართული რეალობის ფუნდამენტია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ისტორიის მნიშვნელოვანი თავი ევროპასთან ინტეგრაციით დაიწერება. იმ ბენეფიტებსაც ვხედავ, რასაც ევროკავშირი ახლო და შორეულ პერსპექტივაში მოგვცემს. დღეს ქართული მთვრობა ისე, როგორც არასდროს, კოორდინებულად მუშაობს დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად და ამას ყოველდღიურად ვაწყდები სასწავლო თუ სამუშაო პროცესში. რიგითი ევროპელი სტუდენტის გადმოსახედიდან რომ გითხრათ, ამაყი ვარ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. სხვათა შორის, ჩემი თანაკურსელებიც დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. ეს, უბრალოდ, დროის საკითხია.
_ ნინო, რუსეთი ოკუპანტია?
_ ეს ის ფრაზაა, რომელიც კითხვის ნიშნის გარეშე წარმოითქმება და იწერება: რუსეთი ოკუპანტია და, დიახ, დღესაც გრძელდება მცოცავი ანექსია!
_ რა გაქვს სათქმელი მიხეილ სააკაშვილთან?
_ პასიურად მახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ბავშვობაში ნათქვამი მაქვს, შენთან თამაში მიყვარს-მეთქი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას ეს თამაში დიდხანს გაუგრძელდა. ტრაგიკულია, რომ სააკაშვილი დღესაც ვერ გამოდის პრეზიდენტის, მთავარსარდლისა თუ რეფორმატორის როლიდან და ეს მაშინ, როცა ასე უჭირს დამნაშავისა და ოპოზიციონერის როლში ყოფნა. ასე თამაშ-თამაშით ეგონა სააკაშვილს, რომ შენდებოდა ქვეყანა ადამიანის ღირსების, ძირითადი უფლებების, ინსტიტუციური უგულებელყოფისა და კანონის უზენაესობის მოშლის ხარჯზე, თუმცა დღეს ერთი მსახიობის თეატრი აქვს, დიდი ხანია, ბევრი აღარ უკრავს ტაშს, ბოლო პარტიასაც მალე დაასრულებს ან დავასრულებინებთ. ვნახოთ…
_ ბიძინა ივანიშვილს რაღას ეტყოდი?
_ ბიძინა ივანიშვილს იმას ვეტყოდი, რაც მგონი, ისედაც იცის: აუცილებელია ხისტი პოლიტიკის გატარება. ხშირად მესმის ციფრებზე აპელირება, როდესაც „ქართული ოცნების“ ანტირეკლამას ცდილობენ. ციფრები, ამ შემთხვევაში, პოზიტიური გარდაქმნისთვის უნდა გამოიყენოს და დაინახოს ხელისუფლებამ, რომ წლები გვასწრებს, მსოფლიო ვითარდება, ჩვენ კი დღესაც იმას ვარჩევთ „სისხლიანი ცხრა წელი“ თუ „ოცნების დაცემა“? საპირწონედ არა პოლიტიკურ ძალთა ჭიდილი, არამედ სოციალური პაკეტების ხარისხი უნდა გაიზარდოს და ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ქვეყანა რეგრესს განიცდის. სწორედ ამ რეალობის გარდაქმნისკენ მინდა მოვუწოდო ხალხს. სწორედ აქედან იწყება განვითრება და კეთილდღეობა!
_ რა სჭირდება დღეს საქართველოს?
_ საქართველოს პოლიტიკური ამბიციებისგან ნეიტრალური და შედეგზე ორიენტირებული ახალი თაობა სჭირდება, რომელიც სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობას გააცნობიერებს! სამწუხაროდ, დღეს შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, საზოგადოება პირად სარგებელზეა მომართული, რაც მხოლოდ ელემენტარულად აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფლებას ემსახურება. იმისთვის, რომ სახელმწიფო შედგეს, მას თითოეული მოქალაქის აქტივობა სჭირდება. დღეს კი, რიგითი ქართველისთვის, რომელსაც შინ მშიერი შვილი ელოდება, ქვეყნის შენება ბოლოხარისხოვანია.
