ჯაბა გორგილაძე: „პოეტობა სულიერი მდგომარეობაა“

ვინ არის ჯაბა გორგილაძე? როგორ მიაღწია ახალგაზრდა პოეტმა წარმატებას? ვინ დაეხმარა წარმატების მიღწევაში და რას გეგმავს ის სამომავლოდ?
„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, ბათუმელი ახალგაზრდა პოეტი, ჯაბა გორგილაძე, თავის მკითხველს ახლოდან გააცნოს.

_ რას ნიშნავს გერქვას პოეტი?
_ პოეტი ვერ იქნები, თუ კარგ ლექსებს წერ ან პირიქით, პოეტობა სულიერი მდგომარეობაა, უნარი საკუთარი სურვილების გადადების, სხვისი ტკივილის, სიხარულის გაზიარების, პასუხისმგებლობის, ადამიანობის!
პოეტობა ტვირთია, ღვაწლია, ეს უცებ არ მოდის, არ შეიძლება, პოეტი უწოდო თავს იმის გამო, რომ წერ ლექსებს. პოეტი უნდა გიწოდონ არა მხოლოდ სიტყვით, ქცევით, თვალებით, მდგომარეობით. სამწუხაროდ, საქართველოში პოეტი თუ ხარ, უეჭველი სიღარიბეში უნდა იცხოვრო ან ლოთი უნდა იყო, ან გიჟი. რატომღაც, ასე აღიქვამენ. პოეტი პატარა ბავშვივით არის, მას შეუძლია ადვილად ტირილი, ფაქიზი გული აქვს, ის ყველაფერზე ფიქრობს, განიცდის, სამყაროს სხვანაირად აღიქვამს, მისი სამყარო ფერადია, ლამაზია, უსასრულოა, სიკეთით არის სავსე, ის არ ჰგავს არავის, ის უბრალოა და ნაღდია, მას განსხვავებულად უყვარს, პოეტი ერის გულისცემას გრძნობს, _ ასეთია ჩემთვის პოეტი, ნაღდი, ნაღებივით ადამიანი!
_ რომელი ასაკიდან დაიწყეთ წერა?
_ ალბათ, 12 წლის ვიყავი. ვწერდი, თუმცა არავინ იცოდა, ვერ ვბედავდი, ვინმესთვის მეთქვა, თუ ჩემს შინაგან სამყაროში რა ხდებოდა. უცნაური ბავშვი ვიყავი, მორიდებული, ჩაკეტილი. რა თქმა უნდა, ეს ფიზიკურად არ გამოიხატებოდა, თუმცა ჩემი სულიერი მდგომარეობა სხვაგვარი იყო, ვგრძნობდი, რომ ჩემი სამყარო სულ სხვანაირი იყო!
_ რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში მოღვაწეობა?
_ ეს ისეთი სფეროა, დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტ. ლექსებს გადაწყვეტილებით არ წერ. გინდა-არგინდა, თუ შიგნით იფეთქა, უნდა დაწერო, ეს ვულკანივით არის, როდის ამოიფრქვევა, ვერ გაიგებ. შეიძლება, ერთი წლის განმავლობაში ეძინოს ან პირიქით, ერთ დღეში ორჯერ ამოფეთქოს, ასე რომ, შენი ცხოვრება ატარებ პოეზიის აქტიურ ვულკანს!
_ რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმელობა?
_ იყო ბათუმელი, არ ნიშნავს მხოლოდ ბათუმში იზრდებოდე და ცხოვრობდე. ბათუმს უნდა გრძნობდე, ბათუმელობა ჩემთვის არის სიამაყე, ბათუმში სხვანაირი სითბო იციან, ეს პატარა ლამაზი ქალაქი არის სიყვარულის, თანადგომის, ბედნიერების სიმბოლო. ზღვა, თოლიები, ირგვლივ მთები, წვიმა, ეს ყველაფერი ისე უხდება ბათუმს, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ძალიან ბევრი სამაგალითო ადამიანი გაზარდა ჩვენმა ქალაქმა, ამიტომ ბედნიერი ვარ ჩემი ბათუმელობით!
_ აპირებთ თუ არა სამომავლოდ წიგნის გამოცემას?
_ ახლო მომავალში არა, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. ისე, მაქვს ჩემი კრებული, 2016 წელს გამოვეცი მეგობრების დახმარებით. ვისარგებლებ შემთხვევით და წიგნის გამოცემისთვის მადლობას ვუხდი ემიგრანტს, პოეტს, ნიჭიერსა და ულამაზესს ქალბატონ ჯენი ჩხეიძეს; ასევე ძალიან კარგ ადამიანს, ჩემს მკითხველს, ექიმ ნინო ჯიმშელაძეს.
_ რას ეტყოდით თქვენს მკითხველს?
_ მათ გარეშე ჩემი პოეზია უდრის ნულს, ისინი ძალიან მიყვარს, ჩემთვის ყველაზე დიდი ჰონორარი არის თითოეული მკითხველისგან წამოსული სითბო, ეს მე მაბედნიერებს, პატარა ბავშვივით მიხარია, ვტირი კიდეც სიხარულისგან. მინდა, რომ იყვნენ ბედნიერები, ცხოვრება მშვენიერია. უბრალოდ, უნდა შეიგრძნო სამყარო და მიიღო ის ისეთი, როგორიც არის!
_ თქვენი საყვარელი ლექსი?
_ ჩემი ლექსები ჩემი შვილებია, რთულია და არასწორი შვილების გარჩევა, თუ რომელი უფრო გიყვარს, თუმცა არის ლექსი, რომელიც ჩემს შვილს მიუძღვენი. მინდა, რომ ჩემმა შვილმა იგი თავის შვილებს ასწავლოს, ასე გადაეცეს თაობებს.
ლექსს ჰქვია „ანდერძი“. მიხარია, რომ ლექსს სოციალურ ქსელში ნახევარი მილიონი ნახვა აქვს. დანარჩენს ლექსის შინაარსი გეტყვით, თუ რამ დამაწერინა და რატომ იფეთქა ჩემში პოეზიის ვულკანმა.

ანდერძი

რას დაგიტოვებ, არ ვიცი, მამა,
წლები ჩაივლის, ალბათ, ამაოდ,
მაგრამ დრომ ისე გამათამამა,
ლექსი დავწერე შენთვის მალამოდ.

ლექსი არის თუ უფრო ანდერძი,
რაც არის გულით გიწერდი ამას.
შენი თვალებით სუნთქვას ვიძენდი,
ვგრძნობდი თავს უკეთ _ ძლიერს და თამამს.

მოდი, დავიწყებ, გულს გადაგიშლი,
არაფერს ისეთს უბრალოდ გეტყვი
გიყვარდეს დედა, გიყვარდეს გულში
ისე რომ თითქოს მზის სხივით ეტრფი.

რათა მესმოდა ცხრა თვე გალობა,
ძვლების ტკაცუნი, სიჩქარე გულის.
უთხარი, მიდი, დიდი მადლობა,
იცოდე კვება შენს სიყვარულის.

პატივი ეცი ასაკით უფროსს,
ადამიანში ზრდილობა ლაღობს.
ჩემთვის ღირსება ის არის უფრო
ჩემი შვილი რომ სხვის ტკივილს დარდობს.

შვილო, სამშობლო შენი სახლია,
გახსოვდეს, ოჯახს სჭირდება სახლი.
ირგვლივ ათასი „მამაძაღლია“,
ამიტომ მავანს გმირულად დახვდი.

უბრალოება დიდი განძია
მდუმარებაში იპოვი უფალს.
თუ მაინც ძლიერ ცოდვამ დაგძლია,
ნუ დაეცემი, ცოდვილიც უყვარს
უფალს _ შემოქმედს წყლისა და მიწის.

შინაგან ექოს ხმამაღლა ვიტყვი
და სტრიქონ-სტრიქონ მით უფრო მიმძიმს
ჩემს ფიქრებიდან გაშვება სიტყვის.

ვასრულებ წერას, შვილო, ანდერძი
არის მოტივი კვლავ დაბადების.
ყოველი შენი ნამოქმედარი
სიცოცხლესა და სიკვდილის დერბი.