სანამ სოციალური ფონის გაუმჯობესება არ დაიწყება, ქვეყნის ფუნდამენტურ განვითარებაზე საუბარი რთულია.
დღეს საქართველოს ბევრი რამ სჭირდება, თუმცა ყევლაზე მეტად პროფესიონალი იდეალისტები და იდეებისთვის მებრძოლი პრინციპული ახალგაზრდები, რომლებიც სტაგნაციის აქტივობაში გადაყვანას შეძლებენ.
_ ანუ შენი თაობა რეალობას შეცვლის?
_ ჩემი თაობა რეალობას უპირობოდ შეცვლის! ეს სურვილი კი არა, აუცილებლობაა! შეცვლის ოღონდ არა შეცვლისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა მოერგოს ხალხს, ხალხმა კი იგრძნოს თავი სრულფასოვან მოქალაქედ. შევცვლით მე, შენ და ბევრი ჩვენნაირი, ვისაც გვგონია, რომ ეს არა მათი, არამედ ჩვენი, თითოეულის გასაკეთებელია.
_ და მაინც, დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა რა არის?
_ დახარისხება.
_ რას გულისხმობ?
_ რატომღაც, საზოგადებრივ ნორმად იქცა, რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ერთ რამეს აკეთებს, სხვა ჯგუფი _ მეორეს და ა. შ. მაგალითდ, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფია ეკონომიკურად უზრუნველყოფილი, გარკვეული ჯგუფს კი ძალიან უჭირს. ქვეყნის მთავარი პრობლემა სწორედ ეს რადიკალური დაყოფაა, გამოსავალი კი შერეულ მართვაშია. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, რომ ქვეყანა ახალმა და წინა თაობამ ახალი ხედვებითა და ძველი თაობის გამოცდილებით ერთად მართონ? რატომაა აუცილებელი რადიკალური სელექცია? რატომ უნდა იყოს აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობით „ოცნება“ პარლამენტში და მხოლოდ „ნაციონალები“ მთავარ ოპოზიციაში?!
_ ისე, ნინო, შენმა ფრანგმა და სხვა ეროვნების მეგობრებმა საქართველოზე რა იციან ან შენს სამშობლოს როგორ აცნობ ხოლმე მათ?
_ დაახლოებით, ერთი კვირის წინ ევროპის საგარეო პოლიტიკის ლექციაზე ლექტორმა თვითპრეზენტაცია მთხოვა და მახსოვს, საუბარი ასე დავიწყე: „სტუდენტი საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი და დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ მეც ამისთვის ვიბრძვი!“
ევროპელი კოლეგების წინაშე სხვა დროსაც ასე წარვდექი. საერთოდ, ამ ფრაზას იმდენად ხშირად ვიმეორებ, რომ ადრე თუ ვინმეს ჩაეღიმებოდა ხოლმე, ახლა მაქვს განცდა, რომ მასაც ჩემსავით სჯერა ამ გარდაუვალი რეალობის!
ისე, თეორიული ცოდნის გარდა, ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა კულინარიაში ქართველის ძლიერი ხელი პრაქტიკაშიც დააგემოვნეს და დაადასტურეს, რომ ქართულ სამზარეულოს ანალოგი არ აქვს, ღვინო კი, ქართულ მუსიკასთან ერთად, იმაზე სასიამოვნოდ გაგრძნობინებს თავს, ვიდრე ოდესმე იყავი!
_ ბოლოს, რა გაქვს სათქმელი მოსახლეობასთან?
_ გჯეროდეთ იმ იდეების, რაც უკეთესს მომავალთან მიგვიყვანს. არავინ იცის, ხვალ ვინ დაწერს ჩვენი ქვეყნის ბედს, დღეს კი ამის შემოქმედნი თითოეული ჩვენგანი ვართ!
გიორგი აბაშიძე