_ როგორ გაგიგცნო ფართო აუდიტორიამ?
_ ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მორიდებული ბავშვი ვიყავი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, თუმცა ასაკმა თავისი გააკეთა, გავიზარდე, ცოტა გავთამამდი, დავიწყე მეგობრებში ლექსების კითხვა. ერთ დღეს ჩემი მეგობრის დედა გავიცანი, ქალბატონი ინგა გოგიბერიძე, ამჟამად საჯარო ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს, ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მისი თანადგომით ჩატარდა ჩემი პირველი პოეზიის საღამო, შემდეგ გამოვიდა ერთობრივი კრებული „ინგას უბანი“. ქალბატონი ინგას დამსახურებით წიგნში შევიდა ჩემი რამდენიმე ლექსი, ასევე დავიწყე ლექსების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში, ეტაპობრივად ვგრძნობდი მკითხველის ყურადღებას, სიყვარულს, რაც ძალიან მახარებდა.
ქალბატონი ლია ჯაყელის ორგანიზატორობით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართა ჩემი პოეზიის საღამო.
2016 წელს დაიბეჭდა ჩემი პირადი კრებული „გულის ექო“, წიგნის წარდგინება შედგა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, ამავე წელს ბათუმში კვლავ გაიმართა ჩემი კრებულის წარდგინება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში და თბილისში სამების ხელოვნების ცენტრში.
დავიწყე მეგობრებთან ერთად პროექტი „სურვილების დღე“. ჩემი მეგობრის, ანა ლაშხელის თანადგომით, ვიყავი პროექტის ხელმძღვანელი, ვატარებდი საქველმოქმედო საღამოებს, ვიწვევდი სხვადასხვა ნიჭიერ ავტორს, ერთობლივად ვატარებდით პოეზიის საღამოებს, შემოსული თანხით ვეხმარებოდით მრავალშვილიან ოჯახებს.
_ თქვენი ეს წარმატება ვისი დამსახურება?
_ წარმატება შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, წინ კიდევ გრძელი გზაა წარმატებამდე, თუმცა ახლა როგორც მოვედი, პირველ რიგში ეს არის ჩემი ოჯახის, სკოლის, მშობლების დამსახურება, ასევე მთის, სადაც დავიბადე, ხულოში სხალთის ხეობაში.
მე-10, მე-11 კლასი ხულოში დავამთავრე, ბებია-ბაბუასთან, მთაში სხვაგვარი სიყვარული იციან. სხალთა ისტორიული კუთხეა, ადგილი, სადაც პირველად შემოვიდა ქრისტიანობა. სამწუხაროდ, ოსმალების სამასწლიანი ბატონობის შედეგად ბევრი ჭრილობა მიიღო აჭარამ, მაგრამ მიხარია, რომ დღეს საქართველოს ღირსეული შვილები ვართ, ეს ლექსი კი ეძღვნება ჩვენებურებს, რომლებიც, სამწუხაროდ, მავანთა მიერ გავლებული უკანონო საზღვრის მიღმა დარჩნენ.


ნენი, გურჯისტანის მიწა ედემია,
მაშ, ჭო, ყველამ თურქეთიდან წევდეთ ბათუმ,
რაფერ ბუზებივით თვალწინ ირევიან,
ჰაიდე, ჩვენ ღელი-პირას, ჩემო ხანუმ!

იგზე აცხან აჭარული კიჟინია,
სამას-სამას სისხლიანი იარები,
სიზმარს, სიზმარს მინანია
უცხო მიწაზედ რომ ვიარები!

გაღმაი ჩემებური ბაღვი-ბუღვაი
ნახირს საძოვარზე მიდენიან,
გულში სიყვარულის მარწუხები
ჰოიდა, ჰოიდა, ნანას მიმღერიან!

ნენი, წამო, ადექ, წევდეთ გურჯისტანში,
ბათუმს უცხოდ უცხოელზე გვიყიდიან,
დარდმა ეშმაკივით დამკრა ისე ტანში,
ცოდვა მძიმეა და ვეღარ მიზიდია!

მჯერა დადგება დრო ისევ გაბრწყინდება საქართველო, ჩვენი შვილები იცხოვრებენ ნათელ, ერთიან და ჯანსაღ ქვეყანაში!
მადლობა ყურადღებისთვის, დაფასებისთვის, მე ბავშვივით მიხარია. მინდა, წარმატება ვუსურვო თქვენს გუნდს!

ხვიჩა მამულაძე